ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრების ფრაგმენტები

0
571

ფსიქოანალიტიკოსს ზიგმუნდ ფროიდს, ახლა ყველა იცნობს და ასევე ყველამ იცის, რომ მისი მოძღვრების მოხმარება ძვირი სიამოვნებაა (…მიუხედავად ამისა, დღეს ყოველი მე-6 ამერიკელი და მე-7 ევროპელი მისი მეთოდებით მკურნალობს). ადამიანი, რომელმაც ასეთი შემოსავალი გაუჩინა ფსქოლოგებს, იყო ზიგმუნდ ფორიდი. მისი თეორიები ბევრისათვისაა ცნობილი, თავად იგი კი კვლავაც გამოუცნობ პიროვნებად რჩება.

– მეზიზღებიან ეს მჯღაბნელები! – მძვინვარებდა ფროიდი და ხელში თავისი ბიოგრაფიის ახლად გამოცემულ ეგზემპლარს ატრიალებდა. – ათასჯერ მითქვამს, რომ საზოგადოებრიობას უფლება არ აქვს ჩემი პირადი ცხოვრება გაიცნოს, მოვკვდები და მერე რაც უნდათ, ის ქნან! ამ ვიღაც ცვეიგს ჩემი ცხოვრების უკვდავყოფა მოსდომებია… არადა, მას გარკვევით მივწერე – “ვინც ბიოგრაფობას აპირებს, წინასწარვეა განწირული მატყუარობისთვის-მეთქი”

ფროიდის თანამედროვენი გაოცებულნი იყვნენ – მაინც ვინ არის ეს კაპრიზული კაცი?! მთელი ცხოვრება სხვის პირად ამბებში იქექება და თავისას საგულდაგულოდ მალავსო… ვინ არის ეს პროფესორი, რომელმაც მთელ კაცობრიობას საშინელი ინსტინქტების ქონა დასწამა, რომ თითქოს ყველა მამაკაცი ლტოლვას განიცდის საკუთარი დედისკენ და ყველა ქალი ქვეცნობიერად მზადაა საკუთარ მამასთან სარეცელი გაინაწილოს?! თავად მისი მშობლები ვინ იყვნენ და როგორ აღზარდესო საკუთარი შვილი?!
ამ კითხებზე პასუხის გაცემა ფროიდს არ უნდოდა და მის პოტენციალურ ბიოგრაფებს აუდიენციაზე უარს ეუბნებოდა. იგი საკუთარი ქვეცნობიერების სარდაფში არავის უშვებდა.
* * *
ზიგმუნდ ფროიდი 1856 წლის 6 მაისს დაიბადა პატარა ქალაქ  ფრეიბერგში, რომელიც პრუსია-პოლონეთის საზღვართანაა. ხუთი ქუჩა, ორი დალაქი, სამიოდე ფუნდუკი და დამკრძალავი ბიურო – აი, ყველაფერი, რაც ამ ქალაქის ავლა-დიდებას შეადგენდა. ქალაქი ვენიდან 240 კმ მანძილზე იყო დაშორებული და მჩქეფარე დედაქალაქური ცხოვრების არანაირი სურნელება იქმადე არ აღწევდა.

ფროიდის მამა ფართლეულით მოვაჭრე ღარიბი კაცი იყო… მან მესამე ცოლად შვილის ტოლი გოგონა შეირთო, რომელიც ყოველ წელს თითო შვილს უჩენდა მას… შვილებში პირველი სწორედ ზიგმუნდი გახლდათ. 

1859 წელს მთლად გაკოტრებული იაკობ ფროიდი (ზიგმუნდის მამა) საშოვარის საძებრად ქალაქიდან ქალაქში გადასვლას იწყებს, ერთხანს ლეიფციგში ცხოვრობდნენ, შემდეგ ვენაში გადავიდნენ, მაგრამ არც ამ უკანასკნელმა მისცა მათ რაიმე სარჩო-საბადებელი… “სიღარიბე და სიღატაკე, სიღატაკე და უკიდურესი ხელმოკლეობა” – ასე იხსენებს საკუთარ ბავშვობას თავად ზიგმუნდ ფროიდი. თუმცა აქვე ამატებს, რომ მცირეწლოვანი ასაკიდანვე კარგი სწავლით გამოირჩეოდა, რომ დიდი ინტერესით ეცნობდა ანტიკურ ფილოსოფიას და ლიტერატურას, რომ თავიდანვე დაეუფლა რამოდენიმე უცხო ენას, მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ შურს აღძრავდა მის თანატოლებს შორის და ფრიადოსანი ზიგმუნდ ფროიდი ყველასაგან, თვით მასწავლებლებისგანაც კი, გარიყული იყო. შესაძლოა, სწორედ სკოლის წლების ამგვარმა დინებამ განსაზღვრა მისი ერთი უხერხული კომპლექსი, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მომავალი ფსიქოანალიტიკოსი საუბრისას არავის უყურებდა თვალებში და ეს, მორცხვობის გამოისობით კი არა, უფრო საზოგადოებისადმი პროტესტით მოსდიოდა…
* * *
როგორც იმ პერიოდში ბევრ ღარიბ ევროპელ ყმაწვილს დაემართა, ზიგმუნდიც გაიტაცა პოლიტიკამ და მარქსიზმმა. მისი ლიცეუმისდროინდელი მეგობარი ჰენრიხ ბრაუნი, რომელმაც 1883 წელს კაუტსკისთან და ლიბკნეხტთან ერთად Die Neue Zeit (გერმანელ სოციალ-დემოკრატთა ორგანო) დაარსა, ზიგმუნდს სათანამშრომლოდაც კი იწვევდა. ფროიდმა კი თავადაც არ იცოდა მაშინ, თუ რა სურდა. ერთხანს სამართალმა გაიტაცა, მერე ფილოსოფიასაც ჩაუჯდა, მაგრამ მალევე იგრძნო ზიზღი ორივეს მიმართ და სამედიცინო სფეროს მიაპყრო მზერა. 

საერთოდ უნდა ითქვას, რომ მისი მასწავლებლები ყოველთვის კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი ზიგმუნდის მრავალმხრივი გატაცებების მიმართ, არავინ თვლიდა მას სერიოზულ ადამიანად. უფრო მეტიც – ისინი მას ზერელე ცოდნის, არაკომპეტენტურ პიროვნებად მიიჩნევდნენ.

სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ფროიდმა ფიზიოლოგიის შესწავლას მიჰყო ხელი და ამ პროფილის ერთ დაწესებულებაში მთელი ექვსი წელი (1876-1882) იმუშვა, რაც მისი ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე, საკმაოდ უცნაური მოვლენა გახლდათ. იგი ყოველგვარი გაცნობიერების გარეშე, უბრალოდ ინტერესისა გამო, იკვლევდა რაღაც ჭია-ღუების და მისთანების სასქესო ორგანოებს (რისთვისაც ხელფასს უხდიდნენ!)… “არავის არასოდეს უნახავს ამ პაწაწა არსებების სასქესო ორგანოები” – ამაყად აცხადებდა ზიგმუნდ ფროიდი და თავადც ვერ გრძნობდა, თუ როგორ იბადებოდა მასში ფსიქოანალიტიკოსი.

1882 წელს ფროიდს მობეზრდა ჭია-ღუები და იგი კლინიკური ფსიქიატრიის პროფესორის, მეინარტის ლაბორატორიაში გადავიდა სამუშაოდ, რათა ადამიანის, ძაღლის თუ კატის ჩანასახის ტვინი ეკვლია. ეს საინტერესო იყო, მაგრამ ფინანსურად ნაკლებად მომგებიანი. ფროიდი უკვე პატარ-პატარა სტატიებს წერდა, წიგნიც კი გამოსცა მაშინ პოპულარალული თემის, აფაზიის (ინსულტგადატანილი ავადმყოფების მეტყველების დარღვევის) შესახებ, მაგრამ მისთვის სერიოზული ყურადღება არავის მიუქცევია. 9 წლის განმავლობაში მან ამ წიგნის მხოლოდ 257 ეკზემპლარი გაყიდა. ასე რომ, იგი კვლავ უფულო და უსახელო ცხოვრების კლანჭებში იყო მოქცეული.

…და ამას ზედ სიყვარულიც დაერთო. ერთხელ, სეირნობისას მან 21 წლის ფერმკრთალი, ნაზი, ტანმორჩილი, მაგრამ დახვეწილი მანერების მქონე მარტა ვერნეი გაიცნო… ფროიდის ფლირტი საკმაოდ თავისებური გახლდათ; რამოდენიმე თვის ნაცნობობამ მას ასეთი ბარათი მიაწერინა სატრფოსადმი – “ვიცი, რომ შენ არ ხარ ისეთი ლამაზი, როგორიც მხატვრებსა და მოქანდაკეებს ესმითო”. გარდა ამგვარი “არშიყისა”, ფროიდს საშინელი ეჭვიანობაც დასაჩემდა და ეს გამუდმებული დავა-კამათის მიზეზი ხდებოდა  მოტრფიალე წყვილს შორის. ასეა თუ ისე, ფროიდი მაინც მიჰყვებოდა სიყვარულის დინებას, მაგრამ დაქორწინება მას არაფრით შეეძლო, რადგან ჯიბეში გროშიც კი არ გააჩნდა.

1882 წელს ფროიდი ვენის ჰოსპიტალში იწყებს მუშაობას ექიმის ასისტენტად. იქვე ატარებს ფასიან გაკვეთილებს ყმაწვილი სტაჟიორებისათვის, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ხეირი იყო მისთვის. ამავე პერიოდში მას ნევროპათოლოგიის პრივატ-დოცენტის წოდება მიენიჭა, მაგრამ არც ამას წაუმატებია რამ მისი ეკონომიური სიდუხჭირისათვის.

1884 წელს, ფროიდს, როგორც იქნა, გამდიდრების იმედი გაუჩნდა. მან ქალაქ მერკიდან ვენაში მანამდე უცნობი ალკალოიდი – კოკაინი – ჩაიტანა და მისი აღმოჩენით სახელისა და სიმდიდრის შეძენას აპირებდა, მაგრამ სწორედ მაშინ მისმა საცოლემ დასასვენებლად ისურვა წასვლა და ფროიდიც იძულებული იყო თან გაჰყოლოდა, ასე რომ კოკაინის გამოკვლევის დაწყება მან თავის მეგობრებს კენიგსტენსა და კოლერს სთხოვა, მათ კი ფროიდის დაბრუნებამდე არათუ დაიწყეს, არამედ დაასრულეს კიდეც კვლევა და მსოფლიო სენსაციური ამბის მოწმე გახდა _ კოკაინი ლოკალური ტკივილგაყუჩებისთვის საუკეთესო პრეპარატი აღმოჩნდა.

“არა, მე არ ვემდურიო ჩემს საცოლეს” _ ყოველ დილით იმეორებდა ფროიდი, თუმცა მოგვიანებით თავის მემუარებში მაინც განაწყენებულმა ჩაწერა: “ეს ქალი გახდა იმის მიზეზი, რომ ახალგარდობაშივე არ გავხდიო სახელოვანი!..”

თავისი შემდეგი შანსი ფროიდმა პარიზში დაკარგა, სადაც იგი ექიმ შარკოს კლინიკაში სტაჟირებას გადიოდა, ეს უკანასკნელი კი ისტერიით შეპყრობილ ქალებს მკურნალობდა და ფროიდმაც დააპირა თავისი უნარის გამომჟღავნება ამ გაკაპასებული ქალების მორჯულებაში. მან საცოლეს ისიც კი მისწერა _ “ვენაში მდიდარი და სახელოვანი დავბრუნდები და თავზე დიდი მეცნიერის შარავანდედი მედგმებაო”, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვები აღმოჩნდა, რადგან თავადაც ისტერიაშეპარულმა შარკომ ყურადაც არ იღო ზიგმუნდ ფროიდის თეორიები და ჩვენი თხრობის გმირი კვლავაც ღარიბი და უპოვარი დაბრუნდა სამშობლოში, სადაც ასეთი წყენანარევი ჩანაწერი გააკეთა თავის დღიურში: “პარიზში ჩემმა ფანტაზიამ შესაძლებლობის ზღვარს გადააბიჯა და რა საწყენია, რომ ეს ყოველივე მხოლოდ ფანტაზია აღმოჩნდა”.

ერთადერთი, რაც მან პარიზიდან თან ჩამოიყოლა, იყო ნებართვა შარკოს შრომების გერმანულ ენაზე თარგმნისა. ფროიდმა რამოდენიმე სქელტანიანი წიგნი თარგმნა ჰიპნოზის შესახებ,  თუმცა ამ ხელოვნებას თავად მაინც ვერ დაეუფლა. ვენაში დაბრუნება მძიმე და გაუსაძლისი აღმოჩნდა, ბოლოსდაბოლოს იგი უნდა დაქორწინებულიყო და გააკეთა კიდეც ეს, მაგრამ დიდი ვალების მსხვერპლით, კვლევა-ძიების გაგრძელება აღარ შეეძლო, ექიმები მას ახლოც არ აკარებდნენ ავადმყოფებთან; მართალია, ერთხელ საავადმყოფოს ინსტიტუტთან არსებული ნევროპათოლოგიური  სამსახურის ხელმძღვანელობა შესთავაზეს, მაგრამ ფროიდმა უარი განაცხადა, რადგან ეს თანამდებობა, თავისი პრესტიჟულობის მიუხედავად, პრაქიკულად უხელფასო იყო.

ფროიდს კი ფული სჭირდებოდა! გამოსავალი იყო ერთი – კერძო პრაქტიკა. მან განცხადება გამოაქვეყნა გაზეთში – ვკურნავ სხვადასხვა სახის ნერვიულ სნეულებებსო! თავის ბინაში პატარა კაბინეტიც მოაწყო, მაგრამ კლიენტი არავინ ჩანდა, თუმცა ფროიდს სწამდა, რომ გამოჩნდებობდნენ ასეთები და მოთმინებით ელოდა.

და აი _ გამოჩნდნენ პირველნი, რომლებიც მისმა ექიმმა-მეგობრებმა გამოგზავნეს. დაიწყო მკურნალობის სეანსები, მაგრამ ფროიდი მშვენივრად ხვდებოდა, რომ არანაირი შედეგი არ ჰქონდა, როგორც მკურნალს.

– რა ვქნა, მარტა, რა ვქნა? – ეკითხებოდა ძლივსშერთულ ცოლს და თავადვე პასუხობდა – ეგებ სახელმძღვანელოები წავიკითხოო. წაიკითხა კიდეც ერთი ასეთი, ელექტროთერაპიას რომ შეეხებოდა და თითოოროლა შემორჩენილ კლიენტს ელექტროდების დარჭობა დაუწყო…. შედეგი – ნული!  შარკოს მსგავსად ჰიპნოზის გამოყენება დააპირა და ისევ უშედეგოდ, რადგან ხალხს თვალს თვალში ვერ უყრიდა.

შემდეგ კონცენტრაციის მეთოდი სცადა, როცა ავადმყოფს შუბლზე თითები უნდა შემოაჭდო და იჭვნეულად ჰკითხო – ეს გაწუხებს თუ ისო – და ესეც არ აღმოჩნდა მისი საქმე… ისევე, როგორც მასაჟები, რასაც მთლად იმედგაცრუებულმა მიმართა. ასე გაგრძელდა 1896 წლამდე, სანამ ერთმა პაციენტმა არ უჩივლა, რომ ზედმეტად აფათურებსო ხელებს ჩემს სხეულზე… ასე და ამრიგად გამოირიცხა მისი პრაქტიკიდან ავადმყოფებთან ფიზიკური შეხების მეთოდი.

 ამ წარუმატებლობის შემდეგ ფროიდი გონს მოეგო და შეეცადა, რომ მკურნალობის ყოველგვარი უხერხულობანი, თუნდაც საკუთარი თავისათვის, განერიდებინა, ანუ: ავადმყოფს არც შეხებოდა და არც თვალი თვალში გაეყარა მისთვის. საშველი მოინახა – პაციენტი ტახტზე დაეწვინა, თავად კი მის თავთით დამჯდარიყო, მიზეზი კი ის იყო, რომ ავადმყოფს სირცხვილის გრძნობა დაჰკარგვოდა. კიდევ მიზეზი – ექიმის იდიოტური გრიმასები არ დაენახა, როცა ის სულელურ კითხვებს სვამს. სწორედ ეს იყო მეთოდი ლაღი ასოციაციებისა, რაც ქვეცნობიერებას ზეწოლისაგან ათავისუფლებდა; ასე იბადებოდა ძირითადი ნორმები და დოგმები, ახალი პროფესიისა! 

ფროიდი ფსიქოანალიზის პრაქტიკას პირველ რიგში საკუთარი ფსიქიკის გაშიშვლებაზე აგებდა. ყოველივე ზემოთქმულის შესახებ მან 1892 წლის 15 მარტს გერმანულ სამედიცინო ჟურნალში ისაუბრა და პირველად იხმარა ცნება “ფსიქოანალიზი”.
* * *
ფული ჯერ კიდევ ცოტა შემოსდიოდა, მაგრამ ფროიდი გრძნობდა, რომ საქმეს აზრი დააჩნდა. იგი კვლავაც ბევრს მუშაობდა, წერდა წიგნებს და სტატიებს, ერიდებოდა უაზროდ დროის კარგვას და დღეში 20 სიგარას ეწეოდა. 

მისი კაბინეტი უკვე სხვაგვარი გახდა: ტახტი, რომელსაც თავთით სავარძელი ედგა… ჟურნალის მაგიდები ანტიკური სტატუეტებით… ნახატი,  რაზედაც შარკოს ჰიპნოზის სეანსი იყო ასახული… და მკრთალი განათება. თანდათანობით ფროიდი სხვა დეტალებსაც იგონებდა, რაც ფსიქოანალიტიკოსის კომფორტს უზრუნველყოფდა.

აი, თუნდაც ასეთი: სეანსი ძვირი უნდა ღირდეს. “თერაპიის ღირებულება – ამბობს ფროიდი – დიდ ზეგავლენას უნდა ახდენს კლიენტის ჯიბეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე ცუდად წავა.” ამის დასადასტურებლად იგი ყოველ კვირას უფასოდ იღებს ერთ პაციენტს და შემდეგ სასოწარკვეთით შლის ხელებს – ასეთ პაციენტს არაფერი შველისო (…თუ რატომ არ შველიდა, ეს ცალკე საკითხია და საგანგებო თეორიების ღირსია, რასაც ფროიდმა შესანიშნავი გამოკვლევები მიუძღვნა და 1930 წელს გოეთეს პრემიაც დაიმსახურა ლიტერატურის დარგში). ერთი სიტყვით, ფროიდი თავის შრომას მეტად ძვირად აფასებდა და ერთი სეანსისათვის 40 კრონს ანუ1 ფუნტსა და 13 შილინგს ახდევინებდა პაციენტს (ამ საფასურად მაშინ კარგი კოსტუმის შეძენა შეიძლებოდა).

თანდათანობით ფროიდმა თავის ხელობის სხვა საკითხებიც დახვეწა. მაგალითად, სეანსის დრო 45-50 წუთით შემოფარგლა. ბევრი პაციენტი მზად იყო საათობით ელაყბა, მაგრამ ფროიდი მათ გარეთ აგდებდა და ამას იმით ხსნიდა, რომ დროის პრესინგი სწორედ ის უებარი საშუალებაა, რაც მათ დაავადებისაგან იხსნიდა. და უკანასკნელი – მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი  – ჩაურევლობის, არათანაგრძნობის, გულგრილობის პრინციპი პაციენტის მიმართ.

ეს გასაგებიცაა, რადგან თანაგრძნობა დამღლელი და მომაბეზრებელი რამ არის და თავად ექიმის ფსიქიკური მდგომარეობის პირველი საფრთხე გახლავთ. პრაქტიკული ინსტრუქცია კი ასე გამოიყურება: “ფსიქოანალიტიკოსს უნდა შეეძლოს დიდხანს უსმინოს პაციენტს, არ გამოამჟღავნოს არავითარი რეაქცია და მხოლოდ დროდადრო ჩართოს რეპლიკები პაციენტის მონოლოგში. ფსიქოანალიტიკოსმა არასოდეს არ უნდა დააკმაყოფილოს პაციენტი თავისი შეფასებებითა და რჩევებით”.  

XX საუკუნის დასაწყისში ფროიდმა იგრძნო, რომ ოქროს საბადოს მიაგნო. ფართოდ გავრცელებული ათეიზმი მისთვის კლიენტების არმიას ქმნიდა. ოცნებებში იგი ხედავდა მარმარილოს დაფებს, რაზედაც ოქროს ასოებით დაიწერებოდა მისი ცხოვრების დიადი ფურცლები, მაგრამ დიდება იგვიანებდა. “უკვე 44 წლის ვარ – წერს იგი ერთ-ერთი თავისი მეგობრის, ფლიესისადმი გაგზავნილ მორიგ წერილში – და ვინ ვარ მე? ბებერი ღარიბი ებრაელი, რომელიც ყოველ შაბათს ბანქოზე მკითახაობის ორგიით იქცევს თავს, სამშაბათობით კი ებრაელების საზოგადოებაში ატარებს დროს”. 

შემობრუნება დიდებისა და ფულისაკენ 1902 წლის 5 მარტს დაიწყო, როცა იმპერატორმა ფრანსუა-ჟოზეფ I-მა ხელი მოაწერა ბრძანებას, რითაც ზიგმუნდ ფროიდს პროფესორის ტიტული მიენიჭა.  ეკზალტირებული პუბლიკა ნიაღვარივით მოაწყდა მის სახლს. ფროიდი დღეში 12-14 საათის განმავლობაში მუშაობდა და იძულებული იყო დასახმარებლად ორი ახალგაზრდა თანამზრახველი – მაქს კახანე და რუდოლფ რაიტლერი – მოეხმო. მათ მალე სხვებიც შეუერთდნენ. მცირე ხნის შემდეგ ფროიდი ყოველ ოთხშაბათს რეგულარულად მართავდა თავის სახლში ფსიქოლოგიური საზოგადოების გაკვეთილებს, 1908 წლიდან კი ამ ღონისძიებებს ვენის ფსიქოანალიტიკოსთა საზოგადოება ეწოდა.

აქ თავს იყრიდა მთელი დეკადენტური ბომონდი, სხდომებს უძღვებოდნენ არა მხოლოდ ექიმები, არამედ მწერლებიც, მუსიკოსებიც, პოეტებიც, გამომცემლებიც. ძირითადად საუბრობდნენ ფროიდის წიგნების შესახებ, რომლებიც, სხვათა შორის, წიგნის ბაზარზე ნაკლები წარმატებით სარგებლობდნენ (1000 ეკზემპლარი წიგნისა “სექსუალურობის თეორიის სამი ნარკვევი” 4 წლის განმავლობაში ძლივს გაიყიდა). კრიტიკოსები კი აღფრთოვანებით საუბრობდნენ იმ აკრძალული თემების შესახებ (მეძავობა, პორნოგრაფია, მორალის შერყვნა), რაც დეკადენტური მოძრაობის ინტერესთა ცენტრში იყო მოქცეული, ეს უკანასკნელნი კი ფროიდის მეხოტბენი იყვნენ და ამით დიდ პოპულარობას უქმნიდნენ თავის კერპს. 

დიდების ზენიტი კი 1922 წელს დადგა, როცა ლონდონის უნივერსიტეტში კაცობრიობის ხუთი ყველაზე დიდი გენიისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, ეს ხუთეული კი ასე გამოიყურებოდა – ფილონი, მემონიდი, სპინოზა, აინშტაინი და ფროიდი. ვენაში, ბერგასის ქუჩის მე-19 ნომერი თითქოს მომლოცველთა მექად იქცაო. ფროიდთან სეანსზე ჩასაწერად წერილები მოდიოდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან და ეს სეანსები უკვე რამოდენიმე წლით ადრე იყო დაგეგმილი.

იგი ამერიკაშიც მიიწვიეს ლექციების წასაკითხად და ჰონორარად 10 000 დოლარი შესთავაზეს, მაგრამ ფროიდმა იცოტავა და ტურნეს ორგანიზატორები იძულებულნი იყვნენ კონტრაქტის ღირებულება გაეზარდათ.

მოვიდა ფულიც, მოვიდა დიდებაც, მაგრამ ყოველივე ამას აზრს უკარგავდა ის მძიმე სენი, რომლის გამოც ფროიდს 1923 წელს მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა. ძლიერი ტკივილები კი მაინც არ მოშორდა და მისი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. იგი ძლივს ლაპარაკობდა და საკვებსაც დიდი გაჭირვებით იღებდა. მისი პოპულარობა კი უკვე ზღვასავით ბობოქრობდა და ეს მხოლოდ მტანჯველი შეგრძნება იყო სიკვდილთან შეჭიდებული დიდი მეცნიერისათვის. ასე მაგალითად, ჰოლივუდის ცნობილმა მაგნატმა სემიუელ გოლდვინმა 100 000 დოლარი შესთავაზა ფროიდს მხოლოდ იმისათვის, რომ მისი სახელი მოეხსენიებინათ ფილმის ტიტრებში, რომელიც კაცობრიობის ყველაზე ცნობილ სატრფიალო თავგადასავლებს ეხებოდა.

ფროიდმა მას მრისხანებით განმსჭვალული წერილით უპასუხა და, რა თქმა უნდა, არ მიიღო წინადადება. ასეთივე ხვედრი ერგო გერმანულ კომპანია UFA-ს, რომელმაც თავად ფსიქოანალიზის შესახებ მოისურვა ფილმის გადაღება. 1928 წელს ევროპის ეკრანებზე გამოდის ფილმი “სულის იდუმალებანი”. რომლის რეკლამირებისასაც ფართოდ იყენებენ ფროიდის სახელს. ეს ფაქტი ფროიდის განრისხებას იწვევს, იგი ტეხს სკანდალს და კომპენსაციას ითხოვს…

ამასობაში მსოფლიო არენას ფაშისტები ევლინებიან… ბერლინში სახალხოდ წვავენ ფროიდის წიგნებს; მისი ქალიშვილი ანა, რომელიც მამის კვალს გაჰყვა გესტაპოელთა ტყვეობაში ხვდება… ოჯახი ლონდონში გარბის… ჯანმრთელობაც  კატასტროფულად უარესდება და 1939 წლის 23 სექტემბერს თავად ფროიდი განსაზღვრავს თავისი სიკვდილის დღეს – მკურნალ ექიმს თავად ავადმყოფის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ზიგმუნდ ფროიდის სხეულში მორფის სასიკვდილო დოზა შეჰყავს…

(გაზეთი “ფანტაზია”, 2001 წელი)

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი