ნონა ხიდეშელი – სიკვდილის და სიცოცხლის ერთიანობის განცდა

0
679

ჯ.კრიშნამურტის მიხედვით, ადამიანს მანამდე სძულს სიმახინჯე და მოსწონს სილამაზე, სანამ გააჩნია შეფასების კრიტერიუმი და ნორმა, სანამ ერთს ეძახის სიმახინჯეს, ხოლო მეორეს სილამაზეს, გამომდინარე თავისი სუბიექტური ღირებულებებიდან. მხოლოდ მაშინ, როდესაც გაიაზრებს იგი სამყაროს მთლიანობის პრინციპს და თავის თავს, ისევე როგორც ყველაფერს ამ სამყაროში, ამ მთლიანობის განუყოფელ ნაწილად აღიქვამს, სუბიექტური შეფასება სადღაც გაქრება და ადგილს დაიკავებს უდიდესი ჰარმონია.

სიკვდილისა და სიცოცხლის ერთიანობის განცდა, რაც ასე დამახასიათებელია აღმოსავლური აზროვნებისთვის, გამომდინარეობს მთლიანობის შემეცნებიდან, სრული ადამიანის გააზრებიდან, სადაც სიკვდილი ფორმათა ცვალებადობაა მხოლოდ, რომელიც მარადიულად გრძელდება სამყაროში, სადაც სიცოცხლეს არ გააჩნია საზღვრები სივრცესა და დროში, არამედ მარადიულია და მთელ სამყაროს მოიცავს.

სიკვდილი ყოველთვის სიცოცხლეს შობს და მასთან სრულ ერთიანობაში არსებობს. სამყარო მარადიულად მოწესრიგებული, ჰარმონიული და უცვლელია, ხოლო ის ქაოსი, რომელიც ასე აღავსებს ადამიანთა ყოფას, ადამიანის გონებაში არსებული ქაოსის გამოვლინებაა, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაპირისპირებული, ყოველი აზრი, ფიქრი, სურვილი თუ ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება ერთმანეთს და შესაბამისად არეულობის ერთ დიდ პოლიგონს ქმნის. მისი პირველმიზეზი კი საკუთარი თავის შეუცნობლობაა, თვით-შემეცნების არარსებობა.

აღმოსავლური სწავლების მიხედვით, ადამიანის სულიერი განვითარების შესაბამისად პიროვნებას უვითარდება ცნობიერების უმაღლესი ორგანოები, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია განჭვრიტოს მიღმა სამყარო. ძველი ინდური სიბრძნე არ იფარგლებოდა მხოლოდ ხილული სამყაროს შესწავლით, იგი ცდილობდა გაერკვია რეალური არსი ადამიანის არსებობისა და შემდგომ სრულ ჰარმონიაში მოეყვანა შინაგანი და გარეგანი ადამიანი.

ამისათვის აუცილებელია ლიმიტირებული ცნობიერების გადალახვა და ტრანსცენდენტული სფეროს მიღწევა, რადგანაც ხილული სამყარო არის ერთი მცირე ნაწილი მარადიულობისა, ხოლო ადამიანი, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი და ღვთაებრივ ნაპერწკალს თავის თავში ატარებს, შეუძლებელია მოვიაზროთ როგორც მხოლოდ ამ მცირედის საკუთრებად.

ყოფიერების არსის გარკვევა შესაძლებელია ადამიანის დამოკიდებულებით მარადისობასთან, რომელიც თავად არის ამ მარადისობის, როგორც მთელის, ნაწილი და მისი განხილვა შესაძლებელია ერთ მთლიანობაში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი