მერაბ მამარდაშვილი – დეკარტი და რასტინიაკი

0
422

მეტყველებისეულ ცდაში უნდა გავბედოთ არავერბალური არსებობა, უშუალოდ და უბრალოდ – სიტყვის გარეშე. თუ ფლობთ მხოლოდ ლოგიკურ კონსტრუქციებს გარკვეული ნაპერწკლის გარეშე, შესაძლებელია ნებისმიერი რამის მტკიცება. მაგრამ რა გამბედაობაა საჭირო, გჯეროდეთ ამ პატარა, ცთომილი ნაპერწკლისა, – რაც, თითქოს, არც არაფერია – რათა ისაუბროთ რაიმე ნიღბის გარეშე, ისე, რომ ბრძენთა აზრები მოწიწებით არ წარმოაჩინოთ და გაიმეოროთ.

ყოველთვის შეიძლება დარბაისლური, შთამბეჭდავი ხმით ცოდნის სხაპა-სხუპით, გზნებით დეკლარირება, როგორც ამას კარგი მოწაფე აკეთებს; შეიძლება სხვისი აზრების, მოძღვრებისა და ტრადიციის პატივისცემის გამოხატვა. მაგრამ განა ფილოსოფია მხოლოდ კარგი მოწაფეების შექმნას ემსახურება? ის, რაც მე მიზიდავს ფრანგული აზრის ისტორიაში, ეს გახლავთ მოაზროვნეთა დიდი რაოდენობა, რომელთაც გაბედეს საკუთარი ნაჭუჭის გამომსხვრევა და გამოსვლა და შეიცნეს სიცოცხლის საფრთხე.

მათ გაბედეს, ესწავლათ უმალ სამყაროს წიგნიდან, ვიდრე ელაპარაკათ იმ წიგნების მიხედვით, რომლებიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. იცით, როდესაც მე ვკითხულობ ლექციებს რუსეთში ან საქართველოში დეკარტის მედიტაციების შესახებ, ყოველთვის ვიმოწმებ რასტინიაკს, რომელმაც, როცა დაინახა ბორცვიდან პარიზი, წამოიძახა: „ან მე, ან – შენ, პარიზო!“ აქ მნიშვნელოვანია არა პირადი ამბიცია, არამედ „მე“-ს გაბედული, არავერბალური სიცხადე.

მე მონაწილეობა მივიღე საქართველოს სახალხო ფრონტის შექმნაში, ვარ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, თუმცა, არ ვმონაწილეობ მის ყოველდღიურ საქმიანობაში. ფილოსოფია გამორიცხავს პოლიტიკურ ხმაურს, მას ესაჭიროება მარტოობა და სიჩუმე – აი, რა აუცილებლობა მკარნახობს ჩემი ვალდებულებისა თუ სამსახურის საზღვრებს. საჭიროა, რომ ფილოსოფია თავის თავთან კონფრონტაციაში იყოს მარადიულად განახლებადი.
პასკალი ამბობდა, რომ სიყვარულს ასაკი არა აქვს და არსებობს მუდმივად წარმოშობის მდგომარეობაში. ფილოსოფიას შესწევს უნარი, გამოთქვას ისეთი ჭეშმარიტება, რომელიც ეწინააღმდეგება ყოფით მეტყველებას. მეტყველება სასრულია, მაგრამ, რადგან კაცობრიობის თვითქმნადობაში არის ისეთი განზომილება, რასაც მე ვუწოდებ უსასრულობას და უხილავს, ეს უნდა იქნეს განმარტებული.
როგორ გადმოვცეთ სასრული სიტყვებით უსასრულობა? სწორედ ეს არის ფილოსოფიის უნარი: გამოიყენოს სიტყვები იმგვარად, რომ წარმოაჩინოს გარდუვალი სასრულობები. თუ თქვენ გესმით, რომ სიყვარულს არა აქვს ასაკი, თქვენ ფილოსოფოსობთ და ეხებით სულის სიჯანსაღეს – ეს აქტი აუცილებელია; სხვაგვარად – კისერს მოიტეხთ, გადაგვარდებით, დაიბნევით, შეიცნობთ ფარულ სიკვდილს და, მაშასადამე, არ შეგეძლებათ ერთად ცხოვრება, ე.ი. საზოგადოება არ იარსებებს.
უფრო ნათლად და უფრო შორს ხედვას აღწევენ მას შემდეგ, რაც სიტყვების წიაღში, სიტყვების შუაგულში გადალახავენ იმ წერტილს, რომლის იქითაც ხდება სიტყვის პოვნა, გამოგონება. ფილოსოფია გაქვავებულსა და უძრავს გარდაქმნის დინებად, მოძრაობად, რათა იგი დაუბრუნოს თავისივე გაუხევებელ მდგომარეობას. კავკასიონზე სიკვდილმისჯილი პრომეთე არის ფილოსოფიის სიმბოლო, პირველი ფილოსოფოსი; იგი ცნობიერების მგზნებარე მდგომარეობაა, რომელიც შეუძლებელია, დაიჭიროთ ან ჩაიდოთ ჯიბეში, ელვარებაა, რომელიც ხელებს გიდაღავს; იგი აგიზგიზებული ყოფიერებაა!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი