კონფორმიზმი და თვითგადარჩენის ტვირთი

0
510

რატომ არის კონფორმიზმი სიცოცხლისთვის აუცილებელი? სამყაროს რა მოცემულობა განაპირობებს ამას.

სხეული და სიცოცხლის იმპერატივი სადაც სხეულია, იქვეა კონფორმიზმი. სხეული, რომელიც წარმავალია და გააჩნია თავდაცვის ფუნქცია, იძულებულია დაექვემდებაროს სიცოცხლის გაგრელების ბრძანებას ყველაფრის ფასად.

სწორედ ეს განაპირობებს მაგალითად ე.წ ფუნქციონალურ ნიჰილიზმს, ანუ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ასრულებს საზოგადოებაში მის კუთვნილ ფუნქციას, საკუთარ თავს აიგივებს (იძულებით, იდეოლოგიურად) თავის ფუნქციასთან, თუმცა, ამავე დროს, მისი არაცნობიერი ნიჰილიზმითაა მოცული. ასეთ დროს, ადამიანი სამყაროსადმი არ აფიქსირებს სიცოცხლის მამტკიცებელ მიმართებას; მას სიცოცხლის ხალისი არ აქვს, მაგრამ მაინც ცოცხლობს; ასეთ მდგომარეობას კარგად გამოხატავს რუსული სიტყვა – доживать (ცხოვრების ჩამთავრება). სწორედ ის ფაქტი, რატომაც ის არ „ეცემა ბოლომდე“ და რატომაც доживает (ცხოვრებას ჩაამთავრებს), არის სიცოცხლის იმპერატივი. სიცოცხლის გაგრძელება არის ძალადობა ცალკეულზე.

მართალია, მისი ცხოვრება ჯოჯოხეთია, მაგრამ ის მაინც არ „ეცემა ბოლომდე“ და ყველაფრის მიუხედავად, მაინც აგრძელებს ცხოვრებას. მაგალითად, რა აძლებინებს ადამიანს, თუ არა ეს არაცნობიერი, ყველაზე ძლიერი იმპერატივი, როდესაც ის დღეში თორმეტ საათს მუშაობს და ხელფასის სახით 200 ლარს იღებს? სიცოცხლე ყველაფრის ფასად – ასეთია წესი, ღირსეული სიცოცხლე – ასეთია გამონაკლისი.

კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც სიცოცხლის გაგრძელების იმპერატივის პირველადობას ავლენს, მშობლისა და შვილის ურთიერთობაა, ანუ ის ურთიერთმიმართებაა, რომელშიც სიცოცხლე მისი უმთავრესი კანონით – გაგრძელებით გამოდის. შვილი, როგორც სიცოცხლის გამაგრძელებელი, ძალადობს მშობელზე ისე, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ორივესთვის გაუცნობიერებელი რჩება, რადგან ძალადობა გადაფარულია მშობლის შვილისადმი და შვილის მშობლისადმი სიყვარულით.

ამ დროს, მშობლის ინსტინქტი (რომლის ნამდვილი სახელიც სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტია) ამ ინსტინქტის მატარებელ კონკრეტულ ინდივიდს (მშობელს) მის საკუთარ ინტერესებს მეორე პლანზე გადააწევინებს, რითაც მასზე, როგორც ცალკეულ ადამიანზე, ძალადობს და აგრძნობინებს, რომ მისი შვილის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს უკანასკნელი „სიცოცხლის გამგრძელებელია“. ცხადია, ეს ფორმულა ერთგვაროვანი არ არის და ის თავისი ინტენსივობითა და ფუნქციონირების დროით განირჩევა.

მაგალითად, ის მეტწილად აქტიურია გარდატეხის ასაკის დროს და იმ პერიოდში, როდესაც შვილი „ფეხზე უნდა დავაყენოთ“. ზოგიერთი ადამიანი მეტ-ნაკლებად ახერხებს ამ ძალადობის განეიტრალებას და თავის პირად, ინდივიდუალურ ინტერესებს მაინც ატარებს, თუმცა  შედეგად, არ აყოვნებს „ცუდი მშობლის“ იარლიყი შვილის მხრიდან, რომელიც, როგორც სიცოცხლის გამაგრძელებელი, მშობელი/შვილის მიმართებაში სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტს გამოხატავს, ანუ ჯგუფურის აუცილებელ ძალადობას ინდივიდზე.

„ცუდ მშობელში“ სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტი (შვილის პირით გამოხატული) სხვა რაიმეს გულისხმობს: “მე, როგორც გვიან დაბადებული, სიცოცხლის გამგრძელებელი ვარ, სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ცალკეულზე, ანუ შენზე, შენ კი შენს თავსა და შენს კარიერაზე ფიქრობდი და მე სათანადო ყურადღებას არ მაქცევდი”. შვილი, როგორც სიცოცხლის გამაგრძელებელი, ყოველთვის უმადურია (მეტ-ნაკლებობით) მშობლის მიმართ, იმის მიუხედავად, თუ რამდენადაა მზრუნველი/არამზრუნველი ეს მშობელი და აგრეთვე, იმის მიუხედავად, თუ რამდენად ჰპოვებს შვილში არსებული ეს უმადურება გამოხატულებას კულტურის რაობის (მაგალითად, კულტურის პატრიარქალურობის) გამო.

არცაა გასაკვირი, რომ ქალთა ემანსიპაციის თანამედროვე იდეა ოჯახის, როგორც ინსტიტუტის დაღმასვლას იდეურად გულისხმობს: მართლაც, თუ ვაღიარებთ, რომ „ქალის სხეული მისია“, მას შეუძლია უარი თქვას სიცოცხლის გაგრძელების იმპერატივზე და იმ ინსტიტუტზე, რომელიც ამ იმპერატივს ემსახურება.

ცალკეული ყოველთვის სუსტია ჯგუფზე ცალკეულის სისუსტე ჯგუფთან მიმართებაში, რაც სამყაროს წყობის გარდაუვალი  კანონია, სიცოცხლეში კონფორმიზმის აუცილებლობას ამტკიცებს. როგორც ცხოველთა ჯგუფს აქვს ერთი მთლიანი სული, რომელიც აიძულებს მათ თვითგადარჩენისთვის იყვნენ შემგუებლები, ასევეა ადამიანიც, რომლის ცნობიერება და ინდივიდუალობაც ზღვაში წვეთია ჯგუფურ ინსტინქტთან მიმართებაში.

პატარა უნდა ექვემდებარებოდეს დიდს  პატარის დიდისადმი დაქვემდებარება სწორედ იმ კანონის ზოგადი სახეა, რომლითაც დიდი იმორჩილებს პატარას; ამ პატარას კი სჭირდება, შეძლოს სწრაფი ადაპტაცია, ჯგუფში გამოყოს ისეთი სეგმენტი, რომელიც დიდი ჯგუფის ელიტურ ნაწილთან მოაგვარებს მათი ჯგუფის სასიცოცხლო ინტერესებს. ამ მხრივ, საქართველოს ისტორია მეტად სახასიათოა. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ის ელიტები, რომლებიც უცხოელ “დამპყრობლებთან” საკუთარი ინტერესების გამო მიდიან მოლაპარაკებებზე, ცუდ სამსახურს გვიწევენ, სინამდვილეში კი პირიქითაა. ისინი ამით ერთგვარად ჯგუფის თვითგადარჩენას ემსახურებიან, თუმცა, როგორც ჩანს, აქ კვლავ თავს იჩენს ზემოთხსენებული გადარჩენისა და „ღირსეულად გადარჩენის“ დაპირისპირება.

ელიტები დიდ უცხო სხეულთან ადაპტაციით ჯგუფს გადარჩენას სთავაზობენ, თუმცა ჯგუფის მთელ რიგ წევრებს სურთ არა გადარჩენა, არამედ „ღირსეული გადარჩენა“. მაგალითად, დღევანდელ საქართველოში „არასამთავრობოების“ კრიტიკა სწორედ „ღირსეულ გადარჩენას“ უკავშირდება – ეს პოზიცია დაახლოებით ასეთია: „კი – დიდია დასავლური ცივილიზაციის სხეული, მაგრამ მოდი, ყველაფერს „ნუ გადმოვიღებთ“ და მათ უბრალო მსახურებად ნუ ვიქცევით. გავატაროთ მეტი დამოუკიდებელი პოლიტიკა, შევიძინოთ მეტი გეოპოლიტიკური წონა“.

რომ შევაჯამოთ, არსებობს სიცოცხლის გაგრძელების უძლიერესი ინსტინქტი, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა კონფორმიზმი და გარემოსთან (თუნდაც უსასტიკესთან) შეგუება. თანდათანობით, კაცობრიობა აცნობიერებს ღირსეული ცხოვრების მოთხოვნილებას, ჩნდება თავისუფლების ცნობიერება, თუმცა ეს ცნობიერება მაინც დაკავშირებულია სიცოცხლის გაგრძელების ინსტინქტთან, რადგან კაცობრიობა აცნობიერებს, რომ თვითგადარჩენის ტვირთი მსუბუქდება, კონფორმიზმს კი განაპირობებს სხეულის წარმავალობა, დიდისა და პატარის ასიმილაციის კანონი და ჯგუფის ინდივიდზე აღმატებულობის საწყისი კანონი.

ავტორი:ოთარ ჭულუხაძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი