ნონა ხიდეშელი ლაო-ძი

0
588

ლაო-ძი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, სახელმწიფო მმართველობის პრინციპებს და ზოგადად სოციალურ ეთიკას. მისი მოძღვრება თანაბრად ეხება როგორც ხელისუფლებას ისე საზოგადოებას. მისი განმარტებით, თუ ხელისუფალი მშვიდია და ვნებებისგან თავისუფალი, ქვეყნად სამართლიანობა იკავეს ადგილს და ხალხიც მშვიდია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში ადამიანები თავად გამონახავენ მარტივი ცხოვრების გზებს. ბრძენი მმართველი არ ამძიმებს ხალხს, არ ბატონობს მათზე. ხოლო, თუ მმართველი შლეგია და უსამართლო, მაშინ ხალხიც უკეთურ გზაზე დგება და უბედურია.

ყოვლად გაუმართლებელია ისეთი კანონის მიღება, რაც უპირისპირდება ადამიანის შინაგან ბუნებას, მის პირველად არსს. უმაღლესი ხელისუფალი ისევე უნდა მორჩილებდეს დაოს ბუნების კანონს, როგორც ყველა სხვა ადამიანი. „რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია სიღარიბე. რაც მეტია იარაღი, მით მეტია ამბოხი, რაც მეტია უმეცრება, მით მეტია სიხარბე, რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი”.  როგორც კი აუკრძალავ ადამიანს თავისი ბუნებითობის შესაბამისად მოქმედებას, მაშინვე ეცდება იგი დამახინჯებული და გადაგვარებული ფორმით, ანუ არაბუნებრივი გზით დაიკმაყოფილოს საკუთარი სურვილები. ამ დროს ირღვევა კავშირი ადამიანსა და ბუნებას შორის და სახელმწიფოს შიმშილი, სიღატაკე და შფოთი ეუფლება. ხელისუფლება,  რომელიც თავად ემორჩილება დაოს, ანუ მისი სამართლიანობა თვითკონსტიტუციონალურადაა განპირობებული, უდიდეს კეთილდღეობასა და სიმშვიდეს ამყარებს ქვეყანაში.

ლაო-ძი ცდილობდა ადამიანისთვის ეჩვენებინა, რომ ყველა ტირანიისა და ჩაგვრის მიზეზი ადამიანის მშფოთვარე ვნებები და ამბიციებია, რომ ნებელობის არარსებობის შემთხვევაში ადგილს იკავებს კაცთმოძულეობა, სიხარბე და ძალმომრეობა. ამიტომაც ყველამ რეალურად უნდა შეაფასოს თავისი თავი, არ აღზევდეს სხვაზე, მოთოკოს სურვილები, ამბიციები და ვნებები და ქვეყნად სიმშვიდე და სამართლიანობა გამეფდება.

აღმოსავლური სამყარო ლაო-ძიდან მოყოლებული ერთიანობის პრინციპს აღიარებს, სადაც არ არსებობს განყენებულად სიკეთე და ბოროტება, მშვენიერება და სიმახინჯე, იქ ყველაფერი ერთიანია, ერთი დასაბამი აქვს. ისინი მხოლოდ სახელებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან შეფასების კრიტერიუმებით, რაც ძალიან პირობითი რამაა და ადამიანის წარმოსახვის შედეგია.

ის, ვინც არ იზღუდება საგანთა და სურვილთა მრავალფეროვნებით, ის, ვინც თავისუფალია სტერეოტიპებისგან, არ ეძებს გარეგნულ ცოდნას, არ ყოფს, არ აფასებს და არ განსჯის სამყაროს, აღწევს უდიდეს თავისუფლებას, რაც უმთავრესი ეტაპია აბსოლუტთან ზიარებისთვის.

როდესაც ადამიანი გაიაზრებს სამყაროს ერთიანობას, წერდა ს. ვივეკანანდა, რომ იგია ერთიანი, დაუსრულებელი არსება, მაშინ ქრება მისი ლიმიტირებული „მე” და ადგილს იკავებს ერთიანი, მთლიანი ადამიანის „მე”, ანუ ღმერთი. ასეთ ადამიანს ზოგადსაკაცობრიო სიყვარული ეუფლება, მისთვის აღარ არის ცნება მტერი და მოყვარე, მას უყვარს ყველა, წმინდანიც და ცოდვილიც, რადგან შეიცნობს, რომ ორივეში ღმერთი სახლობს და მოქმედებს.

სიწმინდე არის მდგომარეობა, სადაც ცნობიერებამ გადალახა თავისი შეზღუდულობა, დაიმორჩილა ვნებები, სურვილები და ამბიციები და ადამიანის ნებელობა გახდა მმართველი მისი არსებისა. ხოლო ცოდვილი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს თავისი ცნობიერების შეზღუდულობას, შესაბამისად ვნებებისა და სურვილების მონაა და იტანჯება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი