ნონა ხიდეშელი – დაოს მოძღვრება

0
679

ძველ ჩინურ ფილოსოფიაში, იდეალურ მდგომარეობას -დაო- ეწოდება. ის ცისა და მიწის სრულ ჰარმონიას გულისხმობს. ეს არის  დასაბამი, შემქმნელი ყოველი არსისა, ყველაფრის პირველმიზეზი და საფუძველი ყოფიერებისა. მას უმზერ და ვერ ხედავ, უსხეულოა, იდუმალი. იგი მშვიდია, უცვლელი, მაგრამ მოვლენები მისი წყალობით განიცდიან ცვალებადობას.

დაო ყველგან და ყველაფერში მოქმედებს, მისგან აღმოცენდება და მასშივე ინთქმება ყველაფერი. იგი უფორმოა, მაგრამ მიზეზია ყოველი ფორმისა. ყოვლისმომცველია, მარადიული, ერთიანი, ყველგან და ყველაფერში განფენილი, ყველაფერი მას ექვემდებარება. ისაა საყოველთაო კანონზომიერება ბუნებისა,  ყველაფერია და ამასთანავე-არაფერი. ის არავის შეუქმნია, მისი წვდომა შეუძლებელია რაციონალური აზროვნებით.

დაო უძლიერესია, მაგრამ არ მძლავრობს, არ მედიდურობს. იგი დაფარული და განუსაზღვრელი არსია ყოფიერების, ხილული სამყარო მისი გამოვლინებაა, ოღონდ მისი ყოფიერების დაბალი ფორმით. ჭეშმარიტი ყიფიერება ნიშნავს სხეულებრივი მოთხოვნების უარყოფით დაოს ყოფიერებაში შეღწევას. ისაა პირველმიზეზი, პირველდასაბამი სიცოცხლისა. ის განუყოფლად, დაუნაწევრებლად მოიცავს მთელ სამყაროს, ხილულსაც და უხილავსაც. იგია პირველი ქაოსიც და ცისა და მიწის საწყისიც, არარსებობიდან არსებობაში შემოსული, ამიტომ მისთვის არყოფნა და ყოფიერება ერთია.

უდიდესი ჩინელი მოაზროვნის, ლაო-ძის მიხედვით, (რომელმაც “დაო დე ძინის” სახით უდიდესი საგანძური უბოძა კაცობრიობას და რომელზეც აღმოცენდა უდიდესი მოძღვრება „დაოიზმი”), დაო შეიმეცნება მხოლოდ მისტიკური ჭვრეტით, რაც გულისხმობს, ცნობიერების შეზღუდული საზღვრების გადალახვას. დაოს შემმეცნებელი ისეთივე სრულქმნილი და მარადიული ხდება, როგორც თავად დაოა და სიმშვიდესა და ნეტარებაში არსებობს. დაო არსებობს თავისთავად, მას არავითარი მიზეზები არ სჭირდება. დაო დე ძინში ვკითხულობთ: კაცი მიწის კანონს მორჩილებს, მიწა ცის კანონს, ცა დაოს კანონს მორჩილებს, დაო კი დაოს კანონს მორჩილებს.

დაო თავის თავში ბადებს სამყაროს თავისი მრავალფეროვნებით, იგი არა მარტო შობს ყოველივეს, არამედ უკიდურესად მზრუნველია მათ მიმართ, როგორც მშობელი. ის ნაწილიცაა და მთელიც, უდიდესიც და უმცირესიც. დაო მხოლოდ თავისთავს მორჩილებს და ერთარსებაა. იგი ქმნის საგნებს, მაგრამ თავად უპიროვნო და უცვლელია. იგი არ ფლობს არავითარ ფიზიკურ თვისებას, მატერიალური ყოფისათვის დამახასიათებელს და ამიტომაც ყველგან მყოფია.

დაოს გამოვლენა  ხდებობდა სხვადასხვა ეტაპებად. თავდაპირველად იგი აბსოლუტურად ცარიელია, თუმცა შეიცავს ყველაფრის პოტენციურ შესაძლებლობას, შემდგომ არყოფნიდან ყოფიერებაში შემოდის, ანუ ყოფიერება იშვა არყოფნიდან, შემდეგ ბადებს ხილულ სამყაროს, გარდაისახება სხვადასხვა ფორმად და ხდება მშობელი ყოველივე ხილული არსისა, თუმცა თავად რჩება წმინდა სულიერ ასპექტად  არყოფნად.

დაოში არყოფნა და ყოფიერება ერთია, ყოველი დაპირისპირებული პოლუსი დაოს გამოვლინებაა ოღონდ სხვადასხვა ფორმით და ამიტომაც ერთიანია. ყველამ, ვისაც სურს დაოს ეზიაროს, უნდა დაძლიოს შინაგანი დაპირისპირებულობის განცდა და ერთიანი, მთლიანი გახდეს როგორც დაო.

„დაო დე ძინი”-ს განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის აერთიანებს როგორც მისტიკურ და მეტაფიზიკურ, ისე ფილოსოფიურ-რელიგიურ, ზნეობრივ და სოციალურ წარმოდგენებს. ამიტომაც აღმოცენდა მის ფესვებზე ჩინური ფილოსოფიური და რელიგიური მოძღვრება, ჩინური პოეზია და ლიტერატურა, ზოგადად კულტურა. ლაო-ძი მოუწოდებს ადამიანებს თანხმიერებისკენ, უპირვლესად, საკუთარ თავთან და შემდეგ სხვა ადამიანებთან. როდესაც სამყაროს ერთიანობის კანონი დაირღვა, ყველაფერი დაიშალა, დაქუცმაცდა და უბედურება მოიტანა. მას სურს ადამიანში აღადგინოს ერთიანობის განცდა, სადაც თანხმობა და მშვიდობა სუფევს, სადაც ადამიანისთვის ყველაზე ფასეულია თავად ადამიანი და ჩემი და სხვისი არ არსებობს.

დაოს მიმდევრებისთვის მთავარი იყო არა წინაპართა სიბრძნე თავისი ტრადიციებით, არა სამართლიანობისა და კაცთმოყვარეობის ქადაგება, არამედ ბუნებითი, პირველადი უბრალოება და სიმარტივე, ვნებათა და სურვილთა დათრგუნვა და სიმშვიდის მოპოვება. კონფუცისგან განსხვავებით, რომელიც მუდმივად წესრიგსა და რიტუალების ზედმიწევნით შესრულებას მოითხოვდა, ლაო-ძი თვლიდა, რომ რიტუალები ზღუდავს ადამიანის ბუნებით განვითარებას.

კონფუცი მიელტვოდა ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას, სიკეთისთვის  სიკეთის, ბოროტებისთვის ბოროტების და ა.შ. ლაო ძი კი მიიჩნევდა, რომ როდესაც შეიცნო და განსაზღვრა ადამიანმა სიკეთე, მაშინ გაჩნდა ბოროტებაც. მისი აზრით, ყველა რომ ნამდვილად კეთილი და სათნო იყოს, არავინ განსჯიდა ამ ცნებების შინაარს და არავის დასჭირდებოდა მათი ხსენება, მანკიერებაც არ ამოტივტივდებოდა ადამიანის გონებაში.

იგი ადამიანის ზნეობრივ კანონს განიხილავს, დაოს კანონის მსგავსად, უცვლელ ბუნებით სიკეთედ. ვინც მორჩიელებს დაოს კანონს, სწორედ ის არის უმაღლესი, სრულქმნილი ზნეობის მფლობელი. სიტყვა „მორჩილება‘‘ აქ არ ნიშნავს რაღაც კანონთა კრებულის მიხედვით ცხოვრებას, არამედ უფრო ცნობიერებით განჭვრეტას ამ უმაღლესი მდგომარეობისა, მის  გაცნობიერებას და მასთან ზიარებას, როდესაც ადამიანის შეზღუდული „მე” ქრება და მის ადგილს იკავებს უმაღლესი ცნობიერება, იგივე დაო, რაც წარმართავს ადამიანის მთელ ცხოვრებას.

ესაა ადამიანის თვითბუნებითობა, ანუ ბუნებრივი, მარტივი ყოფა და სწორედ ამ ყოფიერებაში ქრება ყველა წინააღმდეგობა და ყველა დაპირისპირებული პოლუსი ერთმანეთს უზავდება. თვითბუნებითობის უმაღლესი ფორმა კი ლაო ძის მიხედვით, არის უმოქმედობა, რაც პასიურობას და არაფრისკეთებას კი არ ნიშნავს, არამედ ბუნებითი კანონების მიხედვით ცხოვრებას, საგანთა ბუნებრივი არსისადმი მორჩილებას, რაც ნიშნავს, მიიღო და შეიყვარო სამყარო ისეთი, როგორც ის არის.

ვინც დაოს ფლობს, ცდილობს ადამიანი გახადოს უბრალო და არა განსწავლული, რადგანაც მხოლოდ სიმარტივე, უბრალოება და ბუნებითობა მოუტანს ადამიანს სიმშვიდესა და ბედნიერებას. „ვინც ეძიებს ცოდნას, დღითიდღე იმდიდრებს ცოდნას, ვინც მორჩილებს დაოს, დღითიდღე იმცირებს ვნებებს, ვინც დღენიადაგ იმცირებს ვნებებს, დიად უმოქმედობას აღწევს.”

დაოს მოძღვრებაში უმოქმედობის ორი განსაზღვრება არსებობს: პირველი –აბსოლუტური უმოქმედობა, რაც ნიშნავს მუდმივად შინაგანი სამყაროს ჭვრეტას და სურვილთა და ვნებათა დათრგუნვას, რათა შესაძლებელი გახდეს საკუთარი ბუნებრივი განვითარების გზის პოვნა  და ყოველივე შინაგანმა კანონზომიერებამ წარმართოს, ხოლო მეორე- უმოქმედობა, როგორც სრულყოფილი მმართველობის პრინციპი, სახელმწიფოებრივი და  სოციალურ-პოლიტიკური მმართველობის საფუძველი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი