მერაბ მამარდაშვილი დახმარება ჩვენი არსების ნაწილია

0
790

ჩვენ გვეხმარებიან, დახმარება ჩვენი არსებობის ნაწილია. ჩვენ ხომ არასოდეს გვიგემია „განმანათლებლობა“, რეალური ძალა საკუთარი აზროვნებით აზროვნებისა, როცა ფლობ შინაგან უნარს, თავად გაერკვე და გაუძღვე საკუთარ თავს ჩირაღდანის, ან იმ ხელების გარეშე, რომლებსაც დავეყრდნობოდით.

XVI საუკუნიდან მოყოლებული, ფრანგებს შესწევთ გახსნილი ცხოვრების უნარი, ისინი გამბედავი, მოქმედი და ძლიერი ადამიანები არიან. გერმანელებს კი ამ ტიპის ცხოვრება ძალზე გვიან დაუდგათ. ყველა დაგვიანებული მოვლენა საშიშია. დიდი ხნის განმავლობაში გერმანელებმა იცხოვრეს ინტენსიური ცხოვრების მოთხოვნილების დაუკმაყოფილებელი გრძნობით. სწორედ ამიტომ წარმოიშვა ფაშიზმი, რომელიც გერმანელებს ჰპირდებოდა დიად, სისხლსავსე ცოდნასა და გამოცდილებას.
საქართველოში და, საზოგადოდ, რუსეთშიც, იგივე დრამა გათამაშდა, განსაკუთრებით – ახალგაზრდობისათვის. ამ უკანასკნელთ როგორც კი უჩნდებათ კითხვა, თუ სად ცხოვრობენ, რას აკეთებენ, ამჩნევენ, რომ მათ ირგვლივ ფეხზე მდგომი გვამების უღრანია, სული ეხუთებათ იმ ადამიანებისაგან, რომლებიც, თითქოს, ცოცხლობენ, მაგრამ მკვდრები არიან – სიცრუით, ფანტომებით, ჩაგვრა-შევიწროებით, უაზრობითა და უვიცობით.

ჩემთვის თავისუფლება არის შემდეგი: ადამიანმა უნდა მოიპოვოს თავისი შინაგანი თავისუფლება საკუთარ თავთან და ადამიანთა საზოგადოებასთან ბრძოლაში. ამას მე ვხედავ დეკარტთან და პრუსტთან, რომლებიც უფრო მეტს მასწავლიან, ვიდრე მონობის მწარე თუ ნაღვლიანი მხილებაა.

აი, ამიტომ არის ფილოსოფიის სწავლება ჩემთვის ის იშვიათი შესაძლებლობა, რომ მივაღწიო იმას, რასაც ამბობს მონტენი: „ყველაზე უმაღლესი – ეს არის იცხოვრო დროის შესაბამისად“.

ადამიანები არსებობას ფიზიკური დაწოლით აღიქვამენ, რეაგირებენ სწორედ იმ ბიძგებზე, თავად არსებობის რისკით რომ არის გამოწვეული. როდესაც შენ რაიმეს წერ, შეგიძლია დაუბრუნდე ამ სამუშაოს, მოსაფიქრებელი დრო მისცე საკუთარ თავს, დროის კვალდაკვალ იმუშაო. მაგრამ ლაპარაკის დროს ეს გამორიცხულია; შენ ამ დროს მოქმედებ, არ შეგიძლია, ხელახლა დაიბრუნო, რამე შეცვალო ამ მომენტში; შენ უნდა ძალ-ღონე მოიკრიბო და ეს მოცემული წამი დაიჭირო. სწორედ ამიტომ, პეგი წერდა დე არტზე: ის იყო რაინდი, რომელიც ქვეყნად მტკიცე ნაბიჯით დადიოდა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი