ჯიდუ კრიშნამურტი მიმდევრებისგან უარყოფილი

0
1254

ბრაჰმანები და მისტიკური სკოლის წარმომადგენლები, კრიშნამურტის ბუდას მისაღებად ამზადებდნენ, რადგან იგი უნდა გამხდარიყო მსოფლიოს მასწავლებელი, უფრო სწორად ,,გამღვიძებელი“ ილუზიით შეპყრობილი მსოფლიოსი, მაგრამ ჯიდუ კრიშნამურტიმ ბუდას მიღებაზე უარი განაცხადა. ამის გამო, ბრაჰმანებში კრიშნამურტის ავტორიტეტი დაეცა. ინდოეთის სულიერმა ლიდერებმა ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს, რომ კრიშნამურტიმ ,,მე“ -ს დაკარგვის შიშით თქვა უარი ბუდას მიღებაზე. 

კრიშნამურტი კი ამბობდა, რომ არ არსებობს არანაირი აპრობირებული გზა, ყველა ადამიანმა თავისი გზა თვითონ უნდა იპოვოს. ჭეშმარიტება უბილიკო ყამირია – ესაა მისი მთავარი აზრი. იესო გასხივოსნდა იესოს გზით, მაგრამ რატომ სხვა ვერავინ გახდა მისი გზის მიმყოლი? იმიტომ რომ ეს იყო იესოს გზა, და არგებდა მხოლოდ იესოს…

მას არ სჯეროდა რეინკარნაციის, სულების გადასახლების. მას არ აინტერესებდა არსებობა სიკვდილის შემდეგ – ის არც უარყოფდა ამას და არც ადასტურებდა. თვლიდა, რომ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა, მნიშვნელობა აქვს რა ხდება ახლა. რა ხარ ახლა, რას აკეთებ ახლა, – შეიძლება იყოს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე, შეიძლება არა, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნლეობა თუ შენ ცოცხალი ხარ ახლა…

კრიშნამურტი იმ მასწავლებელთა სიაში შევიდა, რომელსაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა, იმ მხრივაც, რომ თვითონ კრიშნამურტის სწავლება უარყვეს.

მონაკვეთი წიგნიდან ,,გზა შინისაკენ“, რომელიც კრიშნამურტისთან შეხვედრას ეხება:

იმავე საღამოს მე და ბჰკუ ვივეკანანდა მსოფლიოში განთქმული მწერლის და ორატორის – ჯიდუ კრიშნამურტის ლექციას დავესწარით. შევედით და მეორე რიგში დავჯექით. პანდალი მალე გაივსო ხალხით, და ჩვენს გვერდით სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი დაჯდა. მას ერქვა დილიპი.

-გინდათ დოქტორ კრიშნამურტიზე მოგიყვეთ? – შემოგვთავაზა მან. – ის ჩემი მასწავლებელია.

-რა თქმა უნდა – ვუპასუხეთ ჩვენ.

დილიპმა ფეხები გადააჯვარედინა, სკამიზ საზურგეს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო. კრიშნამურტი დაიბადა სამხრეთ ინდოეთში 1895 წელს. როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მას ყურადღება მიაქცია ცნობილმა ნათელმხილველმა ჩარლზ ლედბიტერმა. ლედბიტერმა და ანნა ბეზანტმა, რომელიც იმ დროს თეოსოფიურ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, განაცხადეს, რომ ეს ბავშვი – “ჭურჭელია” სამყაროს იმავე მასწავლებლისა, რომელიც კაცობრიობას ქრისტეს მეშვეობით მიმართავდა. ანნა ბეზანტი დაეხმარა ყმაწვილს, რომ ინგლისში მიეღო განათლება და მთელს მსოფლიოში თან ატარებდა მას. ათასობით ადამიანმა მიიღო იგი როგორც ახალი მესია და მის გარშემო შექმნილ ვარსკვლავის ორდენში შედიოდნენ. ოცდაშვიდი წლის ასაკში კრიშნამურტიმ ოფიციალურად მიიღო გასხივოსნებული მასწავლებლის ტიტული. იმ დროისთვის მას უკვე სამოციათასზე მეტი ორდენის წევრი ეთაყვანებოდა. დილიპი ჩვენსკენ გადმოიხარა:

-მაგრამ 1929 წელს მან უარი თქვა მასწავლებლის მდგომარეობაზე, დაშალა თავისი რელიგიური მოძრაობა და…

უეცრად ყველა წამოდგა და სცენაზე ახლადგამოჩენილ კრიშნამურტის მიესალმა. ეს იყო უზადოდ ჩაცმული სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცი, არა მაღალი და გამხდარი. მას ეცვა პიჯაკი ნერუს სტილში და ფართე შარვალი. სუფთად გაპარსულ სახეს მოხუცებულობის ნაოჭები უფარავდა, ხოლო ჭაღარა თმა მეცნიერს ამსგავსებდა. იგი ბრწყინვალე ინგლისურით მიესალმა შეკრებილებს. მისი თვალები ენთუზიაზმს და კეთილგანწყობას ასხივებდა.

მოკლედ, საკმაოდ მალე იგი გადავიდა რევოლუციურ მოწოდებებზე: “ინდოეთში მეტისმეტად ბევრი გურუა. ისინი გვკარნახობენ, რა ვაკეთოთ, რაზე ვიფიქროთ და რით დავკავდეთ. ისინი – დიქტატორები არიან.” ხალხი სუნთქვაშეკრული უსმენდა მას. “ჭეშმარიტება – ეს ამოუცნობი ქვეყანაა, ხოლო იოგა, თავისი სუნთქვითი და გიმნასტიკური ვარჯიშებით – მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოსომატური აკრობატიკაა. აშრამები და მონასტრები – საკონცენტრაციო ბანაკებია ჭკუისათვის.” მან პაუზა გააკეთა და პირდაპირ მე შემომხედა: “და თუ თქვენ ჩამოგიყალიბდათ მედიტაციის რაღაც სისტემა, ეს უკვე მედიტაცია აღარაა, არამედ სრული უაზრობა და დროის ტყუილად ფლანგვაა.”

კრიშნამურტიმ ასეთი იგავი მოყვა:

ერთხელ ეშმაკი თავის მეგობართან ერთად სეირნობდა. მათ წინ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. უცებ ის დაიხარა და გზიდან რაღაც მბრწყინავი საგანი აიღო. მეგობარი მიბრუნდა ეშმაკისკენ და ჰკითხა, თუ რა იყო ეს. ეშმაკმა უპასუხა:

-მან ჭეშმარიტება იპოვა.
-ცუდადაა შენი საქმე!
-სულაც არა – მშვიდად უპასუხა ეშმაკმა – მე დავეხმარები, რომ ამ ჭეშმარიტებას მოწესრიგებული სახე მისცეს.

იმისათვის, რომ ხაზი გაესვა თავისი მომდევნო აზრისთვის, კრიშნამურტიმ თვალები დახუჭა და სპეციალურად ნელა, თვითოეულ სიტყვაზე მახვილით გაიმეორა: “ჩვენ საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილება. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს, როცა ჩვენს ცხოვრებაში ამდენი თავსმოხვეულია? ჩვენ წლობით ვმუშაობთ და უაზროდ, სიცარიელეში ვცხოვრობთ…”

იგი წინ დაიხარა: “ვერც ერთი ორგანიზაცია და ვერც ერთი რელიგია ვერ მოგვიტანენ გასხივოსნებას. თქვენ ვერ მოიპოვებთ მას ვერც რომელიმე დოგმით, ვერც მღვდელმსახურებით ან რიტუალებით, ვერც ფილოსოფიის შესწავლით და ვერც ფსიქოლოგიური პრაქტიკებით. გასხივოსნება საკუთარ ჭკუაში უნდა ვეძებოთ, დავაკვირდეთ რა მის მუშაობას. ეს მოდის ჭვრეტის მეშვეობით და არა ინტელექტუალური ანალიზით ან ლოგიკური ჭკუისმიერი მსჯელობებით.”

მე შეძრული ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ლექცია ჩემს მეგობარ ბჰიკუ ვივეკანანდაზე. ის ხომ გურუ იყო მრავალი ათასი ბერისათვის, რომლებიც მონასტერში ცხოვრობდნენ მკაფიო სტრუქტურით და განრიგით და მედიტაციასა და რიტუალებს სწავლობდნენ მისგან. მე დავიხარე მისკენ და ჩავჩურჩულე: “ბჰიკუ, ის უარყოფს ყველაფერს, რასაც მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვენით. როგორი მოსასმენია ეს თქვენთვის?”

ბჰიკუს გაუკვირდა ჩემი კითხვა, ფართოდ გაახილა თვალები და თქვა: “ის ყველაფერს სწორად ამბობს!”

მე განცვიფრებულმა შევეკითხე: “და რას აპირებთ ამის შემდეგ ბჰიკუ?”

უცებ ის ძალიან სერიოზული გახდა: “მე კარგად უნდა გავიაზრო მოსმენილი”.

შემდგომ დღეებში კრიშნამურტის კიდევ რამდენიმე ლექციას დავესწარით, რომლებზეც იგი გასაოცარი თავდაჯერებულების და რკინის ლოგიკის დემონსტრირებას ახდენდა. მას სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია პასუხი გასცეს ნებისმიერ კითხვას და გააბათილოს ნებისმიერი არგუმენტი, მაგრამ ამასთან ერთად პირად ურთიერთობაში რბილ, კეთილ და ჭკუამახვილობით გამორჩეულ პიროვნებად რჩებოდა.

მე ჩავუფიქრდი მის სწავლებას. აღმოსავლეთის წმინდა წერილები სავსეა გასხივოსნებული წმინდანების მაგალითებით, რომლებიც თავისი რელიგიის მცნებებს და თავიანთი გურუების დარიგებებს შეუპოვრად მიჰყვებოდნენ. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უკუგდება მხოლოდ იმის გამო, რომ კრიშნამურტიმ ასე თქვა? ამასთან ჩემში ცხარე გამოძახილი ჰპოვა მისმა აზრმა იმის შესახებ, რომ სულიერი ცხოვრებისთვის მიუღებელია ზედაპირული დამოკიდებულება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებად. და თუკი ზედმეტად გავერთობით სულიერი ცხოვრების გარეგნული მხარით, შეიძლება მისი მთავარი მიზანი – გულის გაწმენდა – დაგვავიწყდეს.

მოგვიანებით, როცა ბჰკუსთან ერთად პიპალის ხის ჩრდილში ვიჯექი, ვკითხე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა მომავალში.
დიახ, რიჩარდ, – მიპასუხა მან. – მე დავბრუნდები ტაილანდში, ჩემს მონასტერში.”

“მართლა? – გამიკვირდა მე – მე კი ვფიქრობდი, რომ კრიშნამურტის მიმდევარი გახდებოდით”.

ბჰიკუმ ჩაფიქრებულმა შორს გაიხედა, შემდეგ კი უეცრად თქვა:
“დიახ, მე მივყვები მისტერ კრიშნამურტის დარიგებებს, – მის ტუჩებზე ცელქური, ბავშვური ღიმილი ათამაშდა. – გინდა გითხრა, როგორ?”
“რა თქმა უნდა!”
“მე უარვყოფ იმ მასწავლებლის სწავლებას, რომელიც ყველა მასწავლებლის და მათი სწავლებების უარყოფას მოგვიწოდებს”, – ღიმილით, მისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ტაილანდური აქცენტით მიპასუხა მან.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი