მერლინ მონრო – ნამდვილი სიყვარული წლებს და გამოცდილებას მოაქვს

0
430
იგი მსოფლიო კინოხელოვნების ერთ-ერთ ლეგენდად იქცა მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს არანაირი პრესტიჟული სამსახიობო პრემია არ დაუმსახურებია, იგი იყო განუმეორებელი მოვლენა, რაც ყველა ეპოქის მაყურებლის ყურადღების ცენტრში იქნება.
ვინ იყო ის – მსახიობი თუ უბრალოდ მოდელი? …მის კარიერაში გარეგნობა ნამდვილად მთავარი იყო – სავსე მკერდი, ვიწრო წელი თუ ჩამოქნილი ფეხები, რასაც ვნებიანი მზერაც ამშვენებდა… გარეგნობა, რა თქმა უნდა, კორექტირებული იყო პლასტიკური ქირურგიით და გრიმით, მაგრამ ვერანაირი მაკიაჟი მაინც ვერ შეძლებდა იმ ანდამატური მიმზიდველობის (…გნებავთ, ამას აურა დაარქვით) შეცვლას, რის წყალობითაც იგი ეკრანზე გამოჩენისთანავე იპყრობდა ყურადღებას და მაყურებელს აიძლებდა, სულმოუთქმელად ედევნებინა თვალი მისი ყოველი მიმოხვრისთვის…
 
დაბადებისეული სახელი – ნორმა ჯინ მორტენსონ-ბეიკერი
“მე უკანონო შვილი ვარ…. ამ ცნების პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ ყველაფერი, რასაც მამაზე ან მამებზე ლაპარაკობენ, მტკნარი სიცრუეა“
1926 წელს გლედის ბეიკერი ჰოლივუდის ერთ-ერთი სტუდიის სამონტაჟო საამქროში მუშაობდა… მას სიგიჟემდე უყვარდა თავისი გოგონა…. “შეხედეთ! განა არის ვინმე ამაზე მშვენიერი?” – ხშირად იმეორებდა გლედისი და პატარა ნორმას უფრო გასამშვენიერებლად ხან წარბებს გამოუქნიდა და ხან ლოყებს მოუხატავდა; ეს ქალი ავტობუსით მგზავრობაზედაც კი ამბობდა უარს, რათა ფული დაეზოგა და ქალიშვილისთვის კოსმეტიკური საშუალებები ეყიდა. 
უილშირის ქუჩაზე მდებარე პატარა სახლში, სადაც გლედისი მშობიარობის შემდეგ დაბრუნდა, მამაკაცები არ ცხოვრობდნენ. ასე რომ, ახალშობილს ქალთა აბსოლუტურ გარემოში უხდებოდა ცხოვრება, გლედისი კი მას დედობასაც უწევდა და ითავსებდა “მამობასაც”, თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს ქალი თავის ერთადერთ შვილს სწირავდა ყველაფერს, რაც გააჩნდა და სრულ უფლებას აძლევდა საკუთარ თავს, რომ ნორმა ჯინი ამქვეყნად ულამაზეს და უჭვიანეს ბავშვად ჩაეთვალა.
კარიერის დასაწყისი

 

დიახ, სწორედ ასე შეიძლება ეწოდოს იმ ქმედებათა მთლიანობას, რასაც დედა ახორციელებდა შვილის მიმართ – გოგონას ჯერ პირველი კბილიც არ ამოსვლოდა და მშობელი მას უკვე მომავალ კინოვარსკვლავს უწოდებდა!

გოგონა ოდნავ რომ წამოიზარდა, მას ცხოვრების სრული თავისუფლება მიეცა, არავინ და არასოდეს ზღუდავდა მის საქციელს და ისიც მთელი სისრულით იყენებდა ამ “ბედნიერებას”, მაგრამ ყოველგვარ სილაღეს გააჩნია თავისი საზღვარი და ნორმა ჯინისთვისაც დადგა ეს ასეთი ცუდი დღე:
ერთხელ, დილაადრიან ნორმა ჯინს მეზობლის ქალები შემოეხვივნენ და შემწყნარებელი თვალებით დაუწყეს მზერა; მალე დედის მეგობარი გრეის მაკ კიც გამოჩნდა, გოგონას მოეხვია და უთხრა: “შეგიძლია დეიდა გრეისი დამიძახო… დღეის შემდეგ მე გიპატრონებ… სანამ დედაშენი საავადმყოფოში იქნება…”
თუმცა “დეიდა გრეისმა” პირობა ვერ შეასრულა და გოგონას მოვლა-პატრონობა ლოს-ანჯელესისი საქალაქო მმართველობას მიანდო. ამ ორგანიზაციის ჩინოვნიკებმა ნორმა ჯინი ერთ ოჯახს მიაბარეს და ამის სანაცვლოდ ამ ოჯახს ყოველთვიური 20-დოლარიანი დახმარება დაუნიშნეს.
უდედმამო გოგონას ამჯერად ბევრი ჭკუის დამრიგებელი გამოუჩნდა:”ენა დაიმოკლეო…. უაზროდ ნუ იღიმებიო…. მუხლებზე კაბა ჩამოიწიეო… დაიფიცე, რომ არასოდეს და არსად ალკოჰოლს არ მიეკარებიო…” – გამუდმებით ჩასჩიჩინებდნენ მომავალ მერილინ მონროს მეზობელი ოჯახების ყველა ზრდასრული წევრები.
“მე თერთმეტი ოჯახი მზრდიდა” – ასე თქვა ერთხელ ინტერვიუში უკვე სახელოვანმა კინოვარსკვლავმა, თუმცა არც “დეიდა გრეისს” დავიწყებია გოგონა; კვირაობით მოდიოდა ეს ქალი და ნორმას ბევერლი ჰილზისკენ მიასეირნებდა. ეს ის ადგილია, სადაც, როგორც წესი, კინოვარსკვლავები ბინადრობენ, შემდეგ კი ჩინური თეატრისკენაც გაისეირნებდნენ და გოგონა ათვალიერებდა ვარსკვლავთა მიერ ამ თეატრის წინ, თაბაშირზე ამოტვიფრულ ფეხის თუ ხელის ანაბეჭდებს, დეიდა გრეისი კი სრული თავდაჯერებით ჩასჩიჩინებდა გოგონას: “ცოტაც მოითმინე, შვილო, და შენი ანაბეჭდიც გაჩნდება აქ!“
აი, ასე მიედინებოდა ნორმა ჯინ ბეიკერის ცხოვრება “მზიურ შტატში”, სადაც მას ერთი ოჯახიდან მეორეში, ერთგვარი ადათ-წესებიდან სხვაგვარში და ლამაზი ოცნებიდან უფრო ლამაზში უხდებოდა გადაბარგება… გლედის ბეიკერი კი ამასობაში შეურაცხადთა სახლში, უფრო სწორად – საგიჟეთში, აწყდებოდა კედლებს და შვილთან შეხვედრას ითხოვდა…
1935 წელს, როცა ნორმას ჯერ კიდევ ცხრა წელი არ შესრულებოდა, ისე, რომ ნორვოკის სულის ავადმყოფთა სახლში გამოკეტილი დედის ერთხელ ნახვაც არ ეღირსა, მას დეიდა გრესი ეწვია და გამოუცხადა, რომ ამიერიდან აღარ მოუწევდა ერთი ოჯახიდან მეორეში წანწალი… ჩაულაგა ჩემოდანი, მოჰკიდა ხელი და ქალაქის განაპირა უბნისკენ წაიყვანა. იქ ნორმა ჯინმა თვალი რომ მოჰკრა დიდასოებიან აბრას – “ლოს-ანჯელესის თავშესაფარი” -, ტირილი მორთო და დაიყვირა – “მე ხომ ობოლი არ ვარ, დედაჩემი ჯერ ცოცხალია” – და დეიდა გრეისისგან ასეთი პასუხი მოისმნინა: “ცოცხალია?!ამას თუ სიცოცხლე ჰქვია…”
თავად მერილინის მოგონებებიდან:
სწორედ ამ თავშესაფარში დამიზიანდა მეტყველება და ენის ბორძიკით დავიწყე ლაპარაკი… პირველ დღეს, როცა ამ სახლის დერეფანში ძალით მიმათრევდნენ, ველიდან გავუსხლტი მათ და უცებ თავშესაფრის უზარმაზარ სასადილო ოთახში მოვხვდი…. ეს იყო უკანასკნელი წვეთი, რამაც ჩემს გონებაში სამუდამოდ და სრულად ჩამოაყალიბა თავად სიტყვა… თავად აზრი… ობლობა“.
თავშესაფარში ნორმა რაღაც არაამქვეყნიურ, გაძვალტყავებულ არსებას დაემსგავსა და ერთადერთი, რითაც მისი ცნობა შეიძლებოდა, ღიმილი გახლდათ, თუმცა მისთვის დამახასიათებელი ენერგიულობაც და თავდავიწყების უნარიც შეინარჩუნა. იგი ყველას თავზარს სცემდა უგნური გამბედაობით, თუნდაც საქანელათი ისეთ სიმაღლეზე ადიოდა, რომ ნამდვილად ამართლებდა არაამქვეყნიური არსების “სტატუსს”.
ნორმას 11 წელი რომ შეუსრულდა, მისი შვილად აყვანა დეიდა გრეისის ერთმა გადაბერებულმა ნათესავმა ისურვა და აიყვანა კიდეც; ასე რომ, გოგონა ახალ მეურვესთან, შინაბერა ქალბატონ ენ ლოუერთან გადაბარგდა…
ნორმა ჯინი მიაბარეს სკოლაში, რომელიც ლოს-ანჯელესის მდიდრულ უბანში მდებარეობდა. მისი მთავარი პრობლემა იმხანად თანაკლასელთა გაუთავებელი შეკითხვები იყო, რომლებსაც ნორმას წარმომავლობა აინტერესებდათ, ასე რომ, გოგონას უამრავი სიცრუის თქმა უხდებოდა, რათა ღირსეული დედ-მამის შვილად გაესაღებინა თავი. ასე მაგალითად – მან აცნობა ახალ მეგობრებს, რომ მოხუცი ენ ლოუერი მათი მოსამსახურე იყო, რომელსაც დიდი დამსახურება ჰქონდა მათი ოჯახის წინაშე და ახლა გასაგდებად ებრალებოდათ.
ამასობაში 1939 წელიც დადგა, ნორმას 13 წელი შეუსრულდა. მოხუცმა (“მოსამსახურე”) ენ ლოუერმა ვეღარ შეძლო დაუოკებელი გზნების მქონე გოგონას მოვლა და დეიდა გრეისმა, როგორც იქნა, გაბედა და ახლადწამოჩიტული ქალიშვილი თავის ოჯახში წაიყვანა, მაგრამ ეს საკმაოდ დაგვიანებული ჟესტი იყო იმისათვის, რომ ნორმა ჯინზე რაიმე შთაბეჭდილება მოეხდინა. იგი (ნორმაზე მოგახსენებთ) ბავშვი კი არა, ნაადრევად მომწიფებული მშვენიერი ქალი იყო, რომელიც დეიდა გრეისის ოჯახში შევიდა, არა უპატრონო ბავშვის, არამედ სრულფასოვანი კონკურენტი მდედრის იმიჯით…
ასე დაიწყო ნორმა ჯინის ცხოვრების ახალი ეტაპი…

 

ბიჭუნებიდან კაცუნებამდე

 

ნორმა, რა თქმა უნდა, სამეგობროდ მასზე ბევრად უფრო დიდ ბიჭებს არჩევდა. მისი სიმაღლე იმხანად 1 მეტრსა და 63 სანტიმეტრზე დაფიქსირდა და აღარც არასოდეს გამაღლებულა მეტად. მთავარი კი ისაა, რომ ქუჩაში გასული ყმაწვილქალის არდანახვა შეუძლებელი იყო, რადგან მისი სიარული არ იყო უბრალოდ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე, ეს გახლდათა რწევათა და მიმოხვრათა მთელი კასკადი და ფეიერვერკი.

” დეიდა გრეისს” და “ბებია ენს” ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, აშფოთებდათ და ორივემ ერთხმად გადაწყვიტეს, ნორმა გაეთხოვებინათ; ეს მათ ერთადერთ ხსნად და საშველად მიიჩნიეს, საშველი კი ქალებმა ჯეიმზ დოუერტიში – მეზობლად მცხოვრებ აწოწილ ყმაწვილში – ნახეს.

პირველი ქორწინება

იმხანად ორმა ფაქტმა ნორმას მთელი არსება შეძრა; ერთი ქორწინებამდე მცირე ხნით ადრე მოხდა, როცა გაიგო, რომ “ბეიკერი” მისი მამის კი არა, დედის გვარი ყოფილა, მეორე კი ქორწინებისთვის მზადებისას იყო, როცა მას ‘დეიდა გრეისმა” აჩუქა წიგნი, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა – “მზადება შეუღლებისთვი”. ამ იაფფასიან გამოცემაში ცოლქმრობა განხილულუი იყო, როგორც ადამიანთა მოდგმის გარდაუვალი აუცილებლობა… წიგნი მთავრდებოდა ასეთი ფრაზით: “ნამდვილი სიყვარული წლებს და გამოცდილებას მოაქვს“.

1942 წლის 19 ივნისს ბენტლი-ავენიუზე მდებარე სახლში თეთრ საქორწილო კაბაში გამოწყობილი ნორმა ჯინი ისე თრთოდა და კანკალებდა, კაცს ეგონებოდა, კვლავაც ობოლთა თავშესაფარში წაყვანის ეშნიაო; მთელი პროცესიის განმავლობაში მომავალი მერილინი ტუჩებს იკვნეტდა და გაუაზრებლად იჩეჩავდა მხრებს. აუცილებელ რიტუალებს ვახშამიც მოჰყვა, შემდეგ კი მხიარული კომპანია ჰოლივუდის საღამოს კაბარე “ფლორენციულ ბაღისკენ” გაეშურა; მხოლოდ აქ შეძლო ნორმამ მთელი დღის ნერვული დაძაბულობისგან გათავისუფლება და საცეკვაო მოედანზე თავდავიწყებით გადაეშვა, რასაც დამსწრე აუდიტორიის აღფრთოვანებული შეძახილები მოჰყვა.
აი, ამას კი მისი უკვე ქმარი ჯეიმზ დოუერტი ნამდვილად არ ელოდა – ნუთუ მისი ცოლი ის ქალია, ვინც პუბლიკის გასართობადაა გაჩენილი?! ჯეიმზის გულში ეჭვი ბობოქრობდა იმის გააზრებისას. რომ მისი ახლადშერთული მეუღლე იმ საღამოს, ქმრის გარდა, ყველას და ყველაფერს ეკუთვნოდა. ნორმას საცეკვაოდ მიწვევას ერთმანეთს არ აცლიდნენ აღგზნებული მამაკაცები და ყველა, თითქოს პირი შეუკრავთო. ნამდვილი ოვაციით ეგებებოდა ქარივით მქროლავ პატარძალს.
საქორწილო საღამო ჯეიმზის სკანდალური რეპლიკით დასრულდა, რომელიც მან ყველას გასაგონად უთხრა ნორმას:
– ნუთუ ვერ ხედავ, რომ ამ ხალხს მაიმუნივით ართობ?!
გამთენიისას, როგორც იქნა, საბანქვეშ შეიყუჟა ნორმა და თავისთვის ჩაიბურტყუნა:
– მაიმუნები ვართ, აბა, რა?!ოჯახიახალდაქორწინებულებმა ბინა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში, ვან-ნაისში დაიდეს…
სულ რაღაც ორიოდე დღეში ნორმას უკვე ჭირივით სძულდა საათობრივად გათვლილი კვების რეჟიმი, ვერ იტანდა ჭუჭყიანი თეფშების დანახვას. იგი ასობით საქმეს ერთად ჰკიდებდა ხელს და ბოლომდე არცერთი არ მიჰყავდა….
ძალიან მალე გააცნობიერა, რომ გათხოვილი ქალის ყოფა არაფრით სჯობდა ობოლთა თავშესაფარში ცხოვრებას. შეიძლება ითქვას, რომ ნორმას ცხოვრების დინებას თვისობრივი ცვლილება არ განუცდია. ამიტომაც გადაწყვიტა, თავად მოეფიქრებინა ისეთი რამ, რითაც ცხოვრებას გაიხალისებდა და ეს ხალისი ქალმა “შარმის” გაკვეთილებში ჰპოვა, თუმცა მასწავლებლისთვის არ მიუართავს, რადგან მისი ენაბლუობა მეტისმეტად კომიკურად წარმოაჩენდა მას და ამიტომაც მარტო, რაღაც სახელმძღვანელოებით სწავლობდა “შარმს”.

ნორმა სადმე სხვენზე ან სარდაფში გამოიკეტებოდა ხოლმე და საათობით იმეორებდა საკუთარ სახელს სულ უფრო სწრაფად და სწრაფად, რათა ენის ბორძიკისთვის თავი დაეღწია (სწორედ ასე ურჩიეს მას “შარმის სკოლიდან” მიღებულ წერილში). ასე გადაება დღე დღეს და დადგა ის გადამწყვეტი მომენტი, როცა ჯეიმზ დოუერტი საზღვაო ფლოტში სამსახურისთვის გაიწვიეს და ნორმას საშუალება მიეცა მუშაობა დაეწყო ერთ-ერთ საავიაციო ქარხანაში. პირველხანებში იგი კონტროლის განყოფილებაში მუშაობდა, სადაც პარაშუტების გამართულობას ამოწმებდა, შემდეგ სამღებრო საამქროში გადაიყვანეს, სადაც მისი მოვალეობა სპეციალური სითხით თვითმფრინავების დაფარვა იყო.

არმიელთა ფოტომოდელი

იმხანად აშშ-ს არმიაში ერთი წესი იყო – უმაღლესი მთავარსარდლობის გადაწყვეტილებით ქვეყნის ქარხნებსა და ფაბრიკებში რეგულარულად იგზავნებოდნენ ფოტოგრაფები, რომელთაც ჯარისკაცებისთვუის უნდა გადაეღოთ მათი მეუღლეების ფოტოები და ამით მათი (ჯარისკაცების) საბრძოლო სულისკვეთება აემაღლებინათ.მალე არმიელი ფოტოგრაფი ბერბენკის საავიაციო ქარხანასაც ეწვია ჯეიმზ დოუერტისთვის მისი მშვენიერი მეუღლის ფოტოს გადაღების მიზნით.

“დადექით სამუშაო ადგილთან და სურატს გადაგიღებთ” – თითქმის ბრძანების კილოთი უთხრა ფოტოგრაფმა ნორმას და ამ უკანასკნელსაც დიდი ხვეწნა არ დასჭირვებია. მან თეზოების რიტმული რხევით ჩაუარა გვერდით ფოტოგრაფს და თავის სამუშაო ადგილთან მეტისმეტად მკერდგამოწეულმა დაიკავა ადგილი. ფოტოგრაფს, მგონი, მოეწონა ეს ახლადაღმოჩენილი მოდელი, ორიოდე სხვა სურათიც გადაუღო (სენდვიჩით ხელში, შესვენების ჟამს, პარკში სეირნობისას და ა.შ.) და აღფრთოვანებულ ნორმას უთხრა: “შეიძება ეს ფოტოები გაზეთშიც გამოვაქვეყნოთო”. ამ მიზნით მან ტელეფონის ნომერიც გამოართვა ქალს და შეჰპირდა, რომ გაზეთის გამოსვლას შეატყობ ინებდა..
.
სწორედ ამ ფოტოგრაფის წყალობა იყო, რომ ნორმა ჯინ ბეიკერის გარეგნობით სასტუმრო “ამბასადორის” ფოტომოდელთა სააგენტო დაინტერესდა.
მოამზადეს:ნინო მაღალაშვილმა და ალექსანდრე ელერდაშვილმა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი