რობი კუხიანიძე – ჩემი კონცერტიდან თავისუფლებას წაიღებ

0
283

მუშაობის დროს ის, რთულია. თუ არ აყევი – არაფერი გამოვა. ის ნოტით არ მუშაობს და ჯგუფს ყველაფერს ვერბალურად უხსნის. მიაჩნია, რომ მთლიანად ემოციებზე და შეგრძნებებზე დამოკიდებული უნდა გახდე, რათა ნოტს ჩასწვდე; უნდა იწვალო, იფიქრო: მინორი იყო თუ მაჟორი; ფორტე თუ პიანო და როცა ჩასწვდები, მუსიკა ცოცხლად დარჩება. „ვიცი, რომ მუსიკაში ვერავის კონკურენტი ვერ გავხდები – რაც არ გამიკეთებია, იმის კონკურენცია როგორ უნდა გამიკეთონ? პრეტენზია არ მაქვს, მე არ ვარ მეფე, მე არც ვყოფილვარ მეფე. მე ბედნიერი კაცი ვარ, ერთი გლეხი – რობერტია კუხიანიძე. მახსოვს, რომ წინა ცხოვრებაში მქონდა ბევრი ფული, სახლი მაშინაც არ მქონია“, – ამბობს რობი კუხიანიძე.

 

 

message:რას დაარქმევდი საკუთარ ავტობიოგრაფიას?

ერთი წამით გაელვება

message:ირაკლი ჩარკვიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რობი კუხიანიძე დასავლეთის მეფეა მე – აღმოსავლეთისო. რობი, შენ, როგორ მიგაჩნია,  დასავლეთის მეფე ხარ?

ეს ისეთივე ბავშური საქციელი იყო, როგორც თინეიჯერობის ასაკს ახასიათებს. ხდება ასეთი რაღაცეები მუსიკაში, როდესაც რაღაც მიმდინარეობას ირჩევ და ხდება ჯანსაღი კამათი მუსიკოსებს შორის. ირაკლი მეფე იყო, ვიღაც მუსიკოსს იმპერატორობა უნდოდა. პირადად მე ძალიან მარტივად ვუყურებ ასეთ რაღაცეებს, მე საერთოდ არაფერ შუაში ვარ (იცინის), რომელიღაც ჟურნალში იყო დაბეჭდილი. ქუთაისში ვიყავი და ახლობელი მომადგა ჟურნალით – კუხიანიძეები როდის აქეთ გახდით თავადები, მეფობას წამოკარი, ბიჯო, ხელიო? ინტერვიუში ჟურნალისტი ეკითხებოდა ჩარკვიანს, შენ რა მეფე ხარო და ჩარკვიანი მასუხობს: მე აღმოსავეთ საქართველოს მეფე ვარ და დასავლეთში აუთსაიდერი, რობიაო. მუსიკაში რაღაც მიზეზით თქვა ალბათ ირაკლიმ ეს, თორემ მე მსგავსი რამ თავში აზრადაც არ მომივიდოდა. ამისთვის არც ახლა მცალია და მაგ კომფორტისთვის დრო ადრეც არ მქონია.

მე არ ვიყავი ვარსკვლავი და ჩემგან ვარსკვლავს ვერ გამოიყვან. ვარსკვლავი არის ადამიანი, რომელიც ექვემდებარება პროდიუსერს, მენეჯერს და ა.შ. და ასრულებს მის მითითებებს, მოთხოვნებს. მე ვინც მყოლია პროდიუსერი, არასდროს მოსულა ჩემთან და არ უთქვამს, რომ ესა და ეს არის გასაკეთებელიო. არის ჩემთვის რაღაც-რაღაცეები, რაზეც მე უარს ვამბობ, არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, ვინმეს ამაში რა თანხა აქვს ჩადებული. რამდენიმე პროდიუსერი მყავს, რომელიც ჩემს შესაბამის სიტუაციას მიქმნის. ერთ-ერთი ასეთია თეა კოლოტაური, რომელიც ამ ყველაფერს უვლის.

message:ზოგადად, რა დონეზეა განვითარებული პროდიუსერის ინსტიტუტი საქართველოში?

პროდიუსერობა ყველაზე სასაცილო რამაა საქართველოში. ამ მიმართულებით რაც აქ ხდება, ეს პროდიუსერობანას თამაში უფროა, თამაშის ერთ-ერთი ფორმაა, რომ აუცილებლად უნდა გყავდეს პროდიუსერი. ზოგადად, თუ დალაგებულ სისტემაზე ვსაუბრობთ, პროდიუსერს არც უნდა იცნობდე, პროდიუსერი საქმეს უნდა აკეთებდეს და შენ მენეჯერი უნდა გამუშავებდეს – წესი ეს არის.

პროდიუსერი არაა მარტივი პროფესია, საკმაოდ შრომატევედია მისი საქმიანობიდან გამომდინარე. საქართველოს თუ ავიღებთ, ჩვენთან ეს სისტემა არ არსებობს. ეს საქმე, ძირითადად, ფილმებიდან აქვთ „დამუღამებული“. როგორც ასეთი, საპროდიუსერო სკოლა, საქართველოში არ არსებობს. აქ ეს ხდება კონტაქტების გამოყენების საფუძველზე, აგერ ფილარმონიაში მუშაობდა, იქით სახელმწიფო სტრუქტურებში იცნობდა ვიღაცეებს და აქედან გამომდინარე დღეს პროდიუსერია. ასე რომ, არ არსებობს შესაბამისი განათლება და შესაბამისად საქმეებიც ასე წყდება – მოდი, შენ ხარ ჩემი ძმაკაცი, მე ვარ შენი დაქალი და გავაკეთოთ საინტერესო საქმე. ადრე ეს უფრო ენთიუზიაზმით კეთდებოდა. დღეს შეიძლება იქამდე მივიდეს საქმე, შენ მოგადგეს პროდიუსერი და „გაგიხუროს“, ფული რატომ არ არისო და ჩაგთვალოს არასარგებლიანად, იმიტომ, რომ არაკომერციული ხარ.

განა მე მინდა, რომ არაკომერციული იყოს ჩემი ჯგუფი? მაგრამ გამოდის, რომ  მე უნდა შევცვალო რაღაცა. ანუ მე უნდა შევცვალო ის, რომ, უნდა ვიმღერო ის, რაც არ მემღერება. არადა ეშლებათ, რომ მე არა ვარ მომღერალი; ეშლებათ ის, რომ მე არა ვარ მწერალი; ეშლებათ ის, რომ მე არ ვარ მუსიკოსი; ეშლებათ ის, რომ მე არ  ვარ მოცეკვავე; ეშლებათ ის, რომ მე არა ვარ არაფერი; ეშლებათ, რომ ცხოვრების მანძილზე ყველაფერი ვიყავი.

თოჯინების თეატრში ვმუშაობდი, აკომპანიატორიც ვიყავი,  დიპლიპიტოზეც ვუკრავდი, ჩონგურზეც, სახალხო როკში ვუკრავდი. 5-წლიანი ქორეოგრაფიული სტუდია მაქვს დამთავრებული, ფორტეპიანო მაქვს დამთავრებული კლასიკური განათლებით. ქსელაფონისტი ვარ, რამდენი რამე მისწავლია და ჩემზე ამბობენ უსაქმურიაო (იცინის).

message:პროფესიით ვინ ხარ, რობი?

პროფესიით მასიურ ღონისძიებათა რეჟისორი ვარ. რაც ჩამოვთვალე, ყველაფერ ამას ვაერთიანებ ჩემს თავში. ჩემ საქმეში ვარ რეჟისორი ცეკვის, თოჯინების, ხალხურების (ბავშვობაში ხალხურ ანსამბლშიც ხომ ვუკრავდი) და ის რითმიკა, ის შეგრძნება ხო შემომდიოდა… მე კაი დროს ვიყავი, სხვა მუხტი იყო მაშინ, გავლენა და მიმდინარეობები. ახლა ამ ეპოქაში ამას ვერ გაიაზრებენ, ჯერ არაა მოსული მაგის დრო, რომ მუსიკაში რამე ბუმი მოხდეს. შეიძლება ღმერთი არ ირწმუნონ, მაგრამ ჯაზზე უარს ვერ იტყვიან. რატომ აქვთ ამოჩემებული ეს ერთი მიმართულება, ვერ გავიგე. აზერბაიჯანს და სომხეთს აქვს ამოჩემებული ჯაზი. ჯაზის შემსრულებლებს ძალიან დიდ თანხებს უხდიან და ჩამოჰყავთ. ალბათ, რადგან მეზობლად არიან, ჩვენებსაც ჩამოჰყავთ. ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვეწირებოდეთ მათ გემოვნებას? კულტურის სამინისტროში ან მეგობარი არა ჰყავთ ან თვითონ თანამშრომელს არ აფიქრდება, რომ, ვთქვათ, ქათამაძის კონცერტი მოითხოვონ?(ჩანაწერი გაკეთებულია ნოემბრის თვეში)

ჯერ უნდა გადახარშონ ელექტრონული მუსიკის მადლი, მერე სახლმწიფო უნდა დადგეს ფეხზე, რომ ტექნიკურად განვითარდნენ. ელექტრო მუსიკა დღევანდელ რეალობაში უფრო ცუდ სიტუაციაშია, მაგრამ ერთი თავისუფლება აქვთ – ნარკოტიკი. ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში ნებისმიერი ჯგუფი შეგივსებს სტადიონს, იმიტომ, რომ იქ იციან შაბათის დღის მადლი, დასვენებაა და ბოლომდე თავს დებენ გართობაში, სად სცალიათ მათ იქ ჩხუბისთვის? მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯგუფი არ არის სკანდალური, სიმღერის დროს სულ ყურადღებით ვარ, რამე არ მოხდეს. მადლობა ღმერთს, არასდროს ჩხუბი არ მომხდარა და თუ ხდება, საწყისშივე მომთავრებულია.

message:ჩასულხარ როდესმე?

როგორ არა, რამდენჯერაც გინდა, საქმე მომიგვარებია და ვერც ვერავის გაუგია, შოუს ნაწილი ჰგონებიათ. მე როცა სცენაზე ვდგავარ, გასული ვარ. ალბათ ამიტომ, მაგარი კონცერტები არ მქონია, მაგრამ დასამახსოვრებელი სულ მაქვს, რადგან ჩემი კონცერტიდან თავისუფლებას წაიღებ – მე ამის გარდა სხვა მიმართულება არა მაქვს. კონცერტიდან გამომსვლელებს ვუყურებ ხოლმე და ვხედავ, როგორ გამოდიან ცუდი ენერგიიდან.

message:რობი, რაიმე სიახლეს თუ უნდა ველოდოთ ახლო მომავალში, რა გეგმები გაქვს შემოქმედებითი მიმართულებით?

ახლა, ჩემი ჯგუფი „აუთსაიდერი“, არანორმალურად ძალიან მაგარ ფორმაშია. ალბომი, რომელზეც ახლა ვმუშაობ, სულ სხვაა. უხამსი ტექსტია, მაგრამ ისეა დალაგებული, მენტალურად ავადმყოფი თუ არ ხარ, შეურაცხოფად არ მიიღებ.

როგორ კონცერტებზეც მე, რობი კუხიანიძე ვუკრავდი, ვეცდები, რომ მსგავსი კონცერტები აღარ მქონდეს კლუბებში და ა.შ ყოველ შემთხვევაში, წელს. რაღაც კონცერტებზე, ალბათ, უარის თქმა მომიწევს, თუმცა, ქველმოქმედებას ვერ გავექცევი. ეს კონცერტები მეც და ჩემს ჯგუფსაც ბევრ ენერგიას გვართმევს, ამიტომ ჩემი გეგმის ნაწილში შედის, რომ წელს უარი ვთქვა, ჯგუფის ახალი ალბომია დასამთავრებელი და მეტი მუშაობაა საჭირო.

ძალიან დიდი შიში მაქვს სცენის. ახლაც, ჩემმა პროდიუსერმა რომ დამირეკა, არ მითხრა რამდენი დღის მერე მაქვს კონცერტი. დღეიდან, ჩათვალე, რომ მეწყება საშინელი ნერვოზი. ხუთშაბათიდან მეწყება რეპეტიცია და ესაა ჩემი ჯოჯოხეთი. ასეთი ვარ. საშინელება მემართება. არის მომენტები, როცა  ჩემი ჯგუფის წევრები უბრალოდ ვერ მიტანენ. დროსთან მაქვს უბედური დამოკიდებულება – დაგვიანებაზე ვიშლები. დროის დამატება მერე აღარ მაინტერესებს, ათვლის წერტილი საიდანაც იწყება, ათვლა თუ არ შედგა, მერე რაღას დაამატებ. ამ დროს შეიძლება სამმა საათმა ისე ჩაიაროს, რომ ერთი სიმღერაც არ ვიმღერო, უბრალოდ დავჯდე.

message:რატომ, რას ნერვიულობ?

აპარატურა, ხმა, ძალიან ბერი ნიუანსია. რაც ჩემი საფიქრელი არ არის, იმაზე ვნერვიულობ. იმიტომ, რომ საქართველოში მუსიკოსს ექცევიან როგორც „პრასტიტუტკას“. მუსიკოსზე მეტად ფასდება ხმის რეჟისორი, რომელიც ჩემ ხმას უნდა იღებდეს და აწვდიდეს სცენას სასიამოვნოდ, მაგრამ სპეციალური განათლება მასაც არ აქვს. საქართველოში არავის აქვს პროფესიული განათლება, ყველა თვითნასწავლია, განათლება ინტერესით აქვთ მიღებული.

ამას წინათ ერთს ვუთხარი, წაიყვანეთ ეს ხმის რეჟისორები, გაუშვით უცხოეთში და ასწავლეთ-მეთქი. მითხრა, გავუშვით სასწავლებლად, ისწავლეს  და უკან აღარ დაბრუნდენო. კარგად უქნიათ-მეთქი! ისე როგორ იქნება, რომ მაგ ქართველის გვარი სადმე არ გაჟღერდეს და არ თქვან, საქართველოდან ჩამოსულმა იმუშავა, ეგეც კარგი იქნება-მეთქი.

message:რობი, რა ხდის შენს ცხოვრებას განსაუთრებულს?

მეგობრები. მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ჭკვიანად რომ მოვქცეულიყავი, ჩემს მეგობრებს ძალიან გავახარებდი.

message:რას გულისხმობ?

უკეთესად რომ მეცხოვრა. მიწა მაჩუქა ჩემმა მეგობარმა და სასწრაფოდ უნდა ვიშოვო 40 ცალი მორი. ამ 40 ცალ მორს თუ ვიშოვი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავიშენებ ხის სახლს, ბუნებასთან ადაპტირებულს, სრულიად დამოკიდებულს სახელმწიფო ენერგო რესურსებზე, ავაფრიალებ ჩემსავე დროშას და მოვითხოვ ჩემგანვე დამოუკიდებლობას. ასე არ სჯობს? ყველამ ასე რომ გააკეთოს, არ სჯობს? ასე რომ, გავატაროთ ჩვენში რეფორმები (იცინის).

message:რას შეცვლიდი შენში?

აბსოლუტურად არაფერს. ნეტავ, ჩემნაირად მოიქცეს ყველა. მე იმაში ვარ მაგარი, რომ გამოვფხიზლდი. ბევრს ვსვამდი, ახლა კი წელიწადია გრამი აღარ დამილევია. ვერ ვხვდები, ამდენი ახლობელი გვერდში როგორ დამრჩა.

message:რობი, რა მუსიკა მოუხდებოდა შენს ცხოვრებას?

სიჩუმე… სიჩუმეშიცაა მუსიკა. მე ბუნების შვილი ვარ და ყოველთვის მიტაცებს და მხიბლავს ბუნებასთან კონტაქტი. ბუნების ხმები „მევასება“. შარშან კახეთში ვიყავი რთველზე და ღამით, ღამის სიჩუმეში უცებ ატყდა ტურების გუნდის სიმღერა. ვუსმენდი და ვფიქრობდი, ეს „სასტავი“ მომცა, რას ვარეპეტიციებდი და რას ვამღერებდი-მეთქი.

გარე ხმები მიყვარს ძალიან. მუსიკას რას ვეძახი იცი? როდესაც საუბრის ხმებს უსმენ, ყოველთვის რჩება მელოდია სიჩუმეში. ოღონდ უნდა შეგეძლოს, რომ  ამოაგდო. მე ეს ბავშობაში ჩემდაუნებურად მემართებოდა და ასე გრჩება მელოდია, აი, ასე ვუსმენ.  როცა ბუნებაში გავდივარ, მესმის ოვაციები, ,,რა მშვენიერი ხედია”, მე კი ამ ხედთან ერთად, ფონები მაინტერესებს. ძროხა ისე როგორ იქნება, მის მახლობლად კატა არ იყოს ან ძაღლი და ამ ფონზე, იქ რომ ხმას დაიჭერ, ჩაწვდები, თუ საიდან გესმის ხმა, იქ უკვე იცი, რომ სოფელში ხარ, იქეთ სახლია, აქეთ მამალი ყივის და ხმებით, გარშემო სიტუაციებს სწავლობ. ხმებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ყველაზე ცუდი ხმა არის ლაპარაკი, ეს დალაგებული ტყუილი ინფორმაციები, გაპარული ილუზიები და ადამიანი. როცა ადამიანი გაჩუმებულია, გგონია მეტყველება არ აქვს? სამი თვალი რა არის, ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ…

message:რობი, რომელ მუსიკოსს გამოყოფ განსაკუთრებულად?

ნიაზ დიასამიძეს. არ ვიცი, ნიაზიმ ამას ყურადღება მიაქცია თუ არა, მაგრამ ერთად ერთი ადამიანია, რომელიც მიხვდა და  მოიფიქრა ჩონგური დინამიკზე შეეერთებინა და ის ჟღერადობა მიეღო, რაც დღეს სახეზე გვაქვს – ჩონგური განავითარა. მგონია, რომ ბავშობიდან იგრძნო, როცა ფანდურს პირველად  ჩამოუჩხაკუნა, მე – ვერ მივხვდი. არადა, რაც მე ნიაზას ჩონგურები ნაწმენდი და ნაპრიალებელი მაქვს (იცინის).

აი, როგორი მოპყრობა უნდა გვქონდეს ქართულთან. ამ ინსტრუმენტის მსგავს სხვადასხვა კონსტრუქციებს ვხვდებით კავკასიაში, როგორ იყენებ და როგორ უკრავ, ამაზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ ინსტრუმენტის ხიბლი იმაშია, რომ არაპროფესიონალსაც შეუძლია დაკვრა.

ერთად ერთი ინსტრუმენტია, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ – ჩონგური მართლა ქართულია. ნიაზის ჩონგურს უკვე ჩონგურიც აღარ ჰქვია, საერთოდ სხვა რაღაცაა. წინაპარმა კი მოიგონა, მაგრამ მას ის ტექნიკური საშუალება არ ჰქონდა, სად იყო მაშინ გამაძლიერებელი. ნიაზი მიხვდა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა და ძალიან დიდი მარგალიტი დადო ამ მიმართულებით. თუნდაც ნიაზის „აბგდევზთ“ რომ ავიღოთ, ძალიან მაგარი კაცია.

message:საყვარელი ცნობადი ფრაზა

გეხუტუნე – ქუთაისიდან მომყვება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი