კონფორმიზმი

0
335
…ესე იგი… საბჭოური ცხოვრების წესის უარყოფით ყველაზე მეტად ქართული ჟურნალების (…და, რასაკვირველია, არა მარტო ქართული) რედაქტორებს გაუძნელდათ საქმე… მანამდე ყველაფერ საათივით აწყობილი და დადგენილი იყო: იანვრის ნომერი ეძღვნებოდა ახალ წელს და ახალი სოციალისტური სიმაღლეების დალაშქვრას (პოეტებიც გულმოდგინედ უტევდნენ ხსენებულ სიმაღლეებს ან შეტევის პირობას მაინც დებდნენ); თებერვლის ნომერი საქართველოს გასაბჭოების ქება-დიდებას ეძღვნებოდა, მარტის ნომერში ქალების შემოქმედება იყო წარმოდგენილი, აპრილში ლენინის დაბადების დღეს მისი საქმისადმი მხურვალე ერთგულებით აღნიშნავდა ყველა, მაისის ნომერი დიდ სამამულო ომში გამარჯვებას ეძღვნებოდა, ივნისში პუშკინის დაბადების დღე იყო და მთელი ნომერი რუსულ ლიტერატურას ეძღვნებოდა, ივლის-აგვისტოს „მკვდარი სეზონის“ შემდეგ, სექტმებერში რამე სკკპ-ალკკ ყრილობას ჩაატარებდნენ და ჩვენი ლიტერატურაც უგზავნიდა მას პოეტური-პროზაულ დითირამბებს, მერე ოქტომბერ-ნოემბერი, მოგეხსენაბათ, როგორი რევოლუციური სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი და ბოლოს დეკემბერი – საბჭოთა კავშირის შექმნის თვე იყო და – იყო „ძმური ოჯახის“ მხატვრული სიტყვის ოსტატების ურთიერთ-ფიცი და მოფერება….
მოკვდა საბჭოთა კავშირი, გაუქმა დოგმები და საწყალ რედაქტორებსაც გაუძნელდათ ნიაღვარივით მოვარდნილი სიყვარულის და ინტიმური გრძნობებით გაძეძგილი ლიტერატურის დაოკება… ნუ, შემდეგ, 90-იანებში პარაქტიკულად შეწყდა, გასაგები მიზეზების გამო, ლიტერატურული გამოცემების ბეჭდვა…
ეს ყველაფერი გასაგებია, როგორც ახლა ამბობენ – დრო იყო ასეთი და ასე ცხოვრობდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მაგრამ მაინც არ მესმის – რა კომფორტს, პრემიას, კარიერას თუ რამე სხვა წახალისებას უნდა გაეხადა ვალდებული და იძულებული ახალგაზრდა პოეტი, რომ პავკა კორჩაგინისადმი 20-სტროფიანი ე.წ. კონვენციური ლექსი მიეძღვნა (ახლაც რომ არსებობდეს საბჭოთა კავშირი, ალბათ, ვერლიბრს მიუძღვნიდნენ)?! ეს სადისერტაციო თემაა, ოღონდ ფსიქიქტრიაში და არა ლიტერათმცოდნეობაში….
იმას კი ნამდვილად ვერ დავიჯერებ, რომ 80-იანი წლების დასაწყისში პოეტი ამას საკუთარი შემოქმედებითი შთაგონებით და აღტყინებით აკეთებდა… ერთი სიტყვით, „საინტერესო“ ცხოვრება გავიარეთ, თუმცა არც ახლაა ნაკლებად „საინტერესო“… კონფორმიზმის თვალსაზრისით.
ავტორი:ალექსანდრე ელერდაშვილი 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი