ირაციონალური აზროვნება

0
664

ირაციონალიზმი – იდეალისტური ფილოსოფიის მიმართულება, რომლის მიხედვითაც სინამდვილის ყველა მოვლენის საფუძველია ირაციონალური საწყისი. უარყოფს სინამდვილის ლოგიკურად შემეცნების შესაძლებლობას და შემეცნების მთავარ ინსტრუმენტად რწმენას, ინსტინქტს აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს, ჯგუფებს, კომპანიებს, პარტიებსა და სხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ სტრუქტურებს შორის ურთიერთობა უმეტესად რაციონალურ ნიადაგზე მიმდინარეობს და მიზნებიც რაციონალური და მატერიალური ხასიათისაა, მაინც, ირაციონალიზმი წარმოადგენს ქვაკუთხედს ისეთ კომუნიკაციასა და გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ადამიანს ეხება.

ადამიანი თავისთავად ცნობიერი არსებაა და მისი მოქმედებები, საუბარი და გადაწყვეტილება გამომდინარეობს ცნობიერებაში არსებული ინფორმაციით, მაგრამ თავისთავად ცნობიერებაზე რა ახდენს ზემოქმედებას? ნებისმიერი სტიმული, რომელიც შეიძლება გარემოდან ან ქვეცნობიერიდან მოდიოდეს გვიბიძგებს მოქმედებისაკენ, რომლის შედეგიც პირველ რიგში განისაზღვრება როგორც “სასიამოვნო”.

შესაბამისად ადამიანის სწრაფვა რაიმე რაციონალურისადმი პირველ რიგში ფორმირდება, როგორც “სასიამოვნო” და ხოლო ნებისმიერი ნეგატიური მოვლენა, როგორც “უსიამოვნო”. გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმას, რასაც ქვეცნობიერს ვუწოდებთ მთლიანად ირაციონალური ხასიათისაა და იქ მოიაზრება დაფარული, ხშირ შემთხვევაში თვითონ მოქმედი პირისათვისაც კი უცნობი მოთხოვნილებები, სურვილები და მიზნები.

არის მომენტები, როდესაც ადამიანს მოსწონს ან არ მოსწონს ვინმე ან რაიმე და ეს ხდება პირველივე შეხვედრისა თუ დანახვისას თუმცა არსებითად მიზეზი ამ გრძნობისა და დამოკიდებულებისა უცნობია. ამის ასახსნელად შეიძლება მოვიშველიოთ ისევ და ისევ ირაციონალური დამოკიდებულების იდეა, რომლის თანახმადაც ადამიანი გარედან მოსულ აღმძვრელს აფასებს მხოლოდ მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელს შეადარებს საკუთარ თავში არსებულ იდეოლოგიას.

ასევე, ხშირ შემთხვევაში რეკლამაც კი მიმართულია უშუალოდ ადამიანის ქვეცნობიერზე ზემოქმედებისაკენ, ჩაცმის სტილი, ლაპრაკის მანერა თუ ჟესტებიც იმავე როლის შემსრულებლებად გვევლინებიან. თუ პოლიტიკაში ამის მაგალითად ძლიერ ორატორთა გამოსვლა და ქარიზმის არსებობა შეიძლება მოვიაზროთ, სოციალურ და ეკონომიკურ რეალობაში კარგად დადგმული რეკლამა ასრულებს ყოველივე ზემოთ თქმულის როლს.

სოციალური ფსიქოლოგიის უმრავლესობა გვთავაზობს ხედვას, რომლის თანახმადაც, პიროვნების უმთავრეს სურვილს თვითრეალიზება და ამით მიღწეული თვითდამკვიდრება წარმოადგენს. შესაბამისად მისი მიზანი, მიუხედავად მისი რაციონალურობისა, მაინც განმსჭვალულია ზოგადი მსჯელობითა და ირაციონალური მოტივებით და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს კონკრეტულ მოქმედებებს.

პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ცხოვრებისათვის ირაციონალური მოტივები არათუ დამახასიათებელია, არამედ განმაპირობებელიც კია ურთულესი გადაწყვეტილებების მიღებისასაც კი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწე პირველ რიგში ისევ და ისევ ადამიანები არიან და მათი ბუნება არ ეწინააღმდეგება ზემოთ თქმულ ადამიანის ბუნებრივ მახასიათებელს. მეტიც, როდესაც პოლიტიკური მოღვაწე განმსჭვალულია იდეოლოგიითა და მით უფრო კოლექტიურად აღიარებული იდეოლოგიით, მაშინ უფრო რეალურად შეიძლება წარმოვაჩინოთ ირაციონალური მოტივების როლი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში. ამ დროს ცალკეული პოლიტიკური მოღვაწე თავის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ თუ სრულად უკავშირებს არსებულ იდეოლოგიას და ცდილობს თავისი მოქმედება გადახოდს მასთან შესაფერისი.

რა ხდება რეალურად? პოლიტიკური და სოციალური გადაწყვეტილებები, რომლებიც ისევე ინდივიდებისაგან შედგებიან ერთის მხრივ განიცდიან ინდივიდუალურ მოთხოვნილებას, რომ თავიანთი გადაწყვეტილება იყოს “სასიამოვნო” მათთვის და მეორეს მხრივ ცდილობენ რომ არ ასცდნენ იმ შესაფერისობას, რომელ მხარესაც წარმოადგენენ ისინი. შესაბამისად ცალკეული პიროვნება მიისწრაფვის ერთის მხრივ თვითრეალიზებისაკენ და მეორეს მხრივ ამავე პიროვნების სურვილია მოახერხოს რომ აღნიშნული პროცესი არ მოვიდეს წინააღმდეგობაში კოლექტიურად გაბატონებულ იდეებთან.

შეჯამებისათვის აუცილებელია ვთქვათ, რომ ირაციონალური მოტივების არსებობა, როგორი მიზეზებითაც არ უნდა იყოს იგი აღძრული (გარე სტიმულებითა თუ შიდა პროცესებით) იგი ერთ-ერთი უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცესებისა, ანუ ის თუ რა სურს ადამიანს მომდინარეობს ქვეცნობიერი სურვილებითა და გარე ფაქტორებით, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ქვეცნოებიერზე ან პირდაპირ დაუკავშირდეს ცნობიერს.

თავისთავად ირაციონალური ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებაზე – პოლიტიკურია თუ აპოლიტიკური იგი – სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს, მაგრამ არც თუ მართებული იქნებოდა შეგვეფასებინა იგი როგორც ცუდი ან კარგი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ასევე ირაციონალური დამოკიდებულებებითა და სტერეოტიპებით ამა თუ იმ საკითხებთან მიმართებით. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, იგი რეალურად არსებობს და კიდეც ზემოქმედებს.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი