სად იწყება და მთავრდება კონფორმიზმის საზღვრები

0
422

ნიცშეს ერთ-ერთი საყვარელი საქმე იყო, ნებისმიერი მოვლენა გაერჩია სიცოცხლისთვის სარგებლისა და ზიანის შუქზე, ამიტომ, ურიგო არ იქნება, ამ ჭრილში, კონფორმიზმის (შემგუებლობის) შესახებ თუ ვიტყვით ორიოდ სიტყვას: კაცობრიობის ყოველი ეპოქა და განსაკუთრებით მეოცე საუკუნე კონფორმიზმის სასიცოცხლო ფუნქციას ამოწმებს. კონფორმიზმი სიცოცხლის გაგრძელებისთვის – როგორც ჯგუფის, ისე ინდივიდისთვისაა აუცილებელი; უბრალოდ მასაც, როგორც სიცოცხლის ყველა სხვა ფუნქციას, საკუთარი საზღვრები აქვს, რომლის შიგნითაც ის დაშვებულია და რომლის შიგნითაც ის შეიძლება გამართულად ფუნქციონირებდეს.

როდესაც ეს საზღვრები ვეღარ უზრუნველყოფს სიცოცხლის გაგრძელების აუცილებლობას, იღვიძებს საზოგადოებრივი ღელვა. ამის კარგი მაგალითია დღევანდელი საქართველო, რომლის საზოგადოების საბანკო სექტორისადმი შემგუებლობა შემდეგ მიმართებაში ვლინდება: „კი, გვჭამენ ბანკები; მაგრამ ჩვენს უახლოეს წარსულს ხომ ჯობს; სამაგიეროდ, ქვეყანაში მეტი მშვიდობაა, მაღაზიები სავსეა (ანუ სიცოცხლის გაგრძელებას ხელი ეწყობა), რეჟიმიც ნაკლებავტორიტარულია და ა.შ.“

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მრავალი უდიდესი პრობლემაა, მისთვის აუცილებელია დასვენება, კონფორმიზმი, თვალის დახუჭვა, რათა აღდგეს სასიცოცხლო ძალები, საზოგადოებრივმა ძალებმა აზროვნება გადააწყონ განსხვავებულ რეჟიმში. ჩვენს შემთხვევაში – გავიაზროთ საბანკო სისტემის როლი, გავაცნობიეროთ სისტემური ძალადობა, რომელიც ფარულ ფინანსურ მექანიზმებს იყენებს ჩვენს სამართავად და დასამორჩილებლად.

შემგუებლობა, რომელსაც დღევანდელი საზოგადოება იჩენს, თანდათან ირღვევა და ჩნდება უკმაყოფილების კერებიც, თუმცა ეს ხდება მას შემდეგ, რაც ხსენებული პრობლემა „ყოველგვარ ზღვარს ცდება“, ანუ მაშინ, როცა შეგუება ნაკლებად სასარგებლო ხდება სიცოცხლის გაგრძლებისთვის და როცა ამ უსარგებლობას საზოგადოება ჯგუფურად აცნობიერებს.

თავდაპირველად ჯგუფი, როგორც ერთობა, ამას არაცნობიერ დონეზე გრძნობს, თუმცა საჯარო სივრცეში ის მაინც რამდენიმე სოციალურად აქტიურ ჯგუფს გამოაქვს და მის პოლიტიკურ დღის წესრიგში მოთავსებას ცდილობს. აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთი ასპექტზე, რომელიც აბრკოლებს კონფრომიზმის გადალახვას ამა თუ იმ საზოგადოებრივი პრობლემის დროს. ვინაიდან კონფორმიზმი სიცოცხლისთვის აუცილებელია, ყოველ ცოცხალ არსებას სჭირდება შემგუებლობის გარკვეული დოზა, რათა ჯანსაღად ფუნქციონირებდეს.

ამ აუცილებელ დოზაში არა მხოლოდ ის შედის, რაც ყველასთვის თვალსაჩინოა, მაგალითად, შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთებისას გადასვლა (რაშიც, ასევე, მარტივად შეგვიძლია დავინახოთ სიცოცხლის გაგრძელების აუცილებლობა), ელემენტარული ეთიკის დაცვა და ა.შ;  არამედ ის, რასაც საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა მიმართ წაყრუება შეიძლება ვუწოდოთ, რაც ძველისძველ პრინციპში – „ჩათრევას ჩაყოლა სჯობს“ – გამოიხატება.

წაყრუება ხორციელდება სარგებლისა და უსარგებლოს არაცნობიერი შეპირისპირებითა და შეფასებით, რის შედეგადაც ჯგუფი ირჩევს ბრძოლას ან შეგუებას, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ხდება ისე, რომ ინსტინქტი ვერ განსაზღვრავს, როდის უნდა გამორთოს აუცილებელი კონფორმიზმის რეჟიმი და გადაერთოს ბრძოლაში. ამ შემთხვევაში, ის  ერთგვარად აუცილებელ კონფორმიზმს ( სიცოცხლის გაგრძელებისთვის აუცილებელს) ურევს არააუცილებელში (სიცოცხლისთვის საზიანოში); ე.ი კონფორმიზმის აუცილებელი დოზა გადაფარავს ბრძოლისთვის აუცილებელ იმპულსებს.

სწორედ ასეთ დროს ხდება კულტურათა მოსპობა, ხალხის დამორჩილება და ა.შ. ამის მაგალითია შემთხვევები, როდესაც რომელიმე ჯგუფი საკუთარ სოციალურ სხეულში არსებული „მეხუთე კოლონისადმი“ გულგრილობას იჩენს, ვერ აფიქსირებს მას საკუთარი თავისთვის საზიანოდ; ასეთ შემთხვევაში კი ეს „მეხუთე კოლონა“ ზომაში იზრდება, ძლიერდება და ამ ჯგუფს სხვა უფრო დიდი ჯგუფის მორჩილებაში მოაქცევს.

კონფორმიზმზე მსჯელობისას, აუცილებელია აღინიშნოს ეგრეთწოდებულ ნონ-კონფორმისტთა საკითხი. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ შავკანიანთა განთავისუფლების ისტორია. როგორი იყო მათი განთავისუფლების ალგორითმი? გარკვეული პერიოდის მანძილზე, ისინი იყვნენ მონურ მდგომარეობაში, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი გადარჩენას მაინც ახერხებდნენ – აუცილებელი კონფორმიზმი მუშაობდა და მონური პირობების მიუხედავად, კონკრეტული ჯგუფის სიცოცხლე გრძელდებოდა.

ზოგადად, სამყაროს დიდად არ ანაღვლებს სიცოცხლის გაგრძელება მონურად მოხდება თუ ღირსეულად, ეს ჩვენ, ადამიანებს, ცნობიერ არსებებს შემოგვაქვს ღირებულებითი მიმართებები სამყაროში: „თავისუფლების ცნობიერება“, „ღირსეული ცხოვრების“ მოთხოვნილება. ისე კი, „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“ ყოველთვის მხოლოდ გამონაკლისი იყო და არავითარ შემთხვევაში წესი, ერთგვარი ფარული იდეალი-გამონაკლისი, რომელსაც კაცობრიობა სიცოცხლის „უბრალო“ გაგრძელებიდან თანდათანობით გადაჰყავდა სიცოცხლის „ღირსეული“ გაგრძელების რეჟიმში.

მთელ რიგ შემთხვევებში, „სახელოვანი სიკვდილი“ (ილია ჭავჭავაძის, განდის, მარტინ ლუთერ კინგის, იან ჰუსის) ამის მიღწევის საზღაური იყო. დავუბრუნდეთ შავკანიანების საკითხს. ამ შემთხვევაში, შემდეგი რამ მოხდა: ღირსეულად ცხოვრების მოთხოვნილებამ საკუთარი თავი გააცნობიერა, როგორც სიცოცხლის გაგრძელების უკეთესმა წინაპირობამ, ჩაეშვა ქმნადობის დინებაში, დანერგა იდეალები და სოციალური ბრძოლის (ოფლისა და სისხლის) ათწლეულების შემდგომ, მეოცე საუკუნის 60-იან წლებში შაკვანიანთა განთავისუფლებას მიაღწია. რატომ არის კონფორმიზმი სიცოცხლისთვის აუცილებელი? სამყაროს რა მოცემულობა განაპირობებს ამას.

ავტორი:ოთარ ჭულუხიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი