ნარცისი – ეს მე ვარ

0
499

ეგრედწოდებული სიურელიზმი, ზე რეალობა, სათავეებს იღებს XX საუკუნიდან და მის უშუალო წინამორბედად დადაიზმი (იგივეა, რაც დადა) შეიძლება ითვლებოდეს. ამ ტერმინმა პირველად 1924 წელს, საფრანგეთში, ანდრე ბრეტონის „სიურეალისტურ მანიფესტში“ გაიჟღერა. ხოლო, სიურეალიზმის მიმდევართა მიზანია, ფარდა ახადონ ქვეცნობიერს და სიღრმისეულად გამოიკვლიონ სამყარო.

ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი, შეიძლება ყველაზეც, ცნობილი წარმომადგენელია ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სალვადორ დალი. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებულმა შემოქმედმა დიდი გავლენა იქონია მსოფლიო კულტურასა და ხელოვნებაზე.

სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში,დაიბადა. ხოლო სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 12 წლის ასაკში, დალი ქალაქ კადაკესში გამგზავრების შემდეგ, ეზიარა მხატვრობის მოდერნუსტულ მიმართულებას. 15 წლის იყო, როდესაც მისმა პირველმა პერსონალურმა გამოფენამ, მამამისზე ისე იმოქმედა, რომ ნოტარიუსმა გადაწყვიტა დალი მადრიდში გაემგზავრებინა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა.

დალის ერთ-ერთი ყველაზე, თუ ყველაზე არა, ცნობილი ნამუშევარია “ნარცისის მეტამორფოზა”, სადაც დალიმ მაქსიმალურად სცადა ამოეტანა მისი არაცნობიერი – ცნობიერში. ნამუშევარს, რომელიც გაჟღენთილია მთელი რიგი სიმბოლოებით, დალიმ თან დაურთო მისივე დაწერილი პოემა.

სალვადორ დალის ამ ნახატის შინაარსის ინტერპრეტაციას იძლევა ზიგმუნდ ფროიდიც. ფროიდის მიხედვით შემოქმედების მასტიმულირებელი ბიოლოგიური მოთხოვნილებები არაცნობიერია, რომლის შესახებაც ადამიანმა არაფერი იცის და მათი განდევნის მიზეზი კი შიძლება იყოს სოციალური, კულტურული ან ეთიკური თვალსაზრისით მათი მიუღებლობა. ფროიდის თეორიაში ხელოვნების საფუძვლად ეროტულ-თანატური ინსტიქტების( სექსუალობისა და აგრესიის) ერთიანობა მოიაზრება, რომელთა რეალიზებასაც ავტორი ისახავს მიზნად. ფსიქოანალიზის მიხედვით არაცნობიერის რეალიზებას ახდენს არა მარტო შემოქმედება არამედ სიზმარი და უკიდურესი ფორმით სულიერი აშლილობა.

თუკი გარკვეული დროის განმავლობაში დააკვირდებით ნარცისის ფუგურას, იგი ქრება გარდაიქმნება ხელად, რომელიც თავისივე ანარეკლია. და სწორედ ამ მომენტიდან იწყებს დალი თავის პოემასაც, რომელიც ამავდროულად არის სურათის განხილვაც.

ნახატის სიუჟეტი აღებულია ბერძნული მითოლოგიდან, ნარცისის შესახებ. მითის თანახმად, ნარცისი იყო მშვენიერი ახალგაზრდა, მდინარეთა ღმერთის კეფისის ვაჟი. რომელსაც, წინასწარმეტყველმა ტერისეიმ უწინასწარმეტყველა, რომ ყმაწვილი მოკვდებოდა იმავე დღეს, როგორც კი თავის გამოსახულებას დაინახავდა.

ნარცისი, რომელმაც უარჰყო ნიმფა ოქოს სიყვარული, მოიხიბლა საკუთარი გამოსახულების დანახვით, რომელიც მან შეამჩნია წყლის ანარეკლში. საკუთარი თავით გატაცებული ყმაწვილი კი შემდგომ გადაიქცა ყვავილად – ნარცისად, რომელიც იბადება კვერცხიდან, მაგრამ რჩება ფაქტობრივად უსიცოცხლოდ რაც შეიძლება აღიქვას გზავნილად ადამიანებისთვის, რომ ასეთი სიცოცხლით წარმატებას ვერ მიაღწევენ.

შეიძლება დავუშვათ, რომ ნახატის მარცხენა მხარეს ასახული “ეპიზოდი”, ხელში მოთავსებული კვერცხიდან აღმოცენებული ნარცისი არის დალის პირველადი სახე, მისი ცხოვრების ადრეული წლები,როცა მან კიდევ არ იცის სად არის მისი ადგილი, როცა განიცდის ლტოლვას დედის მიმართ და კონფლიქტშია მამასთან ( ოიდიპოსის კომპლექსი) ხელის სკულპტურა შეიძლება აღვიქვათ მის მამად, რომელსაც ხელში კვერცხი უჭირავს, კვერცხიდან აღმოცენებული ნარცისი – იგივე დალი, ანუ მამას უჭირავს კვერცხი და ელოდება მემკვიდრის აღმოცენებას, თუმცა ნახატზე კარგად ჩანს რომ ყვავილი უსიცოცხლოა, ეს კი ასოცირდება იმ ფაქტთან, რომ დალი ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას, რადგან იგი მამამისის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. საბოლოო ჯამში კი “ნარცისის მეტამორფოზის” შექმნით, ვფიქრობ დალიმ განიცადა კათარზისი, რადგან მან გამოააშკარავა თავისი ცნობიერების მიღმა დამალული კომპლექსები.

პოემის დასაწყისში დალი ირონიით შენიშნავს, რომ პარაოიდულ-კრიტიკული მეთოდი ქმნის ზუსტი დეტალების მთლიან ნაკრებს, რომლის აუცილებლობაზეც ლაპარაკობდა სტენდალი, წმინდა პეტრეს ტაძრის აღწერისას, და ყველა ეს დეტალი შესაძლებელია ამოვიკითხოთ მის სიურეალისტურ პოემაში. დალის მიაჩნია, რომ პოეტური ლირიზმი მათემატიკური სიზუსტით უნდა იყოს გათვლილი და პოეტი მოვალეა, პასუხი აგოს მის მიერ წარმოთქმულ ყველა სიტყვაზე.

დალის პოემა იწყება, პორტ-ლიგატას ორ მეთევზეს შორის გამართული მოკლე დიალოგით: “რა სჭირს ამ ახალგაზრდას,რომელიც ყოველთვის სარკეში იყურება?”, რაზეც მეორე პასუხობს, რომ მას თავში ხახვი აქვს. კატალონიაში ამ ფრაზით მოიხსენიებდნენ ადამიანს, რომელიც რაღაც აკვიატებული აზრით იყო შეპყრობილი ( ან ჰქონდა კომპლექსი ). ეს ფრაზა შეიძლება გამომდინარეობდეს დალის ბავშვობის მოგონებიდან, როდესაც დალი ტირილით მოითხოვდა:”მინდა ხახვი, მინდა ხახვი!” , რაც განაპირობებს საკუთარი (სალვადორ დალის) თავის გაიგივებას ნარცისთან.

პოემის დასასრულს კი სალვადორ დალი “მთავარ საიდუმლოს” გვიმხელს, როდესაც იგი მიმართავს გალას: “გალა, იცი? (თუმცა, რა თქმა უნდა იცი…) ეს მე ვარ. დიახ, ნარცისი – ეს მე ვარ.”

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი