დანაღვლიანების უნარის დაკარგვა

0
440

ალექსანდერ და მარგარეტე მიტჩერლიხები. დანაღვლიანების უნარის დაკარგვა

ალექსანდერ მიტჩერლიხის სახელთან დაკავშირებულია გერმანიაში ფსიქოანალიზური მოძრაობის აღორძინება. როგორც ცნობილია, ფსიქოანალიზი ჯერ გერმანულენოვან ქვეყნებში გავრცელდა (მისი შემქმნელის, ავსტრიელი ფსიქოთერაპევტის ზიგმუნდ ფროიდის,  სახელი მასობრივი ცნობიერების ისეთ „არსენალთან“ არის დაკავშირებული, როგორებიცაა „კომპლექსი“, სექსუალური ლტოლვების დომინირება დანარჩენ მოთხოვნილებებზე, „ნევროზები“ და ა.შ.).

საუკუნის 30-იან წლებში ფსიქოანალიზმა ანგლოსაქსურ ქვეყნებში მოიკიდა ფეხი, გერმანულენოვანი ქვეყნებიდან კი განდევნილ იქნა ნაციონალ-სოციალიზმის მიერ, როგორც მისი იდეოლოგიისადმი მტრული მოძღვრება, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზის პრაქტიკული ღირებულება, მისი საკმარისი ეფექტურობა ფსიქონევროზების მკურნალობაში ამ დროისათვის უკვე ეჭვს აღარ იწვევდა.

ფსიქოანალიზის ყველა მიმდინარეობას ერთი საერთო პოსტულატი აქვს: ცნობიერების მიღმა არსებული ფსიქიკური პროცესების დომინირება უშუალო განცდაში მოცემულ პროცესებზე, რომელთა სოციალური კონტროლი შეუძლებელია. ამავე დროს არაცნობიერის დესტრუქციული ლტოლვების კორექციის ერთდერთი საშუალება ისევ და ისევ ადამიანის გონებაა, შეიარაღებული შინაგანი ცხოვრების კანონზომიერებების ცოდნით. ეს ორი ფაქტორი განაპირობებდა ტოტალიტარული იდეოლოგიების მხრიდან ფსიქოანალიზის და მისი ადეპტების დევნა-განადგურებას, იქნებოდა ეს გერმანული ფაშიზმი თუ რუსული ბოლშევიზმი (1929 წელს სულ რამდენიმე დღეში უკვალოდ გაქრა მოსკოვის სახელმწიფო ფსიქოანალიზური ინსტიტუტი).

ომის შემდგომ გერმანიაში მკვეთრად იმატა სასაზღვრო ფსიქიკური დაავადებების – ფსიქონევროზების – რაოდენობამ, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ რადიკალურ (და ამავე დროს ძვირადღირებულ) საშუალებასაც ფსიქოანალიზი წარმოადგენს. გარდა ამისა, გერმანელი ერის შელახული მორალურ-ინტელექტუალური პრესტიჟი ბევრს იგებდა ცივილიზებულ სამყაროში ამ ერთობ პოპულარული მოძღვრების რეანიმაციით.

ფრანკფურტში შექმნილმა ფსიქოანალიზის ინსტიტუტმა, რომელიც ზიგმუნდ ფროიდის სახელს ატარებს და რომლის უცვლელი ხელმძღვანელიც ალექსანდერ მიტჩერლიხი იყო გარდაცვალებამდე (1982 წ.), დაახლოებით ოც წელიწადში შეძლო ომამდელი დონის აღდგენა და საკუთარი წვლილის შეტანა ამ მეცნიერების განვითარებაში. მიტჩერლიხის მიერ გაწეულ შრომაზე მიახლოებითი წარმოდგენა მაინც რომ შეგვექმნას, მოვიხსენიებთ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ფსიქოანალიტიკოსის მომზადებას, სავალდებულო საბაზო ფსიქოლოგიური ან სამედიცინო განათლების ჩათვლით, თორმეტი წელი სჭირდება. იგი დასავლეთის მედიკოსებს შორის, ქირურგებთან ერთად, პირველ ადგილზეა შრომის ანაზღაურების მიხედვით.

მიტჩერლიხმა და მისმა მეუღლემ, პროფესიით ფსიქოანალიტიკოსმა მარგარეტემ, 1967 წელს გამოსცეს წიგნი „დანაღვლიანების უნარის დაკარგვა“, რომლითაც მოუწოდეს თანამემამულეებს ბოლოს და ბოლოს გაეაზრებინათ თავიანთი ფაშისტური წარსული. წიგნი მას შემდეგ რამდენიმეჯერ გამოიცა. მკითხველს ვთავაზობთ ნაწყვეტს გერმანიაში ამ ძალზე პოპულარული წიგნიდან.

წინათქმის ბოლოს აღვნიშნავთ შემდეგს: რუს ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა მეცადინეობაში აღადგინონ რუსული ფსიქოანალიზის მდიდარი ტრადიციები, ჯერ-ჯერობით არ ყოფილა არცერთი ცდა ბოლშევიკური წარსულის ფსიქოლოგიური გააზრებისა. თუმცა კი ფსიქოანალიზის მამამ ზიგმუნდ ფროიდმა ჯერ კიდევ 1929 წელს ოქტომბრის გადატრიალებას „უმოწყალო და უაზრო მასობრივი ექსპერიმენტი“ უწოდა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც რუსი მარქსისტები საბოლოოდ გაუსწორებენ ანგარიშს „ექსპლუატატორებს“, ისინი ერთმანეთს დაერევიანო. ეს, პროგნოზი, ფროიდის აზრით, ადვილად მიიღებოდა მის მიერ შექმნილი ფსიქოლოგიური თეორიიდან.

მთარგმნელისაგან

იქ, სადაც დანაშაულია ჩადენილი, ჩვენ ველით  სინანულს და დანაშაულის გამოსყიდვის ცდის დანახვას. იქ, სადაც დანაკარგია განცდილი, იშობა სევდა-ნაღველი; სადაც ხელყოფილია იდეალი და ღირსება, – წუხილი ჩადენილის გამო მისი ბუნებრივი შედეგია. ჩადენილის უარყოფის ცდა მის შედეგებზეც – ბრალზე, ნაღველზე და წუხილზე ვრცელდება.

წარსულის ასეთი უარყოფის ერთ-ერთი მორალურ-ფსიქიკური უპირატესობა ის არის, რომ იგი იძლევა საშუალებას ენერგიის მთლიანი გადართვისა აწმყოსა და მის მიერ წამოჭრილი ამოცანების გადაწყვეტაზე. ამას, უკეთეს შემთხვევაში, „წარსულის უნაყოფო ქექვად“ თვლიან. თუკი საერთოდ იგონებენ მას, მხოლოდ იმისათვის, რომ ბალანსი შედგეს საკუთარ ბრალსა და სხვების ბრალს შორის. ზოგიერთი მხეცობა მართლდება იმით, რომ ომის კანონებით აუცილებელია როგორც პასუხი მოწინააღმდეგის მიერ ჩადენილ მხეცობებზე. საბოლოო ჯამში კი საკუთარი დანაშაული მთლიანად ჩამოწერილი აღმოჩნდება ხოლმე…

როდესაც ჩვენ იმ სულიერ პროცესებს ვაანალიზებთ, რომელთაც ნაღველი გამოიწვიეს, ვნახულობთ ტკივილს იმ არსების დაკარგვის გამო, რომელთანაც ინდივიდუუმი დაკავშირებული ადამიანური თანაყოფის ღრმა გრძნობით. ნაღველის გამომწვევ ობიექტთან ერთად რაღაც დაიკარგა ისეთი, რაც ჩვენი სასიცოცხლო გარემოს ღირებულ შინაარსს წარმოადგენდა. მაგრამ არსებობს ნაღველის ავადმყოფური გრადაციაც – მელანქოლია (ფსიქოანალიზში მიღებულ ოპოზიციას ნაღველი-მელანქოლია, რომელიც სულიერი ტკივილის საფეხურებს გამოხატავს, რუსულ ფსიქოპათოლოგიაში შეესაბამება ოპოზიცია მელანქოლია-დეპრესია).

ფროიდი იყო ის ფსიქოლოგი, რომელმაც ნათელი გახადა განსხვავება ნაღველსა და მელანქოლიას შორის (შესაბამისად, ჩვენთვის უფრო ნაცნობი ტერმინოლოგიის მიხედვით – „ნათელი გახადა განსხვავება მელანქოლიასა და დეპრესიას შორის“). დანაღვლიანებული – მე ვწუხვარ დანაკარგს, მაგრამ საკუთარ ღირსებას ეჭვქვეშ არ ვაყენებ. ეს უკანასკნელი მელანქოლიით შეპყრობილს ახასიათებს.  მისი თვითშეგრძნება „არაჩვეულებრივად დაქვეითებულია. „მე“-ს დანაკარგი სრულ გაღატაკებად აღიქმება“ (ციტატა ზიგმუნდ ფროიდის სტატიიდან „ნაღველი და მელანქოლია“ – მთგ.).

„ფიურერის“ დაკარგვა მილიონობით გერმანელისათვის არ ნიშნავდა მხოლოდ გარკვეული პიროვნების დაკარგვას (მისი დაკარგვა-უარყოფა ძალზე სწრაფად მოხდა). მის პერსონასთან დაკავშირებული იყო მთელი რიგი იდენტიფიკაციებისა, რომელთაც ცენტრალური ფუნქციები დაეკისრათ მომხრეთა ფსიქიკურ ცხოვრებაში. „ფიურერის“ ფიგურაში განსხეულებული იყო მათი შინაგანი მე-იდეალი. ლტოლვათა ენერგიით ასე ძლერად დამუხტული ხატი ეჭვმიუტანელი იყო მაშინაც კი, როდესაც სამშობლო მიწასთან გასწორებული აღმოჩნდა.

მისი დაკარგვა ადვილად შეიძლებოდა გამხდარიყო მელანქოლიის მიზეზი. „მე“-ს კოლექტიურმა იდეალმა სამხედრო კატასტროფით არამარტო რეალური საყრდენი დაკარგა, უფრო მეტიც, – გამარჯვებულთა მიერ ფიურერი მხილებული იქნა როგორც თანამედროვეობის ჰეროსტრატე. მისი თვისობრიობის ასეთი მოულოდნელი სახეცვლილებით ყოველი ცალკეული გერმანელის ინდივიდუალური „მე“ გაუფასურებისა და აღუვსებელი დანაკარგის განცდას ეზიარა. ამით უკვე შეიქმნა წინაპირობა მელანქოლიური რეაქციისათვის…

ნაღველი ჩნდება იქ, სადაც დაკარგული ობიექტი თავისთავად იყო სიყვარულის საგანი, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაღველი მხოლოდ იქ შეიძლება წარმოიშვას, სადაც ერთ ინდივიდუუმს უნარი შესწევს მეორე ინდივიდუუმის გრძნობათა სამყაროს ეზიაროს. ეს მეორე ინდივიდუუმი მამდიდრებს მე მისი, ჩემი ყოფნისაგან განსხვავებული ყოფნით, მისი სხვად-ყოფნით – დაახლოებით ისევე, როგორც მამაკაცსა და ქალს შეუძლიათ მათი არსობრივი განსხვავებულობით ერთმანეთის გამდიდრება.

დანაკარგი, რომელმაც მელანქოლია გამოიწვია, ფროიდის მოწაფის, ოტო რანკის შენიშვნით, ობიექტის ნარცისტულ, საკუთარ თავთან მსგავსებაზე დაფუძნებულ არჩევანზე მიგვითითებს. დაკარგული ობიექტი ჩემს მიერ ამორჩეული იქნა საკუთარ თავთან მსგავსებისა და მისი ამ მსგავსებასთან შესატყვისობისათვის მზადყოფნის მიხედვით. იგივე ითქმის „ფიურერზეც“: მან ხორცი შეასხა აბსოლუტიზმის ხანგრძლივი ეპოქით ქვეშევრდომთა შელახული თავმოყვარეობის განდიდების იდეალს და თავის მხრივ „რასაზე“ დააფუძნა პიროვნული იდეა განდიდებისა, რომელიც ვითომდა გერმანელი ერისათვის იყო დამახასიათებელი. ამის გამო ადოლფ ჰიტლერისათვის ის აზრიც კი გახდა შესაძლებელი, რომ ეროვნული კატასტროფისათვის ის პასუხს არ აგებს; პირიქით, გერმანელი ხალხი არ აღმოჩნდა მისი, ე.ი. ადოლფ ჰიტლერის ღირსი, რადგანაც მის ნარცისტულ იმედებს ვერ შეასხა ხორცი. თავის მხრივ, ვერც მან შეძლო საშუალო ობივატელის უსაზღვრო ფანტაზიის დაკმაყოფილება.

წარსულის კოლექტიურ უარყოფას უნდა მიეწეროს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილში მელანქოლიის, ნაღველის ნიშნები არ ჩანდა. მხოლოდ ის გააფთრება, რომლითაც ხალხი ომის დამთავრებისთანავე შეუდგა ნანგრევების დაშლა-გასუფთავებას და რომელიც ტრადიციული გერმანული მუყაითობის გამოვლენად იქნა აღქმული, განცდის მანიისაკენ შემობრუნებაზე მიგვითითებს. ფსიქოლოგიური თავდაცვის ამ მანიაკალური მექანიზმით თუ შეიძლება აიხსნას ის გულგრილობა, რომლითაც ხალხი ხვდებოდა ცნობებს ჩვენი ისტორიის უდიდესი დანაშაულობების შესახებ.

შემდგომი დაკვირვება ამ პროცესებზე რეაქციათა ფორმების სამი სტადიის გამოყოფის საშუალებას იძლევა, რომელთა მიზანია ჩადენილი დანაშაულით გამოწვეული ბრალის გრძნობის, მისი გაგება-აღიარების ცნობიერებიდან განდევნა.

პირველ რიგში ვხედავთ გრძნობათა უსიცოცხლობა-გახევებას – ასე აღიქმება ცნობები ადამიანთა გვამებით გაჭედილი საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ, ტყვეობაში დაკარგულ გერმანულ არმიებზე, მილიონობით ებრაელის, პოლონელის, რუსის ამოჟლეტაზე, საკუთარი ბანაკიდან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მკვლელობების შესახებ. გრძნობათა ეს გაყინვა ემოციურ შემობრუნებაზე მიგვითითებს. წარსულის უარყოფა, მისგან გაქცევის აზრით, დანაშაულთან თანაზიარობის ყველა სასურველ თუ არასასურველ ფაქტს უარყოფს ზუსტად ისევე, როგორც ფსიქიკური ტრავმის გამომწვევი ფაქტი განიდევნება ხოლმე ცნობიერებიდან.

ასეთი, გარეგნულად ვითომცდა სტოელთა სადარი ქცევა, ეს უეცრად ამოქმედებული მექანიზმი სულ მცირე ხნის წინ სინამდვილეში არსებული მესამე რაიხის დერეალიზაციისა შესაძლებელს ხდის მეორე ნაბიჯის გადადგმას – ეროვნული სიამაყე რაიმე შესამჩნევი დათრგუნვის გარეშე გამარჯვებულებთან აიგივებს თავს. იდენტიფიკაციების ასეთი გაცვლა დანაშაულთან თანაზიარობის გრძნობის ნეიტრალიზაციას უწყობს ხელს და ამით მზადდება მესამე ფაზა: მომხდარის მანიაკალური ამოვარდნა მეხსიერებიდან, შეერთებული გიგანტურ აღდგენით სამუშაოებთან…

კიდევ ერთი მიზეზი ნაციზმის მსხვერპლთა ბედის გაცნობიერებაზე უარის თქმისა არის უკვე მოხსენიებული დერეალიზაცია მთელი ეპოქისა. ეს დერეალიზაცია იმდენად შორს მიდის, რომ არ ყოფილა არცერთი ცდა გერმანელ ემიგრანტთა მოტივების გაგებისა. მათ პატივისცემით იხსენიებენ, მაგრამ ისევე, როგორც ბრძოლის ველზე დარჩენილი ჩვენი მებრძოლების გვამები და ფერფლში ჩაძირული ჩვენი ქალაქები – ისინიც არარეალურის ფარდის მიღმა რჩებიან.

ნაღველის ბუნებისათვის დამახასიათებელია, რომ დროთა განმავლობაში ტკივილი ცხრება და ჩვენ ვსწავლობთ დანაკარგის გადატანას ისე, რომ დაკარგული დავიწყებას არ მივცეთ. ჩვენს ომში დაღუპულთათვის კი, შთაბეჭდილება ასეთი გვრჩება, გახსენების მოტივი უფრო ბრალის გადანაწილების განზრახვაა, ვიდრე პიეტეტი. ვხედავთ კიდევაც ერთგვარ გამოცოცხლებას, როდესაც მეტ-ნაკლებად დამაჯერებელია ზოგიერთი გერმანული ქალაქის განადგურების ახსნა მოკავშირეთა გაუფრთხილებლობით ან უბრალო ნგრევის ჟინით, – და ამავე დროს იმ ფაქტის უგულებელყოფას, რომ მტერს მისი ქალაქების „მიწასთან გასწორებით“ ვემუქრებოდით.

სხვადასხვა საზომის გამოყენება დანაშაულზე მსჯელობისას არ არის, რა თქმა უნდა, სპეციფიკური გერმანული მოვლენა; ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ ეს ადამიანთა ქცევისათვის დამახასიათებელი კონსტანტური სიდიდეა, რომელიც ჩვენ აქ ჩადენილის კოლექტიური უარყოფიდან გამომდინარე შედეგების ანალიზთან დაკავშირებით ვახსენეთ.

 

გერმანულიდან თარგმნა და წინათქმა წარუმძღვარა:ვლადიმერ კორტავამ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი