შობის მარადიული მისტერია

0
1563

ქრისტე, ისევე როგორც ბუდა, თავის თავში მოიცავს თვითმყოფადობას, მაგრამ სრულიად განსხვავებული აზრით. ორივე მათგანმა გაიმარჯვა ამ სამყაროზე: ბუდამ, ასე ვთქვათ, საღი გონებით, ქრისტემგამოსასყიდი მსხვერპლით. ქრისტიანობა ასწავლის განცდას, ბუდიზმიდანახვას და კეთებას. ორივე გზას ჭეშმარიტებისკენ მივყავართ, მაგრამ ინდოელისთვის ბუდა ადამიანია, სრულყოფილი, მაგრამ მაინც ადამიანი, მით უმეტეს, იგი ისტორიული პიროვნებაა და ადამიანებს უფრო ადვილად შეუძლიათ მისი გაგება. ქრისტე ადამიანია და ამავე დროს, ღმერთი, ამის გაგება გაცილებით რთულია. ბუდა მოქმედებდა  ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნდა, მან სრულად განვლო თავისი ცხოვრება და ღრმა სიბერეში გარდაიცვალა. ქრისტე კი იყო ის, ვინც უნდა ყოფილიყომან ძალიან ცოტა ხანს იცოცხლაკარლ გუსტავ იუნგი

ნონა ხიდეშელი:ფსიქოლოგიისთვის ქრისტე ძალიან საინტერესო პერსონაა, იმიტომ, რომ ეს არის რეალურად ერთიანი, გამთლიანებული ადამიანი, ადამინი-ღმერთი. როგორც იუნგი ამბობდა ის კოლექტიური არაცნობიერის ცენტრალური, ანუ მმართველი არქეტიპია, სწორედ ამას გულისხმობდა, როდესაც ამბობდა იესო ნაზარეველი მთლიანად მოიცვა მესიის არქეტიპმაო…

სამდღიანი სიკვდილი და აღდგომა არ არის მხოლოდ ქრისტიანული კულტურის ნაწილი, არამედ გვხვდება სხვადასხვა მითოლოგიაშიც. არსებობს რამდენიმე მითოსი, მათ შორის აღმოსავლურ კულტურაში, სადაც ხდება გმირის ასეთი სიკვდილი – დაფვლა და შემდეგ მისი აღდგომა.

ზოგადად, ქრისტეს შობა 25 დეკემბერს შემთხვევითი არ არის და ის უდავოდ მზის ბუნიაობას უკავშირდება. ემპირიულად რომ გადმოვიტანოთ, 21 დეკემბერს ხდება მზის სრული კვდომა, 3 დღე ის საერთოდ არ ჩანს და 25 დეკემბრიდან ახალი ეტაპი იწყება, ანუ ჩვენ გადავდივართ უკვე ზაფხულისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, თუ ფსიქოლოგიურ ჭრილში განვიხილავთ, ყველაფერი, რაც ჩვენს შინაგან სამყაროს აირეკლავს და ჩვენი პროექციაა, ხომ შეიძლება ეს პროცესი, მზის სიკვდილი და დაბადება ესეც არაცნობიერის პროექცია იყოს, რადგან, თუ კოსმოსი არის ჩვენი გონების ანარეკლი, მაშინ ეს წელიწადის დროები და მათი დინამიკა აუცილებლად შინაგანი, ძალიან ღრმა პროცესების განწყობის ანალოგი უნდა იყოს. ვგულისხმობ, რომ ქრისტე არ არის მხოლოდ ქრისტიანების მონაპოვარი, თუმცა ქრისტიანულმა კულტურამ ეს სრულფასოვნად გადმოსცა და სწორედ ამიტომ აღარ მოხდა შემდგომში ღმერთების აღმოცენება და მათი გაკულტება.

ქრისტიანობამდე ჩვენ ვიცით ბერძნული, ინდური, შუმერული და ეგვიპტური  ღმერთები თავისი ბრწყინვალე პანთეონით, ძალიან დიდი, ძალიან ღრმა არქეტიპებით და ღრმა შინაარსით. და თითქოს ქრისტიანობამ ყველა გააერთიანა, ყველა მოიყვანა ერთ დინამიკაში, ფორმა მისცა და იმდენად სრულყოფილად ჩამოაყალიბა ეს ყველაფერი, რომ პრაქტიკულად 20 საუკუნეა არაფერი შეცვლილა. დედამიწაზე დღეს ახალ ღმერთებს აღარავინ შექმნის – სხვა ეტაპი დგება ადამიანის ცნობიერებაში.

პირველ რიგში, რა არის ქრისტე, თუ არა ადამიანის ცნობიერების მდგომარეობა. როდესაც იუნგი ახსენებს ბუდას აღმოსავლეთში და ქრისტეს დასავლეთში – ორივე თვითობის ფენომენია. „თვითობა“ იუნგის ტერმინია, რომელიც ერთიანი ადამიანის სიმბოლოს აღნიშნავს. აღმოსავლური მედიტაცია და ფსიქოანალიზი ეს არის საკუთარი თავის გაცნობიერება. ანუ ცნობიერი სინათლის პროჟექტორს მიანათებს ამ არაცნობიერს და ეტაპობრივად ჩავდივართ ჩვენს შრეებში და ვაცნობიერებთ ყველაფერს, რასაც არაცნობიერი მოგვაწვდის. არაცნობიერი იმიტომ ჰქვია, რომ ეს არის წყვდიადი, ეს არის უცნობი. აღმოსავლეთში ამას პირდაპირ უცნობი ჰქვია. არის კიდეც წიგნები – გზა უცნობისკენ, შეუცნობელისკენ. მაგრამ რეალურად უცნობი დამკვიდრებული ტერმინია.

როდესაც ვამბობთ, ბუდა და ქრისტე – რა მისტერიას ეხება ადამიანი ამ დროს? რატომ გახდა ეს ასე აქტუალური? რა ფენომენია, რას იკვლევდა იუნგი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე? ასეთი უცნაური მოცემულობაა, რომ ადამიანი იბადება პატარა ცნობიერებით და – მოდით, ასე დავარქვათ – უზარმაზარი არაცნობიერი ოკეანით. როგორც თვითონ ამბობდა, ცნობიერება ეს არის გადაჭიმული აპკი უსასრულო არაცნობიერის ოკეანეზე და ამ ყველაფერში ჩართულია ჩვენი გრძნობები, ემოციები, იდენტობები, რაც ამ პროექციაში ცხოვრებად ითვლება.

კომპიუტერული თამაში რომ ავიღოთ, ადამიანმა შეიძლება შექმნა ალგორითმები, მაგრამ როცა თამაში იწყება, ჩვეულებრივად ცოცხლდება სიუჟეტები. ალბათ, რაღაც ამდაგვარი მოხდა ადამიანის მოდგმაშიც. პარალელურად, საინტერესოა წმინდა მამათა გამონათქვამები: ქრისტეს ისინი ყოველთვის ახალ ადამად მიიჩნევდნენ. ანუ ადამმა, ფსიქოლოგიურ ენაზე პირველი არქაული  ადამიანის სიმბოლომ, რომელსაც სამოთხე მიეცა, ის ვერ დაიტია. შემთხვევითი არ არის, რომ ადამი აკრძალულ ვაშლს მიირთმევს და ამის შემდეგ იდევნება, ანუ ადამს არ შეეძლო პასიური მოქმედი ყოფილიყო სამოთხეში და თუ ის მართლა ღმერთის ანალოგად იყო შექმნილი, როგორც ეს ბიბლიაში სწერია, ვერც იქნებოდა პასიური.

პასიური ბედნიერი, ეს არის არაცნობიერი ბედნიერება, რაც მოაზროვნე არსებისთვის წარმოუდგენელია. რა არის მთელი ისტორია, მთელი ბიბლია? – გაცნობიერება საკუთარი თავის. ადამი – ეს არის პოტენციაში სრულყოფილი, პოტენციაში ღვთის მსგავსი, მაგრამ მას რაღაცეები აკრძალული აქვს. სავარაუდოდ ეს აკრძალვებიც შემთხვევით არ ჩაიდო, ალბათ ადამს ეს უნდა მოეპოვებინა, ამისთვის უნდა მიეღწია. მე ამას ხშირად ფროდოს გზას ვეძახი „ბეჭდების მბრძანებლიდან“, დღეს ისეთი ფანტასტიკური ფილმები წამოვიდა ,,ფენტეზის“ ჟანრში, სავარაუდოდ, კაცობრიობის ცხოვრებაში ახალი ეპოქა იწყება, ადამიანი იღვიძებს, იმიტომ, რომ მის სიუჟეტებს არაცნობიერი აწერინებს ადამიანს.

ბეჭედი – ბოროტების, ძალაუფლების, ეგოს, ამბიციების მთელი სიმბოლო, რომელიც უნდა ჩააგდო იმ ცეცხლში, რომელშიც გამოიწრთო. რაღაც ამდაგვარი დრამა მიდის სამოთხიდან გამოძევებულ ადამიანში – ის უზარმაზარი, ძალიან მძიმე პერიოდები, რაც გაიარა კაცობრიობამ, სანამ ქრისტეში განსხეულდებოდა და შემდეგ უკვე ქრისტეს ჯვარცმა, რომელიც პირდაპირი გაგებით არაფერს არ იძლევა.  რადგან სხეული ადრე თუ გვიან მაინც მოკვდებოდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქრისტემ ჯვარცმით დაასრულა ადამში დაწყებული ვნებები; ის სისუსტეები, რაც ადამს აღმოაჩნდა და რაც შემდგომში მეორდებოდა – სწორედ ეს აცვა ქრისტემ ჯვარს; მოიშორა, განთავისუფლდა, გაიმარჯვა საკუთარ თავზე. ამიტომ ამბობს იუნგი – ორივემ სამყაროზე გაიმარჯვაო. უბრალოდ, ბუდას გზა – ეს იყო გონების გზა, რასაც ჯნანას ეძახიან და ქრისტეს გზა – ეს იყო სიყვარულის გზა.

სიყვარული თავგანწირვით მტკიცდება, ამიტომ დასრულდა ქრისტეს მისტერია ჯვარცმითა და ტკივილით. ბუდამ გონებითა და მედიტაციით გასხივოსნებას მიაღწია, როგორც ამას გვიყვებიან აღმოსავლური რელიგიები.

ალბათ, მათ ცხოვრებაში ბევრი რამ მითოლოგიზებულია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ის კონცეფცია, რომ ქრისტე ოდესღაც დაიბადა. ეს იყო ისეთივე სწავლება, როგორც ჰერაკლე, მითრას კულტი და ა.შ. სავარაუდოდ, ეს ის გზაა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს.

მაგრამ საინტერსო იცით რა არის? – ის, რომ ყველა მითოსში, ყველა ეპოქაშია ეს არეკლილი. მაშინაც კი, როდესაც დედამიწაზე იყო ბნელი ეპოქები განათლების თვალსაზრისით, როდესაც ამ დონეზე არაფერი არსებობდა, არაცნობიერი მუდმივად ცდილობდა გამოსვლას. ის პროგრამა, რაც მასში იყო, გამოეტანა და ხმა მიეწვდინა ადამიანისთვის. ამას მოწმობენ უძველესი რელიგიები, ძალიან პრიმიტიული რწმენა/წარმოდგენები, მაგრამ ეს იყო ლიტერატურის წინა სახე, მითები და ძალიან მარტივი წარმოდგენები სამყაროზე. აქედან გამომდინარე ქრისტეს მისტერია ითვლება უმაღლეს მდგომარეობად, რაც კი ადამიანმა უნდა გაიაროს და ეს ყველაფერი თავმოყრილი სხვადსხვა მითოსში.

ზუსტად არ ვიცით რეალურად როგორ იყო, მაგრამ მოდით, ვენდოთ იმას, რაც სახარებაში სწერია. აზრი არ აქვს წინააღმდეგობას, რადგან გზა ერთია. ვთქვათ, ჯოჯოხეთის და სამოთხის ანატომია, რომელსაც ასე გაუსვა ხაზი ქრისტიანობამ, ხომ ყველა მითში გვხვდება? ავიღოთ იგივე, ძველ ბერძნული ჰადესი. არაცნობიერი, ადამიანის გაორება ფროიდმა კი არ აღმოაჩინა – ფროიდმა იქ სინათლე შეიტანა და მისი გამოკვლევა დაიწყო. ჯოჯოხეთი არაცნობიერია მეტი კი არაფერი, ის მუდმივად ჯოჯოხეთია, რადგან იქ ბნელა და სიბნელეში მუდმივად საშიში ლანდები დაცურავენ, ეს არის ფენომენი და მოცემულობა დედამიწაზე, რომელსაც ადამიანი ვერ გადაახტება. ეს არის ყველას გასავლელი გზა, რომელსაც ზოგიერთი გონებით ბუდასავით გაივლის და ზოგიც – ქრისტესავით გრძნობით.

მაგრამ ერთია, რომ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი არასრულფასოვნება, საკუთარი ეგო საკუთარი ცდუნებები და დაბალი ბუნება. რას ნიშნავს საკუთარი დაბალი ბუნება? – ეს არის მიჯაჭვულობა, ბოროტება, ეგოიზმი; რაღაც ნივთებზე, სხვადასხვა იდეებზე, იდეოლოგიებზე ჩაჭიდება, რაც მერე ომებისა და ათასი უბედურების სათავე ხდება.

ამ თვალსაზრისით, შობა არის უნიკალური დღესასწაული, ჩემთვის უსაყვარლესი. ეს არის უდიდესი მისტერია, რადგან ის მუდმივად, ყოველწლიურად ახსენებს კაცობრიობას, რომ შენ უნდა დაიბადო. ის, რომ შენ ბიოლოგიურად დაიბადე, არ ნიშნავს, რომ ადამიანი ხარ, შენ ზომბი ხარ ჩვეულებრივი, რადგან პროგრამაში, იდეებში, იდეოლოგიებში ხარ გაბნეული. შენ უნდა იშვა როგორც მოაზროვნე არსება, შენ უნდა იშვა როგორც თვითმყოფადი არსება, რომელიც ამ დაბალ ბუნებაზე, ეგოზე, ეგოიზმზე გაიმარჯვებს. სწორედ ამის სიმბოლოა ქრისტე. და მიზეზი იმისა, თუ რატომ იქცა ბუდა აღმოსავლეთში მთავარ ფიგურად და ქრისტე დასავლეთში, ვფიქრობ გასაგებია. აღსრულდა რაღაც წინასწარმეტყველება ადამიანის გონებაში და  კაცობრიობას მეტი, სხვა აღარ დასჭირდა. დარწმუნებული ვარ, იგივე აღმოსავლეთში, ბუდას მერეც ამ  მასშტაბის ადამიანები ბევრნი იქნებოდნენ.

მაგრამ გზა ერთია, გზა, სადაც უნდა მოხდეს ღმერთის დაბადების და გამთლიანების პროცესი და უბრალოდ აღარ გახდა საჭირო ყველას მითოლოგიზაცია. საკმარისი იყო ერთი ბუდა, თუმცა აღმოსავლეთს ერთი ბუდა არ ჰყავს,  იქ რეალურად მრავალღმერთიანობაა. დასავლეთს ნამდვილად ერთი ქრისტე ჰყავს და მეტი გმირის საჭიროება აღარ არის, მთავარია, ახლა ჩვენ დავიწყოთ მისი გზის გავლა.

ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნე სწორედ ამის ეპოქაა. შუა საუკუნეებში თუ  ქრისტიანობა რიტუალების მონოტონური გამეორება იყო (თუმცა, შუა საუკუნეების ქრისტიანობას, ქრისტიანობას ვერ დავარქმევთ, რადგან ინკვიზიცია ყველამ ვიცით, რასაც წარმოადგენდა), მიმაჩნია, რომ დღეს  დედამიწაზე დგება პერიოდი, როდესაც გვერდზე უნდა გადგეს – ყოველგვარი მითოსი, ყოველგვარი რიტუალები, წესები და წინა პლანზე უნდა გადმოვიდეს სწორედ ქრისტეს გააზრება, რომ ეს არის ადამიანი სიყვარული, ეს არის ადამიანი  გამარჯვებული საკუთარ ვნებებზე.

message:ნონა, როგორ ფიქრობ, რატომ ვერ მოხდა ქრისტეს გააზრება ისე, როგორც საჭირო იყო და რატომ მოექცა ქრისტე ინსტიტუციურ ჩარჩოში?

რელიგიის გარდა, ქრისტეზე ფსიქოლოგიამაც გააკეთა განმარტება, სხვა ეპოქა დგება. დღეს შენ ვეღარ დაარწმუნებ ადამიანს  – „არ იფიქრო, მაგრამ დაიჯერე“, ეს ფორმულა აღარ მოქმედებს, ადამიანს სჭირდება ყველაფრის გააზრებული ცოდნა. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ცოცხალი ცნობიერება. სრული გაცნობიერებული მდგომარეობა, სადაც არ არსებობს ბრმა რწმენა.

დღეს, აზროვნების ეპოქაში, აღარ უნდა გჭირდებოდეს ადამიანს ვიღაცის გადმოთარგმნილი ქრისტე, ამისთვის საკმარისია სახარება წაიკითხო და დაფიქრდე, რა ფენომენთან გაქვს საქმე? როდესაც მოაზროვნე ადამიანი ისმენს  – „მარჯვენაში გაგარტყან, მარცხენა მიუშვირე“, „პირველი ქვა მან ესროლოს, ვინც უცოდველია“ ან „გიყვარდეს მოყვასი შენი“ – ის აუცილებლად დაფიქრდება, რომ ამ მასშტაბის სიყვარულის გამოვლინებას უდავოდ სხვა ცნობიერება სჭირდება, როდესაც თავად სიყვარულია ცნობიერების მდგომარეობა. ამიტომ, ვიღაცის მოწოდებული ქრისტე რატომ უნდა იყოს საინტერსო, როდესაც შენ გონება და აზროვნება გაგაჩნია.

სწორედ ეს არის დღევანდელი ეპოქა, ადამიანმა დაიწყო აზროვნება. უამრავმა ფილოსოფოსმა თუ ფსიქოლოგმა გააკეთა განმარტება. ბოლოს და ბოლოს, თუ მაინც და მაინც ავტორიტეტები გინდა, შესაძლებელია ყველაფერი წაიკითხო და რაღაც დასკვნები თავად გააკეთო. ქრისტე, როგორ შეიძლება ერთი რელიგიის საკუთრება იყოს? ეს ზოგადსაკაცობრიო ფენომენია, რომელიც ადამიანს გადარჩენის გზას აჩვენებს. ამიტომ, ქრისტე არ შეიძლება იყოს ერთი ნაციის, ერთი რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის ან დაჯგუფების სახე.

message:რატომ მოხდა ბუდას გაკულტება და რატომ ჩაიკეტა ქრისტე?

აქ ადამიანების მიდგომაა მთავარი, ქრისტე იქცა უფრო პოლიტიკურ იარაღად. დასავლეთში ქრისტიანობამ ერთგვარი სინათლე შეიტანა, იმ თვალსაზრისით, რომ  გააერთიანა ერები. დასავლეთი უფრო ძალაუფლებაზეა ორიენტირებული და ისინი ყველაფერს ამისთვის იყენებენ. აღმოსავლეთი არასოდეს არ ყოფდა სამყაროს, მათთვის სამყარო ერთიანი ორგანიზმია, მათთვის სამყარო არის ერთიანობა. ისინი მუდამ ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთის დაყოფას რაღაც იდეებად, იდეოლოგიებად. მათთვის არ არსებობდა ჭეშმარიტი, არაჭეშმარიტი. ჩიკაგოს რელიგიურ სამიტზე, ვივეკანანდას მიერ გაკეთებული განცხადება სწორედ ამ მესიჯის გამოხატულება იყო, მან თქვა: „როგორც ყოველი მდინარე მიედინება ოკეანისკენ, ისე ყველა რელიგია თუ სწავლება მიდის ჭეშმარიტებისკენ“. სწორედ ამაშია აღმოსავლური სიბრძნე.

დასავლეთმა, როგორც ეგოცენტრულმა წარმონაქმნმა, ყველაფერი ჩარჩოში ჩასვა იმისთვის, რომ კარგად ემართა. აღმოსავლეთს ეს არ სჭირდება, მათ ყოველთვის გააჩნდათ მიმღეობა, გახსნილობა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ იქ არ წვავდნენ, არ კლავდნენ, არ დევნიდნენ მასწავლებლებს. დასავლეთში განსხვავებული აზრი ყოველთვის მიუღებელი იყო. კოცონი, ინკვიზიცია – ეს დასავლეთის მოგონილია.

მე-20-ე საუკუნიდან დასავლეთმა და აღმოსავლეთმა გაერთიანების პროცესი დაიწყეს. დაიწყო მათი კულტურულ-სოციალური გაერთიანება, რაც განაპირობა ფსიქოანალიტიკოსების, ფილოსოფოსებისა და აღმოსავლელი ძენ ბუდიზმის ოსტატების თუ სხვა ოსტატების ერთიანობაში მოქმედებამ, ერთმანეთის ლექციებზე დასწრებამ. მაგალითად, ფრომი სუძუკთან ლექციებს ესწრებოდა, კრიშნამურტი ბრიტანეთში ცხოვრობდა და ბოლოს ამერიკაში დაარსა ფილოსოფიის სკოლა. ასევე, ვივეკანანდა ამერიკაში ჩავიდა და გარკვეული პერიოდი იქვე დარჩა. მას ჰარვარდის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის კათედრაც კი ჩააბარეს. იუნგმა იმოგზაურა ინდოეთში, ჰერმან ჰესე სულ ინდოეთში იყო, როდესაც თავის შედევრებს წერდა. ,,ბარდო თჰოდოლის“ ტიბეტურმა  წიგნმა გზა გაუხსნა იუნგს კოლექტიური არაცნობიერის ფენომენის გააზრებაში. 20-ე საუკუნეში ამ ყველაფერმა გაერთიანება დაიწყო. დღეს ვერ ვიტყვით – აღმოსავლეთი თუ დასავლეთი – ორივე, ორივე ერთად!

message:ვივეკანანდა ვარაუდობდა კიდეც, რომ შედარებით შორეულ მომავალში კაცობრიობა შეძლებს შეათავსოს დასავლური მეცნიერება და აღმოსავლური სულიერება, რაც მას განვითარების მაღალ საფეხურზე აიყვანსო…

დააკვირდით, როგორი მოწოდებები მიდის დღეს შემწყნარებლობისკენ, ჰუმანურობისკენ, რომ ყველა რელიგია ერთია, რომ ყველა რელიგიის აღმსარებელი ერთნაირი უფლებების მქონე ადამიანია. სწორედ ეს არის აღმოსავლური ხედვები. დასავლეთი ჩაკეტილი იყო, მაგრამ ინტელექტუალურად და მატერილურად ვითარდებოდა. აღმოსავლეთი გახსნილი იყო, თუმცა მატერიალურად ვერ ვითარდებოდა, მაგრამ  ცნობიერებით ძალიან შორს წავიდა.

არა ერთ დასავლელ უდიდეს მოაზროვნეზე იქონიეს გავლენა ვივეკანანდამ, შრი აურობინდომ, კრიშნამურტმა. ასეთია, მაგალითად, ოლდოს ჰაქსლი, მის ნაწარმოებებში იგრძნობა კრიშნამურტის გავლენა. ეგზისტენციალიზმი, როგორც მიმდინარეობა ფილოსოფიაში, ძალიან ახლოა აღმოსავლეთთან, აღმოსავლურ აზროვნებასთან, იაპონიაში ისპერსკის სკოლებიც კი კეთდებოდა.

რეალურად, მე-20-ე საუკუნე დიდი გამაერთიანებელი ეპოქა აღმოჩნდა. ჰოლივუდის ვარსკვლავებმა დაიწყეს და დღეს მთელი ევროპა ჩადის ინდოეთში. ხალხს აღარ უნდა ეს ჩაკეტილობა. ადამიანი მიხვდა, რომ არავინ იცის, რა არის ის ერთი ჭეშმარიტი, რომ ყველა ადამიანი განუმეორებელია, ყველა უნიკალურია და ყველას თავის გზა აქვს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ, რომ ეს არის გზა ქრისტემდე, ვერავინ გეტყვით ფორმულას, თუ ვინ როგორ უნდა გაიაროს იგი. თუ კიდევ ვინმეს სჯერა ამ ფორმულის არსებობის, მიმაჩნია, რომ მას კიდევ კარგად ვერ გაუცნობიერებია, თუ რა გიგანტურ ენერგიას ვეხებით, როდესაც ვსაუბრობთ არაცნობიერზე. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ახლა სწორედ გაერთიანების ეპოქა მიდის.

ინტელექტუალურ წრეებში დღეს მუდმივად ხდება განსხვავებულის მიმართ მიმღეობის იდეის დომინირება, სწორედ ამ განსხვავებულობაშია ადამიანის უნიკალურობა და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია კაცობრიობის ისტორიაში და ამ ორი უდიდესი ფენომენის – ქრისტესა და ბუდას, ასევე, აღმოსავლელი და დასავლელი მოაზროვნეების წვლილი აქ იმდენად დიდია, რომ შეიძლება საყრდენებადაც განვიხილოთ, რაზედაც შემდგომში დაშენდა  ტოლერანტობა, ჰუმანიზმი, მიმღეობა და მიმტევებლობა.

ქრისტიანობა, თავიდან ბოლომდე მიტევების რელიგიაა, სიყვარულის რელიგია. ფსიქოლოგია ამაზე გეტყვის, – რომ მიუტევო – რაღაცეები უნდა გააცნობიერო, რომ შეიყვარო – რაღაცეებისგან უნდა განთავისუფლდე. ასე მარტივად არ მოდის ეს მდგომარეობა. ფსიქოლოგია უბრალოდ გზას გასწავლის ისევე, როგორც აღმოსავლური მედიტაცია და სწორედ გასწავლის იმ გზას, როგორ უნდა გაიარო ეს გზა ადამიანიდან – ქრისტემდე, შობიდან – ჯვარცმამდე და აღდგომამდე.

message:რატომ მოხდა ასეთი დამახინჯებული ფორმით სწავლება?

ჩაკეტილობის გამო. იმიტომ, რომ თვითონაც ვერ ისწავლეს, იმიტომ, რომ ჩაკეტეს ცნობიერება. ჩვენ ხომ რეალურად ცოცხალი პროცესების მომსწრენი ვართ, ეს ხომ მკვდარი რელიგია არ არის? ამ ფენომენმა ხომ უნდა შემოაღწიოს ჩემს მდგომარეობაში ისე,  როგორი ფსიქოტიპიც მე ვარ, როგორი არქეტიპებიც მე მაქვს ამ ეტაპზე გააქტიურებული. იქ მიმდინარეობს ცვლილებები, როგორც იუნგი ამბობდა: ,,სწორედ არქეტიპებია კაცთა ბედს, რომ განსაზღვრავენ და არა ის, რასაც ჩვენ ტვინის სხვენის კამერაში ვაზროვნებთ”  და როდესაც ქრისტეს, ქრისტიანობას ერთი მიმართულებით კეტავენ, ავიწროებენ და რიტუალის დონეზე დაიყვანენ, დაფიქრდით, ეს რამდენად არასერიოზულია.

შეუძლებელია ყველას ერთი და იგივე გზა მოერგოს. ამის ცოცხალი მაგალითი მე გახლავართ, სანამ გაცნობიერების ჩემი გზა არ ვიპოვნე, ჩემში არანაირი ცვლილება არ წავიდა. მხოლოდ ლოცვების დაზუთხვა ხომ არ არის მთავარი? სწორედ, აზროვნების არარსებობაშია სასულიერო პირების მთავარი შეცდომა. თუმცა, ამას ყველა მათგანზე ვერ ვიტყვი. სასულიერო პირი უნდა იცნობდეს ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიას, სხვანაირად, უბრალოდ, არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი მოძღვარი ვერ გახდება, არ შეიძლება ჩაკეტილი იყო შენს მრევლს ეუბნებოდე, რომ სახარების გარდა არაფერი წაიკითხონ, რადგან სხვა ყველაფერი სატანურია. ასეთ მიდგომას, ბუნებრივია, მომავალი არ აქვს. ცნობიერების ჩაკეტვა ეს არის ჩიხი, რომელიც საბოლოოდ ფსიქიური აშლილობით მთავრდება და გაბოროტება და ფსიქიური დაზიანება, მანიაკალურობა, ყველაფერი აქედან იღებს სათავეს. ასე რომ, შენ რომ რამე ასწავლო, თავად უნდა გქონდეს ის გზა გავლილი. ქრისტეს სიტყვებით არაფერი უსწავლებია, მან თვითონ, თავის თავი დადო მაგალითად. ბუდაც მაგალითი იყო თავიდან ბოლომდე.

სამწუხაროდ, სასულიერო პირები თავად ჩაიკეტნენ, თავად შევიდნენ ჩიხში. ინკვიზიცია შეზღუდული ცნობიერების აგრესიული გამოვლენა იყო, რადგან ფიზიკური ვნებისა და განადგურების გარეშე მასებს ვეღარ იმორჩილებდნენ. როცა რელიგია ხდება ფინანსური ინსტიტუტი და ძალაუფლების ინსტიტუტი, ცხადია, იქ დიდი ხანია ქრისტეს მისტერიას ის ადგილი დატოვებული აქვს. ქრისტე ეს არის მისტერია და არა მხოლოდ ხატი, ჯვარი ან სანთელი. ეს არის მისტერია, ეს არის ცნობიერება, რომელიც მუდმივად დინამიკაშია, ის არ არის სტატიკური. დარწმუნებული ვარ, არსებობენ ადამიანები დედამიწაზე, ვისშიც მუდმივად ხდება ეს შობა, უბრალოდ, ყველას არ ვიცნობთ.

ბუდა ამბობდა, მე სიცოცხლით სიკვდილი კი არ დავამარცხე, არამედ ორივეზე მაღლა დავდექიო, სწორედ ეს არის განთავისუფლება, განთავისუფლება ამ შეზღუდული პროექციისგან, როდესაც უკვე შენ თვითონ ხდები ღმერთი და შემოქმედი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი