კომპლექსის ტიპები და მათი გამოვლინებები

0
1640

ფსიქოანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ კომპლექსის ტერმინის დამკვიდრებას ციურიხის ფსიქოანალიტიკურ სკოლას (ე. ბლეილერი, კ.გ. იუნგი) უნდა ვუმადლოდეთ. გთავაზობთ კომპლექსების რამოდენიმე განმარტებას.

კ.გ.იუნგის თანახმად, კომპლექსი არის აფექტურად დამუხტული წარმოდგენების ერთობლიობა (Gefuhlsbetonter Vorstellungs Komplex). ეს არის ძლიერი აფექტური ძალის მქონე იდეებისა და მოგონებების ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად არაცნობიერია. ისინი ყალიბდება ბავშვობაში ინტერპერსონალური ურთიერთობების საფუძველზე და ზემოქმედებენ ადამიანის ფსიქიკის ყველა დონეზე: ემოციებზე, აზრებზე, განწყობასა და ქცევაზე. კომპლექსების აღმოსაჩენად იუნგმა შექმნა ასოციაციური ექსპერიმენტი. ასოციაციური ტესტით იუნგმა კომპლექსების არსებობა ემპირიულად დაასაბუთა და სიღრმის ფსიქოლოგიას და ფსიქოსომატიკას ექსპერიმენტული საფუძველი ჩაუყარა. 

კომპლექსის გამოვლინებებია:

1. წაცდენები/შეცდომები;
2. საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა და საგნებისა და მოვლენების გაუკუღმართებული, მცდარი ხედვა;
3. პიროვნებაზე ზემოქმედების უნარი – ის გვფლობს ჩვენ და არა ჩვენ – მას;
4. ემოციური ძალა -კომპლექსს ახასიათებს ძლიერი ემოციური მუხტი. კომპლექსი შეიძლება იყოს ცნობიერი, არაცნობიერში განდევნილი (ერთ დროს იყო ცნობიერში და მერე განიდევნა იქიდან) და არაცნობიერი. ჩ. ბოდუინი განასხვავებს კომპლექსების 3 ჯგუფს:

1. ობიექტ-კომპლექსებს, რომლებიც გარეგანი ობიექტების ფლობის სურვილით ხასიათდება;
2. ეგო-კომპლექსებს, რომლებიც ადამიანის მე-სთან, მის მნიშვნელობასა და დანიშნულებასთანაა დაკავშირებული;
3. ქცევის კომპლექსებს, რომლებშიც ცხოვრებისეულ პრობლემებზე ინდივიდის რეაგირების ტიპი, მათთან გამკლავების ჩამოყალიბებული ფორმები იგულისხმება. 

სიღრმის ფსიქოლოგიის განვითარების პროცესში გამოიკვეთა კომპლექსის ტიპები. ჩამოვთვლით ზოგიერთ მათგანს:

კაენის კომპლექსი – გულისხმობს ბავშვის დამოკიდებულებას ახალშობილი და-ძმის მიმართ. ამ დროს ბავშვი შიშობს, რომ მათი გაჩენით ის ჩამოგდებული იქნება იმ პრივილიგირებულ ტახტიდან, რომელზედაც მისი მშობლების განსაკუთრებულმა სიყვარულმა აიყვანა. ის ჩანაცვლებული იქნება და-ძმით, ამით კი დაკარგავს ყურადღებას და სითბოს დედის მხრიდან. ამ შიშზე ბავშვი რეაგირებს ინტენსიური სიძულვილით მისი და-ძმის მიმართ და მათი გაქრობის სურვილი ებადება. ეს კომპლექსი წარმოშობს და-ძმებს შორის პაექრობას, შურის გრძნობასა და და-ძმაზე გამარჯვების, მათი გასწრებისა და უკან მოტოვების სურვილს;

ოიდიპოს კომპლექსი – სიყვარულის გრძნობა დედის მიმართ და სიძულვილი მამის მიმართ, მისი გაქრობის სურვილი. ხშირად ის სრულად წარმართავს ბავშვის ქცევას 5 წლამდე. პაექრობის, მეტოქეობისა და სიძულვილის ეს გრძნობები მოგვიანებით, მოზრდილ ცხოვრებაში გადაინაცვლებს ყველა იმ ადამიანზე, ვინც მამის პოზიციას დაიკავებს, მაგ., მასწავლებელი, უფროსი ან ხელმძღვანელი; ეს კომპლექსი ქმნის მეამბოხე რევოლუციონერს, რომელიც ყოველთვის უპირისპირდება ავტორიტეტსა და ძალაუფლებას; ქალებში – ელექტრას კომპლექსი – მამისადმი სიყვარული და დედისადმი სიძულვილი;

დესტრუქციული კომპლექსი გულისხმობს სისასტიკის ინსტინქტს და ვლინდება ნგრევის იმპულსებში. ბავშვის ორალური კანიბალისტური ტენდენცია მიმართულია საკვების დაქუცმაცებისკენ. როდესაც ორალური ფაზა ჩაივლის, დესტრუქციული კანიბალიზმი გრძელდება, ოღონდ მიმართულია არა საკვებზე, არამედ გადაინაცვლებს სხვაზე. ამ ეტაპზე სადიზმი მაზოხიზმთან კომბინაციაში წარმოჩინდება. ბავშვი, რომელიც ტკბებოდა დესტრუქციითა და სხვებისადმი ზიანის მიყენებით, ამჟამად ტკბება აუტოაგრესიით. სუბლიმირებული ფორმით ის წარმოშობს ქირურგებს, გამოჩენილ გენერლებს, ხოლო მაზოხისტური ფორმით ქმნის ”ნევროზულ ასკეტიზმს”;

 დაზიანების, კასტრაციის კომპლექსი – როგორც კი ბავშვი ანატომიურ სქესობრივ განსხვავებას აღმოაჩენს, იმ დასკვნამდე მიდის, რომ ქალი არ არის სრულყოფილი და კასტრირებული ჰგონია. ის უშვებს შესაძლებლობას, რომ მასაც იმავეს გაუკეთებენ, რაც აშინებს. ეს შიში აყალიბებს კასტრაციის კომპლექსს. გოგონებიც განიცდიან საკუთარ „არასრულფასოვნებას“. ამ დროს ბიჭი ამაყობს თავისი სქესით და ამ უპირატესობის დაკარგვის ეშინია, ხოლო გოგონა აცნობიერებს თავის ”არასრულფასოვნებას”, კაცად გახდომის სურვილი უჩნდება და ცდილობს, აჯობოს მამაკაცებს, ან არაცნობიერად იგივდება კიდეც მათთან.

ამას დიანას კომპლექსს, ან ამორძალის კომპლექსს ეძახიან. კასტრაციის კომპლექსის სუბლიმირებას ბიჭებში ლიდერად ქცევის გზით საკუთარი უპირატესობის აღიარებისა და შენარჩუნებისაკენ მივყავართ, ხოლო გოგონებში – ისეთი ტიპის ქალამდე, რომელიც სულ ეჯიბრება კაცებს, იქნება ეს სპორტი, ბიზნესი, პოლიტიკა თუ ხელოვნება;

დაბადების კომპლექსი – მას წარმოქმნის მშობიარობის ტრავმა. დაბადებისას ბავშვის მიერ განცდილი შფოთვა და ტკივილი ყველა მომავალი შფოთვისა და ტკივილის ბაზისურ მოდელს ქმნის. ეს კომპლექსი აგრეთვე ინფანტილური ცნობისმოყვარეობის ფორმას წარმოადგენს. ადრე თუ გვიან ბავშვი ინტერესდება ბავშვების დაბადების საკითხით და მალე რამდენიმე თეორიას ავითარებს. ამ თეორიებს დიდი ზეგავლენა აქვთ მის ქცევაზე. ის ფიქრობს, რომ ბავშვები ჩნდებიან დიგესტიური აპარატიდან – პირიდან, მუცლიდან და სხვ. დაბადების კომპლექსი ვლინდება პროტექციის, დედის წიაღში დაბრუნების და იქ განსვენების სურვილში და იღვიძებს მაშინ, როცა ადამიანი ცხოვრებისეულ სიძნელეებს უპირისპირდება;

დედასთან განშორების კომპლექსი – დაბადების შემდგომ ყველაზე დიდ ტრავმას დედასთან, მის ძუძუსთან განშორება წარმოადგენს. ფსიქიკურ ფენომენთა ერთობლიობა, რომელიც ჯგუფდება და ერთიანდება დედისგან განშორების განცდის გარშემო, ქმნის დედისგან განშორების კომპლექსს. ამ კომპლექსის აქტივაცია შესაძლებელია მოხდეს იმ სიტუაციებში, რომლებიც ამ განშორებას მოაგონებს ადამიანს. მაგ., საბავშვო ბაღში და სკოლაში წასვლა, ოჯახთან განშორება და დაქორწინება. ბავშვს, რომელშიც დომინირებს ეს კომპლექსი, უნარი არ შესწევს ადვილად შეეგუოს ახალ ვითარებებს და ახალ ცხოვრებისეულ სტილს. ამ დროს ვლინდება ექსცენტრულობა საკვებთან მიმართებაში – გაუმაძღრობა, სიხარბე, რომელიც შემდგომში გადაინაცვლებს მენტალურ სფეროში და იწვევს უკიდურეს ამბიციებს და სურვილს, თავი აარიდოს რეალობას;

გაქცევის/განრიდების კომპლექსი – ვლინდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი და, შემდგომში, ზრდასრული აღმოჩნდება ახალი გარემოებების წინაშე, რომლებიც მან უნდა გადალახოს და გადავიდეს ერთი საფეხურიდან მეორეზე. ამ დროს ის ახლის მიმართ შიშს განიცდის და უჩნდება გაქცევის რეაქცია. იმპულსმა, შესაძლოა, წარმოშვას ნოსტალგია წარსულისადმი, ხოლო ამ ნოსტალგიას რეგრესისკენ მივყავართ. მისი ინტერესი შიგნით წარიმართება და ის საკუთარ თავზე ცენტრირებული ხდება, თვითშეყვარებულ მარტოობაში აღმოჩნდება და ხშირად ნარცისიზმში ეუფლება. ამ ფენომენს ხშირად ვხვდებით მოზარდებთან;

კომპლექსი არღვევს ჩვენს ინტერპერსონალურ ურთიერთობებს, აუკუღმართებს მოვლენებისა და საკუთარი თავის ხედვას, ხელს გვიშლის მიზნის მიღწევაში. 

კომპლექსი შეესაბამება ვნებებს, მაგალითად: 

კაენისა და დესტრუქციის კომპლექსები – მრისხანების,
დედისგან განშორების კომპლექსი – შიშის და სასოწარკვეთის,
იუდას კომპლექსი – სასოწარკვეთისა და ღალატის,
ფარისეველის კომპლექსი – ნაყროვანების,
ხოლო დედის კომპლექსის ზოგიერთი ფორმა – მრუშობის ვნებებს. 

რაში მდგომარეობს მათი მკურნალობა, როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ვნებებისგან და კომპლექსებისგან? – შინაგანი მღვიძარებით. ამ უკანასკნელს ფსიქოლოგიაში ფხიზელი, ნათელი ცნობიერება, გაცნობიერებისა და ნებელობის უნარები შეესაბამება. 

კომპლექსის უვნებელსაყოფად უნდა:
1. გავაცნობიეროთ კომპლექსი, ანუ მოვახდინოთ მისი იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს მის ინტეგრაციას, ანუ დაუფლებას, ხოლო, საბოლოო ჯამში-პიროვნულ ზრდას;
2. მისი უკუპროეცირება უნდა მოვახდინოთ, ანუ ის უნდა დავაბრუნოთ ცნობიერებაში;
3. გავაცნობიეროთ, თუ რა მიზნებს ემსახურება კომპლექსი;
4. მოვახდინოთ კომპლექსის ტრანსფორმირება, ცნობიერი და ემოციური ძალისხმევითა და
5. გავაფართოვოთ ჩვენი პიროვნება კომპლექსების ინტეგრაციის გზით.

ავტორი:პროფესორი რეზო კორინთელი

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი