მერაბ მამარდაშვილი ევროპული პასუხისმგებლობა

0
671

მინდა ცოტა რამ ვთქვა, კონცეპტებზე, რომლებიც ჩემში ჩამოყალიბდა ჩემი, ანუ იმ კაცის, ახალგაზრდული, პირადი გამოცდილების საფუძველზე, რომელიც არა ევროპაში, არამედ სხვაგან იღვიძებდა – ერთ პროვინციულ ქვეყანაში, სადაც იგი აცნობიერებდა საკუთარ თავს, თავის ქვეყანასა და კულტურას. ამ გამოცდილებისა და ჭკუის სწავლების მიმზიდველობა გახლდათ ის, რომ ჩემ წინაშე იყო პრივილეგია, – დაკვირვებისა და აწონ-დაწონის უმაღლესი წერტილი, საიდანაც მოვლენებს ვაკვირდებოდი. ამგვარი მოვლენები ევროპელმა, შესაძლოა, ვერ დაინახოს. თქვენთვის, ევროპელებისათვის, მრავალი რამაა ისეთი, რაც თავისთავად ხდება, რაც თითქმის ბუნებრივია; იშვიათად უწევენ ანგარიშს საკუთარი არსებობის საფუძველს, მძაფრად არ აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ ადამიანი არის დროში შეჩერებული, დროში დაკიდებული ძალისხმევა, მუდმივი, შეუნელებელი მცდელობა ადამიანად გახდომისა. ადამიანი – ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა, ეს არ არის ბუნების მდგომარეობა; ეს ისეთი მდგომარეობაა, რომელიც განუწყვეტლივ იქმნება.

სწორედ ჩემმა პირადმა გამოცდილებამ აღმაგზნო და ჩამომაყალიბა სამარადჟამოდ; ვიმედოვნებ, რომ ეს იყო ფილოსოფია, როგორც თეორია უწყვეტი შემოქმედებისა, ქმნადობისა. ეს იყო ჭეშმარიტად კარტეზიული ფილოსოფია და მე ვაღიარებ, – მართლაც, ეს არის ფრანგული კულტურა ან ფილოსოფია, რომელთაც მე შემქმნეს მენტალურად. ჩემი აზრის გადმოსაცემად მე გამოვიყენებ იმ განსაზღვრებას, რითაც პასკალი განსაზღვრავს სიყვარულს. ერთხელ მან თქვა, რომ სიყვარულს საერთოდ არ აქვს ასაკი, იგი ყოველთვის დაბადების მდგომარეობაშია. იგივე შეიძლება ითქვას ევროპულ იდენტობაზე, – მას საერთოდ არ გააჩნია ასაკი, იგი მუდამ დაბადების მდგომარეობაშია.
სწორედ ეს არის ევროპის პასუხისმგებლობა, ევროპული პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე. ამ აზრით, მე განვიცდიდი რაღაცის უკმარისობის გრძნობას, რაც მე მიმაჩნდა არსებითად ცვლილებათა თუ ევოლუციის პროცესში, და ეს უკმარობა კარგად მიჩვენებდა ჩემი მოთხოვნილებების ბუნებას, მიბიძგებდა, უფრო მეტად გამეცნობიერებინა ეს ბუნება, ვიდრე – ევროპელს, რომელიც ბუნებრივ მდგომარეობად იღებს ევროპულ მდგომარეობას. ე.ი. უკმარობის წყალობით, შესაძლოა, ჩვენ უკეთ ვიგებთ – და სწორედ ამიტომ ჩემი დაკვირვების, აწონ-დაწონის ამოსავალ წერტილს განვსაზღვრავ როგორც პრივილეგირებულ წერტილს, – ევროპული საზოგადოების არსსა და კულტურის ბუნებას.

ჩემთვის კულტურა, როგორც ასეთი, ეს არის შესაძლებლობა ან უნარი, ცხოვრებაში განახორციელო სირთულე და მრავალფეროვნება. მე განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ სიტყვას – „განხორციელება“. კულტურა არ არის „ცოდნა“; კულტურული არიან მაშინ, როდესაც აქვთ ნიჭი პრაქტიკულად განახორციელონ სირთულე და სხვადასხვაობა ცოდნის გარეშე, ყველაფრის ცოდნის გარეშე და (რეალობასა და ქმედებასთან მიმართებაში) ერთი იდეის ან ერთი აბსტრაქტული კონცეპტის გამოყენების შესაძლებლობის გარეშე.

რენესანსიდან მოყოლებული, ჩვენ შეუქცევადად თანამედროვენი, ახალი დროის წარმომადგენლები ვართ. კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რისი აღორძინება ან ხელახლა დაბადება ხდებოდა რენესანსის დროს. რისი რენესანსი იყო ეს? ჩემთვის რენესანსი არის ჩვენი მოდერნულობის საფუძველი, თვით მისი უწყვეტობა, და შედგება სწორედ რენესანსის დროის ხელახლა დაბადებული შეუქცევადი ორი ელემენტისაგან.

პირველი ელემენტი ბერძნულ-რომაული სამყაროა, – სოციალური ან სამოქალაქო იდეა, ე.ი. სოციალური ფორმა, კონკრეტული საზოგადოება – შეიძლება განხორციელდეს რეალურად მიწაზე რაღაც უსასრულო იდეალის სახით. სასრული ფორმა შეიძლება იყოს მატარებელი უსასრულობისა. ამას გამოხატავს რომაული, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმის საფუძველი. ამ აზრით, მე შემიძლია ჩემი ქვეყანა აღვიქვა, როგორც პოსტკოლონიური (აქ გამოიყენეს ეს სიტყვა). მე ვიცოდი, რომ ქვეყანა, სადაც მე დავიბადე, არის ექს-იმპერიის მოხეტიალე პარადოქსი და, იმავდროულად, პოსტკოლონიური იმ აზრით, რომ ჩემი ქვეყანა არასოდეს ყოფილა რომაული ოიკუმენის ნაწილი.

მეორე ელემენტი არის სახარება; იგი ადამიანში არის როგორც იდეა, ის, რასაც ეწოდება შინაგანი ხმა ან სიტყვა. ადამიანისათვის საკმარისია, კარგად გაიგონოს ამ სიტყვის ხმა და გაჰყვეს მას, რომ იგრძნოს, ღმერთი როგორ ეხმარება გზაში. საჭიროა პრაქტიკული მხარდაჭერის, რაიმე გარანტიის გარეშე სიარული, სვლა მხოლოდ შინაგანი ხმის კვალდაკვალ. ასე ვლინდება ადამიანი როგორც სიმშვიდის დამრღვევი ელემენტი, როგორც მოქმედი ელემენტი, როგორც ელემენტი, რომელიც ქმნის ისტორიას.

ჩემთვის ევროპა არის ის სამყარო, სადაც კარგად ხედავენ, რომ სიცოცხლის საშუალება, ადამიანის არსებობის იარაღი არის ისტორია. მაშასადამე, რენესანსი ჩემთვის არის ისტორია, როგორც სიცოცხლისიარაღი. ეს შეიძლება აღორძინდეს და ამის საფუძველზე შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოება, – ორგანიზაცია შემდგარი იმ განსხვავებული ელემენტებისაგან, რომლებიც ხელს უწყობენ მისი, როგორც ერთიანის, მთლიანის ფუნქციონირებას. ჩვენ, ვისაც არ გაგვაჩნია არსებობის ისეთივე განვითარებული სხეული, არ გვახასიათებს ისეთივე სირთულე და სტრუქტურული აღნაგობა სამოქალაქო საზოგადოებისა, მაინც ძალზე კარგად გვესმის, რომ ზუსტად ეს არის ის, რაც უნდა გვქონდეს. მაგრამ, შესაძლოა, ეს გვქონდეს მხოლოდ ისტორიული ფორმით, ე.ი. დავიწყოთ ძალისხმევის შეჩერება ან შენარჩუნება. დაველოდოთ, რომ მოვლენები წარმოიშობიან სივრცეში, რომელიც შეზღუდულია თავად ამ ძალისხმევით.

მაგრამ, ასევე, არსებობს უძლურება ან დავიწყება ამ დასაბამისა. არ შეგიძლია, ამ ძალისხმევას დაუჭირო მხარი და სწორედ ეს არის ევროპული საფრთხე; ე.ი. ევროპული საშიშროება ეს არის უძლურება უნარისა – მხარი დაუჭიროს ძალისხმევას, რათა ყოველ წუთს ხელახლა ააღორძინოს საკუთარი არსებობის საფუძვლები ან შეაჩეროს იგი გარანტიისა და იერარქიის გარეშე.

ამასთანავე, მე ვლაპარაკობდი სახარებისეულ ელემენტზე და მსურდა საუბარი იმ სხვაობაზე, რაც დამახასიათებელია ევროპული კულტურისათვის; მკაფიო სხვაობაზე – შინაგან პრინციპზე, მთავარ რწმენაზე თითოეულში, რასაც უწოდებენ „მეტყველების ძალას“. ეს არის სხვაობა მეტყველების ძალასა და გარეგან კანონს შორის. მაშ ასე, ამ აზრით, ჩემთვის ევროპული კულტურა არის ანტიმორალის მქადაგებელი და იმის წინააღმდეგი, ვინც აბსოლუტურად პატივს სცემს რელიგიურ კანონს. ენის, მეტყველების უფლებამოსილება, რომელიც გამომდინარეობს შინაგანი პრინციპიდან, არის ყველაზე არსებითი რამ, რაც მართავს ადამიანის ძალისხმევასა და ბრძოლას. ჩემთვის ევროპული კულტურა არის პირველი და, შესაძლოა, ბოლო პასუხი მნიშვნელოვან კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა ცვლილება მსოფლიოში, შესაძლებელია თუ არა, რომ ბორკილდადებულ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა, წარმოდგენილმა და ჩამოყალიბებულმა ბორკილებით, შეძლოს, ამოვიდეს ამგვარი მდგომარეობიდან, განვითარდეს, ამაღლდეს და კონკრეტულ, არასრულყოფილ ფორმებში განახორციელოს უსასრულობა, – ადამიანის იდეალი.

ადამიანი ის ქმნილებაა, რომელიც მუდამ საკუთარი თავის შექმნის მდგომარეობაშია და მთელი ისტორია ეს არის ადამიანად გახდომის მცდელობის ისტორია. ადამიანი არ არსებობს, იგი იქმნება. ამით მე მსურს ვთქვა, რომ თქვენ, – დასავლეთის ადამიანები, და ჩვენ, – აღმოსავლეთის ადამიანები, ერთსა და იმავე ისტორიულ მომენტებში ვარსებობთ (ისტორიული მომენტები არ ემთხვევა ქრონოლოგიური მომენტების თანმიმდევრობას). ჩემთვის ხდება რაღაც იმავე ბუნებისა, რასაც აზრობრივად წარმომადგენინებს პირველი მსოფლიო ომი, რასაც თვალწინ მიყენებს მეორე მსოფლიო ომი – ჩვენ ვცხოვრობთ იმავე ზღვარზე, რაზედაც ეს კატასტროფები წარმოიშვა.

არის რაღაც, რაც ხდება ევროპული კულტურის, როგორც მადნის ძარღვებში, ის ახლა ხდება და ჩვენ ვდგებით იმავე საფრთხისა და იმავე პასუხისმგებლობის წინაშე. როგორ განვსაზღვრო ეს პასუხისმგებლობა კიდევ სხვა მნიშვნელობით? პასუხი ამ კითხვაზე მრავალჯერ გაიცა, – ეს არის მოდერნული, თანამედროვე ბარბაროსობა – აი, რა არის საფრთხე! ბარბაროსს არ აქვს ადამიანის ენა, მეტყველება (სწორედ ეს გახლავთ ბარბაროსის ბერძნული განსაზღვრება), ე.ი. ეს არის ვინმე ისეთი, ვისაც არ აქვს ენა. სრულიად ცხადია, რომ ბერძენთა ირგვლივ მოსახლე სპარსელებს და სხვა ხალხებსაც ჰქონდათ ენა, მაგრამ სიტყვაში „ენა“ ბერძნები გულისხმობდნენ სივრცეში ყველაფერი იმის გამოთქმას, რასაც ადამიანები განიცდიან, რაც სურთ და რასაც ფიქრობენ, აგრეთვე, გულისხმობდნენ ენის გამოყენებას სახალხო აგორაზე. მათი აზრით ეს იყო ენა, მეტყველება.

მაშ, როგორ შეგვიძლია „ვაღიარებდეთ“ იმ ფაქტს, რომ ადამიანი არსებობს შიშველი და მარტო სიტყვის წინაშე, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ადამიანი, როდესაც არსებობს სივრცე ცოცხალი აგორისა, – სავსე სამეტყველო არტიკულაციით, როცა უძლური ინდივიდი მიმართავს განსჯა-მედიტაციას ადამიანური სირთულის მისაღწევად, რაც მას საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბოს თავისი წინარე აზრები, ნებას რთავს იფიქროს ის, რასაც ფიქრობს? ადამიანის ძირითადი თვისება არის ის, რომ თავისი თავი განახორციელოს, შვას ის, რაც დაბადების, წარმოქმნის მდგომარეობაშია და ეს, – მე თქვენ გარწმუნებთ, თუმცა ვიცი, რომ თქვენ ეს კარგად იცით, – ძალზე ძნელია. ყველაზე ხშირ შემთხვევაში ისტორია არის სასაფლაო ჩანასახშივე მკვდარი დაბადებისა, თავისუფლების უნიათო ნდომისა, აზროვნების დუნე სურვილისა, სიკვდილის, ღირსების, პატივის წადილისა, ისტორია არის სასაფლაო იმისა, რაც დარჩა არშობილ სულთა ენაში.

მაშ ასე, ამგვარ ექსპერიმენტს რაღაცის არდაბადებისა, მე ბოლომდე განვიცდიდი, როგორც ჩემს პირად გამოცდას; ამით მე მივხვდი, რომ ადამიანის მისწრაფება ესაა საკუთარი თავის რეალიზება. მაგრამ საკუთარი თავის რეალიზება ხდება მხოლოდ სამეტყველო სივრცით, არტიკულირებული სივრცით და ეს რეალიზება არის ჩვენი ამოცანა, საქმე (საკმაო დაგვიანებით რომ მოგვიწია) და მისი შესრულება. აქვე მე გამოვიყენებ დი პოლ ვალერის სიტყვებს: მთლიანი ადამიანი არ არის ადამიანში.

და სწორედ ეს იყო ჩემი იდეა; ადამიანის უდიდესი ნაწილი მისი ადამიანობის მიღმაა იმ სივრცეში, რომელზეც მე ვილაპარაკე და განვსაზღვრე, როგორც მეტყველების სივრცე. ნათქვამს დავამატებდი იმას, რომ ადამიანი არის მთლიანი ადამიანი. ამდენად, უნდა გქონდეთ მხნეობა და უნარი იმ ძალისხმევისა, რომლის სიმტკიცითა და ცხოველმყოფლობითაცაა დაღდასმული ევროპული აქტები, რათა ეს უკანასკნელი შეაჩეროთ და – დაიცადოთ: დაველოდოთ საკუთარ თავს იმავე ძალისხმევით.

კიდევ ვიმეორებ: ადამიანი არის მთლიანი ადამიანი. გმადლობთ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი