არასრულფასოვნების კომპლექსი

0
1463

კომპლექსი არღვევს ჩვენს ინტერპერსონალურ ურთიერთობებს, აუკუღმართებს მოვლენებისა და საკუთარი თავის ხედვას, ხელს გვიშლის არათუ მიზნის მიღწევაში – მის დასახვაშიც.

არასრულფასოვნების კომპლექსს შემდეგი ფაქტორები ქმნის:

ა) ორგანოთა დეფექტი – იგულისხმება ბავშვის სხეულის რომელიმე ნაწილის ან ორგანოს თანდაყოლილი თუ შეძენილი დეფექტი;
ბ) აღზრდა – აქ აღინიშნება ორი უკიდურესობა: მეტისმეტი სიმკაცრე და სიზარმაცის წამქეზებელი განებივრება. ბავშვის აღზრდის ამ ფორმებს ორგვარ შედეგამდე მივყავართ:
 „სამაგალითო“ ბავშვი, რომლის ქცევაში წამყვანია კონფორმიზმი და უსიტყვო მორჩილება. ასეთ ბავშვი მოზრდილ ასაკში უინიციატივო ხდება და უჭირს ცხოვრებისეულ სიძნელეებთან ბრძოლა და მათი გადალახვა;

მეამბოხე – დაუმორჩილებელი ბავშვი, რომელშიც მკვეთრადაა გამოხატული ამბიცია, სიჯიუტე და გადაჭარბებული მგრძნობელობა მარცხისადმი. ასეთ ბავშვებს მოზრდილ ასაკშიც, მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში, აღენიშნებათ გადაჭარბებული არასრულფასოვნების განცდა;

განებივრებას ყოვლისშემძლეობის გრძნობამდე მივყავართ. ასეთი ადამიანები მკაცრ ცხოვრებისეულ რეალობასთან შეხებისას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მათ სურვილებსა და მოლოდინებს, დეპრესიისკენ არის მიდრეკილები;

ოჯახური კონსტელაცია – მასში იგულისხმება ბავშვის ადგილის, როლის და სტატუსის თავისებურება (ობოლი, ერთადერთი ბავშვი, უმცროსი, ოჯახის მამაკაცების გარემოცვაში გაზრდილი ერთადერთი გოგონა და, პირიქით, და არასასურველი ბავშვი) და მისი ზეგავლენა ბავშვისა და მოზრდილის ხასიათის ჩამოყალიბებაზე;

სქესობრივი განსხვავება დიდ როლს თამაშობს არასრულფასოვნების კომპლექსის გაძლიერებაში. შეგნებულად ან შეუგნებლად, პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი ნაკლებად ფასობს. სქესობრივი განსხვავების სპეციფიკური დატვირთვა (მამაკაცური=ძლიერი, ფასეული; ქალური = სუსტი, ნაკლებადფასეული) წარმოშობს მამაკაცში ტენდენციას, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავისი უპირატესი პოზიცია შეინარჩუნოს, რასაც ყოველთვის თან ახლავს მამაკაცური პოზიციის დაკარგვის შიში, ხოლო ქალებში იმპოტენტურ შურს და მასკულინურ პროტესტს აღძრავს.

ამ უკანასკნელში იგულისხმება ქალის გაქცევა ქალურობისაგან და მისი მისწრაფება, გაუტოლდეს მამაკაცის, მამაკაცურ როლებს, რაც ვლინდება მამაკაცთან განუწყვეტელი შეჯიბრითა და პაექრობით. კომპლექსები განცალკებებულად კი არ მოქმედებენ, არამედ ქმნიან ერთმანეთთან დაკავშირებულ მთლიან ენერგეტიკულ ქსელს. 

ფსიქოანალიზის სხვადასხვა სკოლა, აგრეთვე, განასხვავებს: დედის, მამის, გმირის, ფულის, ფარისევლის, მეზვერის, განტევების ვაცის, ესავის, იუდას, უძღები შვილისა და სხვ. კომპლექსებს. ჩვენი კომპლექსის გამოსაცნობად საჭიროა დავაკვირდეთ საკუთარ ემოციებს და გავარკვიოთ:

1. თუ რა იწვევს ჩვენში ძლიერ ემოციებს;
2. როდის ვაკონტროლებთ ზედმეტად სხვა ადამიანებს;
3. რა პირობებში გადავდივართ უსაფუძვლო თავდაცვით პოზიციაში;
4. რომელ იდეას ვაქცევთ რიგიდულ დოგმად;
5. ვის და რის მიმართ ვართ ფანატიკურად განწყობილი;
6. როდის ვართ ზედმეტად ჯიუტი და ბრმად შეუვალი;
7. ვინ გვიყვარს, ვინ გვძულს და რა თვისებების გამო;
8. როდის ვხდებით შეუსაბამო და არაადექვატურები;
9. რის მიმართ ვავლენთ მოუთმენლობას, დაუფიქრებლობას და ვიქცევით ნაჩქარევად;
10. როდის ვართ ზედმეტად თავდაჯერებულები და არ ვუსმენთ სხვის აზრს;
11. რის მიმართ ვავლენთ ეიფორიას და როდის ვხდებით უკიდურესად რომანტიკულები;
12. რა ცხოვრებისეული გამოწვევა/პრობლემა გვანგრევს;
13. როდის ვხდებით აგრესიულები;
14. რა გვაიძულებს მოვიქცეთ ირაციონალურად, მაგ: ფულის უაზრო ფლანგვა, საკუთარ თავთან ლაპარაკი. 

ავტორი:პროფესორი რეზო კორინთელი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი