ალენ დელონი:,,ისეთ ადამიანს, როგორიც მე ვარ, არ პატიობენ თავისუფლებას”

0
758
25 წლის მანძილზე მუდამ იმას ვაკეთებდი, რაც მსურდა, როცა მსურდა და ვისთანაც მსურდა… აბსოლუტურ ძალაუფლებას ვფლობდი… დღეს ის აღარ გამაჩნია.”
და კიდევ: 
“ისეთ ადამიანს, როგორც მე ვარ, არ პატიობენ თავისუფლებას; მე ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი, რაც მავანთ შურს და სიძულვილს იწვევდა. ადამიანურად ეს გასაგებია… მე შემიძლია კინოს გარეშე ცხოვრება, ამისთვის 40 წელი ვემზადებოდი, ვიცოდი, რომ ჩემი დიდება ოდესღაც დასრულდებოდა, მაგრამ, რაც უფრო ხშირად ვამბობდი ამას, მით მეტად ვცდილობდი ჩემი საქმე გამეგრძელებინა. ასე რომ, თუ იძულებული გავხდები, გავჩერდე, ჩემი ღვაწლი მაინც დარჩება.
ჩემი ცხოვრება ხომ უამრავი ბედნიერი წამითაა სავსე!” 

ინტერვიუ ალენ დელონთან, ჟურნალი “პარი მატჩი”, 2004 წელი

– ზოგიერთი თქვენი კოლეგა ამტკიცებს, რომ ალენ დელონი არა უბრალოდ მსახიობი, არამედ ბევრად მეტი – მითია. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– შევეცდები, დავაზუსტო. მსახიობები ორ კატეგორიად იყოფიან: დიდ მსახიობებად და, უბრალოდ, მსახიობებად. მსახიობობა ჩვეულებრივი პროფესიაა, მისი შესწავლა შეიძლება. იქ, სადაც ჩვეულებრივი მსახიობები თამაშობენ, დიდი მსახიობები ცხოვრობენ. მე არა მხოლოდ მითს მიწოდებენ, არამედ – ვარსკვლავსაც. გეთანხმებით, ჩემი დიდება ნაციონალურ საზღვრებს გასცდა. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში მაღმერთებენ, რასაც ვერ ვიტყოდი საფრანგეთზე, რადგანაც ჩემს სამშობლოში უპირატესობას უიღბლოებს ანიჭებენ. მე ყოველთვის პირველობისკენ ვისწრაფვოდი, არა მარტო განდიდების მანიის გამო, არამედ შრომით და დამსახურებით, თუ გნებავთ.

მოკრივე რომ ვყოფილიყავი, მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდი. რაც შეეხება მითს, ეს მხოლოდ საზოგადოების გადასაწყვეტია. მისი საქმეა, შემოსოს თუ არა ვარსკვლავი მითიური საბურველით. ამ პროცესზე არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შემიძლია, თუმცა ვერც თავს მოვიკატუნებ და ვიტყვი, რომ მაყურებლის აღიარებას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს სიყვარული უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, რადგანაც ჩემს მითად აღიარებას პროფესიულ წარმატებებს ვუკავშირებ. მოსკოვის კინოფესტივალზე სწორედ პროფესიული მიღწევებისთვის გადმომცეს პრიზი და ეს ჩემთვის უდიდესი ჯილდოა.
– როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად ვიდს მიუძღვის ამაში წვლილი?
– ალბათ, დედაჩემს. მამაჩემი უცნაური ადამიანი იყო, ავანტურისტი, მუდამ სამუშაოს ეძებდა. მან მაშინ მიგვატოვა, როცა ოთხი წლის ვიყავი. ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სახლში, რომელიც ციხის პირდაპირ მდებარეობდა. ბავშვობაში ფანჯრიდან გისოსების გარდა ვერაფერს ვხედავდი; დედა მეორედ გათხოვდა, ცოლად ყასაბს გაჰყვა და კიდევ ერთი ბავშვი გააჩინა. იგი მუდამ კინომსახიობობაზე ოცნებობდა. ჩემი სიყვარული კინოსადმი სწორედ მისი დამსახურებაა. ანგელოზის გარეგნობა მქონდა, მაგრამ ბუნებით ეშმაკეული ვიყავი, გაკვეთილების გაცდენაში ვერავინ მჯობნიდა. როცა 14 წლის ასაკში ამერიკაში გაქცევა გადავწყვიტე, ამის გამო სკოლის დირექტორი სამსახურიდან დაითხოვეს, მე კი სკოლიდან “მგლის ბილეთით” გამომიშვეს. იძულებული გავხდი, ყასბობა მესწავლა. ამ დროს მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობდი – ამ სახლი-ციხიდან, რაც შეიძლება, შორს გავქცეულიყავი.
– იმის წარმოდგენაც კი საზარელია, რომ, შესაძლოა, ოდესმე ყასაბი ყოფილიყავით. და მაინც… მოახერხეთ სახლიდან გაქცევა?
– როცა ბავშვობიდან გრძნობ, რომ არავის სჭირდები, ამან არ შეიძლება, შენს პიროვნებას კვალი არ დაამჩნიოს. გარეგნულად არ იცვლები, მაგრამ გულში მთელი სიცოცხლის მანძილზე ტკივილს ატარებ. როცა ოჯახში განვაცხადე, რომ ინდოჩინეთში, ომში წასვლას ვაპირებდი, მშობლები მაშინვე დამთანხმდნენ; ერთი სული მქონდა, მათი სახლი დამეტოვებინა. 17 წლის ასაკში ჭკუა არ მოგეკითხება, მშობლები ვალდებულნი არიან, გაგიფრთხილდნენ. ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა, მადლობა ღმერთს, გამიმართლა – ომიდან ცოცხალი და უვნებელი დავბრუნდი. ბევრი ჩემი თანამებრძოლი კი უცხო მიწაზე დარჩა.
21 წლის შევსრულდი, გარშემომყოფები კი მხოლოდ 16 წელს მაძლევდნენ. სახეზე არ მეწერა, რომ ადამიანები მყავდა მოკლული. როგორ მინდოდა, დამეჯერებინა, რომ ბოლოსდაბოლოს ნორმალურ სამყაროში აღმოვჩნდი, მაგრამ ჩემს თანატოლებს, ჩემგან განსხვავებით, არასოდეს ჩაუხედავთ სიკვდილისთვის თვალებში. ისინი სულ სხვა, ჩემთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ. ინდოჩინეთის ჯუნგლებიდან იმიტომ გამოვედი, რომ პარიზის ჯუნგლებში ამომეყო თავი, რომელიც ბევრად საზარელი აღმოჩნდა. ოფიციანტად მუშაობა რომ დავიწყე, თავს ნაპირზე გამორიყული თევზივით ვგრძნობდი. რომ არა კინო, აუცილებლად ვიეტნამში დავბრუნდებოდი და პროფესიონალი სამხედრო გავხდებოდი.
– საბედნიეროდ თქვენი ცხოვრება ასე არ წარიმართა. რა როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებში შემთხვევითობამ?
უდიდესი. მე ვიტყოდი, ნებისმიერი კარიერისთვის შანსი აუცილებელია. მთავარია, მისი გამოყენება შეგეძლოს. ბედს კუდში უნდა სტაცო ხელი. ბედნიერებაა, როცა ახალგაზრდობაში გეძლევა შანსი, მაგრამ მსახიობის პროფესიაში მომხიბვლელი გარეგნობა გადამწყვეტი არ არის. ერთხელ ჩემმა პირველმა პროდიუსერმა თქვა ჩემზე: “ის ძალიან ლამაზია, ამიტომ კარიერას ვერ შეიქმნის”. და მე მთელი სიცოცხლე გარშემომყოფებსაც და საკუთარ თავსაც ვუმტკიცებდი, რომ მხოლოდ ლამაზი კი არ ვიყავი, არამედ – ჭკვიანიც…. გადასაღებ მოედანზე ქანცის გაწყვეტამდე ვმუშაობდი.
– კინოში მამაცი პოლიციელის არაერთი როლი შეგისრულებიათ. სინამდვილეშიც ასეთი უშიშარი ხართ?
40 წლის მანძილზე ვინ აღარ განმისახიერებია, მაგრამ დღემდე მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩემი გმირების თვისებებს მე მომაწერენ. ისინი ყოველთვის ისეთად აღმიქვამენ, როგორიც სინამდვილეში საერთოდ არ ვარ. არ მესმის, რატომ. ეს, ალბათ, ჩემი გარეგნობის ბრალია. ახალგაზრდობაში ჩემი თავი ძალიან ქალური მეჩვენებოდა, მაგრამ ქცევები მეტისმეტად უხეში და გამომწვევი მქონდა. ჩემს გარეგნობას მხოლოდ მაშინ შევეგუე, როდესაც ეკრანებზე ჩემი ერთ-ერთი ცნობილი ფილმი “აუზი” გამოვიდა. მაშინ 33 წლის ვიყავი და მოულოდნელად მივხვდი: ქრისტეს ასაკი, სამურაის სული და გმირი-საყვარლის გარეგნობა – აი, რაშია შეუსაბამობა, ამავე დროს სამსახიობო კოზირიც. ახლა, 70 წლის ასაკში, ყველაფერი წარსულშია. ქალების გულთამპყრობელი კაზანოვასგან მხოლოდ მოგონებები დარჩა.
– დაუჯერებელია!
– სწორედ ასეა. გოგონები წინანდებურად ხშირად მთხოვენ ავტოგრაფებს, მაგრამ, როგორც შემდეგ ირკვევა ხოლმე, არა თავისთვის, არამედ მათი დედიკოებისთვის.
– იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში ქალი, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დაგიყენათ?
– ბევრი ქალი მიყვარდა, მეც ბევრს ვუყვარდი. ვცდილობდი, ქალისთვის, რომელიც იმ მომენტში ჩემ გვერდით იყო, მთლიანად მიმეძღვნა საკუთარი თავი, მისთვის ყველაზე უკეთესი ვყოფილიყავი, მაგრამ სინამდვილეში ჩემ ცხოვრებაში მხოლოდ ოთხმა მათგანმა ითამაშა მთავარი როლი: ნატალი, ჩემი უფროსი ვაჟის, ენტონის, დედა არცთუ ურიგო მსახიობი დადგა. იგი ჩემთან ერთად მონაწილეობდა ფილმში “სამურაი”. ჩვენ მალე დავშორდით ერთმანეთს, სხვაგვარად არც შეიძლებოდა.
რომი შნაიდერი… როცა ერთმანეთი გავიცანით, იგი ოცი წლის იყო, მაგრამ უკვე პოპულარული მსახიობი გახლდათ. რომი გენიალური არტისტი იყო. ის კინოპავილიონებში გაიზარდა და ხშირად რეალურ და გამოგონილ ცხოვრებას ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებდა. კინოსტუდიებში თაყვანს სცემდნენ, შინ კი შეუვსებელი საგადასახადო უწყებები და შინამოსამსახურეებთან გაციებული ვახშმის გამო მორიგი ჩხუბი ელოდა. მისი რეალური ცხოვრების ტრაგედია გაცილებით დიდი იყო, ვიდრე კინორომანებისა…
მირეი დარკი – ჩვენ ერთად 15 წელი ვიცხოვრეთ და დღემდე ვმეგობრობთ. გვყავდა საყვარელი ძაღლი, მანიუ. როცა მირეი წავიდა, ძაღლი ჩემთან დარჩა, მაგრამ ძალიან დარდობდა, საჭმელს არ ეკარებოდა. მირეის გამოჩენისთანავე მანიუ გამოცოცხლდებოდა, გამხიარულდებოდა, მაგრამ მირეი წავიდოდა და ძაღლიც მოიწყენდა. ბოლოს სიმსივნე გაუჩნდა და მოკვდა. ჩემს სახლში მუდამ ბევრი ძაღლი ცხოვრობს. დამოუკიდებლად განსაკუთრებული ჯიშიც კი გამოვიყვანე. ისინი ავადმყოფ ბავშვებს მაგონებენ, რომლებსაც უფალმა მხოლოდ 10-14 წლის სიცოცხლე არგუნა…
– თქვენს მეოთხე ცოლზე არაფერი გითქვამთ…
– როზალიზე უბრალოდ ვერ ვილაპარაკებ, მას ვაღმერთებ, რადგან ორი ანგელოზი მაჩუქა – ანუშკა და ალენ-ფაბიენი. ბავშვებმა ჩემს ცხოვრებას ახალი აზრი შესძინეს და ჯადოსნური შუქით გაანათეს. ოჯახური კერა ჩემთვის წმიდათაწმიდაა და ასეთი სახლი – თბილი, მყუდრო, ხალისიანი, როგორც იქნა მეღირსა. როზალი ტელესტუდიაში გავიცანი. ის იქ საცეკვაოდ მიიწვიეს, მე კი… უნდა მემღერა! ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იტალიურ კომედიებში, მაგრამ ჩვენ დრო არ დაგვიკარგავს. ერთმანეთი ერთი ნახვით შეგვიყვარდა. და აი, ათი წელია ერთად ვართ (….ალენ დელონი დღეს კვლავ მარტოა. ის და როზალი ერთმანეთს დასცილდნენ).
– არც ისე დიდი ხნის წინ თქვენ და ჟან-პოლ ბელმონდომ ერთად ითამაშეთ ფილმში “ერთი შანსი ორისათვის”. რას იტყოდით თქვენი ერთობლივი მუშაობის შესახებ?
– ეს შესანიშნავი იყო. ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ.
– გადაღებების დროს ნერვიულობდით?
– გადაღებების წინ დიდხანს ვემზადები. შინაურებს ვთხოვ ხოლმე, თუ ამ დროს დამირეკავენ, მხოლოდ სასიამოვნო ამბები შემატყობინონ. ყოველთვის, როცა მესმის ბრძანება: “მოტორ!”, ვგრძნობ, რომ გული მიჩერდება, მაგრამ, როგორც კი სახეზე პროჟექტორების შუქს ვიგრძნობ, მაშინვე ვწყნარდები…. იწყება კორიდა! ბრძოლა! ჩემში მონადირის აზარტი იღვიძებს სულ სხვა საქმეა ტელევიზია.
როცა პუბლიცისტურ გადაცემებში ვმონაწილეობ ან პირდაპირ ეთერში ინტერვიუს ვიძლევი, ძალიან ვღელავ, მეშინია, მაყურებელი არ გავაწბილო. თუ იგი შენით აღფრთოვანებულია, უფლება არ გქვს, მოატყუო. აღფრთოვანება სიცოცხლის მოტორია. სამწუხაროდ, იმ ადამიანთა რიცხვი, ვისითაც აღფრთოვანებული ვიყავი, დღითიდღე მცირდება ისევე, როგორც მეგობართა წრე…
– ნუთუ მტკიცედ გადაწყვიტეთ, კინოს სამუდამოდ დაემშვიდობოთ?
– არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მე უკვე კინოისტორიის კუთვნილება ვარ. ჩემს ნამუშევართა რიცხვში 5-6 შედევრია, ამიტომ ძალიან, მეშინია, რომელიმე უინტერესო როლით მაყურებელს იმედი არ გავუცრუო. რაც შეეხება კინოსთან დამშვიდობებას, ამ შემთხვევაში, როგორც იტყვიან, კარს ღიად ვტოვებ: თუ ნიკიტა მიხალკოვი ან ლუკ ბესონი მიმიწვევენ თავის ფილმებში, შეიძლება გადაწყვეტილება შევცვალო. ასეთ ტალანტებს უარს როგორ ვეტყვი?! – ჯერ ისევ სრულ ჭკუაზე ვარ!
თარგმანი:ალექსანდრე ელერდაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი