ფილოსოფია ცნობიერების შესახებ

0
399

ადამიანის ცალსახად განმარტება შეუძლებელია და კანტი სწორი გახლდათ, როდესაც განაცხადა, რომ ფილოსოფიის ყველა ძირითადი საკითხი დადის ერთზე – „რა არის ადამიანი?“ ამ პრობლემას იკვლევს ფილოსოფიის ფუნდამენტური მიმართულება – ანთროპოლოგია.

XX საუკუნის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის წარმომადგენელი მაქს შელერი თვლის, რომ არც ერთ ეპოქაში ადამიანის წარმოშობისა და ბუნების შესახებ წარმოდგენები არ ყოფილა ისე მრავალფეროვანი და განუსაზღვრელი, როგორც ჩვენს დროში. ძალამ, რომელმაც შექმნა ადამიანი, მასვე დაუსახა პრობლემა, გარკვეულიყო საკუთარ არსში. ადამიანი არის სხეულისა და სულის ერთობა. სხეული ბიოლოგიური სისტემაა და ბიოლოგიური კანონზომიერებებით არსებობს. დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმებისაგან განსხვავებით ადამიანს გააჩნია სული. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის არსზე, ფაქტობრივად, იგულისხმება პრობლემა, რა არის სული.

თანამედროვე ფილოსოფოსები და განსაკუთრებით XX და XXI საუკუნის მოაზროვნეები (თეოლოგების გამოკლებით) ამ პრობლემას გვერდს უვლიან. სულის მეტად რთული პრობლემა ფილოსოფოსებმა შეცვალეს შედარებით მარტივი, ცნობიერების ცნებით. ფილოსოფოსები სულის ნაცვლად საუბრობენ ცნობიერებაზე, აზროვნებაზე, ინტელექტსა და პიროვნებაზე, რომელიც სულის გამომხატველია. რეალურად ეს ცნებები რთული გასაანალიზებელი აღმოჩნდა და ამიტომაც მათგან რეალურ შედეგს არ უნდა ველოდოთ.

კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში მრავალი მოაზროვნე ცდილობდა გარკვეულიყო საკუთარი ინტელექტის მოქმედების ნეიროფსიქოლოგიაში. ინტელექტის მოქმედება ცნობიერების გარეშე შეუძლებელია. ყველას კარგად გვესმის, რას ვგულისხმობთ ცნობიერებაში, მაგრამ გვიჭირს ამის გადმოცემა. მაგალითად, ლოკის მიხედვით ცნობიერება არის იმის აღქმა, თუ რა ხდება ადამიანის გონებაში. აღქმა კი სუბიექტურია, ამიტომაც არ არსებობს ცნობიერების მეცნიერული განმარტება. ცნობიერების პრობლემა ჩნდება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის XVI საუკუნეში ეგვიპტურ „მკვდართა წიგნში“, რომელიც თავის მხრივ ემყარება გაცილებით ადრეულ ინფორმაციას.

თერთმეტი საუკუნის შემდეგ ბერძენმა ფილოსოფოსმა სოკრატემ (470–399 ძვ.წ.აღ) თავის მოწაფეებს ჩამოუყალიბა სამი მარადიული შეკითხვა, რომლებსაც განუწყვეტლივ იმეორებენ მომდევნო თაობები: „რა არის ცოცხალი? რა არის სული? რა არის ცნობიერება?“  ანაქსაგორამ (დაახ. 500–428 ძვ.წ. აღ.) ცნობიერება ასე განმარტა:,,უსაზღვრო, თვითმართვადი, შეურევადი სუბსტანცია. იგი არის მოძრაობის საფუძველი და აუცილებელი ნაწილი ყველა იმ ცოცხალისა, რომელსაც გააჩნია ადამიანისა და ცხოველის მსგავსი თვისებები“.

მისი აზრით, ცნობიერება არის გაფართოებული ინტელექტი, რომელიც მართავს კოსმოსის მოძრაობას. არისტოტელე (384–322 ძვ.წ.აღ) ცნობიერებასა და სულს განიხილავს ორ სხვადასხვა ფორმად და ცნობიერებას უფრო მაღლა აყენებს. იგი ამბობდა: „დღემდე ჩვენ არაფერი ვიცით ცნობიერების შესახებ, ანუ იმის შესახებ, თუ როგორ ვაზროვნებთ“. ცნობიერება სულის განსაკუთრებული გამოვლინებაა და განსხვავდება ყველა ფსიქიკური პროცესისაგან.

არისტოტელე თვლიდა, რომ ჩანასახს ადრეულ პერიოდში აქვს ვეგეტატური სული, რომელიც მოგვიანებით გადადის გრძნობად სულში და დაბადების წინ შთაენერგება ღმერთისეული, გონივრული სული. მოგვიანებით არისტოტელეს მოსაზრება გაიზიარა თითქმის ყველა დასავლურმა ფილოსოფიურმა სისტემამ.

ფილოსოფია ფსიქიკასა და ცნობიერებას განიხილავს მეტაფიზიკური თვალსაზრისით. ცნობიერების არსში გარკვევისათვის საჭიროა იმ საკითხების ცოდნა, თუ რას გულისხმობენ ფილოსოფოსები მეტაფიზიკის საფუძვლებში. მეტაფიზიკური ტრადიციების ძირითადი ელემენტები სისტემატიზებულია ავსტრიელი ფილოსოფოსისა და თეოლოგის ემერიხ კორეტის  მონოგრაფიაში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვ. ვასილიევი თავის მონოგრაფიაში განიხილავს ცნობიერების ფილოსოფიის XVIII საუკუნის ძირითად ევოლუციურ ტენდენციებს. დაინტერესებული მკითხველი საინტერესო ინფორმაციას მოიპოვებს გ. ჰანტის და ჰ. მანტელის  შრომებში.

XVI საუკუნის დიდმა ფილოსოფოსმა, მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა და ფიზიოლოგმა რენე დეკარტმა განაცხადა, რომ ადამიანში რეალურად არის დაკავშირებული უსულო სხეულის მექანიზმი ნებისყოფის მქონე სულთან. დეკარტი თვლიდა, რომ სხეული და სული ურთიერთქმედებენ და არ წარმოადგენენ წყვილ ორგანოს. დეკარტმა ფიზიოლოგიაში ჩამოაყალიბა სამოძრაო რეაქციების სქემა, რომელიც რეფლექსური აქტის ერთერთ პირველ მეცნიერულ აღწერას წარმოადგენს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დეკარტის მატერიალისტური ფიზიოლოგია წინააღმდეგობრივად ერწყმის მოძღვრებას სულის არამატერიალურობაზე. მისი შეხედულებით სულის არსება აზროვნებაშია.

დეკარტი იზიარებდა დებულებას – „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“. დეკარტი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ფსიქიკური და ფიზიკური აბსოლუტურად განსხვავებულია. მტკიცება იმისა, რომ სული სხეულზეა დამოკიდებული, ფილოსოფიაში ცნობილია, როგორც კარტეზიანული დუალიზმი. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება ცნობიერების კვლევა ჰემისფეროგაყოფილ ადამიანებში. ამ კვლევებმა წარმოშვა ახალი კითხვები «სხეულისა და სულის» პრობლემის გარშემო. თუ ქირურგის დანას შესწევს ძალა გაყოს ცნობიერება ორად ერთ პიროვნებაში, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ცნობიერება ტვინის მოქმედების შედეგია.

ამ პრობლემას ფილოსოფიურ ასპექტში განიხილავს გუსტავ ფეხნერი, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებლად მიიჩნევს. ფეხნერი ცნობიერებას ჰემისფეროთა ატრიბუტად განიხილავდა. იგი თვლიდა, რომ ტვინის მთლიანობა ცნობიერების მთლიანობის აუცილებელი პირობაა. ფეხნერის აზრით, თუკი მოხერხდებოდა ტვინის ორ ნაწილად გაყოფა, ეს ცნობიერების გაორმაგებას გამოიწვევდა. ფეხნერი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჰემისფეროთა გაყოფა შეუძლებელი იყო. იმ პერიოდისათვის ასეთი კვლევა «თეორიულ ექსპერიმენტად” ითვლება.

ფეხნერის შეხედულება ცნობიერებაზე ვერ ასცდა კრიტიკას. ბრიტანული ფსიქოლოგიური საზოგადოების დამაარსებელი უილიამ მაკდუგალი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჰემისფეროთა გაყოფა გავლენას ვერ მოახდენდა ცნობიერებაზე. მაკ-დუგალი იმდენად იყო დარწმუნებული თავის შეხედულებათა სისწორეში, რომ მზად იყო, თუკი მას უკურნებელი სენი შეეყრებოდა, კორძიანი სხეული გადაეკვეთა. მაკ-დუგალს არ მიეცა საშუალება ექსპერიმენტულად დაემტკიცებინა თავის შეხედულება. ფეხნერი კი შეუძლებლად თვლიდა ასეთი ცდის ჩატარებას. საკითხები, რომლებიც ამ ორმა მეცნიერმა დააყენა, ასი წლის შემდეგ გადაიჭრა.

ავტორი:სულხან ცაგარელი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი