4 C
Tbilisi
კვირა, დეკემბერი 8, 2019

ტრადიციული და თანამედროვე განათლების შტრიხები

0
439

ჯონ დიუი (1859-1952) ამერიკელი ფილოსოფოსი, ფიქოლოგი და განათლების სპეციალისტი, ინსტრუმენტალიზმის (პრაგმატიზმის მიმდინარეობა) ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი,  პროგრესივისტული განათლების პრინციპების აქტიური იდეოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორთა ამერიკული ასოციაციის დამფუძნებელი.

დიუი, თავის ნაშრომში „განათლება და გამოცდილება“ (1938) ემიჯნება პროგრესივიზმის ერთ-ერთ მთავარ მოტივს, რომ მაქსიმალური თავისუფლება მოსწავლეებს მაქსიმალური თვითრეალიზებისა და შეცნობის საშუალებას აძლევს. მისი აზრით აქ ირღვევა გამოცდილების მიღების მთავარი პრინციპი. გამოცდილება რომელსაც ჩვენ ვიღებთ განმსაზღვრელი გახდება ჩვენი მომავლის. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ის ფორმა, რომლითაც ჩვენ ეს გამოცდილება მოგვეწოდება. შესაბამისად მასწავლებლის მიერ მომავალი გამოცდილების დაგეგმვა და მოსწავლის წინარე გამოცდილება განსაზღვრავს მის მომავალს. შესაბამისად მნიშვნელოვანია არა იმდენად თავისუფლება, არამედ თავისუფლება, რომელიც სპეციალურად ორგანიზებულ გარემოში პოვებს პრაქტიკას.

ჯონ დიუი გვთავაზობს საგანმანათლებლო-აღმზრდელობით თეორიას, რომლის ამოსავალი წერტილი არის ზრდა, განვითარება, თვითრეალიზაცია, თავისუფლება და დემოკრატია. მოდით განვიხილოთ დიუის მიერ ერთმანეთისგან განსხვავებული 2 ტიპის საგანმანათლებლო სისტემა და უკეთ დავინახავთ ამ სიტყვების მნიშვნელობას თითოეულ მათგანში.

დიუი ტრადიციულ და პროგრესულ სკოლებს ერთმანეთისაგან განასხვავებს. ტრადიციული სკოლა მკაცრია, ფრიგიდული, ბიუროკრატიული, გაწერილი, უცვლელი წესებით, რომლისგან გადახრაც არ შეიძლება, მასში მოსწავლე ვალდებულია თავად მოერგოს სკოლას და არა სკოლა მოერგოს მას, ეს კი თავისთავად ართმევს მოსწავლეს თავისუფალ ნებას, თვითაქტუალიზაციის შესაძლებლობას და მის გონებას უქვემდებარებს მასწავლებლის თუ სხვა აღმზრდელის მიერ დადგენილ სტანდარტებს, რომლისგან გადახრაც სასტიკად ეკრძალება.

მას ევალება შეითვისოს მხოლოდ ის რაც წიგნებში წერია, რაც წარსულის გადმონაშთია და არ იფიქროს ცვლილებაზე, გაჰყვეს მხოლოდ ამ გზას და არ შეცვალოს მისი მიმართულება, არ აქვს უფლება იყოს საკუთარი თავის „ბატონ-პატრონი“, ტრადიციული განათლების თანახმად ბავშვის მომავალზე ფიქრი ისედაც იგულისხმება, როდესაც ის სწავლობს სტანდარტულ მასალას, რომელიც მას აძლევს საშალებას გადავიდეს კლასიდან კლასში და საბოლოოდ დაამთავროს სკოლა, ხოლო სკოლის შემდეგ მის ცხოვრებაზე ასეთი განათლება იხსნის პასუხისმგებლობას.

ტრადიციული განათლება ყველა ბავშვზე ერთნაირი პრინციპითაა მორგებული და არც ცდილობს თითოეული ბავშვის უნარ-შესაძლებლობების, გრძნობების, პიროვნული მახასიათებლებისა თუ მიდრეკილებების შეფასებას, ის თითოეულ მათგანს სტანდარტული წესით ასწავლის და მისთვის უცხოა ინდივიდუალური მიდგომის გამოყენება თითოეულ ბავშვთან.

ხომ შესაძლებელია, რომ ის, რაც ერთისთვის მისაღები და მარტივად შესათვისებელია, სხვისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს და ვერ ახერხებდეს ტიპიურად დასწავლას? ზუსტად, ამ პრობლემების წინაშე დგას ტრადიციული მიდგომა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ განათლების პროცესში გამოცდილების გადაცემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, ტრადიციული მიდგომა ამ მხრივაც ჩიხში შედის; უფრო გამოცდილი თაობისგან გამოცდილების მიღება მოსწავლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რა ფორმით გადასცემს უფროსი ბავშვს ამ გამოცდილებას. გამოცდილება, რომელიც წინა გამოცდილებას არ ეფუძნება და შემდეგ გამოცდილებას საფუძვლად არ ედება გვიკარგავს ყოველგვარი განვითარების შესაძლებლობას.

რას აკეთებენ ამ დროს მასწავლებლები? როგორც წესი, ბავშვებს გადასცემენ საკუთარ გამოცდილებას, რომელიც შევიწროვებულია ერთი კონკრეტული, მათი სპეციალობის მიმართულებით და ასწავლიან წინა თაობების, წარსულიდან შემონახული გამოცდილების საფუძველზე, მოხდება კი ამით რაიმე ცვლილების გამოწვევა? შეიცვლება კი რაიმე ახალ თაობაში? თუ ისიც ისეთივე „დაპროგრამებული რობოტი“ უნდა იყოს, როგორებიც წინა თაობის, იმის წინა თაობის და ასე დაუსრულებლად სხვა ბავშვები?

ამით თითქოს თითოეულ ბავშვს ვაჭედებთ ერთ ადგილზე და არ ვაძლევს მოძრაობის, ზრდის და სხვა, მისთვის სასურველი გზის ცვლის მიმართულებას, ვძერწავთ მის თვალსაწიერს შეძღუდულ ჩარჩოებში და მის რეალურ ნიჭსა და უნარებს არ ვაძლევთ რეალიზაციის საშუალებას, ვქმნით სტატიკურ პიროვნებას, რომელსაც ვართმევთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და საკუთარი ნების უფლებას.

ტოტალიტარული რეჟიმისთვის სწორედ ამ ტიპის განათლებაა მისაღები, ის ხომ ცდილობს საზოგადოების ყველა სფეროზე მოიპოვოს კონტროლი და ჩარევის შესაძლებლობა? ის ცდილობს ბავშვები ერთი მიმართულებით განვითარდნენ, დაექვემდებარონ წესებს, რომელთა მნიშვნელობაც ზოგჯერ არც კი აქვთ მათ გაცნობიერებული, სკოლა ბიუროკრატიას ჰგავს, სადაც ყველა ერთნაირია, ყველას აზროვნება ერთ დონეზეა დაყვანილი, ასეთ რეჟიმს სჭირდება ადამიანები, რომლებიც იქნებიან კონფორმულები, ხმას არ ამოიღებენ უკმაყოფილების დროს, ბრმად დაემორჩილებიან დადგენილ „ცივ“ წესებს და გახდებიან ჩვეულებრივი „რობოტები“, არ იარსებებს ინდივიდუალობა, უნიკალობა, პიროვნება, ყველა ადამიანი იქნება „მექანიზმი“, რომელშიც დებენ მექანიზმს და მას ევალება უბრალოდ ამ მექანიზმის მოქმედებას მიჰყვეს და შეწყვიტოს ყოველგვარი შინაგანი აქტივობა, ზრდა, განვითარება; მასში არ უნდა არსებობდეს არაფერი პირადული, სხვებისგან განსხვავებული და ყველას მსგავსი უნდა იყოს.

და რა ხდება პროგრესულ განათლებაში? აქ შედარებით კარგი სურათია, ყველა ბავშვი იღებს განათლებას თავისუფალი არჩევანის, შეუბოჭავი მსჯელობისა და საკუთარი ნების შესაბამისად; განათლების მიღების დროს გათვალისწინებულია თითოეული ბავშვის ინდივიდუალური უნარები, მიდრეკილებები, შესაძლებლებლობები, სურვილები, ესე იგი თითოეულ ბავშვს გააჩნია მისთვის მისაღები მეთოდით ცოდნის მიღების შესაძებლობა.

მასწავლებელი არის ცოდნისა და გამოცდილების არა სტატიკური სახით გადამცემი, არამედ ბავშვს შეუძლია საკუთარი მოსაზრება თითოეულ საკითხზე გამოთქვას, ცვლილებები შეიტანოს, გააკრიტიკოს. მოსწავლე არაა მოწოდებული წარსულში შექმნილი მასალა უბრალოდ დაისწავლოს, არამედ შეუძლია რაიმე ახალი, ინოვაციური იდეა განავითაროს მის გარშემო, ის თავისუფალია, იდენტერმინირებულია, შეუძლია თავად იყოს საკუთარი აზროვნების კონსტრუქტორი, მისი წარმმართველიდა არავინ ცდილობს მისი აზროვნება რაღას სტანდარტებს დაუქვემდებაროს და რაღაც ჩარჩოებში მოამწყვდიოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიდგომაში ისაა, რომ ბავშვი არ ითვისებს მასალას, როგორც „ინფორმაციის უბრალო გენერატორი“, მას აქვს საშუალება ამ მასალის ტრანსფერი მოახდინოს იმ სიტუაციებშიც, რომელიც სკოლის გარეთ ხვდება, იმ სიტუაციაში, რომელსაც მისი ცხოვრება ეწოდება, ეს ცოდნა სცილდება სკოლის კედლებს და ბავშვს მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებს, მას არ აჯაჭვებს წარსულსა და აწმყოს, მას განვითარების, ზრდისა და თვითაქტუალიზაციისაკენ უხსნის გზას. ობიექტური ფაქტორები (იქნება ეს წიგნები, კალმები, დაფები თუ ა.შ.) სწორედ სუბიექტურთან (მოსწავლის შინაგან წყაროებთან, გრძნობებთან, შესაძლებლობებთან) უნდა მოვიდეს თანხვედრაში, რათა ბავშვმა სწავლის პროცესით სიამოვნება მიიღოს, რაც გამორიცხულია ტრადიციულ მიდგომაში.

სწავლის პროცესი კი ითვალისწინებს მოსწავლის აქტუალური განვითარების
ზონას (რაც ბავშვს ახლა დამოუკიდებლად შეუძლია) და სწორედ მასზე აშენებს უახლოესი განვითარების ზონას (რასაც ბავშვი ახლო მომავალში თავად შეძლებს) ბავშვი რაც მთავარია მასწავლებლისა თუ სხვათა გამოცდილებას არ იღებს უპირობოდ და შეუძლია მასში ეჭვიც შეიტანოს, გააკრიტიკოს, იმსჯელოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს მიიღოს თუ არა. 

მიუხედავად იმისა, რომ პროგრესული განათლება იდეალურად გვესახება და მას დიდ უპირატესობას ვანიჭებთ ტრადიციულთან შედარებით, მის წინაშეც დგას გარკვეული გამოწვევები, პირველი და უმთავრესი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, თუ რა მეთოდით, რა საშუალებებითაა შესაძლებელი მისი დანერგვა საგანმანათლებლო პროცესში, მაინც რამდენი დროს დასჭირდება მის მიღებას, მაშინ, როცა სკოლებში ტრადიციული სწავლება ჰყვავის?

იქნებ უარვყოთ გამოცდილების გადაცემაც, რომელსაც მასწავლებლები გადასცემენ ბავშვებს, ხომ შეიძლება მათ ამ გამოცდილებით თავისუფლება და საღი აზრი დაუმახინჯონ? რაღაც ჩარჩოებში მოაქციონ? და ამ შემთხვევაში, რა უნდა იყოს ის საფუძველი, რომელზეც ბავშვების მომავალი ცხოვრება უნდა დაშენდეს?

ან იქნებ ბავშვებს არავინ სჭირდებათ საერთოდ, რადგან თავად უნდა მართონ საკუთარი აზროვნება, და მაშინ საერთოდ რა საჭიროა სკოლა? იქნებ სკოლებში არცაა საჭირო წესრიგი და თავსმოხვეული ბიუროკრატია? და მაშინ ვინაა პასუხისმგებელი იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ გაურკვევლობასა და ქაოსს? იქნებ დაუსრულებებლმა ცვლილებათა დინამიკამ საბოლოო ჯამში დესტრუქციამდე მიგვიყვანოს?

ზოგჯერ თავისუფლება იმპულსურ მოქმედებებთანაც იგივდება არასწორად, ამ დროს ადამიანი აკეთებს იმას, რაც მას სურს, არ გადაავადებს საკუთარ სურვილებს და იმწამშივე ცდილობს მის დაკმაყოფილებას, რა წამშიც მისი მოთხოვნილება უჩნდება, უარს ამბობს მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებაზე და შედეგების „გამოთვლაზე“, ეს არასწორი გაგებაა, თავისუფალი ადამიანი ნებელობით მოქმედებს, მას შეუძია საკუთარი ქცევების რეგულაცია, მომავალში გახედვა და ამის საფუძველზე ქცევის განხორციელება, სწორედ იმ ქცევის, რომელიც რაციონალურად, საღი აზრის დონეზე მიიღო.

ან არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ბავშვები სრულიად საკუთარ ნებას არიან მინდობილნი, არავინ ფიქრობს, მათ რაიმე მითითება მისცეს, რაიმე გაუზიაროს საკუთარი გამოცდილებიდან, რადგან მიიჩნევა, რომ ეს მათ თავისუფლებას საზღვრებში მოაქცევს, ესეც უდიდესი პრობლემაა.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ პროგესული განათლება უამრავ ბარიერს აწყდება, რაც მას ხელს უშლის წინააღმდეგობა გაუწიოს ტრადიციულ განათლებას, რომელიც ღრმადაა ფესვგადგმული დღევანდელ რეალობაში. პროგრესული განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია გამოცდილებით სწავლა და თავისუფალი მოქმედება, რასაც ზემოთ უკვე შევეხეთ, გამოცდილებით სწავლა ისევე როგორც ტრადიციულ განათლებაში, პროგრესულ განათლებაშიც უმთავრესია, მაგრამ აქ მთავარია თუ როგორ მოხდება ეს, პროგრესულ განათლებაში გამოცდილება ადამიანის მომდევნო გამოცდილების საფუძველია, ის ხსნის გზას, რათა შემდეგი გამოცდილება მასზე დაშენდეს, ის ადამიანს აძლევს შესაძლებლობას აწმყო და წარსული მომავლად აქციოს, განსაზღვროს თავისი შემდგომი მოღვაწეობა.

გამოცდილებით სწავლა არ გულისხმობს სხვის გამოცდილების უცვლელი, სტატიკური სახით მიღებას, სხვა ადამიანის გამოცდილება ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ გამოვიყენოთ, როგორც ერთგვარი იარაღი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი საკუთარი გამოცდილება ჩამოვაყალიბოთ, შევცვალოთ, რეკონსტრუირება გავუკეთოთ.

პროგრესული განათლებისთვის მნიშვნელოვანია „კეთებით სწავლის“ ტერმინი, რაც გულისხმობს, რომ სწავლის პროცესში მოსწავლე აქტიურად თავადვეა ჩართული, თავად იძენს გამოცდილებას პრაქტიკული მოქმედებების წყალობით, რაც ამ მიდგომას განასხვავებს მთლიანად თეორიაზე აგებული ტრადიციული მიდგომისაგან.

ხოლო რაც შეეხება თავისუფლების ინდიკატორებს აქაც გარკვეული პრობლემები ჩნდება, რაზეც წემოთაც ვისაუბრე, ყველას სხვადასხვაგვარად ესმის თავისუფლება, ყველა სხვადასხვაგვარად უყურებს მას და ესეც ერთგვარ ბარიერს ქმნის, თავისუფლება არ მოიცავს სრულ ინდეტერმინიზმს, ეს სრულ ქაოსამდე მიგვიყვანდა, აქ მხოლოდ იგულისხმება ის, რომ მოსწავლე თავადაა აქტიურად მოქმედი საკუთარი განათლების მიღებაზე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი

error: კონტენტი დაცულია!