ტკივილისა და სასოწარკვეთის ფასად ხდება თვითგანწმენდა

0
1372

აღმოსავლური და დასავლური თეოლოგიურ ფილოსოფიური აზროვნებათა მიმართებები

ლიტერატურასა თუ მითოსში ასახული სულიერი ადეპტის სიყვარულისკენ სწრაფვა და საკრალური ქორწინება სიმბოლოა სიბრძნისა და სიყვარულის ქორწინებისა, პირველადი, განუყოფელი, დაუნაწევრებელ მდგომარეობაში დაბრუნებისა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ადამიანი ორ ურთიერთსაწინააღმდეგო, ქალურ და მამაკაცურ პრინციპად გათიშული. “ინიციაცია- წერდა ზვიად გამსახურდია – არის არა მხოლოდ გზა დაკარგული სამოთხისაკენ, ცხოვრების ხისაკენ, ღვთაებრივი რეალობისკენ, არამედ აგრეთვე პირველადი ანდროგენის რეინტეგრაციისაკენ, რაც ნიშნავს სულისა და სამშვინველის, ანიმუსისა და ანიმას კვლავ შერწყმას”.

დანტეს ბეატრიჩე, ისევე როგორც ჰომეროსის პენელოპა და რუსთაველის ნესტან-დარეჯანი, სიმბოლოა დაკარგული სულის, შინაგანი ადამიანის, რომლის პოვნისა და რომელთან მისტიური  შეერთების გარეშეც ვერც ერთი გმირი ვერ მიაღწევს უმაღლეს, ჭეშმარიტად უნივერსალურ მდგომარეობას, ვერ იქცევა ერთ მთლიან პიროვნებად და ვერ ეზიარება ჭეშმარიტებას.

იგივე ტენდენციებს ვაწყდებით სუფისტურ აზროვნებაშიც. სუფიზმი იშვა არაბეთში და ფართოდ გავრცელდა მთელს ისლამურ სამყაროში. დღეს მრავალი მკვლევარი მიიჩნევს, რომ დასავლეთ ევროპის შუასაუკუნეთა ლიტერატურასა და ფილოსოფიაზე უდიდესი გავლენა, არაბულმა მწერლობამ და მეცნიერებამ მოახდინა. სუფისტურმა ასკეტიზმმა, წერდა ზ.გამსახურდია, რომელიც აღმოცენდა არაბეთის ქრისტიანი ბერების გავლენით, შექმნა ეროტიული პოეზია, სადაც მიჯნური არის სიმბოლო ღვთისა, საღვთო სიბრძნისა და მისდამი ვნება, ალეგორიულად განასახიერებს სულის მისტიურ შერთვას ღმერთთან.

სუფიზმის მიხედვით, ადამიანი, არის მთავარი არსება და ევოლუცია მისგან იწყება. ადამიანმა უნდა სრულყოს თავისი თავი, უნდა ამაღლდეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებამდე და დაუბრუნდეს თავის საწყის მდგომარეობას. ხილული სამყარო არის გარკვეული ეტაპი, გზა ზე-ცნობიერისკენ, რომელიც საკუთარი თავის განწმენდით, სურვილებისა და ვნებების დათრგუნვით უნდა გაიაროს. სუფიები ამბობდნენ, რომ ყოველი ადამიანი, მდიდარია ის თუ ღარიბი, თანასწორია, რადგანაც თანაბრად ატარებს ღვთაებრივ საწყისს. რეალური სამყარო, „დაბალი მშვენიერებაა”, რომელიც აბსოლუტური მშვენიერებისკენ ისწრაფვის. სუფიები სამყაროს მოიაზრებენ როგორც ერთი ღმერთის ნაწილს და ვინაიდან ღმერთი ერთ მთლიანობაა, ყოველი მისგან გამოსული, მთელს უნდა დაუბრუნდეს. არაბი პოეტი, ჯებრან ხალა ჯებრანინი, ასე მიმართავს ღმერთს: „ო, ყოვლისმცოდნე, ბრძენო ღმერთო. მე შენი გუშინდელი დღე ვარ, შენ ჩემი ხვალინდელი დღე. მე შენი ძარღვები ვარ მიწის სიბნელეში, შენ ჩემი ყვავილები ზეციურ ნათებაში. ჩვენ ერთად ვიზრდებით მზის სხივთა ქვეშ”.

საინტერესოა მ. ბულგაკოვის („ოსტატი და მარგარიტას” მიხედვით) ხედვა, სულში არსებული სინათლისა და სიბნელის მარადიული დრამისა და დაპირისპირების.  ვოლანდი, რომელიც სიმბოლოა სულის ბნელი მხარისა, არაცნობიერის წყვდიადით მოცული სფეროსი, გარკვეულწილად სამართლიანობის პრინციპით მოქმედებს. დამსჯელად ევლინება სულიერად გადაგვარებულ, ამაოებაში ჩაფლულ, სიხარბითა და  ანგარებით დაბრმავებულ ადამიანებს, ხოლო ოსტატსა და მარგარიტას, ვინც მსხვერპლია არსებული, მახინჯი საზოგადოების შურისა და გულგრილობის,  პირიქით ეხმარება, რათა, მათ საბოლოოდ ერთმანეთი იპოვონ და ნანატრი სიმშვიდე დაიბრუნონ.

ბოროტება (იგივე სატანა) არ არის რაღაც განყენებული, ცალკე არსებული ენერგია, რომელიც ქაოსურად მოქმედებს. იგი ადამიანის სულში არსებული ბნელი მხარეა, რომლის ქმედება და ზოგადად არსებობა, მთლიანად დამოკიდებულია კონკრეტული ინდივიდის, სულიერი განვითარების კოეფიციენტზე.

სანამ თვითშემეცნებისა და გაცნობიერების პროცესი დაწყებული არ არის, ადამიანი არ ცდილობს საკუთარი არსებობის გააზრებას, მანამდე სინათლე და სიბნელე თითქოს თანამიმდევრულად და რაღაც გარკვეული კანონზომიერებითაც კი მოქმედებენ. სიკეთე და ბოროტება, წერს ს. ვივეკანანდა, ერთნაირად მოქმედებს ადამიანის ხასიათის ფორმირებაზე. გარკვეულ შემთხვევებში უბედურება გაცილებით ბევრს ასწავლის ადამიანს, ვიდრე ბედნიერება. დიდი ადამიანების ცხოვრებაზე დაკვირვებისას, აღმოაჩენთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ისინი უფრო გამოაწრთო უბედურებამ და სიღატაკემ, ვიდრე ბედნიერებამ და კეთილდღეობამ. ბედის უკუღმართობამ უფრო გააღვივა მათში შინაგანი ცეცხლი, ვიდრე ქება-დიდებამ.

სწორედ ტკივილისა და სასოწარკვეთის ფასად ხდება თვითგანწმენდა და, რაც მთავარია, ადამიანის გამოფხიზლება, რათა ამ უკანასკნელმა გამოიღვიძოს საღათას ძილისგან და გაიაზროს საკუთარი არსებობის არსი და მიზანი ამ სამყაროში. ვიდრე იგი სურვილების, ვნებებისა თუ ათასი მანკიერების მონაა, მანამდე ვერ გათავისუფლდება ეშმაკის კლანჭებისგან და უბედურებაც მისი თანამდევი იქნება მუდამ.

დიდი ქრისტიანი მამა წმ. ისააკ ასური წერდა: „თუ კაცი ვნებებს ვერ დასძლევს, ისე მშვიდობას ვერ მოიპოვებს, და თუ მშვიდობა არ აქვს, ვერც მის ნაყოფს იგემებს. რამეთუ ვნებები სულის დაფარულ სათნოებებს კედლებივით ეღობებიან, და თუ ეს კედელი ხილული სათნოებებით არ დაეცა, ისე ფარული სათნოებები არ გამოჩნდება. ვინც გალავნის გარეთაა, ვერ იცხოვრებს გალავნის შიგნით მყოფთან ერთად, და როგორც მზე არ ჩანს ნისლში, ისევე არ ჩანს სულიერი სათნოება, ვიდრე ვნებათა შფოთი არ დაცხრება.”

მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი დაიწყებს საკუთარი თავის შემეცნებასა და თავისი არსის ძიებას, პირისპირ შეხედავს ყველა ნაკლსა თუ არასრულფასოვნებას, სიბნელე მეტად აღარ იქნება სიბნელე და ბოროტება ბოროტება. ესაა ცნობიერისა და არაცნობიერის ინტეგრაციის დასაწყისი და მათი ურთიერთდიალოგი, სადაც ცნობიერი მხარე იწყებს არაცნობიერის სრულ გაცნობიერებას და იქ არსებული ყველა კომპლექსის სურვილისა თუ ამბიციის თავიდან ბოლომდე გაგებასა და გააზრებას, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს მათ ნელ-ნელა გაუჩინარებას, რადგანაც სიღრმისეული გაცნობიერება უკვე ცვლილების დასაწყისია და ადამიანი თანდათანობით გახდება მმართველი, თავის სულში მიმდინარე მთელი პროცესისა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი