სვამი ვივეკანანდა:,,რელიგია სულის სულად გაცნობიერებაა”

0
577

მცოდნეც რომ იყოთ, ნუ მოუშლით უმეცარს ბავშვურ რწმენას, არამედ დაეშვით მის დონემდე და თანდათანობით აამაღლეთ იგი. ეს მეტად საყურადღებო აზრია. ინდოეთში მან სრულყოფილებას მიაღწია. ამიტომაა, ხშირად ტაძრებში ხატების წინაშე დამხობილ დიდ ფილოსოფოსებს რომ ვხვდებით. ეს პირფერობა არ არის.

შემდეგ კრიშნა ამბობს:ისინიც კი, ვინც სხვა ღვთაებას ეთაყვანება, სინამდვილეში მე მომაგებს თაყვანს. როგორ ფიქრობთ, გაბრაზდება ღმერთი, სხვა სახელი რომ უწოდოთ? ასე რომ იყოს, ის ღმერთიც არ იქნებოდა! რატომ არ გესმით, რომ ღმერთი ის არის, რაც ადამიანის გულშია – თუნდაც ქვას სცემდეს თაყვანს! რა არის გაუგებარი?!

ყველაფერს უფრო ნათლად მაშინ დავინახავთ, როცა იმ აზრისგან გავთავისუფლდებით, რომ რელიგიის აზრი დოქტრინებშია. რელიგიის ერთ-ერთი გაგება იმას ეფუძნება, რომ მთელი სამყარო იმიტომ გაჩნდა, რომ ადამმა ვაშლი შეჭამა და რომ გამოსავალი არ არსებობს, თუ იესო ქრისტეს, ერთი კონკრეტული კაცის სიკვდილს არ ვირწმუნებთ! მაგრამ ინდოეთში რელიგიის სულ სხვა გაგებაა. იქ რელიგია განხორციელებას ნიშნავს და სხვა არაფერს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რითი მიუახლოვდება მიზანს, ოთხცხენიანი ეტლით, ელექტრო მანქანით თუ მიწაზე ხოხვით. მიზანი იგივე რჩება.

ქრისტიანები იმაზე ფიქრობენ, როგორ გაექცნენ საშინელი ღმერთის რისხვას, ჰინდუთა საფიქრალი კი ისაა, როგორ გახდნენ ისინი, რაც სინამდვილეში არიან, როგორ დაიბრუნონ დაკარგული თავისთავადობა. გაცნობიერებული გაქვთ, რომ სული ხართ? როდესაც ამბობთ, ვაცნობიერებ, რას გულისხმობთ, ამ ხორცის ნაჭერს, სხეული რომ ეწოდება თუ სულს – უსასრულოს, მარად კურთხეულს, უკვდავს და ნათელს?

შეიძლება უდიდესი ფილოსოფოსი იყოთ, მაგრამ თუკი ფიქრობთ, რომ სხეული ხართ, მაშინ თქვენ არაფრით ჯობიხართ იმ ჭიას, თქვენს ფერხთით რომ დახოხავს. გამართლება არ გაქვთ! მით უარესი თქვენთვის, თუ ყველანაირ ფილოსოფიას იცნობთ და მაინც ფიქრობთ, რომ სხეული ხართ! მუცელღმერთები, აი, რა ხართ სინამდვილეში! და ამას უწოდებთ რელიგიას? რელიგია სულის სულად გაცნობიერებაა. რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? სრულიად საპირისპიროს – სულს ვაცნობიერებთ, როგორც მატერიას. უკვდავი ღმერთისგან ჩვენ სიკვდილი და მატერია გამოვჩორკნეთ, უსიცოცხლო, ჩლუნგი მატერიისგან კი – სული.

თუ ბრაჰმანს თავდაყირა ან ცალ ფეხზე დგომით, ან სულაც ხუთი ათასი ღმერთის თაყვანისცემით შეიცნობთ, ღმერთმა შეგარგოთ! . . . როგორც გნებავთ, ისე შეიცანით! არავის აქვს უფლება, დაგძრახოთ. ამიტომ, ამბობს კრიშნა, თქვენი მეთოდი უკეთესიც რომ იყოს, მაინც არ გაქვთ იმის თქმის უფლება, რომ ვინმეს გზა ცუდია. მნიშვნელობა არ აქვს, რაოდენ საშინელია იგი. ისევ და ისევ, უნდა გავიგოთ, რომ რელიგია ზრდაა და არა სულელური სიტყვების რახარუხი.

ორი ათასი წლის წინ ადამიანმა ღმერთი იხილა. მოსემ იხილა ღმერთი ცეცხლმოკიდებულ ბუჩქში. პირადად თქვენ გიშველათ მოსეს საქციელმა? ვინც არ უნდა იხილოს ღმერთი, ეს თქვენ ვერაფრით გიშველით, გარდა იმისა, რომ შეიძლება შთაგაგონოთ და იგივე საქციელისკენ გიბიძგოთ. ესაა ძველთაძველი მაგალითების მთელი ღირსება, სხვა არაფერი. ეს მხოლოდ გზის მაჩვენებელი ნიშნებია. ერთი ადამიანის ჭამა მეორეს ვერ დაანაყრებს. ერთმა რომ ღმერთი იხილოს, მეორეს ეს ვერ უშველის. თქვენ თვითონ უნდა ნახოთ ღმერთი. რა აზრი აქვს ხალხის კამათს ღმერთის ბუნების შესახებ – `სამი თავი აქვს ერთ ტანზე თუ ექვსი თავი სამ ტანზე… გინახავთ ღმერთი? – არა… მათ არც კი სჯერათ, რომ ოდესმე ნახავენ მას. რა სულელები ვართ მოკვდავნი! ნამდვილი შეშლილები!

ინდოეთში ტრადიციად ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ თუ ღმერთი არსებობს, ის შენი ან ჩემი ღმერთი უნდა იყოს. ვის ეკუთვნის მზე? თქვენ ამბობთ, რომ ბიძია სემი ყველას ბიძიაა. თუ ღმერთი არსებობს, მისი ნახვაც უნდა შეგეძლოთ. თუ არა და არ არსებულა. ყველას ჰგონია, რომ მისი მეთოდი საუკეთესოა. ძალიან კარგი! ოღონდ გახსოვდეთ, რომ თქვენი მეთოდი თქვენთვისაა საუკეთესო.

საჭმელი, რომელსაც ერთი ადამიანი ვერ ინელებს, სხვისთვის შეიძლება სულ ადვილი მოსანელებელი იყოს. იმის გამო, რომ თქვენი მეთოდი თქვენთვის კარგია, ნუ გეგონებათ, რომ ის ყველას გამოადგება. რომ ჯეკის პალტო ჯონსაც და მერისაც მოერგება. ყველა გაუნათლებელი, უკულტურო და აზროვნებას მიუჩვეველი კაცი და ქალი ამ ერთ სწორ პალტოში გამოაწყვეს!

თქვენ თვითონ იაზროვნეთ! გახდით ათეისტები, მატერიალისტები! ასე უფრო აჯობებს. გაავარჯიშეთ გონება!  რა უფლება გაქვთ თქვათ, რომ ვინმეს მეთოდი არასწორია? ის შეიძლება თქვენთვის იყოს არასწორი. ანუ თუ სხვის მეთოდს გადაიღებთ, დაიღუპებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სხვაც დაიღუპება. ამიტომ, ამბობს კრიშნა, თუ ცოდნა გაქვთ და სხვის არასრულფასოვნებას ამჩნევთ, ნუ გაკიცხავთ. თუ შეგიძლიათ, დაეშვით მის დონემდე და დაეხმარეთ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი