იცხოვრო დროის შესაბამისად

0
1439

როგორც საბჭოთა ადამიანთა მთელი ერთობლიობა, ჩვენც იმდენ ხანს ვთვლემდით, ისე გავიყინეთ, რომ დღეს ხელახლა უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის გარჩევა სიკვდილისაგან, ოცნებისა – რეალობისაგან. ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, განდევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი მათ ზნეში, საქმიანობაში, ცოდნაში რომ დაგროვდა. საბჭოურად დაპატარავებულებმა, ენერგიადაშრეტილებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადოებაში.

სამოქალაქო საზოგადოება იქმნება კერძო პირთა ავტონომიურობის საფუძველზე, ავტონომიურობისა – ამ სიტყვის ონტოლოგიური მნიშვნელობით. საბჭოთა კავშირის სინამდვილეში ჩამოყალიბდა გამჭვირვალობის ისეთი მეტაფიზიკური გრძნობა, რომ კერძო პირთათვის დამახასიათებელი ხელშეუხებელი სიღრმე, ეს უკუმშვადი სიღრმე, რომელიც ჩემშია, რომელიც არსებობს „მე-სა“ და „ჩემს“ შორის და რჩება მარად შეუვალი, დაინგრა სამოქალაქო საზოგადოების ნგრევასთან ერთად.

ნივთთა ფანტომურობა და ადამიანთა ფანტომური, ზომბის ხასიათი ცხოვრების წესად იქცა. რაციონალური კრიტიკით ამის დანგრევა შეუძლებელია. ცხოვრების ასეთი ფორმა ისევე, როგორც ნებისმიერი პათოსი, დაყოფას არ ექვემდებარება; ზემოქმედება უშედეგოა. საჭიროა, შეიქმნას ერთი „გვერდითი“ ცენტრი, ფიზიკურ ძალთა მიზიდულობის სხვა ცენტრი, საითკენაც უნდა იქნეს მობილიზებული მთელი საზოგადოება.

საქართველოში და სხვაგანაც ვერ დააფუძნებენ სამართლებრივ სახელმწიფოს, თუ საკუთარ თავს არ გამოცდიან, თუნდაც ეს გამოცდა გადიოდეს სიძულვილზე საკუთარი თავის მიმართ. საჭიროა, საკუთარი თავის წინაშე აღმართო ღირსებისა და პატივის იდეალი და გეყოს ვაჟკაცობა, გაიარო საკუთარი თავის მიმართ უკიდურესი სიძულვილის გზაზე. აი, ისტორიული აუცილებლობა მილიონობით ადამიანისათვის.

თუ პიროვნებებს არ შესწევთ უნარი, წინ სარკე დაიდგან და საკუთარ ანარეკლს გულის არევამდე უყურონ, საკუთარ თავში ვერ აღმოაჩენენ აუცილებელ შინაგან ძალას რაიმე ცვლილებისათვის; კვლავ გააგრძელებენ ცხოვრებას ლანდების სამყაროში, რომელიც სისხლით საზრდოობს. საკუთარი თავისა და წარსულის მკაცრი გამოცდის დრო ჯერ არ დამდგარა, ჯერ ისევ სურთ ურთიერთობის განახლება რუსულ აზროვნებასთან, მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან, მაგრამ რუსულმა აზროვნებამაც და მართლმადიდებელმა ქრისტიანობამაც ჩვენ უფსკრულში გადაგვჩეხა. კვლავ აგრძელებენ პატივმოყვარეობის მაამებელი ხატების შექმნას: ოჰ! რა კარგად ვიყავით, კულტურაც გვქონდა, სოფელიც ყვაოდა!.. მაგრამ თავად გლეხობის ნაწილმა მოსპო ნამდვილი გლეხები. ვიდრე ამ ყალბ ნუგეშისცემას გააგრძელებენ, დაუსრულებლად იტრიალებენ წრეში, როგორც დანტეს გმირები – ჯოჯოხეთში.

დღეს თბილისში მეტისმეტად აღგზნებული ადამიანები ჩანან მანიფესტაციებზე, დამოუკიდებლობის საკითხზე გაღიზიანებით რომ ლაპარაკობენ. ზოგი მიელტვის სიმბოლოებს, ლოზუნგებს და არ ფიქრობს, რომ ყველაფრის მოპოვებას სწავლა სჭირდება. ჩვენში არსებობს საფრთხე, რომ ეროვნულმა მოძრაობებმა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების გამოღვიძების ერთ-ერთმა ფორმამ, ჩვენი ხალხი ჩაძიროს განუვითარებელი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მორევში და ხელახლა დაუბრუნოს მას მიწისა და სისხლის მძაფრი ვნებები, რომლებიც წარმოქმნიან ყველაზე ულმობელ მხეცს ადამიანურ მხეცთაგან.

ქართველი ახალგაზრდობა, ყოველ შემთხვევაში, ერთი ნაწილი მაინც, ორ ცეცხლს შუაა – ერთი მხრივ, ისინი სწავლისაკენ ისწრაფვიან, რეფლექსიისთვის დროს ელიან, მაგრამ, მეორე მხრივ, ვეღარ იტანენ მოზრდილებს, უარს ამბობენ მათ საღ აზრზე; ახალგაზრდობას ეს აზრები არ მიაჩნია არც ვაჟკაცურად, არც ჰეროიკულად – ისინი ხომ რაინდობის იდეალებით არიან შეპყრობილნი და ჰგონიათ, რომ ისტორიას მხოლოდ ლეგენდები ქმნიან. ასეთ დროს არავის ძალუძს მათი დახმარება, არც რაიმეს გაკეთება მათ მაგივრად. ამგვარი დახმარების ილუზიიდან გამოსვლა კი აუცილებელია, რადგან მას ტოტალიტარული შედეგები მოჰყვება. რა არის ტოტალიტარიზმი თუ არა პატერნალიზმი?!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი