თვითდაკვირვება

0
410

ცნობიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოვლენას თვითშემეცნება წარმოადგებს. საკუთარი თავის შეცნობას ორგვარი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. პირველი – იგი გვეხმარება ფსიქიკური პროცესების კვლევაში, მეორე – გვიადვილებს საზოგადოების წევრებთან ურთიერთობას. სოკრატე გვარწმუნებდა: «შეიცანი საკუთარი თავი».

ადამიანი ღია თერმოდინამიკური სისტემაა. ორგანიზმის მორფოფიზიოლოგიური ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად მან ენერგია გარემოდან უნდა მიიღოს. თვითშემეცნებისათვის ადამიანს მარტო საკუთარ ტვინში არსებული ინფორმაცია არ ყოფნის. თვითშემეცნებისათვის აუცილებელია სხვა «მე» და მასთან ურთიერთობა, ამ სხვა «მე»-საგან ინფორმაციის მიღება. ვინაიდან ადამიანი ბუნებით საზოგადოებრივი ცხოველია, ამიტომაც «მე»-ს გარდა არსებობს «შენ»-ც.

ამგვარი ურთიერთობა ბუნებრივად მიმდინარეობს. მისი შედეგი მაშინაც ვლინდება, როცა «მე»-ს წინ რეალურად არ არსებობს სხვა «მე». ასეთ ვითარებაში პიროვნებას უჩნდება წარმოდგენები, უყალიბდება იდეები და ხდება მათი ასოცირება. მოქმედებას იწყებს კოგნიტური პროცესები. თვითშეცნობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სხვისი და საკუთარი «მე»-დან მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და დამახსოვრება.

პრობლემა დაიყვანება იმაზე, რომ ტვინმა ტვინი უნდა შეიცნოს. ასეთ ექსპერიმენტს შინაგანი ვალიდურობა არ გააჩნია, ვინაიდან ცდისპირი (თვითშემცნობი) და დამკვირვებელი (ექსპერიმენტატორი) ერთი და იგივე პიროვნებაა. ექსპერიმენტში შეტანილი შეშფოთების გამო შედეგი ობიექტური არ იქნება, ამიტომაც თვითდაკვირვება შეუძლებელი ხდება. ამ ვითარებამ ზოგიერთი მკვლევარი მიიყვანა თვითდაკვირვების შეუძლებლობის იდეამდე. მიუხედავად ამისა, თვითდაკვირვების მეთოდი მუშაობს და მის საფუძველზე შეიქმნა კონცეფცია «მე», რომელმაც მდიდარი და საინტერესო მასალა მოიპოვა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი