ცნობიერების მეცნიერული განმარტება არ არსებობს

0
412

ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ცნობიერება ადამიანის ყოფიერების განუყოფელი ნაწილია. მის გარეშე ადამიანი პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდებოდა, ვერ მივაღწევდით იმ პროგრესს, რომელშიც გვიხდება არსებობა. თუ გადავხედავთ ლიტერატურას ცნობიერების ბუნების შესახებ, აღმოჩნდება, რომ ცნობიერების მეცნიერული განმარტება არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად ქვეყნდება ცნობიერების საკითხებისადმი მიძღვნილი მრავალი სამეცნიერო სტატია. თუ გავაანალიზებთ ლექსიკონებში, ენციკლოპედიებსა და სტატიებში მოწოდებულ ინფორმაციას, სამუშაო ტერმინად ცნობიერება შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ცნობიერება არის ობიექტური სინამდვილის ასახვის ფორმა, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანისათვის. ცნობიერება წარმოადგენს ფსიქიკური პროცესების ერთობლიობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობს ადამიანის მიერ გარე სამყაროსა და საკუთარი ყოფიერების გააზრებაში. იგი განუყრელადაა დაკავშირებული მეტყველებასთან. მისი მეშვეობით ინფორმაცია კულტურის შესახებ გადაეცემა სხვა ადამიანებსა და თაობებს წერილობით, ვერბალურად, მათემატიკური ფორმულებით. ცნობიერებით ყალიბდება მორალურ-ზნეობრივი და რელიგიური მსოფლმხედველობა.

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პროცესში ცნობიერებას არჩევითად უხდება ფაზური ურთიერთობა მეხსიერებასა და გარემოდან მიღებულ სიგნალებთან, ამიტომ იგი მთლიანადაა დამოკიდებული ჩატარებულ და მიმდინარე ცდაზე. ცნობიერებას აქვს მოქმედების თავისუფლების უნარი. თავისუფლება განსაზღვრულია ნეირონთა პოპულაციების სელექციური გრამატიკით.

თავისუფლება არ არის უსაზღვრო, ის ლიმიტირებულია ნეირონთა ანსამბლების თვისებებითა და კონტროლირდება შემაკავებელ და ამაგზნებელ მედიატორთა და მოდულატორთა ზემოქმედებით. ცნობიერებას ცენტრალური ადგილი უკავია ადამიანის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროში. ეზოთერული მიმართულების თანახმად ადამიანი ფიქრობს და ინფორმაციას იმახსოვრებს არა ტვინით, არამედ რაღაც გარეგანი მენტალური გეგმით. ამიტომაც ხშირად ცნობიერების მაგივრად იყენებენ ტერმინს – მენტალიტეტი, რითაც აღინიშნება ის, რომ ადამიანის შემოქმედება ხორციელდება არა გონებით, არამედ რაღაც უფრო დიდით. ადამიანი ჩამოყალიბდა სიტყვებით მანიპულირების უნარის გამო. სიტყვები კი მან თვითონ შექმნა, რის შედეგადაც გამოეყო ცხოველთა სამყაროს და ჩამოაყალიბა კოლექტიური ცნობიერი ნოოსფერო.

ცნობილია, რომ ადამიანი იბადება როგორც ბიოლოგიური არსება გონებისა და ცნობიერების გარეშე და ასეთივე – პრიმატთა დონეზე – დარჩებოდა, რომ არ შეექმნა ევოლუირებადი მეტყველება. ახალშობილისათვის აუცილებელია გაიზარდოს ადამიანთა საზოგადოებაში, ადამიანთა საზოგადოებისაგან იზოლირებული ბავშვი ვერ ამეტყველდება. აღწერილია მრავალი უბედური შემთხვევა, როდესაც მეტყველებაჩამოუყალიბებელმა ბავშვებმა მრავალი წელი გაატარეს ცხოველებთან. ბუნებრივი ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ადამიანი პირველ თაობაშივე ცხოველდება. ცხოველებთან გაზრდილ ბავშვებზე ნეიროფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებით ჩატარებული დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მუსიკალური და მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებიც კი განვითარებით ცხოველთა დონეზე დარჩნენ. მათ უჭირდათ ლაპარაკის სწავლა.

ადამიანის ტვინს სიტყვები უყალიბებს ხატებს, უქმნის შინაგან სუბიექტურ სამყაროსა და ცნობიერებას.  სიტყვა აძლევს ადამიანს სმენის, ხედვის, განცდის, მსჯელობის, აზროვნების, ლაპარაკის, ოცნებისა და სიყვარულის საშუალებას.  სიტყვამ ადამიანს მისცა შემოქმედების, აღმოჩენისა და გარემოს შეცვლის უნარი. ,,დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა“(იოანე 1:1–4).

ცნობიერების პრობლემა დიდი ხანია არის და რჩება სხვადასხვა მეცნიერებათა გაცხოველებული მსჯელობის საგნად. ცნობიერებაში იგულისხმება ცოდნა იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ადამიანის საარსებო გარემოში ხდება. ცნობიერება არის გარეგანი და შინაგანი ინფორმაციის გაცნობიერება. იგი დაკავშირებულია კოგნიტურ პროცესებთან, როგორიცაა: განცდა, აზროვნება და მეხსიერება.

ტულვინგი გამოყოფს ცნობიერების 3 ფორმას, რომელიც დაკავშირებულია ეპიზოდური, სემანტიკური და პროცედურული მეხსიერების სისტემებთან. ეპიზოდური სისტემა იმახსოვრებს ადამიანის პირადად განცდილ მოვლენებს. სემანტიკური მეხსიერება ინახავს ინფორმაციას სამყაროს შესახებ, პროცედურული სისტემა კი იმახსოვრებს რაიმეს კეთების ჩვევებს. ჰემისფეროგაყოფილი ადამიანების კვლევის ნეიროფიზიოლოგიურმა შედეგებმა გამოყო ორი ტიპის ცნობიერება. ერთი, რომელიც დაკავშირებულია მეტყველების ფუნქციასთან, წარიმართება მარცხენა ჰემისფეროთი. სივრცით მეხსიერებასთან დაკავშირებული ინფორმაცია რეგულირდება მარჯვენა ჰემისფეროთი.

გერმანული რაციონალიზმის ტრადიციების გამგრძელებელმა ვ. ვუნდტმა დააარსა პირველი ექსპერიმენტური ფსიქოლოგიის ლაბორატორია და საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებას. მან შეიმუშავა კვლევის ინტროსპექციური მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ მისი მოწაფეები და კოლეგები. ვუნდტის სკოლამ მიიღო ვოლუნტარიზმის სახელი, ვინაიდან ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ნებელობას. იგი ცდილობდა შეესწავლა ცნობიერების პროდუქტები.

გონით შექმნილი პროდუქტების ექსპერიმენტული შესწავლა ვერ მოხერხდა. შესაძლებელია მხოლოდ ბუნებრივი დაკვირვების მეთოდის გამოყენება. ვუნდტის მოწაფეებმა ვოლუნტარიზმის ელემენტები ამერიკაში გადაიტანეს, სადაც ამ ელემენტებმა განიცადეს ცვალებადობა და შეუერთდნენ სტრუქტურალიზმის სკოლას. სქრუქტურალიზმს საფუძველი კორნელის უნივერსიტეტში ე. ტიტჩენერმა ჩაუყარა. ვოლუნტარისტები და სტრუქტურალისტები დაინტერესებულები იყვნენ უფრო აზროვნების შინაარსის დადგენით, ვიდრე შინაარსის წარმოშობით.

ორივე მიმართულებამ ფიასკო განიცადა. სტრუქტურალიზმს გამოეყო ფუნქციონალიზმი, რომლის ფუძემდებელია უ. ჯეიმსი. ჯეიმსი ცნობიერების ელემენტებად დაყოფის წინააღმდეგი იყო. მას მიაჩნდა, რომ ცნობიერება ერთი მთლიანია. ცნობიერება ხელს უწყობს ორგანიზმს გარემოსთან ადაპტაციაში. ფუნქციონალისტები მოექცნენ დარვინის ევოლუციური თეორიის გავლენის ქვეშ. ფუნქციონალისტების ძირითადი დამსახურება ისაა, რომ ისინი ცნობიერებას განიხილავდნენ არა დამოუკიდებელ ფენომენად, არამედ გარემოსთან ერთად. ბიჰევიორიზმის ფუძემდებელმა დ. უოტსონმა განაცხადა: «ცნობიერების ინტროსპექციის მეთოდით კვლევა არ შეიძლება, ვინაიდან მეთოდი უვარგისია. ამიტომ თავი უნდა დავანებოთ ცნობიერების კვლევას. ის ფილოსოფოსებს დავუტოვოთ სამუშაოდ».

ავტორი:სულხან ცაგარელი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი