მოუსმინეთ საზოგადოებას, მოუსმინეთ სამიზნე ჯგუფებს და შეეცადეთ უპასუხოთ მათ ინტერსებს 

0
531

როგორია, დღევანდელი ქართული საზოგადოების ცხოვრება და თანამედროვე გამოწვევები საზოგადოების განვითარების საკითხებში და რა ფაქტორები განსაზღვრავს საზოგადოების სიჯანსაღეს. როგორია, სოციოლოგის თვალით დანახული, საზოგადოებაში არსებული პრობლემები და რა მთავარ მესიჯს უგზავნის ის ბიზნესსა და პოლიტიკას. მესიჯი ესაუბრა სოციოლოგიის დოქტორს  – იაგო კაჭკაჭიშვილს

message:სოციოლოგის თვალსაზრისით, შესაძლებელია თუ არა საზოგადოების კლასებად დაყოფა, რამდენად სტრუქტურირებულია ის?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ნებისმიერი საზოგადოების კლასიფიკაციაა შესაძლებელი. კლასიფიკაცია გულისხმობს იერარქიულ ფენებად დაყოფას და, მათ შორის, კლასებად დაყოფას. კლასებად დაყოფის და, ზოგადად, სტრატიფიცირების გავრცელებული კრიტერიუმი, ეკონომიური კრიტერიუმია, როდესაც საზოგადოება კლასებად იყოფა შემოსავლის მიხედვით. ვთქვათ, მდიდართა კლასი, საშუალო კლასი და ღარიბთა კლასი. თვითონ მდიდართა კლასის ჩაშლაც შეიძლება: სტრატა, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი შემოსავლები, საშუალოზე მაღალი შემოსავლები და დაბალი. ასევე შეიძლება ღარიბების კლასიფიცირება: საშუალოდ დაბალი და დაბალი. კლასებად დაყოფისას, ძირითადად, ეკონომიკური სტრატიფიკაცია გამოიყენება, თუმცა, ასევე შეიძლება გამოვიყენოთ პროფესიული სტრატიფიკაციაც, სადაც უკვე საზოგადოების დაყოფა მოხდება დასაქმებულებად, სამუშაო ძალის მქონე უმუშევრებად და უმუშევრებად, რომელიც სამუშაო ძალას არ წარმოადგენს. ასევე შეგვიძლია პოლიტიკური სტრატიფიკაცია მოვახდინოთ, როდესაც კლასებს გამოვყოფთ ძალაუფლების ფლობის ხარისხის მიხედვით და აქ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მართულთა და მმართველთა კლასებზე და ა.შ. ასე რომ, წარმოუდგენელია რაიმე საზოგადოების დაყოფა არ იყოს შესაძლებელი კლასებად და მათ შორის ქართველი საზოგადოება შეიძლება დაიყოს.  მე მოგახსენეთ სამი ყველაზე გავრცელებული კრიტერიუმი: ეკონომიკური, პროფესიული და პოლიტიკური.

message:რამდენად დადებითი მოვლენაა სტრუქტურირება და რა როლს თამაშობს?

სტრუქტურირება ეს დადებითი მოვლენა კი არაა, შეუძლებელია, რომ საზოგადოება არ იყოს სტრატიფიცირებული. ეს არის საზოგადოების არსებობის ფუნდამენტური პირობა. არ არსებობს ბრტყელი და გლუვი საზოგადოება. საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს განსხვავებული იერარქიული დონე და ეს წარმოადგენს საზოგადოების ბუნებრივი არსებობის ბუნებრივ პირობას. საზოგადოებას, რომელსაც არ აქვს სტრატიფიკაცია ეს არის ილუზია, ქიმერა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. ასე რომ, საზოგადოების სტრუქტურირება ეს არის საზოგადოების არსებობის აუცილებელი კომპონენტი.

ნეგატიური და პოზიტიური თავად სტრატიფიკაცია კი არ არის, არამედ დადებითად ან უარყოფითად შეიძლება შევაფასოთ მხოლოდ ის, როცა საზოგადოებაში არსებობს მაღალი დონის უთანასწორობა. მაგალითად, თუ ეკონომიკურ სტრატიფიკაციის პირობებში არსებობს დიდი განხეთქილება, დიდი უფსკრული, დიდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ეს არის უარყოფითი მახასიათებელი. ასევე, თუ მმართველობითი სისტემა არ არის იერარქიული და იერარქია მართულებსა და მმართველებს შორის ძალაუფლების გადანაწილება მიემართება მხოლოდ ზემოდან ქვემოთ, ასე ვთქვათ, თუ მართულებს არ გააჩნიათ ძალაუფლების საკუთარი ხარისხი  მმართველთა გასაკონტროლებლად – ესეც უარყოფითია, ესეც ავტორიტარულ სახელმწიფოზე მეტყველებს. ასე რომ, როდესაც დადებითი და უარყოფითით ვაფასებთ, ამ შემთხვევაში სტრატიფიკაცია კი არა გვაქვს, არამედ ამ სტრატიფიკაციის პირობებში სტრატებს შორის მიმართებაა მთავარი.

კიდე ერთხელ ვიმეორებ, ნეგატიურია ის შემთხვევა, როდესაც არსებობს დიდი ნაპრალი მდიდარ და ღარიბ კლასებს შორის ან, როდესაც მართულებს არ გააჩნიათ მმართველთა გაკონტროლების არანაირი ბერკეტი. არ არსებობს ის, რასაც სოციოლოგიაში უწოდებენ ძალაუფლების დიალექტიკას. აი ეს შეგვიძლია შევაფასოთ დადებითად ან უარყოფითად.

message:რას ნიშნავს საზოგადოების განვითარება, არის თუ არა სოციოლოგიაში ასეთი ფენომენი და როგორ უნდა მოხდეს?

პირველ რიგში, სოციოლოგიური თვალსაზრისით, ეს ნიშნავს საზოგადოების არა წრეში ტრიალს, არამედ სპირალურ მოძრაობას, რაც იმის მაუწყებელია, რომ საზოგადოება ვითარდება. საზოგადოება ვითარდება მაშინ, როდესაც ის ღიაა ინოვაციებისთვის, სიახლეებისთვის. ინოვაცია ეს არის პრინციპული შესაძლებლობა საზოგადოების განვითარებისთვის. ის საზოგადოება, სადაც სიახლეები და ინოვაციები არ ჩნდება – წრეზე ტრიალებს. როდესაც ტრადიციულ საზოგადოებაზე ვამბობთ, რომ ის წრეზე ტრიალებს იმიტომ, რომ ტრადიციულ საზოგადოებაში უფროსი თაობები უმცროსი თაობებისთვის წარმოადგენს ნიმუშს, რომელსაც უმცროსი თაობა ბაძავს, ამ შემთხვევაში, ხდება ისეთი ფენომენი, როგორიცაა უწყვეტი კულტურული მემკვიდრეობა, ანუ ყოველი შემდგომი თაობა უნაშთოდ დაიყვანება წინა თაობაზე. როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე და მოდერნულ თაობებზე, ამ შემთხევაში განვითარებას სხვა ლოგიკა აქვს. ამ შემთხვევაში, ყოველი ახალი თაობა ქმნის ისეთს, რომელიც არ შედის წინა თაობის გამოცდილებაში.

ამ სიახლეების სახელდებას სხვადასხვა სოციოლოგი სხვადასხვანაირად ახდენს, მაგალითად, ისეთი სოციოლოგი, როგორიცაა მერტონი, ლაპარაკობს ლატენტურ ფუნქციებზე, ისეთი სოციოლოგი, როგორიცაა გიდენსი, საუბრობს განუზრახველ შედეგებზე, ანუ, როდესაც საზოგადოებაში დგება რაღაც ისეთი სოციალური ფაქტები, რომელიც წინასწარ კი არ იყო განზრახული და დადგენილი, არამედ გაჩნდა, როგორც განუზრახველი შედეგი. ეს არის სიახლე და აი, ეს სიახლე, გიდენსის აზრით, როგორც განუზრახველი შედეგი, არის საზოგადოების პროგრესული განვითარების და წრე-ბრუნვის თავიდან აცილების აუცილებელი პირობა.

რასაკვირველია, სიახლეები შეიძლება იყოს განზრახულიც კი, მაგრამ საზოგადოების ბუნება ისეთია, რომ ხშირად ის აჩენს რაღაც გამოწვევებს, რომლებიც სრულიად ახალი ურთიერთობების გაჩენას მოასწავებს, ისეთი ურთიერთობების, რომლებიც მანამდე საერთოდ არ ყოფილა  განზრახული. ამიტომ, განვითარება საზოგადოებაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გულისხმობს სპირალურ მოძრაობას, როდესაც ჩნდება ახალი, რომელიც ძველზე არ დადის, არ დაიყვანება, არ ედუცირდება  და ეს აუცილებელია საზოგადოების განვითარებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება დაემსგავსება საკუთარი თავის გამეორების უწყვეტ პროცესს.

message:ვინ უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოების განვითარებას, რამდენად არის ეს სახელმწიფოს ინტერესებში?

ამ პროცესს ყველამ უნდა შეუწყოს ხელი და, რა საკვირველია, ეს სახელმწიფოს ინტერესშიც უნდა იყოს. ხელი უნდა შეუწყონ არაფორმალურმა ჯგუფებმა, ფორმალურმა, ოღონდ არასახელმწიფო ორგანიზაციებმა. განვითარების სიახლეების გაჩენის გარეშე, როგორც აღვნიშნე, საზოგადოება დაჭაობდება და დაჭაობებულ საზოგადოებაში ცხოვრება მაინც და მაინც მომხიბვლელი არავისთვისაა, გარდა ავტორიტარებისა და მათთვის, ვინც საკუთარი ძალაუფლებით ტკბება.

ავიღოთ სიახლე. რა არის სიახლე? – ეს არის კარიერული ზრდის შესაძლებლობა ახალგაზრდისთვის. როდესაც ის მოდის საზოგადოებაში და განიცდის სოციალიზაციას, მას მუდმივად უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მის ცხოვრებაში დადგება რაღაც ახალი ეტაპი განვითარებისთვის. მეორე ვარიანტი რომ ავიღოთ, თუ მისი ცხოვრება დაგეგმილია და წინასწარ იცის, რისი მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს, ეს ნებისმიერი ახალგაზრდისთვის დამთრგუნველი მდგომარეობაა.

საზოგადოების ყველა ჯგუფმა, მათ შორის, სახელმწიფომ თუ არაფორმალურმა ჯგუფმა, თუ მათ სურთ, რომ იცხოვრონ მოდერნულ საზოგადოებაში, ხელი უნდა შეუწყოს განვითარებას, კიდე ერთხელ ვამბობ, როგორც განუზრახველი შედეგების გაჩენის პროდუქტს.

message:როგორც სოციოლოგი, როგორ შეაფასებდით დღევანდელ მდგომარეობას საზოგადოების განვითარებას კუთხით?

დღევანდელი ქართული საზოგადოება, გარკვეული თვალსაზრისით, ჰიბრიდულია. ის არც ისე ღიაა, როგორც ეს დამახასიათებელია თანამდეროვე დასავლური საზოგადოებებისთვის. ასე ვთქვათ, არც ღიაა და არც დახურული. ეს ორი ნაკადი ღიაობის და დახურულობის თითქოს გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, სწორედ ეს განაპირობებს ჰიბრიდულობას, სადაც ამჟამად იმყოფება ჩვენი საზოგადოება. სხვათა შორის, საერთაშორისო კლასიფიკაციებშიც, საქართველო ჰიბრიდულ ქვეყნად მოიხსენიება. ის არც დემოკრატიულია და არც ავტორიტარულია, თუმცა ორივე ნაკადის შუაში ვართ. ანუ ტრანზიტულ, გარდამავალ პერიოდში.

ჩვენთან ადამიანებს გააჩნიათ საკუთარი უნარების შესაბამისად კარიერული ზრდის შესაძლებლობა. კი ბატონო, ამას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ღია საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ეს ტენდენცია თანაარსებობს ნეპოტიზმთან, რომელიც ჩვენი საზოგადოების სენია. ჩვენმა საზოგადოებამ დაძლია ისეთი დევიაცია, როგორიც არის მექრთამეობა, კორუფცია ამ თვალსაზრისით, მაგრამ, აი, ნეპოტიზმი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ვითარება ჭრელია და ბევრი ჩავარდნაც გვაქვს სახეზე.

message:პრობლემებს რაში ხედავთ?

პირველ რიგში, ვხედავ ეკონომიკური უთანასწორობის ზრდას. მდიდრები კიდევ უფრო მეტად მდიდრდებიან და ღარიბები კიდევ უფრო მეტად ღარიბდებიან. ჩვენ არ გვყავს სტაბილურად ჩამოყალიბებული საშუალო კლასი. არადა, საზოგადოების განვითარება სწორედ რომ საშუალო კლასზე დგას. აი, ეს არის ძირითადი პრობლემა, რომ ჩვენთან არ არსებობს მყარი, სტაბილური საშუალო კლასი საზოგადოების, რომელიც არის განვითარების ძირითადი პირობა.

message:როგორი ერი ვართ?

ჩვეულებრივი ერი ვართ, რომელიც იბრძვის საკუთარი იდენტობისთვის. პრინციპში, საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლა, ყველა ერისთვის, რომელსაც გადარჩენა სურს, დამახასიათებელია და ძირითადი მისწრაფებაა. მაგრამ საკუთარი იდენტობისთვის, ავტონომიურობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ერი ჩაეწეროს განვითარებული ერის სახელმწიფოებრიობის სისტემაში.

იდენტობის გარდა, აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმების უზრუნველყოფა, როგორიცაა სოციალური თანასწორობის მექანიზმი, ამ თვალსაზრისით მოვიკოჭლებთ. ასე რომ, ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ახასიათებს გამძაფრებული განცდა იდენტობის და იდენტობის დაკარგვის ნებისმიერი მცდელობა ძალიან მტკივნეულად აღიქმება და ვიბრძვით ამ იდენტობას შესანარჩუნებლად. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, ამან მოგვიყვანა ჩვენ აქამდე ისტორიული ქარტეხილებიდან, რომელიც გადავლახეთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ გვიჭირს დამოუკიდებლობის პირობებში, იდენტობის პირობებში შევდგეთ, როგორც დემოკრატიული, თანამდეროვე სახელმწიფო, სოციალური თანასწორობის პრინციპის აღიარებით, ცხოვრების ყველა სფეროში: იქნება ეს ეკონომიური, პოლიტიკური თუ  ა.შ. საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

message:რა გვჭირდება, რა არის ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი?

ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარ თავს შევხედოთ სხვათა პოზიციიდან. ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ ჩვენ ვართ ეგოისტები. ჩვენ საკუთარ თავს ვუყურებთ მხოლოდ საკუთარი თავის გადმოსახედიდან და არ გვინდა შევხედოთ სხვათა გადასახედიდან. როგორც კი საკუთარ თავს შეხედავ სხვა ჯგუფების, სხვა ადამიანების ჯგუფის თვალით, იმ მომენტიდან შენ ხდები უფრო ადაპტური საზოგადოებაში, ითვალისწინებ სხვათა პოზიციებს და უფრო მეტად ხდები მოთანამშრომლე, უფრო მეტი სოლიდარობა არსებობს საზოგადოებაში, რაც დღეს გვაკლია ყველაზე მეტად.

ჩვენ რაღაცნაირად ვფიქრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარი თავისავე პოზიციიდან. არსებობს ორი პერსპექტივა: როდესაც მე შემიძლია ჩემს საკუთარ თავს შევხედო ჩემი საკუთარი თავისავე პოზიციიდან და შევხედო სხვათა თვალითაც. როცა ჩემ თავს სხვათა თვალით არ ვუყურებ, მაშინ ვარ ეგოისტი და ამ ეგოიზმის დაძლევაა, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ქართულ საზოგადოებას დღეს კი არა და, კაი ხანია გააჩნია.

ჩვენ უნდა შეგვეძლოს თანამშრომლობა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს იმის აღიარება, რომ ჩვენგან განსხავებული რაც არსებობს, ლეგიტიმურია, არ უნდა მოხდეს ჩვენი წარმოდგენების, ჩვენი ცხოვრების წესის, ჩვენი ქცევითი მოდელების გააბსოლუტურება  და სანიმუშო მოდელებად დასახვა. უნდა შეგვეძლოს იმის აღიარება, რომ ის, რაც ჩვენ არ გვაქვს, რაც ჩვენგან განსხვავებულია, ასევე ლეგიტიმურია. ამის აღიარება გვიჭირს ყველაზე მეტად.

message:ასახავს თუ არა სოციალური ქსელები საზოგადოების სახეს, მართლა ასეთები ვართ?

რასაკვირველია, ასახავს. სრულიად წარმოუდგენელია ვთქვა, რომ არ ასახავს. უფრო მეტიც, სოციალური ქსელების საშუალებით საზოგადოებამ გაცილებით უკეთ გაიცნო ერთმანეთი, ვიდრე მანამდე იცნობდა და იცოდა. სოციალურ ქსელებში თითქოს კრისტალიზდება საზოგადოების პლიუსები და მინუსებიც. ჩვენ შეიძლება ვიცნობდით ადამიანებს 30 წლის განმავლობაში, მაგრამ თურმე არ გვცნობია, იმიტომ, რომ ფეისბუქმა გამოაჩინა მისი ნამდვილობა. ნამდვილი რას ნიშნავს? ადამიანის მრავალფეროვანი ბუნება. სოციალური ქსელები არის სარკე საზოგადოების, რომელშიც ყველა ვიყურებით. ეს არ არის სარკე, რომელიც პრივატულად და იზოლირებულადაა ჩამოკიდებული და ექსკლუზიურად ვინმე იყურება, არამედ ეს არის საჯარო სარკე, რომელშიც ყველა ვიყურებით. ეს ძალიან კარგია საზოგადოების გასაცნობად.

message:რა ემოცია და სურვილი იღვიძებს საზოგადოებაში, როდესაც გვთხოვენ არჩევანის გაკეთებას?

ადამიანი მუდმივად დგას არჩევანის წინაშე. არ არსებობს ადამიანის სოციალური არსებობა არჩევანის გაკეთების გარეშე. უბრალოდ თავისუფლებაა არჩევანის მაქსიმუმი,  ხოლო მონობა არის არჩევანის მინიმუმი. ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციებში, როდესაც რაღაცას/რაღაცეებს იძულებით ვაკეთებთ, სამწუხაროდ. თუმცა, იძულების შემთხვევაშიც კი, მაინც თავისუფლები ვართ, ოღონდ მინიმალურად თავისუფლები, იმიტომ, რომ ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა უარი ვუთხრათ იმას, რასაც იძულებით გვაკეთებინებენ.

მოკლედ, ამითი იმის თქმა მინდა, რომ არჩევანის გაკეთება ადამიანური არსებობის ნაწილია, რომელიც ადამიანური არსებობის წესში შედის, მისი ყოფიერების ბუნების ნაწილია და არჩევანის გაკეთების გარეშე, ადამიანი არ არსებობს. ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟან პოლ სტარტმა  თქვა, რომ „ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით“.

შესაძლოა, ტვირთია ადამიანისთვის არჩევანის გაკეთება, მაგრამ ის იძულებულია, რომ გააკეთოს იმიტომ, რომ სხვანაირად მას არსებობის წესი არა აქვს. ვთქვათ, თუ მას არა აქვს ინსტიქტური განსაზღვრულობები, მას აქვს რაციონალური არჩევანის საფუძველზე ცხოვრების შესაძლებლობა. მოლოდ  ასეთია მისი არსებობა და შესაბამისად ამიტომ არჩევანს ვაკეთებთ, რომც არ გვინდოდეს მაინც ვაკეთებთ.

message:აქვს თუ არა უმწიფარ საზოგადოებას არჩევანის გაკეთების უფლება, რამდენად სამართლიანია ხალხის ნების უზენაესობა, რომელიც შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს სახელმწიფოს განვითარების ინტერესებს?

თუ ჩვენ, სახელმწიფოს ვიწრო გაგებით წარმოვიდგენთ, ანუ ხელისფლებას, რასაკვირველია, ხშირად ხდება და განსაკუთრებით ეს ხდება არადემოკრატიულ ქვეყნებში, როდესაც სახელმწიფოს ინტერსი ხალხის ინტერსს შორდება და სადაც ასეთი ვითარებაა, იქ ის ქვეყანა ყოველთვის სცოდავს დემოკრატიის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ დემოკრატია სწორედ ეს არის ხალხის ძალის უზენაესობის აღიარება, ოღონდ ხალხი არ მართავს უშუალოდ, არამედ ხალხი თავისი ძალაუფლების დელეგირებას ახდენს პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფზე.

ზოგჯერ პოლიტიკოსთა ეს ჯგუფი ივიწყებს, რომ მათ ეს ლეგიტიმაცია საზოგადოებისგან, ხალხისგან მიეცათ და იწყებს ხალხზე ბატონობას. შეიძლება ითქვას, რომ ეს ავტორიტარიზმია უკვე და ნებისმერ ხელისუფლებას ადრე თუ გვიან ძალიან ძვირი უჯდება.

message:რამდენად მოთხოვნადია სოციოლოგია სახელმწიფოს დონეზე, სწავლობენ თუ არა თავის მოქალაქეებს ხელისუფლებები, რა ხდება საქართველოში ამ კუთხით?

არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები და მათ შორის პოლიტიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ხვდებიან, რომ სოციოლოგია აუცილებელია. და რა არის სოციოლოგია? გამოყენებით სოციოლოგიას ვგულისხმობ ამ შემთხევაში, გამოყენებითი სოციოლოგია ეს არის მოსახლეობის საზოგადოებაში, რომელიმე სამიზნე ჯგუფის მოსაზრებების დამოკიდებულების და განწყობების გამოაშკარავების ხელოვნება და ნებისმიერ საქმიანობას ჰყავს თავის სამიზნე ჯგუფი. პოლიტიკოსებს ჰყავთ ამომრჩეველი, ბიზნესს მომხმარებელი და ა.შ

იმისთვის, რომ პოლიტიკა კარგად განვითარდეს, ამომრჩევლების აზრი უნდა გაინტერესებდეს, განწყობები და დამოკიდებულებები. იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს და აყვავდეს, მომხმარებლის ინტერსები უნდა გაითვალისწინო და სამიზნე ჯგუფის ინტერესების მოსაზრებების ამპლიტუდების გათვალიწინების, განწყობების გათვალისწინების ყველაზე უფრო ძლიერ ინსტრუმენტი არის სოციოლოგიური კვლევა და ჩვენთან ვიღაცეებს ესმით ეს, ვიღაცეებს არ ესმით. ვისაც არ ესმით, ისინი აცდენილნი არიან სამიზნე ჯგუფების ინტერსებს და მათი საქმიანობა განწირულია დამარცხებისთვის. ვისაც ესმით, მათ მეტი შანსი აქვთ წარმატებას მიაღწიონ. აქაც ჰიბრიდულ მდგომარეობაში ვიმყოფებით.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი