ზეკაცად ქცევა ადამიანის ვალდებულებაა, სწორედ ესაა ხსნა კაცობრიობის უკეთესად გარდაქმისა

0
1722

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე (Friedrich Wilhelm Nietzsche დ.15 ოქტომბერი, 1844 – გ. 25 აგვისტო, 1900), მე-19 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი. მისი შრომები უკავშირდება ადამიანის ბუნებისა და შეხედულებების შესწავლას, მეტაფიზიკას, საზოგადოების გავითარების ეტაპებს კულტურულ, რელიგიური მიმართულებებს და რაც ყველაზე მთავარია, ნიცშემ დაამკვიდა სრულიად ახალი გაგება ზეკაცისა, ანუ უფრო მეტისა, ვიდრე უბრალოდ ადამიანია.

ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიამ შოკისმომგვრელად იმოქმება მსოფლიო საზოგადოებაზე. ნიცშე ადამიანს ხედავდა არა როგორც მიზანს, არამედ საშუალებას, რომელიც უნდა გარდაიქმნეს უკეთესად და უფრო აღმატებულად და ყოველგვარი საზოგადოებრივი დოგმები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმსხვრეს, რადგან ამით პიროვნების გავითარების ხელშეშლა ხდება და ადამიანის თავისუფლება იზღუდება. ნიცშე მიიჩნევს, რომ ადამიანი თავისი გავითარებითა და ქცევებით ძალიან ემსგავსება მაიმუნს და მეტიც, იგი ამბობს: ადამიანი მეტადაა მაიმუნი, ვიდრე თვითონ მაიმუნიო.  თუმცაღა ისვე ამბობს, ადამიანი ხიდია ანგელოზსა და ცხოველს შორისო.

ნიცშესათვის ადამიანური ყოფის გაგება ერთგვარი ბრძოლა და განვითარებისკენ სწრაფვაა, სიბრძნის მიღება და უკეთესად გახდომის მცდელობაა, როდესაც ადამიანი ყოველივეს შეხედავს არა ისე, როგორც მას უნდა, არამედ ისე, როგორც სინამდვილეში არის და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ობიექტურსა და უფრო მეტად სასარგებლო გადაწყვეტილებას, ვიდრე ამას მაშინ გააკეთებდა, როდესაც საზოგადოებრივი შეხედულებების ტყვეობაშია მოქცეული.

ნიცშე აღნიშნავს, რომ საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრება უფრო ბაზრობის ბუზებს ემსგავსება, ვიდრე ადამიანისას და რომ ადამიანის სახე მეტადაა ნიღაბი და სიყალბე, ვიდრე თვითონ ნიღაბი და სიყალბე. ნიცშესთვის ადამიანური ყოფიერება ამაზრზენად არის მიჩნეული, თუ მას არ სურს მისი ძლევა.

მე მსურს – უნდა ამბობდეს ადამიანი და ასრულებდეს კიდეც მას. ნიცშეს აზრით ადამიანი თავისი თავის სრულ ბატონად უნდა იქცეს, რაც მხოლოდ ერთი გზით განივლება: ჩააბარო გამოცდა საკუთარ თავთან – დაიტვირო როგორც აქლემი და განდგე – ერთგავარად ყველაფერს გვერდიდან შეხედო, შემდეგ იქცე მბრძანებელ ლომად, რომელიც მეფეა თითქოს, მაგრამ მთავარი მხოლოდ ამის შემდეგ იწყება, ადამიანი უნდა იქცეს ბავშვად, რომელსაც რაღაც სურს და ის ამბობს: „მე მსურს!“

ღმერთი მოკვდა – ამბობს ნიცშე. ეს ფრაზა მისი ფილოსოფიის ერთ-ერთი კულმინაციური მომენტია. ღმერთის გარდაცვალებას იგი ადამიანებს აბრალებს, რომლებმაც დაამახინჯეს, უკუაგდეს, გააცამტვერეს ღმერთის ჭეშმარიტი სახე და ყოველივე აქციეს სიცრუედ და გახადეს ისეთად, როგორადაც მათ სურდათ.  ნიცშე ამბობს, ერთად ერთი ქრისტიანი წამებით მოკლეს ჯვარზეო, მას შემდეგ კი ჭეშმარიტი ქრისტიანი აღარც შობილაო. ხოლო სიყვარულს, რომელსაც ასე ხმამაღლა ქადაგებენ ადამიანები, სწორედ ისაა, რომელიც თამამად აცვეს ჯვარსო.

ნიცშეს აზრით თანამედროვე ქრისტიანობა დიდნაწილად არის არაღვთიური ან არა ზეკაცური, არამედ ხშირ შემთხვევაში ცრუდოგმატიკით სავსე და ჩაკეტილი აზროვნების მომხრე, რომელიც გასაქანს არ აძლევს ჭეშმარიტებას. მაგრამ ფილოსოფოსი თავისსავე ყველაზე ცნობილ ნაშრომში “ასე იტყოდა ზარატუსტრა” დასძენს: ,,ღმერთსაც აქვს თავისი ჯოჯოხეთი და მას ადამიანებისადმი სიყვარული ეწოდებაო.“ ნიცშე მიიჩნევს, რომ მიუხედავად ადამიანთა გაუგონარი სიბოროტისა, უაზრო ცხოვრებისა, ტყუილისა და სიყალბისა, ღმერთს მაინც უყვარს იგი, მაგრამ ჯოჯოხეთს ადარებს ყოველივეს ფილოსოფოსი.

ნიცშეს აზრით ჭეშმარიტება ხშირად მეტაფორული ხასიათისაა და არა რეალობა. რომ მზე, ან წითელი ვარდი, ან ცისფერი ცა, ჩვენ მიერ მოგონილი სახელია იმ ჭეშმარიტი ბუნების გამოსახატავად, რაც სინამდვილეში მათ აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ნამდვილად გრძნობენ და იციან მზის ან ცის ბუნების შესახებ, რადგან მეტაფორა სინამდვილე არ არის.

ნიცშე ადამიანს ბრძოლის სულისკვეთებისაკენ მოუწოდებს და ამასთანავე ცდილობს თქვას, რომ ჭეშმარიტად ძლიერია ის, ვინც იბრძვის, მაგრამ მაინც ლამაზი და შემწყნარებელია, რადგან ფილოსოფოსი ადამიანს ყოველივე ავის მქმნელად მიიჩნევს, სწორედ ამიტომ ითხოვს იგი მისგან სიკეთეს, რომ დადგეს საკუთარ თავზე მაღლა და იქცეს ზეკაცად, რომელსაც ძალუძს იყოს სრულად ბოროტი ან სრულად კეთილი. ძნელია შეინარჩუნო სილამაზე, მაგრამ ეს მართებს ყველა გმირს, ამბობს ნიცშე.

ფილოსოფოსი სიყვარულისა და ქალის ბუნებასაც ღრმად ეხება და ამბობს რომ არის მცირე შეშლილობა სიყვარულში, მაგრამ ყველა შეშლილობაში, მარად მცირე გონიერებაა, ხოლო ქალი არსებაა, რომელსაც სიმტკიცე სურს მის წინაშე, რადგან მას ყველაზე მეტად ეზიზღება მამაკაცი, რომელიც იზიდავს მაგრამ მიტაცება კი არ შეუძლიაო. და თუნდაც, ქალებთან მიდიხარ? თან იქონიე მათრახი – ამბობს ნიცშე.

ფილოსოფოსი რამდენიმე მარადიულ რჩევა-დარიგებასაც იძლევა და მეტაფორის სახით მიმართავს შეყვარებულ ადამიანს: ვარსკვლავო, რა იქნებოდა შენი სიცოცხლე, რომ არ გყოლოდა ის, ვისთვისაც ანათებ. ის, რომ სიყვარული გავს თასს, რომელიც თანაბრად არის სავსე სიტკბოებითა და სიმწარით, მაგრამ ვინც მზადაა ამისათვის, ის კიდეც იქნება ბედნიერი – ამბობს ნიცშე. თუმცაღა ერთი შეგონება ყოველმხრივ ზარავს ადამიანის ბუნებას: “ნურასდროს იქნებით სიყვარულში მეორენი”.

ფილოსოფოსი არც მამაკაცთა ბუნებას ეხება მცირედ. მისი აზრით კაცი არ უნდა დაემსგავსოს მთვარეს, რომელიც ღამღამობით ბნელ სახურავებზე ჩუმად მიიპარება, არამედ მის გამოჩენას მტვრის კორიანტელი და დეზების ხმა მოჰყვეს – ამბობს ნიცშე. მისთვის მშიშარა არსება ვერასდროს იქნება მამაკაცი.

ნიცშე ზეკაცად ქცევას ვალდებულებად მიიჩნევს, მისი აზრით სწორედ ესაა ხსნა კაცობრიობის უკეთესად გარდაქმისა.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი