გერმანული შრომის კულტურის პრინციპები

0
392

არსებობს მოსაზრება, რომ გერმანულენოვანი სახელმწიფოები (გერმანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, შვეიცარია) უფრო მცირე დროის განმავლობაში, მაგრამ უფრო ნაყოფიერად მუშაობენ, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომლებიც შედარებით დიდ დროს უთმობენ დღიურ შრომას, მაგრამ ნაკლებ ეფექურები არიან. აღნიშნული შეხედულება რა თქმა უნდა განზოგადებულია და არ ეხება არც ყველა კორპორაციას და არც ყველა ინდივიდს მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ამ ზოგად ტენდენციაში არსებობს ის, რაც ნამდვილად ხელს უწყობს სამუშაოს ეფექტურად წარმართაში მცირე დროის განმავლობაში. 

სამუშაო საათი არის სამუშაო საათი და მეტი არაფერი – ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სამუშაოს დაწყებისთანავე თანამშრომლები ცხადდებიან სამსახურში და იწყებენ მუშაობას. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომელი არ ამოწმებს სოციალურ ქსელებს, არ თამაშობს, არ იქცევს თავს უქმი საუბრით და სხვა, არამედ იგი მიზანმიმართულად და ფოკუსირებულად ორიენტირებულია სამუშაოს შესრულებაზე;

კომუნიკაცია არის პირდაპირი და ზუსტი – თანამშრომლები თავისუფლად ამყარებენ კომუნიკაციას თავიანთ უფროსობასთან, პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში იციან რომელ ზემდგომთან უნდა მივიდნენ და პასუხისმგებლობის გადანაწილება ცხადი და ყველასათვის გასაგებია – ანუ ცნობილია რომელ საკითხზე ვინ ვისთან და რატომ უნდა მივიდეს. ამასთან ხელმძღვანელი მითითებას გასცემს ზუსტად, გასაგებად და ნათლად არ უტოვებს თანამშრომელს ორაზროვნების საშუალებას. თუ საქმე დასამთავრებელია 2 საათზე ხელმძღვანელის ბრძანების მიხედვით სამუშაო დასრულდება ორ საათზე და ამას არ ექნება თხოვნის ფორმა. შესაძლო პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში კი ხელმძღვანელის ინფორმირება არ წარმოადგენს რაიმე წინაღობასა და შემდგომ დაბრკოლებას ნებისმიერ თანამშრომლისათვის.

არასამუშაო დრო არის არასამუშაო დრო – ერთ-ერთი ფუნდამენტური რამ, რაც გერმანულ სამუშაო კულტურას განასხვვებს სხვა ქვეყნების სამუშაო კულტურებისაგან არის ის, რომ სამსახურის დასრულების შემდეგ სამსახურებრივ თემატიკაზე არავინ არ შეაწუხებს თანამშრომელს (რთული ვითარების გამოკლებით). ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დროს თანამშრომელს რეალურად ეძლევა საშუალება დაისვენოს, დაუთმოს დრო თავის ახლობლებს, გავიდეს ქალაქიდან და ასე შემდეგ. უამრავ სამუშაო კულტურებში სამუშაო საათები გრძელდება სამსახურის დასრულების შემდეგაც. ბარში მსხდომი და ლუდის მწრუპავი ადამიანი შეიძლება იჯდეს და ისევ სამუშაოს ნაწილს ასრულებდეს, რაც საბოლოო ჯამში შესრულებული სამუშაოს ეფექტურობასაც ამცირებს და მეორეს მხრივ თავად თანამშრომლის მოტივაციასა და მომდევნო დღის მოტივაციასაც სცემს ძირს.

შესაბამისად გერმანული სამუშაო კულტურა რამდენიმე ცალსახა პრინციპზე დაყრდნობით ახერხებს თანამშრომლისათვის დროის სწორად და ეფექტურად გადანაწილებას, მისი სამსახურებრივი და პირადი ცხოვრების გამიჯვნასა და ეფექტურ კომუნიკაციას, რისი მეშვეობითაც ისინი მუშაობენ უფრო მცირე დროის განმავლობაში და უფრო ეფექტურად, ვიდრე ის სამსახურები, რომელთაც აღნიშნული კულტურა არ გააჩნიათ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი