ფიქრები ავალაპარაკოთ, თუნდაც ავაყვიროთ

0
1198

„სამუშაოს“ შესრულება რომ დავიწყოთ, პირველ რიგში საჭიროა სტრესის გამომწვევი ფიქრები განვსაზღვროთ, შემდეგ კი დავწეროთ. ეს ფიქრები შეიძლება ეხებოდეს შენს ცხოვრებაში არსებულ ნებისმიერ სიტუაციას, რომელიც წარსულში ხდებოდა, აწმყოში ხდება ან მომავალში მოხდება, ადამიანს, რომელიც არ მოგწონს ან რომელზეც ნერვიულობ, სიტუაციას, სადაც ვიღაც გაბრაზებს, გაშინებს თუ გულს გტკენს, ან ვინმეს, რომლის მიმართაც ამბივალენტური გრძნობა გაქვს ან უბრალოდ გაღიზიანებს. დაწერე, როგორც განსჯი მას და ის, რასაც მასზე ფიქრობ. მოკლე და მარტივი წინადადებები გამოიყენე.

მრავალი ათასი წლის განმავლობაში გვასწავლიდნენ არ განგვეკითხა, მაგრამ, მოდით ვაღიაროთ, ჩვენ ამას კვლავ ვაკეთებთ. სიმართლე ის არის, რომ ასეთი აზრები თითოეული ჩვენგანის გონებაში არსებობს. „სამუშაოს“ დახმარებით, ბოლოს და ბოლოს, უფლება გვეძლევა ეს ფიქრები ავალაპარაკოთ, თუნდაც ავაყვიროთ და ფურცელზე გადმოვიტანოთ. შესაძლებელია აღმოვაჩინოთ კიდეც, რომ ყველაზე უსიამოვნო ფიქრებსაც კი შეიძლება უპირობო სიყვარულით შევხვდეთ.

მოგიწოდებ დაწერო იმ ადამიანზე, რომლისთვისაც ჯერ ბოლომდე არ გიპატიებია, რომელზეც კვლავ ნაწყენი ხარ. ეს არის ყველაზე ძლიერი წერტილი პროცესის დასაწყებად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ადამიანს 99 პროცენტით აპატიე, სანამ პატიების პროცესი სრულად არ დასრულდება, ჯერ კიდევ არ ხარ თავისუფალი. ის 1 პროცენტი, რომელიც ჯერ კიდევ არ გიპატიებია იმ ადამიანისთვის, ზუსტად ის ადგილია, სადაც ყველა ურთიერთობაში ფერხდები (საკუთარ თავთან ურთიერთობის ჩათვლით).

თუ თითს გაიშვერ და სხვა ადამიანს დაადანაშაულებ, ამ დროს ფოკუსი შენზე აღარ არის. ამ შემთხვევაში შეგიძლია, თავს ნება დართო და იყო უცენზუროც. ჩვენ ხშირად სავსებით დარწმუნებულები ვართ, სხვა ადამიანმა რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იცხოვროს, ვისთან ერთად უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს სრულიად ცხადი ხედვა სხვა ადამიანების
შესახებ, თუმცა იმავეს საკუთარ თავზე ვერ ვიტყოდით.  

როდესაც „სამუშაოს“ ასრულებ, სხვა ადამიანების დანახვით, მათზე შენი შეხედულებების გაცნობიერებით, საკუთარ თავს ხედავ. საბოლოოდ კი მიხვდები, რომ ყველაფერი, რაც შენ გარშემოა, შენივე ფიქრების ასახვაა. შენ მთხრობელი ხარ, ყველა ისტორიის პროექტორი და შენ ირგვლივ არსებული სამყაროც შენი ფიქრების პროექციაა. დასაბამიდან ადამიანები ბედნიერების მოსაპოვებლად სამყაროს შეცვლას ცდილობდნენ. ეს შედეგის მომტანი არასდროს ყოფილა, რადგან ის პრობლემის უკუღმა მოგვარებაა.

„სამუშაოს“ დახმარებით ჩვენ ვცვლით თავად პროექტორს – გონებას – იმის მაგივრად, რომ უკვე პროექცირებული შევცვალოთ. ეს მოგვაგონებს პროექტორს, რომლის ლინზაზეც ლაქაა. ჩვენ ამ დროს გვგონია, რომ ეკრანზე ადამიანებს ბზარი აქვთ და ჩვენ ვცდილობთ და ვცდილობთ გაუთავებლად შევცვალოთ ესა თუ ის ადამიანი, რომელსაც ჩვენს თვალში ეს ნაკლი აქვს. მაგრამ ამაოა პროექცირებული გამოსახულების შეცვლა. როგორც კი გავაცნობიერებთ, სად არის სინამდვილეში ლაქა, ჩვენ შევძლებთ თავად ეს ლინზა გავწმინდოთ. სწორედ ეს არის ტანჯვის დასასრული და სამოთხეში პატარა სიხარულის დასაწყისი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი