ნინო ყვირილიანის #მესიჯი

1
715

,,საკუთარი სიბნელის შემეცნება საუკეთესო მეთოდია სხვათა სიბნელის განსაკურნებლად”  კარლ გუსტავ იუნგი

ყველა ადამიანი გადის გზას, მაგრამ უმრავლესობა გვიან ხვდება, რომელია მისი ბუნებრივი განვითარების გზა, სადაც საკუთარი თავის შეცნობა ხდება. ერთხელაც ახელ თვალს და ხვდები, რომ უბრალოდ დაიკარგე. თითქოს, ყველაფერს წესების მიხედვით ასრულებ, ამ დროს კი გაქვს უბედურების განცდა და მუდმივი შფოთვა. უმეტესად ასეთ დროს გარეთ ხდება მიზეზის ძებნა, რა გვემართება. ზოგჯერ, ბედს, ღმერთს და რაღაც გარეგან ძალებს მიაწერს ადამიანი თავის ტანჯვას.

ვერავინ მოგცემს პასუხს გარეთ, პასუხები საკუთარ თავშია, რომელიც თვითშემეცნების შედეგად, საკუთარი გონების შესწავლის შემდეგ მოდის. რთულია, აიღო პასუხისმგებლობა და ძლიერად, მშვიდად შეხვდე საზოგადოების დიდი ნაწილიდან მომართულ კატეგორიულ აზროვნებას, რთულია გაარღვიო კონფორმული ადამიანების წრე და შენი ინდივიდუალური გზა აირჩიო. ინდივიდუალიზმი მხოლოდ განვითარებულ ფორმირებებში ხდება. მთავარია, შინაგან რესურსს მიწვდე და არ გაექცე რეალობას.

პიროვნული განვითარებისთვის უმთავრესი თავისუფლებისკენ სწრაფვაა, ანუ გათავისუფლება იმ ყველაფრისგან, რაც შენი არ არის, რითაც გადაივსო გონება ბავშვობიდან დღემდე. რაც მეტად თავისუფლდება ადამიანი, მით მეტად უახლოვდება ავთენტურ ბავშვს, რომელშიც სიმშვიდე, სილაღე და ჰარმონიაა. სხვა შემთხვევაში შენ, შენ არ ხარ და დაკარგული ხარ, როგორც ინდივიდი ვერ ვითარდები. ჩვენ ცნობიერ-არაცნობიერად გახლეჩილი ადამიანები ვართ და თვითმიზანი საკუთარი თავის პოვნა და გამთლიანებაა.

უსმინე არა განპირობებული გონებიდან წამოსულ მზა პასუხებს, არამედ ეძებე რეალურად ვინ ხარ, ვინ არის შენში არსებული მივიწყებული დედანი? დააკვირდი, როდის ხარ ნამდვილი.

ხშირად, გვსმენია, ამბობენ – სხვას ვეხმარები, მაგრამ მე ცუდად ვარ. ეს კი საკუთარი თავის მოტყუებაა. თუ შენ არ იცი არაფერი შენი არაცნობიერის შესახებ, თუ რეფლექსიის შედეგად საკუთარი ჭაობიდან ჯერ ვერ ამოხვედი, სხვას ვერ დაეხმარები. ეს, ალბათ, უფრო კომპენსირებას ჰგავს საკუთარი ვერ რეალიზებული სურვილებისა, როცა გინდა სხვა გადაარჩინო, მაშინ, როცა ჯერ თავად არ ჩაგიხედავს საკუთარ უფსკრულში და არ შემოსულა შინაგანი გამოცდილებით ნაპოვნი თავისუფლება, სიმშვიდე და ბედნიერება.

ეცადე, ჩახედო შიშს თვალებში და გაშიშვლდე საკუთარი თავის წინაშე. სიბნელე, რომელიც აქამდე ძლიერ გაშინებდა, ის შეგიძლია გამოიყენო, როგორც დასაწყისი ახლის შეცნობის, რათა დაინახო სინათლე, რომელიც შენშია.

1 გამოხმაურება

  1. საინტერესო სტატიაა.რთულია,მაგრამ ერთხელაც შეხვდები საკუთარ თავს და არასოდეს მიატოვებ მას.ასეთი ,,მესიჯები”გეხმარება ,საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი