მასწავლებელს თქვენს ნაცვლად თქვენივე ბუნების ამოცნობა უნდა შეეძლოს

0
431

მე შემიძლია ხუთ საათში ხუთი გოდორი ცოდნა ჩავუდო ადამინს თავში, მაგრამ ამით რა გამოვა? – ცოტა უფრო უარესი გახდება, ვიდრე იყო.

საიდან ჩნდება საქმის ტყვეობა? იქიდან, რომ ჩვენ ჩვენი საქმით სულს ვბოჭავთ. ჰინდური სისტემის მიხედვით ორი სინამდვილე არსებობს: ბუნება და სული, ანუ ატმანი. (ატმანი ცნება ინდუიზმში, სული, რომლითაც განსჭვალულია ყველა სულიერი ქმნილება. ატმანი უკვდავია, იგი არსებათა სიკვდილის შემდეგ თავისი კარმის მიხედვით შემდეგ სხეულს, „გარსს” პოულობს და ხელახლა იბადება.) სიტყვა ბუნება მხოლოდ ამ გარეგან სამყაროს კი არ გულისხმობს, არამედ ჩვენს სხეულს, გონებას, ნებას და იმასაც კი, რასაც ჩვენ „მე”-ს ვუწოდებთ. ყოველივე ამის მიღმაა უსასრულო სიცოცხლე და სულის ნათელი – სული, ატმანი. . . . ამ ფილოსოფიის მიხედვით სული ბუნებისგან სრულიად განცალკევებულია. ის ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. . . . ის გონებასთანაც კი არასოდეს არასოდეს გაუიგივებიათ.
თავისთავად ცხადია, რომ გონებას მუდმივად კვებავს საჭმელი, რომელსაც ვჭამთ. ეს მატერიაა. სული საჭმელთან ყოველგვარ კავშირზე მაღლა დგას. მისთვის სულ ერთია, ჭამთ თუ არა, ფიქრობთ თუ არა, ესეც სულერთია. ის უსასრულო ნათელია. მისი სინათლე მუდამ ერთი და იგივეა. სინათლეს რომ ლურჯი ან მწვანე მინა ააფაროთ, ამით მას არაფერი მოუვა. მისი ფერი უცვლელი დარჩება. ეს ჩვენი გონება ცვლის და სხვადასხვაფრად აფერადებს სინამდვილეს. რა წამსაც სული სხეულს ტოვებს, ყველაფერი ნამსხვრევებად იქცევა.
ბუნებაში ერთადერთი რეალობა სულია. თავად რეალობა – სულის ნათელი – სხეულის და გონების მეშვეობით დადის, ლაპარაკობს და მოქმედებს.

ენერგიაა, სული და სულის ნათელია ის, რაც სხვადასხვა გზით მატერიად ხორციელდება. . . . სულია ყველაფრის – ყოველი ჩვენი ფიქრისა და ფიზიკური მოქმედების მიზეზი; და თუმცა თვითონ სიკეთისა თუ ბოროტების, სიამოვნებისა თუ ტკივილის, სიცხისა თუ სიცივის – ბუნების ყველგვარი ორმაგობის მიღმაა, ყველაფერს ის ჰფენს ნათელს.

არსებობს ზოგადი იდეები, რომელიც შეიძლება კაცობრიობას უქადაგოთ, ნამდვილ მასწავლებელს კი თქვენს ნაცვლად თქვენივე ბუნების ამოცნობა უნდა შეეძლოს. შეიძლება თქვენ თვითონ არ იცნობდეთ საკუთარ ბუნებას. ისიც შესაძლებელია, რომ თქვენი ბუნება სულაც არ იყოს ისეთი, როგორიც თქვენ გგონიათ. შეიძლება ის თქვენ ჯერ არ გქონდეთ გაცნობიერებული.

მასწავლებელი ის ადამიანია, ვინც ვალდებულია, იცოდეს… ერთი გამოხედვით უნდა მიხვდეს, ვინ ხართ და თქვენს გზაზე უნდა დაგაყენოთ. ჩვენ ხელის ცეცებით დავდივართ, ხან რას მოვსინჯავთ, ხან რას. ათას რამეს ვაკეთებთ, მაგრამ წინსვლა არა და არ ჩანს, სანამ დრო არ დადგება და ჩვენთვის ბუნებრივ ნაკადში არ მოვხვდებით და მას არ გავყვებით. ნიშანი იმისა, რომ ჩვენს დინებაში მოვხვდით, ის არის, რომ იქ აღმოვჩნდებით თუ არა, ტივტივს ვიწყებთ. ძიება მთავრდება. ჯერ საკუთარი ბილიკი უნდა ვიპოვოთ, შემდეგ კი აღარ დავთმოთ იგი და სხვა ბილიკზე გადასვლას საკუთარ გზაზე სიკვდილი ვარჩიოთ.

ამის ნაცვლად ჩვენ რელიგიას ვირჩევთ, დოგმებით ვიხუნძლებით, ადამიანის მიზანს ვღალატობთ და ისე ვექცევით ადამიანებს, თითქოს ყველას ერთი ბუნება ჰქონდეს. არ არსებობს ორი ადამიანი, ერთნაირი გონება ან სხეული რომ ჰქონდეს… ორ ადამიანს ერთი რელიგია ვერ ექნება… თუ გინდათ, რელიგიურები იყოთ, ნუ შეაბიჯებთ ნურც ერთი ორგანიზებული რელიგიის კარიბჭეში. ისინი ასჯერ მეტ ბოროტებას ჩადიან, ვიდრე სიკეთეს, რადგან თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ განვითარებას უღობავენ გზას!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი