ლიდერის პიროვნული და ფსიქოლოგიური შტრიხები

0
639

ლიდერის პიროვნული და ფსიქოლოგიური შტრიხების ძიება საკმაოდ აქტურად იდგა და დგას აშშ-ში, სადაც არაერთი კვლევა ჩატარდა აღნიშნული თემის უკეთ შესასწავლად. თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ლიდერის თვისებები შეიძლება შეფასდეს არამხოლოდ განზოგადებულად, არამედ გამოწვევისამებრ, ანუ არსებობს არა მხოლოდ ადამიანი-ლიდერი, რომელსაც ახასიათებს ესა თუ ის თვისებები, არამედ ლიდერები ხდებიან იმ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე რაც მოცემულ დროსა და ადგილას გვაქვს.

აი მაგალითად ეს შეიძლება იყოს ცოდნის ლიდერი, ანუ ადამიანი, რომელიც გვაძლევს საჭირო და სასურველ ცოდნას, სტატუსური ლიდერი, მაგალითად თანამდებობაზე მყოფი პიროვნება, რომელიც პიროვნული მახასიათებლებისგან დამოუკიდებლად აქვს ლიდერობის ფუნქცია მინიჭებული, პროფესიული ლიდერი, ანუ ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის მოცემული საქმე და მისი რჩევა თუ სიტყვა კონკრეტულ შემთხვვეაში გადამწყვეტია და სხვა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მაინც განვიხილოთ ისეთი სახის ლიდერი, რომელიც შედარებით მაღლა დგას ცალკეული გარემოებებისაგან და მეტად ერგება სხვადასხვა სიტუაციას. 

ზოგადად ლიდერი არ არის აუცილებელი იყოს ძალიან ერუდირებული. რა თქმა უნდა ეს დიდი პლუსია ნებისმიერ ვარიანტში, მაგრამ აუცილებელი და გადამწყვეტი ნამდვილად არ გახლავთ. როგორც აშშ-ში რამდენიმე ასეული წარმატებული პოლიტიკოსის, ეკონომისტის, ბიზნესმენისა და სხვა პროფესიისა თუ საქმიანობის მქონე ადამიანების შესწავლის შემდეგ დადგინდა ლიდერები ხასიათდებიან რამდენიმე გამოკვეთილი თვისებით:

უშუალოობა – ლიდერი ცდილობს რომ უშუალოდ მოაღწიოს შენამდე და გაგრძნობინოს, რომ ის შენგან შორს არ დგას;

სითამამე – ლიდერი ცდილობს სტანდარტული კლიშეების დამსხვრევას და ხშირად აკეთებს იმას, რისიც სხვებს ეშინიათ ან არ გააკეთებდნენ;

იუმორი – ლიდერები თავიანთი უშუალოობიდან გამომდინარე ცდილობენ განივითარონ კარგი იუმორის გრძნობა და შემდგომ გამოიყენონ ის არამხოლოდ პოზიტიურ და სასიამოვნო სიტუაციებში, არამედ თავდასხმების მოგერიებისასაც;

სწრაფად აზროვნება – ლიდერი იმაზე ხშირად ხვდება რთულ სიტუაციაში, ვიდრე უბრალო ადამიანი ყოველდღიური ცხოვრების განმავლობაში, შესაბამისად მას უწევს მიიღოს გადაწყვტილება სწრაფად და შეძლოს რაციონალური აზროვნება კრიტიკულ გარემოში;

ფაქტების ფლობისა და გამოყენების უნარი – ლიდერს უნდა ჰქონდეს ფაქტები, მონაცემები, მაგალითები და იყენებდეს მას, მაგრამ აქ არ არის საუბარი მხოლოდ ზოგადად ცოდნის დიდ ბაზაზე, არამედ უფრო მეტად თვისებაზე გამოიყენო მოცემული ინფორმაცია მაქსიმალურად ბევრი ასპექტით, მაქსიმალურდ ბევრგან;

თავის ხელში აყვანის უნარი – ლიდერი აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს თავს და უნდა შეეძლოს თავის დაცვა მძაფრი ემოციებისაგან, როგორიცაა შიში, ზიზღი, შური და სხვა. ეს არ ნიშნავს, რომ ლიდერი არ უნდა გრძნობდეს მას, არამედ არ უნდა გამოხატავდეს მათ.

დიდ ჯგუფებთან და ინდივიდებთან მუშაობის უნარი – ლიდერი არ უნდა იზღუდებოდეს ადამიანთა რაოდენობით. იგი შეიძლება თამამად ახერხებდეს მუშაობას როგორც დიდ ჯგუფებთან, ხანდახან მათი რაოდენობა შეიძლება ათასებსაც აღწევდეს (განსაკუთრებით პოლიტიკურ სივრცეში), ასევე ერთ ინდივიდთანაც კი, და ეს უნდა ხდებოდეს ისე, რომ ინდივიდი ფიქრობდეს ეს ადამიანი მხოლოდ ჩემთვის თუ არსებობს ამ წუთასო.

ქარიზმა – ზოგადად ყოველივე გარკვეულწილად კიდეც იყრის თავს ცნება ქარიზმაში, რომლის ზუსტი განმარტება საკმაოდ რთულია, მაგრამ რეალურად ქარიზმა გულისხმობს (გარდა ზემოთ თქმული თვისებების ერთობლიობისა) სიახლისა და განსხვავებულის შეთავაზების სწრაფ უნარს, რომელსაც წინ ბევრი ვერაფერი დაუდგება. ამიტომაა რომ ქარიზმატული ლიდერი დიდი ხანი ერთ პოზიციას ვერ ინარჩუნებს, დაახლოებით ასეთ ადამიანებზეა ნათქვამი: “ვინც წინ არ მიდის – უკან იხევს!”.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი