იყო თუ არა იესო სრულიად გასხივოსნებული

0
1727

ოშოს საუბრები მოსწავლეებთან 1970-1971  წიგნიდან The Great Challenge

დიახ, ის იყო სრულიად გასხივოსნებული, მაგრამ ვინაიდან იგი ცხოვრობდა ისეთ ადამიანებს შორის, რომლებმაც არაფერი იცოდნენ გასხივოსნების შესახებ, უწევდა საუბარი ისეთ ენაზე, რომელიც არ დაადასტურებდა ყოველივე ამას. ეს იმიტომ იყო საჭირო, რომ იმ კონკრეტულ დროსა და ადგილას სხვა შესაძლებლობა არ არსებობდა. ენები განსხვავდება ერთმანეთისგან. როდესაც ბუდა საუბრობს, ის იყენებს სრულიად განსხვავებულ ენას. მას არ შეუძლია თქვას „მე ვარ ძე ღმრთისა“, რადგან ძესა და მამაზე საუბარი უაზრობაა.

მაგრამ იესოსთვის შეუძლებელია სხვა ენის გამოყენება – იგი საუბრობს ძალიან განსხვავებული პიროვნებასავით. იესოს ბევრი რამ აკავშირებს ბუდასთნ. ქრისტიანობას არ გააჩნია ცოდნა, თუ სად იმყოფებოდა იესო ოცდაათი წლის განმავლობაში. ცნობილია მხოლოდ ორი ფაქტი – როდესაც ის დაიბადა და როცა შვიდი წლისა იყო. დანარჩენი პერიოდი უცნობია. მაგრამ ინდოეთში არსებობს მრავალი თქმულება. ქაშმირში არსებული ხალხური გადმოცემის თანახმად ირკვევა, რომ იგი წლების განმავლობაში მედიტირებდა ბუდისტურ მონასტერში, რაც არაა აღრიცხული. მოგვიანებით, როდესაც ის გახდა 30 წლის მოულოდნელად აღმოჩნდა იერუსალიმში. შემდეგ ჯვარს აცვეს და არსებობს ამბავი მისი აღდგომის შესახებ. ჩნდება კითხვა, თუ სად ქრება იგი ამ ყველაფრის მერე? ქრისტიანობა ვერაფერს ამბობს ამის შესახებ. სად წავიდა? როდის გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით?

მიგელ სერანო თავის წიგნში სახელწოდებით „სამოთხის გველი“ წერს, რომ არავინ უწყის, თუ რას აკეთებდა, ან სად ცხოვრობდა იგი ოცდაათ წლამდე, სანამ ქადაგებას დაიწყებდა. ლეგენდის თანამად ის იყო ქაშირში – რომელიც არის ქაშმირის ნამდვილი სახელი. „ქა“ ნიშნავს თანაბარს, თანასწორს, ხოლო „შირ“ არის სირია.

ასევე ცნობილია, რომ რუსი მოგზაური სახელად ნიკოლას ნოტოვიჩი, რომელიც 1887 წელს ჩადიოდა ხოლმე ინდოეთში, ესტუმრა ლადახს ტიბეტში, სადაც ავად გახდა და დარჩა ჰემის გუმპას ცნობილ მონასტერში. ამ პერიოდის განმავლობაში ის გაეცნო მრავალფეროვან ბუდისტურ წმინდა წერილებსა და ლიტერატურას, სადაც ხშირად მოიხსენიებოდა იესო, მისი სწავლება და ლადახში ვიზიტი. მოგვიანებით ნოტოვიჩმა გამოაქვეყნა წიგნი „წმინდა იესოს ცხოვრება“, რომელშიც დააკავშირა ყველაფერი, რაც აღმოაჩინა აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებსა და ლადახში იესოს ვიზიტის შესახებ. ჩაწერილია, რომ ლადახიდან მაღალმთიანი რეგიონისა და თოვლიანი ბილიკების გავლის შემდგომ იესო ჩავიდა ქაშმირში, კერძოდ პაჰალგამში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა მწყემსად და უვლიდა საკუთარ ფარას.

სწორედ აქ მიაგნო იესომ ისრაელის დაკარგული ტომების შესახებ ნაკვალევს. ამ სოფელს სახელი პაჰალგამი, მწყემსების სოფელი, იესოს იქ ცხოვრების შემდეგ ეწოდა. „პაჰალ“ ქაშმირულად ნიშნავს მწყემსს, ხოლო „გამ“ – სოფელს. მოგვიანებით, შრინაგარისკენ მიმავალ გზაზე იესომ დაისვენა და ქადაგებდა იშკუმან/იშმუქამში. ამ ადგილსაც იესოს იქ ყოფნის შემდგომ ეწოდა ეს სახელი. ხოლო როდესაც მას შეუსრულდა ოცდაათი წელი მოულოდნელად აღმოჩნდება იერუსალიმში, რის შემდგომაც არის ჯვარცმა და აღდგომა.

როდესაც იესო ჯვარზე იყო გაკრული, ჯარისკაცმა შუბი ესროლა, რის შედეგადაც მისი სხეულიდან სისხლმა და წყალმა გამოჟონა. ეს ყოველივე წერია იოანეს სახარებაში: „ერთ-ერთმა ჯარისკაცმა შუბით განგმირა მისი ფერდი, საიდანაც მყისვე იფეთქა სისხლმა და წყალმა“. ამას მივყავართ იმ შეხედულებამდე, რომ იესო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ჯვარზე, რადგან სისხლი არ გადმოჩქეფს მკვდარი სხეულიდან. მაგრამ იესო უნდა მოკვდეს. ან ჯვარცმა დასრულდება მისი სიკვდილით, ანდა მთელი ქრისტიანობა მოკვდება. ქრისტიანობა დამოკიდებულია აღდგომის სასწაულზე. წინასწარმეტყველების მიხედვით, ქრისტეს ჯვარს აცვამდნენ და შემდეგ ის აღდგებოდა. იესო მკვდრეთით აღდგა – ეს ასეც უნდა მომხდარიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ებრაელები არ დაიჯერებდნენ, რომ ის იყო წინასწარმეტყველი. ისინი ელოდებოდნენ ამას და ასეც მოხდა.

სამი დღის შემდეგ მისი სხეული გაქრა იმ გამოქვაბულიდან, სადაც დაასვენეს და ის დაინახა სულ მცირე რვა ადამიანმა. შემდეგ იესო კვლავ გაქრა. ქრისტიანობა ვერაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ სად წავიდა იგი აღდგომის შემდეგ და არსად არაფერი წერია იმაზე, თუ როდის გარდაიცვალა. ის ჩავიდა ქაშმირში ისევ და ას ორ წლამდე იქ ცხოვრობდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. ზუსტი ადგილი, რომელ ქალაქშიც ეს მოხდა, ცნობილია.

იგი სხვა სახელს არ ატარებდა ქაშმირში. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი მას ეძახის იესოს, მთელი არაბული სამყარო მოიხსენიებს, როგორც ისუსი ან ისაუ. ქაშმირში ის ცნობილია, როგორც იუსა-ასაფი. მისი საფლავის ქვას ეწოდება იუსა-ასაფისა, რომელიც მოვიდა შორეული ქვეყნიდან და ცხოვრობდა აქ. ქვაზე ასევე მითითებულია, რომ ის 1900 წლის წინ მივიდა იქ საცხოვრებლად. მიგელ სერანო, რომელმაც მოინახულა ეს ქვა, წერს: „საღამო იყო, როდესაც ჩავედი მის სანახავად. ჩამავალი მზის შუქზე მამაკაცებისა და ბავშვების სახეები თითქმის საღმრთო შესახედაობისა იყო. ისინი გამოიყურებოდნენ ანტიკური დროის ადამიანებივით. შესაძლოა ისინი დაკავშირებულნი იყვნენ ერთ-ერთ დაკარგულ ისრაელის ტომთან, რომელიც ემიგრირებულია ინდოეთში. ფეხზე გავიხადე, შევედი და ვიხილე ძალიან ძველი საფლავის ქვა, რომელიც გარშემორტყმულიყო დამცავი ფილიგრანული ქვის გალავნით, ხოლო ერთ მხარეს ფეხის ნაკვალევი იყო ამოკვეთილი ქვაში. ამბობენ, რომ ეს იუსა-ასაფის ფეხის ნაკვალევია, ლეგენდის თანახმად კი იუსა-ასაფი არის იესო. შენობის კედელზე კიდია წარწერა, ქვემოთ კი შესაბამისი თარგმანი ინგლისურ ენაზე, რომელიც ასე იკითხება: იუსა-ასაფი (ხანია, შრინაგარი)“.

იესო იყო სრულიად გასხივოსნებულ მდგომარეობაში. აღდგომის ფენომენი ქრისტიანული დოგმის თანახმად დაუჯერებელი გვეჩვენება, მაგრამ ეს ასე არაა იოგაში. იოგის მიხედვით, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანს შეუძლია მთლიანად მოკვდეს სიკვდილის გარეშე. გული ჩერდება, ასევე პულსიცა და სუნთქვაც. იოგას ამის სწავლების მეთოდებიც აქვს. ინდოეთში ჩვენ ვიცით, რომ იესოს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ღრმა ფიზიკური გამოცდილება იოგაში, რაც გამოადგა ჯვარზე გაკვრისას, რადგან, როდესაც სხეული ნამდვილად კვდება, არ არსებობს აღდგომის შესაძლებლობა. როდესაც ისინი, ვინც იესო ჯვარს გააკრა, დარწმუნდნენ, რომ ის გარდაიცვალა, ჩამოხსნეს მისი სხეული ჯვარიდან და გადასცეს მის მიმდევრებს. მას შემდეგ რაც მისი სხეული გაახვიეს თხელ მიტკალში და მირონში, რომელიც დღემდე ცნობილია, როგორც „იესოს მირონი“, მისმა ორმა მიმდევარმა იოსებმა და ნიკოდემუსმა ის გადაასვენეს გამოქვაბულში, რომლის ღრუც უზარმაზარი ლოდით გადაკეტეს.

არსებობს სექტა, სახელწოდებით ესენები, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი თქმულება ამასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ესენელი მიმდევრები დაეხმარნენ იესოს ჭრილობების მორჩენაში. როდესაც ის კვლავ იხილეს, მის მიმდევრებს არ სჯეროდათ, რომ ის იყო ნამდვილად ჯვარზე გაკრული იესო, ერთადერთი გზა ამის დასამტკიცებლად განკურნებული ჭრილობების ჩვენება გახლდათ მათთვის. ეს ყოველივე წერია ბიბლიაში. ჭრილობების განკურნებას სამი დღე დასჭირდა, რომლის განმავლობაშიც იესო დარჩა გამოქვაბულში გამოსაჯანმრთელებლად. ამის შემდეგ ის გაუჩინარდა. უზარმაზარი ლოდი გადაგორებული იყო და გამოქვაბული დაცარიელებული. იესო იქ არ იყო! ამ გაუჩინარებას მივყავართ მისი აღდგომისა და სამოთხეში აღზევების საერთო თეორიამდე. მაგრამ მას შემდეგ, რაც ის მოწაფეებს გამოეცხადა, ქალაქიდან წასვლა მოუწია, რადგან იქ რომ დარჩენილიყო მეორეჯერ აცვამდნენ ჯვარზე. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ის წავიდა ინდოეთში, იქ, სადაც ებრაელთა ტომი გაქრა.

ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი ბერნიერი, რომელიც ინდოეთში აურანგზების (1618-1707 წწ.) მეფობის დროს იმყოფებოდა, წერს: „სამეფოში შესვლისას საზღვრისპირა სოფლის მაცხოვრებლები მაოცებდნენ მათი ებრაელებთან მსგავსებით“. დიახ, ქაშმირელები გამოიყურებიან ებრაელებივით, სახითა და გამომეტყველებით გვანან მათ. სადაც არ უნდა მოხვდეთ ქაშმირში, იფიქრებთ, რომ ებრაელთა მიწაზე მოძრაობთ. არსებობს მოსაზრება, რომ იესო ქაშმირში იმიტომ მივიდა, რომ ეს იყო ებრაული მიწა ინდოეთში, ებრაელი ტომი ცხოვრობდა იქ. ქაშმირში ბევრი ისტორიები არსებობს იესოს შესახებ, რომელთა აღმოსაჩენად იქ ჩასვლაა საჭირო.

ჯვარცმამ იესოს გონება მთლიანად შეცვალა. ამის შემდეგ ის სამოცდაათი წლის განმავლობაში მუდმივად ინდოეთში ცხოვრობდა, სრულ მდუმარებაში, საიდუმლოდ, ფარულად. ის არ ყოფილა წინასწარმეტყველი, მღვდელი ან მქადაგებელი. სწორედ ამიტომაცაა არაფერი ცნობილი მასზე. ქრისტიანობას ბევრი ინფორმაცია აკლია, თავად იესოს შესახებაც კი. მისი მთელი ცხოვრება უცნობია: თუ რას საქმიანობდა, როგორ მედიტირებდა. ქრისტიანი მოციქულები, ვინც ჩაიწერა მისი ნათქვამი, უმეცარი ადამიანები იყვნენ – მათ ბევრი რამ არასოდეს იცოდნენ. ერთი იყო მეთევზე, მეორე დურგალი…

თორმეტივე გაუნათლებელი იყო. ისინი ვერ ხვდებოდნენ რას აკეთებდა იესო, როცა მთებში წავიდა და ორმოცი დღე მდუმარებაში გაატარა. მათ ეს მხოლოდ ჩაიწერეს და როდესაც ის დაბრუნდა დაიწყო ქადაგება, მაგრამ რას აკეთებდა? არაფერია ცნობილი. მდუმარების შემდგომ პერიოდში იგი უფრო და უფრო აქტიურად იყო ჩართული საქმიანობაში, რომელიც სოციალური და პოლიტიკური უფრო იყო, ვიდრე რელიგიური. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მის გარშემო აბსოლუტურად არაფილოსოფიური ხალხი ტრიალებდა, შესაბამისად რაც უნდა ეთქვა არასწორად ესმოდათ. როდესაც თქვა „მე ვარ ებრაელთა მეფე“, ის არ საუბრობდა ამ ქვეყნის სამეფოზე. ის იყენებდა მეტაფორებს. არა მხოლოდ მტრები, არამედ მიმდევრები და მოციქულებიც კი ვერ გებულობდნენ მის ნათქვამს. მათაც დაიწყეს ფიქრი მიწიერ სამეფოზე. ვერ ხვდებოდნენ, რომ რასაც ის ამბობდა სხვა სამყაროს ეხებოდა, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა გააჩნდა. ისინი ასევე ფიქრობდნენ, რომ ადრე თუ გვიან იესო მეფედ გახდომას აპირებდა. ამან წარმოშვა მთელი უბედურება.

სხვა ქვეყანაში იესო შეიძლება ჯვარზე არ გაეკრათ, მაგრამ ებრაელებისათვის იგი პრობლემას წარმოადგენდა. ებრაელები არიან ზედმიწევნით მატერიალისტები. ეს იესოს ეპოქაშიც ასე იყო და ამჟამადაც ასეა. მათთვის სხვა სამყარო უაზრობაა, ისინი მხოლოდ ამ ქვეყანაზე არიან კონცენტრირებულნი. მაშინაც კი, როდესაც სხვა სამყაროზე საუბრობენ, გულისხმობენ ამ სამყაროს გაგრძელებას და არა მიღმიერს. ისინი განსხვავებულად აზროვნებენ. სწორედ ამიტომაცაა, რომ როცა საქმე მატერიალურ მეცნიერებას ეხება, ებრაელთა წვლილი იქ ძალიან დიდია. ეს არ არის დამთხვევა. პიროვნება, რომელსაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვოდა მთელი მსოფლიოს მატერიალისტური კონცეფციით მოდელირებაში იყო ებრაელი კარლ მარქსი.

კარლ მარქსი, ფროიდი, აინშტაინი – ამ სამმა ებრაელმა შექმნა მე-20 საუკუნე. მათ შექმნეს თანამედროვე მსოფლიო. დღესდღეობით არ არსებობს ადამიანი, რომელიც ებრაული აზროვნების გავლენის ქვეშ არაა მოქცეული. რატომ? ებრაელები არიან მიწიერი ხალხი. შესაბამისად, როდესაც ქრისტემ დაიწყო საუბარი ბუდას მსგავსად, ეს არ მოვიდა მათთან თანხვედრაში, მათ არ გაიზიარეს მისი ნათქვამი, ვინაიდან არასწორად გებულობდნენ. მათთან შედარებით პილატეს უფრო კარგად ესმოდა მისი. ის მუდმივად გრძნობდა, რომ უდანაშაულო ადამიანი ტყუილ-უბრალოდ უნდა გაეკრათ ჯვარზე და ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს არ მომხდარიყო. მაგრამ შემდეგ პოლიტიკური განსჯა მოხდა. მაშინაც კი, როდესაც ისინი იესოს ჯვარცმას განიხილავდნენ ბოლო წუთას პილატემ დაუსვა შეკითხვა: „რა არის სიმართლე?“ იესომ დუმილი არჩია. მხოლოდ ბუდა თუ მოიქცეოდა ასე, სხვა არავინ. რაღაც ყოველთვის გამოითქმება, მაშინაც კი, როდესაც არაფერი შეიძლება ითქვას. მხოლოდ ბუდას ძალუძს სრულიად დადუმდეს. ებრაელებმა იესოს დუმილი აღიქვეს ისე, თითქოს მას არ ჰქონდა კითხვაზე პასუხი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი, რა თქმა უნდა, აუცილებლად იტყოდა რამეს.

მე ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ პილატე მიხვდა პასუხს, რადგანაც ის იყო რომაელი. მაგრამ პილატე სცენიდან ქრება, სრულ პასუხისმგებლობას კი მღვდლებს გადააბარებს. მას არ სურს ამ ამბავში გარევა. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ საუბრისას ორი ენა გამოიყენებოდა. იესო, რასაკვირველია სხვა სამყაროზე საუბრობდა ამ სამყაროს ენით, ებრაელებმა კი თითოეული სიტყვა ზედმიწევნით განიხილეს. ინდოეთში ასე არ მოხდებოდა, რადგან იქ იგავებისა და სიმბოლოების დიდი ტრადიცია არსებობს. პირიქით, ინდოეთში შესაძლოა საპირისპირო გაუგებრობა მოხდეს – დედამიწის შესახებ იყოს საუბარი და მათ ეს აღიქვან, როგორც სხვა სამყარო.

ინდოეთში პოეტები წერენ რომანტიკის, სიყვარულისა და სექსის შესახებ, რაც ამ სამყაროს ეკუთვნის, მაგრამ მათი მიმდევრები ამის სიმბოლურ ინტერპრეტაციას ახდენენ. ღვინოსა და ქალზე რომც საუბრობდე, ისინი იფიქრებენ, რომ ღვინოში იგულისხმება ექსტაზი, ხოლო ქალში – ღვთაება. ეს ასეა! ებრაელები არიან ძალიან პირდაპირები. ისინი უცნაური რასას წარმოადგენენ, რომელთაც გააჩნიათ განსხვავებული მსოფლმხედველობა დანარჩენ მსოფლიოს ხალხთან შედარებით. მათ აქვთ სხვანაირი გონება. ებრაელს რომ გაუგო ძალიან რთულია. მას გააჩნია განსაკუთრებული ჩაკეტილობა, თავდაცვითი პოზიცია. ისინი ფიქრობენ მატერიალიზმის ფარგლებში და ღმერთიც კი მატერიალური სამყაროს ნაწილად მიაჩნიათ. სწორედ ამიტომაა მათთვის შეუძლებელი, რომ გაუგონ იესოს.

მაგალითად, ებრაელები ამბობენ, რომ თუ ვინმე რამეს დაგიშავებთ, ეს ორმაგად უნდა მიუზღოთ. ასე იქცევა მატერია. იმოქმედე! თუ ვინმე თვალს ამოგთხრის, ამოთხარე მას ორივე თვალი. იესომ კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამ თქვა: თუ ვინმე სილას გაგაწნის, მიუშვირე მას მეორე ლოყა. ეს იყო ბუდისტური საქციელი. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ როგორ შეეძლო ებრაელს ასე საუბარი დაეწყო. ამის არავითარი ტრადიცია და წარსულთან კავშირი არ არსებობდა. მიზეზის გარეშე არაფერი ხდება. იესო, როგორც ებრაელი, წარმოუდგენელია მათთვის. ის მოულოდნელად ჩნდება, მაგრამ არ აქვს ფესვი გადგმული ებრაელთა ისტორიაში, ვინაიდან არაფერი აქვს მათთან საერთო. ებრაელთა ღმერთთან შედარებით იესოს სიყვარული და თანაგრძნობა უაზრობა გამოდის. ვერც კი წარმოიდგენთ ებრაელ ღმერთზე უფრო ეჭვიან, მრისხანე და ბრაზიან ღმერთს. მას შეეძლო მთელი ქალაქი გაენადგურებინა, თუ ვინმე არ დაემორჩილებოდა. შემდეგ კი იესო ჩნდება და ამბობს: „ღმერთი სიყვარულია“. ეს კი წარმოუდგენელია მათი ტრადიციისათვის. როდესაც ბუდა საუბრობს თანაგრძნობის შესახებ, ეს არაა დაუჯერებელი.

მთელი ინდოეთი საუბრობდა ამაზე საუკუნეების განმავლობაში და ბუდაც ამ ტრადიციის ნაწილს წარმოადგენს. მაგრამ იესო არ ეკუთვნის ებრაულ ტრადიციას. სწორედ ამიტომ აცვეს იგი ჯვარს. ბუდას არასოდეს მოკლავდნენ ინდოეთში, რადგან მეამბოხეობის მოუხედავად იგი ეკუთვნის მათ ტრადიციას, შეესაბამება მათ იდეალებს. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ის უფრო მეტადაა ინდოელი, ვიდრე თავად ინდური საზოგადოება ზოგადად. იესო კი უცხო იყო იერუსალიმისთვის, ვინაიდან იყენებდა ისეთ სიტყვებსა და სიმბოლოებს, რაც ებრაელებმა არ იცოდნენ. მისი ჯვარცმა გარანტირებული იყო, ბუნებრივი მოვლენასავით. იესო ცხოვრობდა ღრმა მედიტაციაში, გასხივოსნებული, მაგრამ ისეთ რასასთან ერთად, რომელიც იყო პოლიტიკური და არა რელიგიური ან ფილოსოფიური. ებრაელებს არ მიუძღვნიათ მსოფლიოსთვის უდიდესი ფილოსოფოსები, მაგრამ მათ ჰყავდათ უდიდესი მეცნიერები. იესომ მათ პრობლემები შეუქმნა. ამიტომაც მას მოუწია დუმილი და გაქცევა.

ის ცხოვრობდა მდუმარებაში მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად – მოღვაწეობდა ჩუმად, ეზოთერულად. შესაძლოა ახლაც არსებობს და გრძელდება ეს დაფარული, ეზოთერული ტრადიცია. თუ დაივიწყებთ ქრისტიანობას და აღმოაჩენთ იესოს ქრისტიანობის გარეშე, ბევრად უფრო გაუმჯობესდებით. ქრისტიანობა იქცა ბარიერად. იესოზე ფიქრის დროს წარმოგიდგებათ მისი მხოლოდ ქრისტიანული ინტერპრეტაცია და სხვა არაფერი. როდესაც „მკვდარი ზღვის გრაგნილები“ აღმოაჩინეს 20 წლის წინ მკვდარ ზღვასთან ახლოს, ამან ხალხში მღელვარება გამოიწვია. ეს გრაგნილები, რომელიც ეკუთვნით ესენიელებს (ებრაელ სექტანტებს) არის უფრო უტყუარი, ვიდრე ბიბლია.

მაგრამ ქრისტიანობა არ მიდის დათმობაზე. მკვდარი ზღვის გრაგნილები ებრაელებზე სრულიად განსხვავებულ ამბავს გვიყვება. ყურანშიც კი განსხვავებული ინფორმაციაა მათ შესახებ. როგორც ჩანს მუჰამედს ჰქონდა კონტაქტი სხვადასხვა ებრაელ მისტიკოსებთან. ყოველთვის ასე ხდება. როდესაც მე ვამბობ რაღაცას, ჩემს გარშემო ვქმნი ადამიანთა ორ ჯგუფს. ერთნი არიან ეგზოთერულები – ორგანიზებას უწევენ ისეთ საქმიანობას, რაც უკავშირდება საზოგადოებას, გარეშე მსოფლიოს. ისინი გაავრცელებენ ყველაფერს, რასაც ვამბობ. მეორე ჯგუფი უფრო მეტად იქნება დაკავშირებული შინაგან სამყაროსთან. ადრე თუ გვიან ამ ორ ჯგუფს კონფლიქტი მოუვა, რადგან მათი აქცენტი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. საბოლოოდ პირველი, გარე ჯგუფი გაიმარჯვებს, რადგან მათ შეუძლიათ ერთ გუნდად მუშაობა, რაც არ ძალუძთ ეზოთერულ ჯგუფს. ეს უკანასკნელნი მუშაობენ ინდივიდუალურად. როდესაც ერთი ინდივიდი იკარგება, ამით იკარგება რაღაც სამუდამოდ. ეს ემართება თითოეულ ოსტატს. გარე ჯგუფი უფრო და უფრო გავლენიანი და სისტემური ხდება. ეს ყოველივე კი კლავს მის შინაგან ნაწილს, რადგან იგი იწვევს პრობლემებს.

„მწვალებლობის“ გამო ქრისტიანობა ანადგურებს ყველაფერს რაც არის ეზოთერული. ახლა რომის პაპი იესოს რადიკალურად საპირისპირო მხარეს დგას: ეს არის საბოლოო განხეთქილება ეგზოთერიზმსა და ეზოთერიზმს შორის. რომის პაპი უფრო მეტად ჰგავს იმ მღვდლებს, ვინც იესო გააკრა ჯვარზე და არა თავად იესოს. თუ იესო კვლავ დაბრუნდება რომში მას ჯვარზე გააკრავენ. ვატიკანი არის ეგზოთერული, როგორც ორგანიზებული სისტემა. ეს არის თანდაყოლილი პრობლემები – ასე ხდება და ვერაფერს გააკეთებ მის აღმოსაფხვრელად.
დიახ, იესო იყო გასხივოსნებული, ისევე როგორც ბუდა, მაჰავირა და კრიშნა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი