ბრძენი, რომელიც მუდამ შრომისთვის შრომობს და შედეგზე არ ზრუნავს ამ გზით აღწევს ის თავს დაბადებისა და სიკვდილის ტკივილს და თავისუფლდება

0
1219

გიტა მცირეოდენ შესავალს მოითხოვს. მოქმედება კურუკშეტრას ველზე ხდება. ერთი და იგივე რასის ორი განშტოება ხუთი ათასი წლის წინ ერთმანეთს ინდოეთის იმპერიას ეცილებოდა. პანდაველებს ჰქონდათ უფლება, მაგრამ კაურავებს ჰქონდათ ძალა. პანდაველები ხუთი ძმანი იყვნენ და ტყეში ცხოვრობდნენ. კრიშნა პანდაველთა მეგობარი გახლდათ. კაურავები მათთვის ნემსის წვერის ოდენა მიწის მიცემასაც კი არ აპირებდნენ. პირველი სცენა ბრძოლის ველზე იშლება. ორივე მხარე მის წინ თავის ნათესავებსა და მეგობრებს ხედავს – ერთ მხარეს ერთი ძმა დამდგარა, მეორე მხარეს – მეორე. ერთ მხარეს ბაბუა დგას, მეორე მხარეს – შვილიშვილი.

როდესაც არჯუნა მტრის ბანაკში საკუთარ მეგობრებსა და ნათესავებს გაარჩევს და გააცნობიერებს, რომ შეიძლება მათი დახოცვა მოუხდეს, გული რეჩხს უყოფს და ბრძოლაზე უარს ამბობს. ასე იწყება გიტა. ,,ფეხზე წამოდექ, უფლისწულო! მოიშორე ეგ სულმდაბლობა, ეგ სისუსტე! წამოდექი და იბრძოლე! – შემდეგ არჯუნა კრიშნასთან შეკამათებას ცდილობს და მაღალმორალურ აზრებს ახვავებს – რომ წინააღმდეგობის გაუწევლობა სჯობს გაწევას და ა.შ. ცდილობს თავი გაიმართლოს, მაგრამ კრიშნას გაცურება შეუძლებელია. ის უზენაესი პიროვნება, ანუ ღმერთია და ყველაფერს ხედავს. ამ შემთხვევაში მიზეზი სისუსტეა. არჯუნა თავის ნათესავებს ხედავს და მათზე ხელის აწევა არ ძალუძს… არჯუნას გულში მეტისმეტი მგრძნობიარობა და მოვალეობა ერთმანეთს ებრძვის.

რაც უფრო ვგავართ ცხოველებს, მით უფრო მეტად ვართ ჩაფლული ემოციურობის ჭაობში. ჩვენ ამას სიყვარულს ვუწოდებთ? მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოჯადოებაა. ცხოველებივით ემოციების ტყვეობაში ვიმყოფებით. ძროხას შეუძლია თავი გაწიროს თავისი პირმშოსთვის. ეს ყველა ცხოველს ძალუძს, მაგრამ ამით რა? პატარა ჩიტის ბრმა ემოციებს სრულყოფილებისკენ არ მივყავართ.

ადამიანის მიზანი მარადიული ცნობიერების მიღწევაა, იქ ემოციებს, სენტიმენტალურობას და სხვა ისეთ რამეს, რაც გრძნობების საკუთრებაა, არაფერი ესაქმება. იქ მხოლოდ პირველმიზეზის წმინდა გონის ნათელია. იქ ადამიანი სულად გარდაიქმნება. ახლა კი არჯუნა ზედმეტი ემოციურობის ტყვეობაშია. იგი არ არის ის, რაც უნდა იყოს – განგების მარადი ნათლით მოქმედი, საკუთარი თავის მფლობი, გასხივოსნებული ბრძენი. ცხოველის ან ბავშვის მსგავსად ის გულს აჰყოლია, თავს ასულელებინებს მას, გონებას კარგავს და ცდილობს თავისი სისუსტე სიყვარულით და სხვა ლამაზი სიტყვებით შენიღბოს.

კრიშნა ყველაფერს ხედავს. არჯუნა ასე თუ ისე ნასწავლი კაცივით ლაპარაკობს და უამრავ არგუმენტს იშველიებს, თუმცა ამავე დროს სისულელეს როშავს. ,,ბრძენი არ წუხს არც ცოცხლებზე და არც მკვდრებზე”, მოუჭრის მას კრიშნა: ვერც შენ და ვერც მე ვერ მოვკვდებით. არ ყოფილა ისეთი დრო, როცა ჩვენ არ ვარსებობდით. ასეთი დრო არც არასოდეს დადგება. როგორც ამ ცხოვრებაში გაივლის ადამიანი ჯერ ბავშვობას, შემდეგ კი ახალგაზრდობას და სიბერეს, ისე სიკვდილის შემდეგ ის უბრალოდ სხვაგვარ სხეულში გადადის. რისთვის უნდა წუხდეს ბრძენი? რამ შვა ის ემოციურობა, ასე რომ დაუმონებიხარ? მხოლოდ გრძნობებმა. სიცოცხლის ყველა თვისება გრძნობების შეხებით ჩნდება. სითბო და სიცივე, სიამოვნება ოთხი ფიზიკური აღქმის ხუთი საშუალება: მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა და გემოს შეგრძნება. და ტკივილი ჩნდება და ისევ ქრება ხოლმე. ახლა რომ უბედურია ადამიანი, ცოტა ხანში თავს ბედნიერად გრძნობს. ფაქტიურად მას არ ძალუძს სულის ბუნება განიცადოს. . . .

არსებობა ვერასდროს იქნება არ არსებობა და ვერც არ არსებული იარსებებს ოდესმე. . . . ამიტომ იცოდე, რომ იმას, რაც მთელ სამყაროს ავსებს, არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. იგი უცვლელია. არ არსებობს არაფერი, რასაც ძალუძს შეცვალოს შეუცვლელი და თუმცა სხეული იბადება და კვდება, მას, ვინც მასში ცხოვრობს, არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. თუკი ეს იცი, წამოდექი და იბრძოლე! არც ერთი ნაბიჯი უკან! აი, რა არის დედააზრი…

რაც არ უნდა შეგემთხვეს, იბრძოლე. ქვეყანაც რომ დაიქცეს, მთელი მსოფლიოც რომ ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდეს, მაინც იბრძოლე! სიკვდილი მხოლოდ სამოსის გამოცვლას ნიშნავს. რას კარგავ? ამიტომ იბრძოლე! ლაჩრობით ვის რა მოუგია…

უკან დახევით უბედურებას ვერ აიცილებ. ყველა ღმერთს ერთად რომ მოუხმო, უბედურება მაინც არ აგცდება. ინდოეთის მასები სამოც მილიონ ღმერთს ევედრებიან, მაგრამ მაინც იხოცებიან. სად არიან ის ღმერთები?… ღმერთები მაშინ მოდიან საშველად, როცა მიზანს აღწევ. მაშ რა აზრი აქვს სიკვდილთან დამალობანას თამაშს?… ეს ქედის მოხრა ცრურწმენების წინაშე, საკუთარი სურვილებისთვის თავის მიყიდვა შენ არ შეგშვენის სულო ჩემო.

შენ დაბადების და სიკვდილის მიღმა ხარ, მარადისი. და რადგან უკვდავი სული ხარ, არ შეგშვენის მონობა… აღსდექ! გაიღვიძე! წამოდექი და იბრძოლე! მოკვდი, თუ საჭიროა. ვერავინ გიშველის. თვითონ ხარ მთელი სამყარო და ვინ უნდა გიშველოს? `მიუწვდომელია არსება ადამიანის გრძნობებისთვის დაბადებამდე და სიკვდილის შემდეგ. მხოლოდ ამათ შორის არის იგი ხილული. მითხარ, რაა სადარდებელი? ხოლო თუ ფიქრობ, რომ ამ კაცის კვლა ცოდვაა, შენი საკუთარი კასტის პოზიციიდან შეხედე ამ ყველაფერს.

არ ძალგვიძს ხორცზე ფიქრს მოვეშვათ. მიწას ვართ მიჯაჭვული… ჩვენი აზრები ჩვენი საფლავებია. სხეულს რომ ვტოვებთ, ეს აზრები უზარმაზარი ძალით გვიჭერს. ვის შეუძლია იშრომოს სრულიად მიუჯაჭველად? აი ნამდვილი კითხვა. ასეთი კაცი წარმატებაშიც და მარცხშიც ერთნაირია და მთელი მისი ცხოვრების საქმეც რომ ერთ წამში გაცამტვერდეს, გული ერთხელაც არ შეუტოკდება. `

ასეთია ბრძენი, რომელიც მუდამ შრომისთვის შრომობს და შედეგზე არ ზრუნავს. ამ გზით აღწევს ის თავს დაბადებისა და სიკვდილის ტკივილს და თავისუფლდება.

შემდეგ ის ხედავს, რომ მიჯაჭვულობა მხოლოდ მოლანდებაა, რომ სული ვერასოდეს იქნება მიჯაჭვული და წერილებსა და მოძღვრებებს მიღმა გადის. რას უნდა ელოდეს წიგნებსა და ფოლიანტებში ჩაფლული, თავგზააბნეული გონება? ერთი წიგნი ერთს ამბობს, მეორე კი სულ სხვას… რომელ წიგნს აირჩევ?

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი