როგორ ვაქციოთ პრობლემა გამოწვევად

0
559

იაპონელები უძველესი დროიდან მისდევენ თევზჭერას. ოდითგანვე თევზი მათი ყველაზე საყვარელი კერძი, ხოლო თევზჭერა ყველაზე სარფიანი საქმე იყო, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა კუნძულის მოსახლეობა, მით უფრო ძნელი იყო თევზის მოპოვება სანაპიროს სიახლოვეს და მეთევზეებს თანდათანობით სულ უფრო და უფრო შორს უწევდათ ოკეანეში შესვლა. 

და რაც უფრო ღრმად  შედიოდნენ ოკეანეში, მით უფრო დიდხანს უნდებოდნენ უკან დაბრუნებას, თევზი თანდათან ძველდებოდა, კარგავდა გემოს და კარგავდა ღირებულებას, ამიტომ  მეთევზეებმა დაიწყეს გემებზე დიდი მაცივრების დამონტაჟება, მაგრამ გაყინულ თევზს მაინც სხვა გემო ჰქონდა და ისე არ იყიდებოდა, როგორც ახალი.მაშინ თევზსაჭერ გემებზე დაიწყეს უზარმაზარი წყლის რეზერვუარების განთავსება. თევზს ამ რეზერვუარებში აგროვებდნენ, სანამ ისინი არ გაივსებოდა და მერე ბრუნდებოდნენ უკან. ამ ხნის განმავლობაშ  მათ კვებავდნენ და ცოცხლად მოყავდათ კუნძულზე. მაგრამ, რადგანაც თევზები დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის უძრავად იმყოფებოდნენ ამ რეზერვუარებში, ისინი მაინც კარგავდნენ ახალი თევზისთვის ჩვეულ გემოს და შესაბამისად  ეცემოდა ხარისხი და ფასიც.

საზრიანმა იაპონელებმა ბევრი იფიქრეს და შემდეგი რამ მოიფიქრეს: ისინი თითოეულ რეზერვუარში სვამდნენ მომცრო ზომის ზვიგენს. ზვიგენები, მართალია თევზის ნაწილს ჭამდნენ კუნძულზე დაბრუნებამდე, მაგრამ დანარჩენი, რაც გადარჩებოდა ინარჩუნებდა ცოცხალ გემოს და ისეთივე იყო რგორც ახლად დაჭერილი თევზი. რატომ?  – ზვიგენის არსებობა რეზერვუარებში თევზებს აიძულებდა ყოფილიყვნენ მუდმივ მოძრაობაში!

სანამ ჩვენ გარშემო არ არიან ზვიგენები (ჩვენი პრობლემები) ჩვენც მოშვებულები ვართ და მივყვებით ცხოვრების დინებას.

მაგრამ როცა ვდგებით გამოწვევების წინაშე, მაშინ სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულები იღვიძებენ და იწყებენ მოქმედებას, ხდებიან  უფრო ენერგიულები, სიცოცხლისუნარიანები, უფრო კრეატიულები.

ხოლო უმრავლესობა – აღიქვამს პრობლემას როგორც რაღაც გადაულახავ წინაღობას, ვარდება დეპრესიაში, იწყებს წუწუნს, გარშემო ყველას და ყველაფრის დადანაშაულებას ან საერთოდ წყევლის თავის გამჩენს,  ბედ–იღბალს, საბოლოოდ ინადგურებს ნერვებს და ცხოვრებას.

ნებისმიერი პრობლემა, თუნდაც უმნიშვნელოც კი,  ხშირად იქცევა ხოლმე ერთგვარ ტრაგედიად, პრობლემურ სიტუაციაში ყოფნა ხდება დამთრგუნველი და საშინელი. ამ დროს, ამ მდგომარეობის განცდა, უფრო მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე შეუძლია მოგვაყენოს თავად მიზეზმა, რომელმაც ეს პრობლემა გამოიწვია ან შედეგმა, რომელიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის არ გადაწყვეტას.

იმდენად „შეგვიპყრობს“ ხოლმე პრობლემაზე ფიქრი, რომ ჩვენი გონება მთლიანად ამისკენ ხდება მომართული და ვეღარ ვახერხებთ შესაძლებლობების შემჩნევას და ვღებულობთ კიდევ უფრო მეტ პრობლემას.

როგორც ნაპოლეონ ჰილი ამბობდა: „ყოველ უსიამოვნებაში დევს იმავე ან უფრო მეტი დოზით შესაძლებლობა სარგებლის მიღებისა.“

მთავარია ვისწავლოთ აღვიქვათ პრობლემა, როგორც გამოცდა და არა როგორც სასჯელი და თუ ჩვენ ვირწმუნებთ, რომ ამ გამოცდის ჩაბარება შეგვიძლია, მაშინ მთელი ჩვენი შინაგანი რესურსები იწყებენ მუშაობას ამ მიზნით და აუცილებლად დაგვანახებენ გამოსავალს, ვინაიდან ყველა პრობლემასთან ერთად, ჩვენ გვეძლევა საკმარისი ენერგია, პოტენციალი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება, რეაქცია მათზე და ჩვენი ეჭვები, რომ ვერ გადავლახავთ ამ წინაღობას, გვიშლის ხელს. ისინი ყოველთვის დგანან ბარიერად პრობლემასა და მისი გადაწყვეტის გზებს შორის და მხოლოდ რწმენას შეუძლია მოშალოს ეს ბარიერი.

პირველ კლასელ ბავშვს ასწავლიან ანბანს და ყოველი ასო–ბგერის სწორად დაწერაზე და წარმოთქმაზე ის ღებულობს ფრიადს, მაგრამ მე–5 კლასელი ვერ მიიღებს მაღალ ნიშანს მარტო ანბანის ცოდნაში. ყველა კლასში მოსწავლეს ეძლევა შესაბამისი დონის ამოცანა გადასაჭრელად.

ზუსტად ასევე გვექცევა ცხოვრებაც. ის გვაძლევს მხოლოდ იმ ამოცანას რომლის გადაჭრაც ჩვენ შეგვიძლია მოცემულ ეტაპზე.  ყველა პრობლემა, რომელიც ჩნდება ცხოვრებაში, გვეძლევა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ აღვიქვათ მათ, როგორც შანსს, თუ როგორც გადაულახავ წინაღობას.

ერთმა ცნობილმა, ფეხსაცმელების მწარმოებელმა ფირმამ, გასული საუკუნის დასაწყისში, აფრიკის ერთ–ერთ სახელმწიფოში გააგზავნა თავისი აგენტი იქაური ბაზრის შესასწავლად. ცოტა ხანში ხელმძღვანელობამ მიიღო აგენტისგან დეპეშა:

„აზრი არა აქვს აქ ჩემს ყოფნას. აქ არავის სჭირდება ფეხსაცმელი, აბსოლუტურად ყველა ფეხშიშველი დადის.“ და აგენტი უკან დაბრუნდა ფირმაში ხელმოცარული.

რამოდენიმე წლის მერე გადაწყვიტეს ხელმეორედ ეცადათ ბედი და კვლავ გააგზავნეს იმ ქვეყანაში უკვე სხვა წარმომადგენელი. ცოტა ხანში მისგან მიიღეს დეპეშა:

,,სასწრაფოდ გამომიგზავნეთ ყველა პარტია პროდუქციისა რაც კი გაგაჩნიათ, აქ არავის აცვია ფეხსაცმელი, ყველა აბსოლუტურად ფეხშიშველი დადის.”

სწორედ ამა თუ იმ მოვლენაზე ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი მათზე რეაქცია განსაზღვრავს წარმატების გზით მივდივართ ჩვენ თუ პირიქით, ვშორდებით ამ გზას.

ფსიქოლოგ რობერტ რესნიკის ფორმულა გვეუბნება რომ შედეგი=მოვლენას+გამოხმაურება. მოვლენა ეს არის ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში  და რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული (მაგ. ეკ.კრიზისი, ინფლაცია, სტიქიური უბედურებები, და.ა.შ.), გამოხმაურება კი ეს არის ჩვენი რეაგირება ამ მოვლენებზე, ჩვენი დამოკიდებულება მათდამი. თუ ჩვენ არ გვაწყობს ჩვენს ცხოვრებაში მიღებული რომელიმე შედეგი, უნდა დავფიქრდეთ, მოვლენებზე როგორმა რეაქციამ მოგვიყვანა აქამდე, როგორი აზრები, გრძნობები და ქმედებები უძღოდა წინ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს ახლა.

საკუთარი გამოცდილებიდან ძალიან ადვილია შევაფასოთ მოვლენები, რომელიც მოხდა წარსულში და მათში იმ შესაძლებლობების აღმოჩენა, რომელსაც მაშინ ვერც კი ვამჩნევდით. თუკი ამ შესაძლებლობების დანახვა შესაძლებელია ახლა, ის შესაძლებლობები არსებობდა იმ მომენტშიც, როცა ეს მოვლენა ხდებოდა.

ამიტომ, აღიქვით პრობლემა არა როგორც დაუძლეველი წინაღობა, კედელი აღმართული თქვენსა და თქვენს მიზანს შორის, არამედ როგორც კიბე, რომლის თითოეული საფეხურის ნაბიჯ-ნაბიჯ დაძლევითაც თქვენ შეძლებთ მიზანთან მიახლოებას.

რაც თქვენ გეჩვენებათ პრობლემად, მოხდა იმისთვის, რომ თქვენ კიდევ უფრო წინ წახვიდეთ პიროვნული ზრდის თვალსაზრით.

თქვენი ამოცანაა თვით ნეგატიურშიც კი ეძებოთ პოზიტიური, ან ყოველი შემთხვევისთვის გჯეროდეთ, რომ მასში არის პოზიტიური მომენტებიც მიუხედავად იმისა რომ თქვენ ამას ვერ ამჩნევთ.

ნებისმიერ შესაძლებლობას, ცხოვრებაში წარმატების მიღწევისა, თან ახლავს პრობლემებიც, და ეს არის ერთგვარი  გამოცდა რომელიც ავლენს თუ რამდენად სერიოზულია ჩვენი განზრახვა, ხოლო პრობლემების დაძლევით  ჩვენ ვხდებით გამარჯვებულები და თან რაც უფრო მიზანდასახული და ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობს ის ამ გამარჯვებით.

უბრალოდ ირწმუნეთ რომ შეგიძლიათ მათი მოგვარება და  ეძებეთ შესაძლებლობები,  შესაძლებლობები გიბიძგებთ მოქმედებისკენ. მოქმედება გახდება ერთგვარი მაგნიტი, რომელიც მოიზიდავს საჭირო იდეებს, გარემოებებს, ადამიანებს, მოვლენებს, რომლებიც დაგანახებენ შესაძლებლობებს ამ პრობლემების გადაწყვეტისა.

ავტორი:ხვიჩა მებონია

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი