თავისუფლებას საკუთარი თავის გარდა ვერავინ მოგანიჭებს

2
1041

ბაირონ კეტლინ რეიდი 30 წლის ასაკში ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. მომდევნო ათი წლის მანძილზე მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მეტად მძიმდებოდა, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში ქეითი (როგორც მას მიმართავენ) თავის საძინებელს იშვიათად ტოვებდა.

ერთ დილას კი ღრმა სასოწარკვეთილების ზღვარზე მყოფმა, აღმოაჩინა ის, რამაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ქეითმა გააცნობიერა, რომ როდესაც თავისი ფიქრების სჯეროდა – იტანჯებოდა, ხოლო როდესაც აღარ სჯეროდა – აღარ იტანჯებოდა. მასში
დეპრესიულ განცდებს იწვევდა არა მის გარშემო არსებული სამყარო, არამედ ის წარმოდგენები და შეხედულებები, რისიც ამ სამყაროს შესახებ სჯეროდა.

მის გონებაში მომხდარი წამიერი განათების შემდეგ ქეითმა გააცნობიერა, რომ იმის მაგივრად, რომ ამაოდ შევეცადოთ სამყაროს შეცვლას, რათა მოვარგოთ ჩვენს წარმოდგენებს – თუ როგორი უნდა იყოს ის, ჩვენ შეგვიძლია ეს წარმოდგენები კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, შემდეგ კი ჩვენ წინაშე არსებულ რეალობასთან შეხვედრით წარმოუდგენელი თავისუფლება და სიხარული განვიცადოთ. ამ გაცნობიერების შედეგად, საწოლს მიჯაჭვული და სუიციდური ფიქრებით შეპყრობილი ქალი სიყვარულით აივსო იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ცხოვრება სთავაზობს.

ქეითმა განავითარა მარტივი და ამავდროულად ძლიერი თვით გამორკვევის მეთოდი „სამუშაო“, რომელმაც ადამიანებს თავისუფლების მოპოვების გზა აჩვენა. მისი გაცნობიერებანი კოგნიტური ნეირომეცნიერების უახლეს კვლევებთანაც თანხმობაშია.

„სამუშაოს“ აგრეთვე „სოკრატეს დიალოგებს“, „ბუდას სწავლებას“, „თორმეტსაფეხურიან პროგრამასაც“ კი ადარებენ. თუმცა ქეითმა თავისი მეთოდი ყოველგვარი ფსიქოლოგიისა თუ რელიგიის ცოდნის გარეშე აღმოაჩინა.

„სამუშაო“ სრულად ეფუძნება ერთი ქალის უშუალო გამოცდილებას – თუ როგორ წარმოიქმნება და სრულდება ტანჯვა. ის საოცრად მარტივი და ადვილად გასაგებია ნებისმიერი ასაკისა თუ გამოცდილების მქონე ადამიანისთვის და საჭიროებს მხოლოდ ფურცელს, კალამს და გონების გახსნის მზაობას. ქეითი მყისვე მიხვდა, რომ საკუთარ გაცნობიერებებზე საუბარი და კითხვებზე პასუხის გაცემა ნაკლებად ღირებული იყო, ამის ნაცვლად მან ადამიანებს შესთავაზა პროცესი, რომლითაც ისინი თავიანთ პასუხებამდე თავადვე მიდიან.

მათ, ვინც პირველებმა გამოსცადეს საკუთარ თავზე „სამუშაო“, განაცხადეს, რომ ეს გამოცდილება მათთვის ტრანსფორმაციული აღმოჩნდა და ქეითმა მალევე დაიწყო მოწვევების მიღება, რათა სხვებისთვისაც საჯაროდ ესწავლებინა ეს პროცესი.

1986 წლიდან მოყოლებული ქეითმა „სამუშაო“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს გააცნო. გარდა საჯარო ღონისძიებებისა, მან „სამუშაო“ კორპორაციებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, ეკლესიებში, ციხეებსა და საავადმყოფოებშიც შეიტანა. ქეითის იუმორი და სილაღე ადამიანებს სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება, ხოლო ის გარღვევები და ღრმა გაცნობიერებები, რომლებსაც მონაწილეები პროცესში განიცდიან, ქეითის ღონისძიებებს დაუვიწყარს ხდის. 1998 წლიდან ქეითი ხელმძღვანელობს „სამუშაოს“ სკოლას – 9- დღიან სასწავლო პროგრამას, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. აშშ-ში „სამუშაოს“ სკოლამ კვალიფიკაციის ასამაღლებელი

კურსის აღიარება მოიპოვა და ბევრი ფსიქოლოგი, კონსულტანტი, თერაპევტი მისი გავლის შემდეგ „სამუშაოს“ თავისი პრაქტიკის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან და განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ქეითი აგრეთვე წარმართავს 5-დღიან კურსს No-Body Intensive და 4-დღიან უწყვეტი თვით-გამორკვევის პროცესისადმი მიძღვნილ პროგრამას New Year’s Mental Cleanse, რომელიც ყოველ წელს, დეკემბრის ბოლოს ლოსანჟელესში ტარდება.

 

2 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი