ყოველი გურუს ვალია მოსწავლეებს ისეთი რჩევა მისცეს, რომელიც მათს ხასიათსა და შესაძლებლობებს მიესადაგება

0
410

სვამი ვივეკანანდა 1863 წელს დაიბადა ბენგალიაში, შეძლებული იურისტის ოჯახში. მამამისი ბრაჰმანების უმაღლესი კასტის შთამომავალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამის მსგავსად იურიდიული განათლება მიიღო, მის კვალს არ გაჰყოლია. ვივეკანანდა თავიდან  დასავლური და ინდური ფილოსოფიით დაინტერესდა, მაგრამ შემდეგ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – შეხვდა რანი რასმანის, რომელიც ისტორიაში რამაკრიშნას სახელით შევიდა. ეს ადამიანი გამოირჩეოდა ორიგინალური აზროვნებით, შესანიშნავად ფლობდა იოგას და ჰიპნოზს, ცნობილი იყო სიწმინდითა და განდეგილობით. 1890-იანი წლების დასაწყისში, რამაკრიშნას გარდაცვალების შემდეგ, ვივეკანანდამ ფეხით იმოგზაურა მთელ ინდოეთში, რასაც სამი წელი მოანდომა.

…რამაკრიშნა ყოველ დღე, დაწვრილებით გამოკითხავდა ხოლმე  მოსწავლეებს ყველაფერს, რაც კი მათ თავს გადახდებოდათ ხოლმე – რათა, შეეტყო, როგორ იქცეოდნენ გარე სამყაროში. მან ბრაჰმანანდას კითხვა დაუსვა: “აბა როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ?” მოსწავლემ ყველაფერი დაუფარავად უამბო. რამაკრიშნა გაბრაზდა. მან იყვირა: “როგორ! გურუს შეურაცხყოფას აყენებდნენ და შენ ამას წყნარად ისმენდი? ღირსეული პასუხი უნდა გაგეცა. შენისთანებს აშრამში არაფერი ესაქმებათ“. 

იქ ახლოს ვივეკანანდა იჯდა და ბრაჰმანანდას ნაამბობიც მოისმინა და მასწავლებლის მძვინვარე საყვედურიც. მომდევნო დღეს ვივეკანანდას ჯერი იყო კალკუტაში წასვლისა. ბორანზე ასვლისას იგი მაშინვე თანამგზავრებს მიაშტერდა სახეზე. იმ კაცმა, რომელიც მანამდე რამაკრიშნაზე უპატივცემულოდ ლაპარაკობდა, თქვა: “აი კიდევ ერთი მათგანი, საზოგადოების პარაზიტებიდან. ესინი იმ უცოდინარ ქურუმ-ბრაჰმანს ეთაყვანებიან. როგორ გაასულელეს ეს ახალგაზრდები!” ვივეკანანდა ამ კაცს მიუახლოვდა და მარჯვენა ხელი მოუღერა. მან თქვა: “თუ ჩვენს მასწავლებელზე კიდევ ერთხელ იტყვი ცუდს, მდინარეში ჩაგაგდებ, ასე რომ თავს გაუფრთხილდი!” მებორნეს შეეშინდა; მან მგზავრს ურჩია გაჩუმებულიყო, და ყურში ჩასჩურჩულა: “დამიჯერე, ეს ბიჭი იზამს იმას, რაც თქვა. და ჩვენ ყველას უსიამოვნება მოგველის”.

საღამოს ვივეკანანდა მასწავლებელთან გამოიძახეს. რამაკრიშნამ ჰკითხა: “როგორ ჩაიარა დღემ?” ძლიერ აღელვებულმა ვივეკანანდამ მასწავლებელს ბორანზე მომხდარ შემთხვევაზე უამბო. ,,როგორ!” – წამოიძახა რამაკრიშნამ, – ,,ნარინჯისფერ ტანსაცმელს ატარებ, მაგრამ იქცევი არა როგორც სანიასინი. როგორ გაბედე მრისხანებისთვის ნება მიგეცა?!  შენისთანებს აშრამში არაფერი ესაქმებათ!” ვივეკანანდა გურუს ფეხებში ჩაუვარდა და თქვა: “მასწავლებელო! შენ ხომ გუშინ ბრაჰმანანდას უსაყვედურე, რომ მან პასუხი არ გასცა იმ კაცს? რატომ მიბრაზდები, მე ხომ ერთგული მოსწავლის ვალი შევასრულე! გთხოვ, ამიხსენი”. რამაკრიშნამ მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა: “ჩემო კარგო, გუშინდელი რჩევა კარგია მხოლოდ ისეთებისთვის, როგორიცაა ბრაჰმანანდა – მორიდებულებისა და გაუბედავებისთვის. მას მართებს უფრო გაბედული გახდეს. შენ კი ისედაც დიდი ტემპერამენტი გაქვს, სიმშვიდე და თავშეკავებულობა უნდა ისწავლო. ყოველი გურუს ვალია მოსწავლეებს ისეთი რჩევა მისცეს, რომელიც მათს ხასიათსა და შესაძლებლობებს მიესადაგება. მე სულაც არ ვარ გაბრაზებული არც შენზე, არც ბრაჰმანანდაზე”.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი