როდესაც ვინმეს მსგავსი უნდა გააკეთო ეს უკვე ჩარჩოა, რაც მე მზღუდავს

0
757

პროფესიით ექიმი-პედიატრია, ერთ-ერთ კლინიკაში ბავშვთა ოფთალმოლოგად მუშაობს. მისი პირველი შეხება თოჯინებთან შვილთან ერთად დაიწყო, პირველი ტექსტილის სათამაშოც სწორედ შვილისთვის შეკერა და იმდენად კარგად გამოუვიდა, გააგრძელა. შვილის ზრდა განვითარებასთან ერთად სათამაშოებიც იცვლებოდნენ, უფრო მეტად იხვეწებოდნენ, რთულდებოდნენ და ფორმებს იცვლიდნენ. ასე, ჩამოყალიბდა და საყვარელ საქმიანობად იქცა ნანა ყაულაშვილისთვის თოჯინების კეთება.

რა მასალაზე მუშაობთ და რა პერიოდი ჭირდება თითოეულ თოჯინას?

პოლიმერულ თიხაზე ვმუშაობ, იაპონური მასალაა სპეციალური, რომელიც თავისით შრება და გამოწვა არ სჭირდება. ძალიან შრომატევადი სამუშაოა, ზომას გააჩნია, ერთი თოჯინის დამზადება 2 კვირიდან, შეიძლება 2-3 თვემდეც კი გაგრძელდეს.

მზადების პროცესში ალბათ გიყვარდებათ თქვენი ნამუშევრები, რამდენად რთულია ხოლმე მათთან განშორება?

თავიდან ძალიან რთული იყო. ახლა სახლში 50 – ზე მეტი თოჯინა მყავს და განშორება ისეთი რთული აღარ არის. მსიამოვნებს, როცა ვიცი სად მიდის და ვის ოჯახში ხვდება.

თქვენი თოჯინები არა მარტო ზღაპრის გმირებს გვანან,  ნამდვილობის განცდა მეუფლება,  როგორ აცოცხლებთ მათში სულიერ სამყაროს?

არასოდეს ვცდილობ, რომ ბარბის დაემსგავსოს. მინდა იყოს კეთილი და თბილი. ამისთვის საჭიროა, კეთილი თვალები თბილი გამომეტყველებით. მთელ გულს და სულს ვდებ ამისთვის მათში.

ვინ არიან ეს თოჯინები, საიდან მოდიან?

ჩემი თოჯინები გასული საუკუნეებიდან არიან. თანამედროვე თოჯინები არ მაქვს და არასოდეს გამიკეთებია, ისედაც იმდენი თანამედროვეობაა ჩვენს გარშემო, საკმარისია.

შეკვეთით თუ დაგიმზადებიათ ვინმეს მსგავსი თოჯინა?

არასოდეს, არასოდეს არ გამიკეთებია. როდესაც ვინმეს მსგავსი უნდა გააკეთო ეს უკვე ჩარჩოა, რაც მე მზღუდავს. 

მოსწავლეები თუ გყავთ, ვისაც უზიარებთ თქვენს ცოდნას, გამოცდილებას? 

სადღაც 4 წელია, რაც მოსწავლეები მყავს. მოდასავით შემოვიდა, ძალიან ბევრი მიმდევარი ყავს ამ საქმიანობას და ძალიან აქტიურადაც სწავლობენ. უმრავლესობას იმდენად კარგად გამოსდის, გამოფენებზეც კი იღებენ მონაწილეობას.

რომელიმე თოჯინას თუ გამოარჩევდით თქვენი ნამუშევრებიდან?

მყავს საყვარელი თოჯინები, რომლებიც არ გამიყიდია. განსაკუთრებით ეს ის თოჯინები არიან, რომელიც ჩემს შვილს მოსწონს. ამ თოჯინების კოლექცია ცალკე მაქვს.

რამდენად ხშირად ახერხებთ გამოფენებზე მონაწილეობის მიღებას და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები თქვენთვის, როგორც ოსტატისთვის?

ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად გამოვყოფ საერთასორისო გამოფენებს. პრაღაში ვიყავი მიუსტერის გამოფენაზე, ესპანეთში, აზერბაიჯანში და სხვადასხვა ქალაქებში. ძალიან საინტერსოა იმ მხრივ, რომ ბევრს სწავლობ და ბევრ ინფორმაციასა გებულობ, განსხვავებულ ტექნოლოგიებს ვეცნობი… რაც შეეხება აქაურ გამოფენებს, ძალიან მიყვარს, საინტერსოა თუნდაც კომუნიკაციის მხრივ, ბევრი დამთვალიერებელი გვყავს, მოდიან, უხარიათ ჩვენი ნამუშევრების დათვალიერება ვსაუბრობთ და ეს ძალიან მახარებს.

მასალა მოამზადა:თამარ მიქანაძემ

 

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი