განთავისუფლება შეცნობილისგან

0
1823

განთავისუფლება შეცნობილისგან / Freedom From The Known 

კაცობრიობა, მთელი თავისი არსებობის მანძილზე საკუთარი თავის მიღმა რაღაცას ეძებს, რაღაცას მატერიალური კეთილდღეობის მიღმა. ამას ჩვენ ვეძახით ჭეშმარიტებას, ან ღმერთს, ან რეალობას, დროის მიღმა მდგომარეობას. ვეძებთ იმას რაც შეუძლებელია დაირღვეს შემთხვევითი მოვლენის, აზრის ან ადამიანის კორუმპირებულობით.

ადამიანი ყოველთვის სვამდა კითხვას: რა ხდება ჩვენს თავს? აქვს კი ცხოვრებას საერთოდ რაიმე მნიშვნელობა? ის ხედავს უზარმაზარ დაბნეულობას ცხოვრებაში – სისასტიკეს, ამბოხს, დაუსრულებელ რელიგიურ, იდეოლოგიურ და ნაციონალურ დაყოფებს და დაუსრულებელი იმედგაცრუების განცდით, ის სვამს კითხვას: რა უნდა გავაკეთო? რა არის ის, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ? არის რაიმე ამყველაფრის მიღმა?

ადამიანი როდესაც ვერ პოულობს ამ უსახელო საგანს, რომელსაც ამავდროულად უამრავი სახელი აქვს და რომელსაც იგი ყოველთვის ეძებდა, მაშინ ის ახდენს რწმენის კულტივირებას. მხსნელის მიმართ რწმენის, იდეის მიმართ რწმენის, რწმენა კი აუცილებლად წარმოშობს ძალადობას.

ამ გამუდმებულ ბრძოლაში, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ, ვცდილობთ, რომ შევიმუშავოთ გარკვეული ქცევის წესები იმ საზოგადოებასთან მიმართებით, რომელ საზოგადოებაშიც ჩვენ გავიზარდეთ, იქნება ეს კომუნისტური საზოგადოება, თუ ეგრედ წოდებული “თავისუფალი საზოგადოება”. ჩვენ ვიღებთ გარკვეულ ქცევის ნორმებს, ტრადიციების სახით – ქრისტიანული, მუსლიმური, ინდუისტური თუ რაიმე სხვა ფორმით. ჩვენ ვუყურებთ სხვებს, ვინც გვეტყვის რა არის სწორი საქციელი და რა – არასწორი, რა არის სწორი და არასწორი მოსაზრება და ამ ნიმუშების მიყოლით, ჩვენი ქცევა და ჩვენი აზროვნება ხდება მექანიკური, ჩვენი რეაქცია ავტომატური. ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩვენს თავში დავაკვირდეთ ამ მოვლენას.

საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას კვებავდნენ მასწავლებლები, ავტორიტეტები, წიგნები და წმინდანები. ჩვენ ვიკითხავდით, გვითხარით ყველაფერი ამაზე, თუ რა არის მთების, გორების, დედამიწის მიღმა? და შემდეგ ჩვენ ვკმაყოფილდებით მათ მიერ მოცემული განმარტებით, რაც ნიშნავს რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიტყვებით და ჩვენი ცხოვრება არის ზერელე და ცარიელი. ჩვენ ვართ მეორადი ხალხი. ჩვენ ვცხოვრობთ ისე როგორც გვითხრეს, მიუხედავად იმისა რამ გვიბიძგა აქეთ, ჩვენმა მისწრაფებებმა, ჩვენმა ტენდენციებმა თუ ეს იძულებითი იყო შემთხვევითობისა და გარემოსგან. ჩვენ ვართ ყველა სახის გავნელის შედეგი და არაფერი ახალი არ არის ჩვენში. არაფერი, რაც ჩვენ საკუთრივ აღმოვაჩინეთ, არაფერი ორიგინალური, სუფთა და ნათელი.

ისტორიის მანძილზე სხვადასხვა რელიგიური ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ თუ ჩვენ შევასრულებდით გარკვეულ რიტუალებს, გავიმეორებდით გარკვეულ ლოცვებს და მანტრებს, მოვიქცეოდით გარკვეული ნიმუშის მიხედვით, ჩავახშობდით ჩვენს სურვილებს, გავაკონტროლებდით ჩვენს ფიქრებს, გავაიდეალებდით ჩვენს ვნებებს, შევზღუდავდით ჩვენს მადას და თავს შევიკავებდით სექსუალური ცხოვრებისაგან. ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ, გონების და სხეულის საკმარისად წამების შემდეგ, ვიპოვიდით რაიმეს ამ პატარა ცხოვრების მიღმა. და ეს არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე მილიონობით ე.წ. რელიგიური ადამიანები აკეთებდნენ. ამას აკეთებდნენ განმარტოებით, უდაბნოში, გამოქვაბულებში ან მთებში წასვლით, ან სოფლიდან სოფლამდე ხეტიალით, მონასტრულ ცხოვრებაში ჩართვით. აძალებდნენ თავიანთ გონებას მოქცეულიყვნენ დადგენილი ნორმების მიხედვით. მაგრამ ნაწამები, დანაწევრებული გონება, გონება რომელიც ცდილობს, რომ გაეცქეს ყველანაირ შფოთვას და ღელვას, რომელმაც შეწყვიტა გარე სამყაროსთან კონტაქტი, მოდუნდა დისციპლინითა და მორჩილებით. ასეთი გონება, რაც არ უნდა შორს ეძებდეს, იპოვნის მხოლოდ მისი გამრუდების მიხედვით.

ადამიანი, მე ვფიქრობ სულ სხვაგვარად უნდა მიუდგეს საკითხს, იმისთათვის რომ აღმოვაჩინოთ სინამდვილეში არის თუ არა რაიმე ამ შემაშფოთებელი, კონკურენტული და საშიში არსებობის მიღმა. ტრადიციული მიდგომა არის შინაგანი პერიფერიებიდან დროის, პრაქტიკის და შეზღუდვების ხარჯზე ნელ-ნელა მისვლა შინაგან ყვავილამდე, შინაგან მშვენიერებამდე და სიყვარულამდე. მაგრამ რეალურად ამით ადამიანი ხდება მერკანტილური, ყალბი და შემოფარგლული. ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაც დროის შემდეგ, ხვალ, შემდეგ ცხოვრებაში ის გააკეთებს ამას. მაგრამ, როდესაც საბოლოოდ ის მიდის ცენტრში ნახულობს, რომ იქ არაფერი არ არის, რადგან მის უგრძნობ და დაჩლუნგებულ გონებას აღარ შეუძლია აღქმა. ამ ყველაფრის შემხედვარე ადამიანი იკითხავს, ნუთუ არ არის სხვა საშუალება? რაც რა თქმა უნდა არის. ის იკითხავს, – ნუთუ არ შეიძლება ცენტრიდან აფეთქება?

სამყარო იღებს და მიყვება ტრადიციულ მიდგომებს. სხვების დაპირებული რეალობის ლოდინი, არის მთავარი მიზეზი ჩვენში არსებული არეულობის. ჩვენ მექანიკურად მივყვებით მას, ვინც გვპირდება კომფორტულ სულიერ ცხოვრებას. გასაოცარია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი ჩვენთაგანი ეწინააღმდეგება ტირანიას და დიქტატს, შინაგანად ჩვენ მაინც ვიღებთ ავტორიტეტს, ტირანიას. ასე ვიმრუდებთ და ვხლართავთ ჩვენს გონებას და ჩვენი ცხოვრების გზას. ჩვენ თუ მთლიანად ვუარყოფთ და არა ინტელექტუალურად, არამედ რეალურად ვუარყოფთ ყველა ეგრედ წოდებულ სასულიერო ავტორიტეტს, ყველა ცერემონიას, რიტუალს და დოგმას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავრჩებით მარტო და აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე კონფლიქტში ვართ საზოგადოებასთან, ჩვენ აღარ ვიქნებით პატივსაცემი ადამიანები. პატივსაცემ ადამიანს არ შეუძლია ახლო მივიდეს ამ უსასრულო, გაუზომელ რეალობასთან.

თქვენ ახლა დაიწყეთ აბსოლუტურად ტყუილი რამის უარყოფა, ანუ ტრადიციული მიდგომის უარყოფა. მაგრამ, თუ ეს უარყოფა არის რეაქცია, მაშინ თქვენ იქმნით კიდევ ერთ შაბლონს, რომელშიც თავს გაიბავთ.

თუ თქვენ ეტყვით თქვენს თავს ინტელექტუალურ დონეზე, რომ ეს უარყოფა ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ არაფერს მოიმოქმედებთ, მაშინ თქვენ ვერ წახვალთ უფრო შორს. მაგრამ, თუ თქვენ უარყოფთ მას, რადგან დაინახავთ და მიხვდებით ტრადიციული მიდგომის ჩამოუყალიბებლობას და უაზრობას და თუ უარყოფთ მას მთელი თქვენი ჭკუითა და გონებით, არა შიშის გამო არამედ თავისუფალი აზროვნებით, მაშინ თქვენ შექმნით დიდ ღელვას თვენში და თქვენს გარშემო, მაგრამ თქვენ გადააბიჯებთ პატივცემული ადამიანობის მახიდან. შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენ მეტად უკვე აღარ ეძებთ. ეს არის პირველი რაც უნდა ისწავლოთ: არ ეძებოთ. როდესაც თქვენ ეძებთ, სინამდვილეში თქვენ მხოლოდ ათვალიერებთ.

კითხვას, არსებობს თუ არა ღმერთი ან ჭეშმარიტება, რეალობა ან რაც გინდათ ის ვუწოდოთ, ვერასდროს გავცემთ პასუხს წიგნების, მქადაგებლების, ფილოსოფოსების ან მხსნელების საშუალებით. ვერავინ და ვერაფერი შეძლებს უპასუხოს ამ კითხვას თქვენს გარდა და ამიტომაც თქვენ უნდა შეიცნოთ თქვენი თავი. განუვითარებლობა გამოწვეულია საკუთარი თავის ტოტალური შეუმეცნებით. და საკუთარი თავის შეცნობა არის სიბრძნის დასაწყისი.

და რას მოიაზრებთ თვენს თავში – ინდივიდუალს? მე ვფიქრობ არის განსხვავება ადამიანსა და ინდივიდს შორის. ინდივიდი ლოკალური ობიექტია, რომელიც ცხოვრობს კონკრეტულ ქვეყანაში, ეკუთვნის კონკრეტულ კულტურას, კონკრეტულ საზოგადოებას, კონკრეტულ რელიგიას. ადამიანი არ არის ლოკალური ობიექტი. ის ყველგან არის. ინდივიდი თუ ცხოვრების ვრცელი ველის მხოლოდ კონკრეტულ კუთხეში მოქმედებს, მაშინ მისი ქმედება სრულებით არ არის დაკავშირებული მთელთან. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მთელზე და არა ნაწილზე, რადგან მეტში არის ნაკლები, მაგრამ ნაკლებში ვერ იქნება მეტი. ინდივიდი ცოტათი განპირობებული, უბედური და იმედგაცრუებულია, კმაყოფილდება თავისი პატარა ღმერთებით და ტრადიციებით, მაშინ როდესაც ადამიანს აღელვებს მთელი კეთილდღეობა, მთელი ტანჯვა და მთელი დაბნეულობა ქვეყნიერებაზე.

ჩვენ ადამიანები ვართ ის რაც ვიყავით მილიონობით წელი: კოლოსალურად ხარბები, ეჭვიანები, აგრესიულები, შურიანები, შეშფოთებულები და სასოწარკვეთილები, იშვიათი სიყვარულისა და სიხარულის გამონათებებით. ჩვენ ვართ უცნაური შენარევი სიძულვილის, შიშის და სისუსტის. ჩვენ ვართ ძალადობაც და მშვიდობაც. მოხდა გარეგნული პროგრესი, გუთნიდან მოვედით რეაქტიულ თვითმფრინავამდე, მაგრამ ფსიქოლოგიურად ინდივიდი საერთოდ არ შეცვლილა, და საზოგადოების სტრუქტურას მთელს მსოფლიოში ქმნიდნენ ინდივიდები. გარეგანი სოციალური სტრუქტურა, არის შედეგი ჩვენი ადამიანური ურთიერთობების შინაგანი ფსიქოლოგიური სტრუქტურის. ინდივიდი კი არის შედეგი მთელი გამოცდილების, ცოდნის და ქცევის, რაც კი კაცობრიობას დაუგროვებია. ყოველი ჩვენთაგანი არის მთელი წარსულის საწყობი. კაცობრიობის ისტორია სრულად არის ჩაწერილი ჩვენში.

დააკვირდით თუ რა ხდება სინამდვილეში თქვენში და თქვენს გარშემო, სადაც თქვენ ცხოვრობთ, კონკურენტულ კულტურაში, რომელიც სავსეა წყურვილით ძალაუფლების, პოზიციის, პრესტიჟის, სახელის, წარმატების და ასე შემდეგ. დააკვირდით იმ მიღწევებს, რომლითაც ასე ამაყობთ. დააკვირდით მოქმედების არეალს, რომელსაც თქვენ ცხოვრებას ეძახით და რომელშიც ყველა ფორმის ურთიერთობა წარმოშობს კონფლიქტს, სიძულვილს, სისასტიკეს და დაუსრულებელ ომებს. ეს არეალი, ეს ცხოვრება არის ის, რაც ვიცით და რახან არ შეგვიძლია ამ უზარმაზარი არსებობის გაგება, ჩვენ ბუნებრივად გვეშინია მისი და ვეძებთ გასაქცევს მისგან ყველანაირი ხრიკებით. ჩვენს ასევე გვეშინია იმის რაც არ ვიცით, გვეშინია სიკვდილის, გვეშინია იმის, თუ რა იქნება ხვალის შემდეგ. ასე რომ ჩვენ გვეშინია იმის რაც ცნობილია და იმისაც რაც უცნობია. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, სადაც არ არის არანაირი იმედი და ამიტომ ყველა სახის ფილოსოფია, ყველა სახის თეოლოგიური კონცეფცია, არის მხოლოდ გაქცევა ნამდვილი რეალობისგან, იმისგან რაც არის სინამდვილეში.

ყველანაირი გარეგნული ცვლილება, რომელიც გამოიწვია ომებმა, რევოლუციებმა, რეფორმებმა, კანონებმა და იდეოლოგიებმა, არ გამოდგა იმისთვის, რომ შეცვლილიყო ადამიანის ბუნება და აქედან გამომდინარე საზოგადოება. ადამიანები ცხოვრობენ ამ საზარლად უშნო სამყაროში, და ჩნდება კითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ ჩვენ თავებს , – შესაძლებელია რომ აღარ არსებობდეს საზოგადოება, რომელიც არის დაფუძნებული კონკურენციაზე, სისასტიკეზე და შიშზე? არა როგორც რაიმე ინტელექტუალური კონცეფცია, არა როგორც იმედი, არამედ როგორც რეალური ფაქტი, რომ ახალმა, ნორჩმა და უმანკო გონებამ შექმნას სრულიად განსხვავებული სამყარო? მე ვფიქრობ, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველი ჩვენთაგანი გააცნობიერებს იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტს, რომ ჩვენ როგორც ინდივიდები, როგორც ადამიანები, მსოფლიოს რომელ ნაწილშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ, რომელი კულტურის ნაწილიც არ უნდა ვიყოთ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ სრულად ვართ პასუხისმგებლები მთლიანი მსოფლიოს მდგომარეობაზე.

ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებლები ყოველ ომზე, ჩვენი აგრესიულობის გამო, ჩვენი ნაციონალიზმის გამო, ჩვენი ეგოიზმის, ჩვენი ღმერთების, ჩვენი ცრურწმენების, ჩვენი იდეალების, და ყველაფერი იმის გამო რაც გვყოფს. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავაანალიზებთ, მაგრამ არა ინტელექტუალურად არამედ რეალურად, ისევე რეალურად როგორც ვამჩნევთ ჩვენს შიმშილს და ტკივილს, როდესაც ასეთ დონეზე გავაანალიზებთ იმას, რომ მე და თქვენ ვართ პასუხისმგებლები ყველა ამ არსებულ ქაოსზე, ყველა ამ ტანჯვაზე და უბედურებაზე რაც ხდება მსოფლიოში. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რადგან ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით ხელს ვუწყობთ ამ ყოველივეს და ვართ ნაწილი ამ საშინელი, დაყოფილი, მახინჯი, სასტიკი და ხარბი საზოგადოების. მხოლოდ მაშინ ვიმოქმედებთ, როცა ჩვენს პასუხისმგებლობას არსებულ სიტუაციაში ნამდვილად შევიგრძნობთ. მაგრამ, რა შეუძლია ადამიანს გააკეთოს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მე და თქვენ, იმისათვის რომ შევქმნათ სრულიად განსხვავებული საზოგადოება? ჩვენ ჩვენს თავს ვუსვავთ ძალიან სერიოზულ კითხვას. საერთოდაც არის კი რაიმე ისეთი, რისი გაკეთებაც ღირს? რა შეგვიძლია გავაკეთოთ? – ხალხი ამას გვეუბნებოდა. ეგრედ წოდებული სულიერი ლიდერები, ვისაც წესით და რიგით უკეთესად უნდა ესმოდეთ ეს თემები, ვიდრე ჩვენ გვესმის, გვაჩვენებდნენ გზას და ისინი გვაქცევდნენ და გვხვევდნენ ახალ შაბლონებში, მაგრამ ამას შორს არ წაუყვანივართ.

გამოცდილი და ნასწავლი ადამიანები გვიჩვენებდნენ გზას, მაგრამ ვერც მათ შეძლეს ჩვენი უფრო შორს წაყვანა. ჩვენ გვითხრეს რომ ყველა ბილიკი მიდის ჭეშმარიტებამდე. თქვენ გაქვთ თქვენი გზა როგორც ინდუსს, ვიღაც სხვას აქვს თავის გზა და ის ქრისტიანია და კიდევ სხვა მუსლიმია და ყველანი შეხვდებიან ერთიდაიგივე კარებთან, რომელსაც თუ კარგად დააკვირდებით, ცხადად დაინახავთ რომ არის აბსურდი.

ჭეშმარიტებას არ აქვს გზა, და ეს არის ჭეშმარიტების მომხიბვლელობა, ის ცოცხალია. მკვდარ საგნამდე არსებობს გზა, რადგან ის სტატიკურია, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ჭეშმარიტება არის რაღაც ცოცხალი, მოძრავი, რომელსაც არ აქვს დასასვენებელი ადგილი, რომელიც არ არის არც ტაძრებში, არც მეჩეთებში, რომელთანაც ვერც რელიგია, ვერც მასწავლებელი, ვერც ფილოსოფოსი და საერთოდ ვერავინ ვერ მიგიყვანთ, მაშინ თქვენ ასევე დაინახავთ რომ ეს ცოცხალი მოვლენა არის ის, რაც თქვენ სინამდვილეში ხართ – თქვენი სიბრაზე, თქვენი სისასტიკე, თქვენი ძალადობა, თქვენი დეპრესია, თქვენი აგონია და თქვენი დარდი, ყველაფერი ის რაშიც ცხოვრობთ. ამ ყველაფრის გაცნობიერებაში არის ჭეშმარიტება და თქვენ შეგიძლიათ გააცნობიეროთ ეს ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისწავლით ამ საგნებზე დაკვირვებას თქვენს ცხოვრებაში. თქვენ არ შეგიძლიათ ხედვა იდეოლოგიის, ეკრანის, სიტყვების, იმედების და შიშების საშუალებით.

თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ თქვენ ვერავისზე დამოკიდებული ვერ იქნებით. არ არსებობს მეგზური, არც მასწავლებელი და არც ავტორიტეტი. ხართ მხოლოდ თქვენ, თქვენი დამოკიდებულება სხვებისადმი და სამყაროსადმი, ამის გარდა არაფერი. როცა თქვენ ამას გააცნობიერებთ, ეს მოიტანს დიდ სასოწარკვეთილებას, საიდანაც წარმოიშობა ცინიზმი და სიმწარე, მაგრამ როდესაც დადგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ თქვენ და სხვა არავინ არის პასუხისმგებელი მსოფლიოზე და თქვენს თავზე, თქვენს გრძნობებზე, თქვენს ფიქრებზე და თქვენს საქციელებზე, მაშინ ყველანაირი საკუთარი თავის სიბრალური გაივლის. როგორც წესი ჩვენ ყველაფერს სხვებს ვაბრალებთ, რაც საკუთარი თავის სიბრალულის გამოხატულებაა.

მაშინ თუ შეგვიძლია მე და თქვენ, ყოველგვარი გარე ძალის ჩარევით, ყოველგვარი დაყოლიების გარეშე, სასჯელის შიშის გარეშე მოვახდინოთ რევოლუცია, ფსიქოლოგიური მუტაცია მთლიანად ჩვენს არსებაში. ისე, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ სასტიკები, მოძალადეები, მეტოქეები, შეშფოთებულები, შეშინებულები, გაუბედავები, ხარბები, მოშურნეები, აღარ გვქონდეს ეს და სხვა თვისებები, რომლებიც არიან მანიფესტაციები ჩვენი ბუნების, რომელიც აღმოცენებულია იმ უვარგისი საზოგადოებისგან, რომელშიც ჩვენ გვიწევს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გატარება.

მნიშვნელოვანია თავიდანვე გაიაზროთ, რომ მე არ ვახდენ რაიმე ფილოსოფიის ან თეოლოგიური კონცეფციის ფორმულირებას. ჩემი აზრით ყველანაირი იდეოლოგია უკიდურესად უაზრობაა.

მნიშვნელოვანია არა ფილოსოფია, არამედ ის რომ დავაკვირდეთ რა ხდება სინამდვილეში ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, შინაგანად და გარეგნულად. თქვენ თუ ძალიან ახლოდან დააკვირდებით იმას, რაც ხდება და მას განიხილავთ, თქვენ დაინახავთ, რომ ის დაფუძნებულია ინტელექტუალურ გაგებაზე და ინტელექტი არ მოიცავს არსებობის ყველა სფეროს. ის არის მხოლოდ ფრაგმენტი და რაც არ უნდა ჭკვიანურად იყოს ფრაგმენტი ერთმანეთთან მოთავსებული, რაც არ უნდა ძველი და ტრადიციული იყოს, მაინც დარჩება არსებობის პატარა ნაწილად მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ მოვრიგდეთ ცხოვრების მთლიან არსებობასთან.

ჩვენ როდესაც ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება სამყაროში, ჩვენ ვიწყებთ იმის მიხვედრას, რომ არ არსებობს შინაგანი და გარეგანი პროცესები. არსებობს მხოლოდ ერთი პროცესი, ის არის მთლიანი მოძრაობა. შინაგანი მოძრაობა გამოხატავს თავს გარეგანში და გარეგანი მოქმედებს კვლავ შინაგანზე. მე ვფიქრობ, რომ საკმარისია შევძლოთ დანახვა. ჩვენ თუ შევძლებთ ვისწავლოთ საგნების დანახვა, მაშინ ყველაფერი გახდება ძალიან ნათელი. იმისთვის, რომ ჩვენ ვხედავდეთ, არ არის საჭირო ფილოსოფია, არც მასწავლებელი. არ არის საჭირო ვინმემ გითხრათ როგორ უნდა შეხედოთ, უბრალოდ შეხედეთ.

შეგიძლიათ ამის შემდეგ დაინახოთ მთელი სურათ? დაინახოთ არა ვერბალურად, არამედ რეალურად. შეგიძლიათ მარტივად, სპონტანურად მოახდინოთ თქვენი თავის ტრანსფორმაცია? ეს არის რეალური პრობლემა. არის კი შესაძლებელი ჩვენს ფსიქიკაში სრულყოფილი რევოლუციის მოხდენა?

მაინტერესებს როგორია თქვენი რეაქცია ასეთ კითხვაზე? თქვენ შეიძლება თქვათ – „მე არ მინდა ცვლილება“ და უმეტესად ადამიანები მართლაც არ არიან ცვლილებით დაინტერესებულნი. განსაკუთრებით ისინი, ვინც კარგად არიან სოციალურად და ეკონომიურად დაცულები, ან ისინი ვინც ეჭიდებიან დოგმატურ რწმენებს და შეხედულებებს და იღებენ საკუთარ თავს და საგნებს ისეთს, როგორიც არიან, ან ოდნავ შეცვლილი სახით. ასეთი ადამიანებით ჩვენ არ ვართ დაინტერესებული. თქვენ შეიძლება უპასუხოთ უფრო ოსტატურად, – „ეს ძალიან რთულია, ეს არ არის ჩემთვის“, ამ შემთხვევაში თქვენი უკვე დაბლოკეთ თქვენი თავი, თქვენ გადაიჭერით გზა შეცნობისკენ. ასე, რომ თქვენ უფრო შორს ვეღარ წახვალთ. კიდევ შეიძლება თქვათ, – „კი მე ვხედავ აუცილებლობას ჩემი ფუნდამენტალური შინაგანი ცვლილების, მაგრამ როგორ შევძლო ეს? გთხოვთ მაჩვენეთ გზა, დამეხმარეთ მიზნის მიღწევაში“. თუ თქვენ ამას იტყვით, მაშინ თქვენ არ ხართ დაინტერესებული შეცვლით. მაშინ თქვენ არ ხართ დაინტერესებული ფუნდამენტური რევოლუციით, თქვენ უბრალოდ ეძებთ მეთოდს, სისტებას, რომელიც მოგიტანთ ცვლილებას.

მე თუ ვიქნებოდი იმდენად სულელი, რომ თქვენთვის რაიმე სისტემა მომეცა და თქვენ კი, თუ იქნებოდით იმდენად სულელები, რომ მიყოლოდით ამ სისტემას, მაშინ თქვენ უბრალოდ მოახდენდით კოპირებას, იმიტაციას, იქნებოდით დამყოლები, მიმღებები და როდესაც თქვენ აკეთებთ ამას, ამ დროს თქვენ ქმნით თქვენში სხვა ავტორიტეტს და აქედან გამომდინარე წარმოიქმნება კონფლიქტი თქვენს და ამ ავტორიტეტს შორის. თქვენ გრძნობთ, რომ უნდა გააკეთოთ ასეთი და ასეთი რამ, იმიტომ, რომ ასე გითხრეს, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენ არ შეგიძლიათ ამის კეთება.

თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი მისწრაფებები, ტენდენციები და ზეგავლენები, რომლებიც მოდიან კონფლიქტში იმ სისტემასთან, რომელსაც თვლით რომ უნდა გაყვეთ და აქედან გამომდინარე იქმნება წინააღმდეგობა. ასე, რომ თქვენ ორმაგ ცხოვრებას იქმნით, სისტემის იდეოლოგიასა და თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობას შორის. იდეოლოგიასთან შესაბამისობაში მოსვლის მცდელობით, თქვენ ახშობთ საკუთარ თავს მაშინ, როდესაც სინამდვილეში რეალობა არის არა იდეოლოგია, არამედ ის რაც თქვენ ხართ. თქვენ თუ შეეცდებით საკუთარი თავის შესწავლას სხვის მიხედვით , მაშინ თქვენ ყოველთვის დარჩებით მეორად ადამიანად.

ადამიანი რომელიც ამბობს, – „მე მინდა შეცვლა, მითხარით როგორ გავაკეთო ეს“, ჩანს ძალიან სერიოზული, მაგრამ ის არ არის. მას სურს ავტორიტეტი, ვისგანაც იმედოვნებს წესრიგის დამყარებას საკუთარ თავში. მაგრამ მოიტანს კი როდისმე ავტორიტეტი შინაგან წესრიგს? სურვილის გარეშე თავსმოხვეული წესრიგი, ყოველთვის წარმოშობს უწესრიგობას. თქვენ შეიძლება დაინახოთ ეს ჭეშმარიტება ინტელექტუალურ დონეზე, მაგრამ შეგიძლიათ სინამდვილეში გამოიყენოთ ის ისე, რომ მეტად აღარ გჭირდებოდეთ არანაირი ავტორიტეტი? არც წიგნის ავტორიტეტი, არც მასწავლებლის, არც ცოლის ან ქმრის, არც მშობლის, არც მეგობრის და არც საზოგადოების? რადგანაც ჩვენ ყოველთვის ვფუნქციონირებდით გარკვეული შაბლონის მქონე ფორმულით, ეს ფორმულა იქცეოდა იდეოლოგიად და ავტორიტეტად.

მაგრამ მომენტი, როდესაც შენ მართლა ხედავ რომ კითხვა, „როგორ შეიძლება შევიცვალო“, წარმოშობს ახალ ავტორიტეტს, მაშინ თქვენ გადალახავთ ავტორიტეტებს სამუდამოდ. მოდით კიდევ ერთხელ ნათლად ჩამოვაყალიბოთ: მე ვხედავ, რომ მე უნდა შევიცვალო სრულიად ჩემი არსებობის ფესვებიდან. მე აღარ შემიძლია ვიყო დამოკიდებული აღარანაირ ტრადიციებზე, რადგან ამ ტრადიციებმა მოიტანეს ეს კოლოსალური სიზარმაცე, მიმღებლობა და მორჩილება. მე არ შემიძლია ვუყურო სხვას დახმარების მოლოდინით, არც ერთ მასწავლებელს, არც ერთ ღმერთს, არც ერთ რწმენას, არც ერთ სისტემას და არც ერთ გარეგნულ გავლენას. მაშინ ადგილს რა იკავებს?

პირველ რიგში შეგიძლიათ უარყოთ ყველანაირი ავტორიტეტი? ეს თუ შეგიძლიათ, ნიშნავს რომ თქვენ მეტად აღარ გეშინიათ. მაშინ რა ხდება? თქვენ როდესაც უარყოფთ რაღაც ტყუილს, რასაც თქვენ ატარებდით თაობების მანძილზე, როდესაც მოიშორებთ ყველა სახის ტვირთს, რა მოხდება? თქვენ გაქვთ უფრო მეტი ენერგია, არა? თქვენ გაქვთ მეტი უნარი, მეტი სტიმული, მეტი ძალ-ღონე და სიცოცხლისუნარიანობა. ამას თუ ვერ გრძნობთ, მაშინ თქვენ არ მოგიშორებიათ ტვირთი, არ გადაგიგდიათ ავტორიტეტის მკვდარი უღელი.

ამ ტვირთს როდესაც მოიშრებთ და გექნებათ ეს ენრგია, რომელიც სრულიად თავისუფალია შიშისგან, შეცდომის დაშვების შიშისგან, სწორის და არასწორის გაკეთების შიშისგან, მაშინ არ არის ასეთი ენერგია თავად ცვლილება? ჩვენ ენერგიის უზარმაზარი მარაგი გვჭირდება და ჩვენ მას ვფლანგავთ შიშში. მაგრამ, როდესაც არის ენერგია, რომელიც მოდის ყველანაირი შიშის მოშორებისგან, თვითონ ეს ენერგია წარმოშობს რადიკალურ შინაგან რევოლუციას. თქვენ აღარაფრის გაკეთება აღარ გჭირდებათ ამისთვის.

ასე, რომ თქვენ დარჩებით საკუთარ თავთან და ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც სერიოზულად ფიქრობს ამ ყველაფერზე. თქვენ როცა დახმარებისთვის აღარავის და აღარაფერს მეტად აღარ შეჰყურებთ, მაშინ თქვენ უკვე ხართ თავისუფლები რომ აღმოაჩინოთ და როდესაც არის თავისუფლება, არის ენერგიაც, როდესაც არის თავისუფლება, მაშინ შეუძლებელია რაიმის არასწორად გაკეთება. თავისუფლება არის სრულიად განსხვავებული ამბოხისგან. როდესაც თავისუფალი ხარ, მაშინ სწორის და არასწორის კეთების მცნება აღარ არსებობს. შენ ხარ თავისუფალი და აქედან გამომდინარე შენ მოქმედებ. ამ დროს აღარ არის შიში და როდესაც გონება შიშის გარეშეა, მას შეუძლია უდიდესი სიყვარული და როდესაც არსებობს სიყვარული, მას შეუძლია აკეთოს ის რაც სურს.

მაშასადამე, ჩვენი თავის შესწავლა არის ის, რაც ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არა ჩემს მიხედვით ან ვინმე ანალიტიკოსის ან ფილოსოფოსის მიხედვით. რადგან, როდესაც ჩვენ ვსწავლობთ ჩვენს თავს სხვა ვინმეს მიხედვით, მაშინ ჩვენ ვსწავლობთ მათზე და არა ჩვენზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში.

როდესაც გავაანალიზებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია არ ვიყოთ დამოკიდებულები ავტორიტეტებზე და მათ გარეშეც შევძლებთ ტოტალურ რევოლუციას ჩვენი ფსიქიკის შინაგანი სტრუქტურის დონეზე, შემდეგ დგება მეტისმეტად დიდი სიძნელე, ჩვენი შინაგანი ავტორიტეტების უარყოფის. ჩვენი პატარა გამოცდილებების ავტორიტეტისა და დაგროვილი სხვადასხვა არჩევანის, ცოდნის, იდეის და იდეალის ავტორიტეტის უარყოფის დაბრკოლება.

გუშინ თქვენ გქონდათ რაღაც გამოცდილება, რომელმაც გაკვეთილი მოგცათ და ეს გაკვეთილი თქვენთვის ხდება ახალი ავტორიტეტი. და ეს გუშინდელი ავტორიტეტი არის ისეთივე დამანგრეველი, როგორიც ათასწლეულების განმავლობაში არსებული ავტორიტეტი. იმისათვის, რომ ჩვენს თავზე გავიგოთ, ჩვვენ არ გვჭირდება არც გუშნდელი დღის ავტორიტეტი და არც ათასი წლის ავტორიტეტი, რადგან ჩვენ ვართ ცოცხალი არსებები, ყოველწამს ვმოძრაობთ, მივედინებით და არასდროს ვისვენებთ. ჩვენ როდესაც თავს ვუყურებთ საკუთარი გუშინდელი მკვდარი ავტორიტეტის საშუალებით, ჩვენ ვერ შევძლებთ ცოცხალი მოძრაობის შეცნობას, და ამ მოძრაობის მშვენიერების აღქმას.

თავისუფალი რომ იყო ყველა ავტორიტეტისგან, შენი საკუთარი იქნება ეს, თუ სხვისი, ნიშნავს რომ მოკვდეს ყველაფერი რაც იყო გუშინ, ისე რომ შენი გონება იყოს ყოველთვის ნორჩი, ახალგაზრდა, უმანკო, სავსე მხნეობით და ჟინით. ადამიანს სწავლა და დაკვირვება მხოლოდ ამ მდგომარეობაში შეუძლია. ამისთვის დიდი რაოდენობით სიფხიზლე და შეგნებაა საჭირო, ნამდვილი შეგნება იმისა, თუ რა ხდება თქვენს შიგნით, შესწორებისა და განსჯის გარეშე, რადგან იმ წამშივე, როდესაც თქვენ რაიმე შესწორება შეგაქვთ, სხვა ავტორიტეტი, ცენზორი იქმნება.

ასე რომ ახლა ჩვენ ერთად გამოვიკლვევთ ჩვენს თავებს. არა ისე რომ ერთ ადამიანი ხსნიდეს რაიმეს, სანამ თქვენი კითხულობთ. ეთანხმებოდეთ ან არ ეთანხმებოდეთ მას, როდესაც მიყვებით გვერდებზე მის სიტყვებს , არამედ ჩვენ ერთად უნდა ვიმოგზაუროთ და აღმოვაჩინოთ ყველაზე საიდუმლო კუთხეები ჩვენს გონებაში. იმისათვის რომ ასეთ მოგზაურობა შევძლოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მსუბუქად. დატვირთულები მოსაზრებებით, ცრურწმენებით და დასკვნებით, ყველაფერი ძველი შიგთავსით, რაც მოვაგროვეთ ორიათასი წლის და მეტის განმავლობაში, ამ ყველაფრით დატვირთულები ჩვენ ვერ შევძლებთ მოგზაურობას. დაივიწყეთ ყველაფერი რაც იცით თქვენს შესახებ, დაივიწყეთ ყველაფერი რაც ოდესმე გიფიქრიათ საკუთარ თავზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ ისე თითქოს არაფერი გვცოდნია.

წინა ღამეს ძლიერი წვიმა იყო, ახლა კი ცა მოწმენდილია. ახალი ნათელი დღეა. მოდით შევხვდეთ ამ ნათელ დღეს, თითქოს ის იყოს ერთადერთი დღე. მოდით დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა, უკან მოვიტოვოთ ყველანაირი ხსოვნა გუშინდელის და დავიწყოთ ჩვენი თავის შეცნობა პირველად.

პირველი თავის დასასრული

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი