ყველაფერზე პასუხისმგებლობა იტვირთეთ და გახსოვდეთ, რომ საკუთარ ბედს თავად ქმნით

1
3261

ვივეკანანდა,სვამი თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნეა, რომელიც IX საუკუნის ბოლოს მოღვაწეობდა. მას ასობით მილიონი ინდოელი ბავშვობიდან იცნობს, როგორც ,,ერის მამას”. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე, არამედ ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე. 1893 წელს ჩიკაგოში, ,,რელიგიათა პარლამენტის” წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით ამერიკა შემოიარა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ ,,ორატორს ღმერთის უფლებებით”. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. ,,თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა”  – წერდა რაბინდრანათ თაგორი.

რამაკრიშნას და ვივეკანანდას მიმდევრებმა ემბლემად გედი აირჩიეს, რომელიც იდუმალ „მე“-ს განასახიერებს. ვივეკანანდა არ აღიარებდა საერო ცხოვრებიდან და საზრუნავიდან განდგომას. პირიქით, ხაზგასმით აღნიშნავდა სხვისთვის ზრუნვის მარადიულ ღირებულებას და წერდა: „ყველაფერზე პასუხისმგებლობა იტვირთეთ და გახსოვდეთ, რომ საკუთარ ბედს თავად ქმნით“.
კარმა იოგიდან: „თუკი ვისწავლით საკუთარი გონების ფლობას, ეს სამყარო ჩვენთვის ისეთი გახდება, როგორსაც ოპტიმისტები ხედავენ“. ჯნიანა-იოგა: „თუ გაავებული ვარ, მთელი სამყარო სიავითაა სავსე“, „სიცოცხლის უმაღლესი დანიშნულებაა ემსახურო ყოველივე ცოცხალს“.

ვივეკანანდას შეფასებით, დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენელი მიისწრაფვის, რომ ყველაფერი გარეგნულად იყოს სუფთა (და მართლაც, ევროპულ ქვეყნებში მიღებულია განსაკუთრებით სუფთა ეზოები კოტეჯების წინ) და შემდეგ შინაგანად, სულში. აღმოსავლური ცივილიზაცია კი პირიქით – ყველაზე მაღლა შინაგან სიწმინდეს აყენებს. როგორც ვივეკანანდა ვარაუდობდა, შედარებით შორეულ მომავალში კაცობრიობა შეძლებს შეათავსოს დასავლური მეცნიერება და აღმოსავლური სულიერება, რაც მას განვითარების მაღალ საფეხურზე აიყვანს.

,,ადამიანი ბუნების ტყვეა და სამარადჟამოდ ტყვედ დარჩება. ჩვენ ამას კარმას ვუწოდებთ. კარმა კანონია და იგი ყველგან მოქმედებს. ყველაფერი კარმითაა ზღვარდებული. არ არსებობს გამოსავალი?  არა! დარჩით მონებად, იყავით კარგი მონები წლიდან წლამდე. სიტყვებზე ზემოქმედებით ჩვენ მოგიხერხებთ, რომ თქვენზე ყველაფერმა კარგად იმოქმედოს და არა ცუდად… თუ, რა თქმა უნდა კარგად გადაგვიხდით.”  – ასეთი იყო მიმამსაკას იდეალი. საუკუნეებია, რაც ეს იდეალები პოპულარობას ინარჩუნებს. ადამიანთა ფართო მასები მოაზროვნე არასოდეს ყოფილა. მაშინაც კი, როცა ცდილობენ იაზროვნონ, მასები უამრავ ცრურწმენათა საშინელი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. დასუსტდებიან თუ არა, დარტყმაც არ აყოვნებს და მათი სიმტკიცე ათას ნაწილად იმსხვრევა. მათი ამოქმედება მხოლოდ ტკბობის სურვილს და საცდურს ძალუძს. საკუთარ თავთან თანხმობით მოქმედება მათ არასოდეს ძალუძთ. სულ მუდამ შეშინებულები, დაშინებულები და თავზარდაცემულნი უნდა იყვნენ და სამუდამოდ თქვენი მონები იქნებიან. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა გადახდის და მორჩილებაში ყოფნისა. სხვა ყველაფერს ქურუმი გააკეთებს. 

. . . დღეს მე ოდნავ შევიცვალე მსოფლმხედველობა, რადგან ერთი მეტად საინტერესო რამ აღმოვაჩინე. დავუშვათ, რაიმეს ფიქრობთ, მაგრამ არ გინდათ, რომ ფიქრობდეთ. ცდილობთ, სხვა რამეზე იფიქროთ და ამგვარად ამ თქვენს აზრს მთლიანად ახშობთ. რა არის ეს აზრი? მე ვნახე, რომ თხუთმეტ წუთში მან კვლავ იჩინა თავი, აზრი დაბრუნდა და შემარყია. ის ძლიერი იყო და ისე მძლავრად და საშინლად ამოხეთქა, რომ ვიფიქრე, აქ ვიღაც შეშლილია-მეთქი. ყველაფერი რომ დამთავრდა, მივხვდი – მოხდა მხოლოდ ის, რომ წინა შთაბეჭდილება იქნა ჩახშობილი. ჩემი საკუთარი უარყოფითი შთაბეჭდილებაა ის, რაც უნდა ამოწურულიყო. ,,ბუნება თავის გზას იპოვის. რას შეიძლება მიაღწიო ჩახშობით?” – ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ წინააღმდეგობის გაწევა ამაო იყო.

შეიძლება თქვენში ერთდროულად ასი ათასი სურვილი ეცილებოდეს ერთმანეთს. თქვენ შეიძლება ისინი ჩაახშოთ, მაგრამ ჩახერგილი წყარო გზას მაინც იპოვის და დაინახავთ, რომ ყველაფერი ისევ თქვენშია. მაგრამ იმედი არის. თუ საკმაოდ ძლიერი ხართ, შეგიძლიათ თქვენი ცნობიერება ერთდროულად ოც ნაწილად დაჰყოთ. როდესაც ფსიქიკას იცვლით, გონი იზრდება. ასე ამბობენ იოგები. ერთი ვნებიდან მეორე ამოიზრდება, პირველი კი კვდება. გაბრაზებას სიხარული ცვლის ხოლმე, ბრაზი კი წამსვე ქრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრაზისგან თქვენ სხვა მდგომარეობა წარმოქმენით. ეს მდგომარეობები სულ მუდამ ერთმანეთს ენაცვლება. სამუდამო ბედნიერება ან, უბედურება ბავშვური ოცნებაა.

უპანიშადები (ძველინდური რელიგიურ-ფილოსოფიური ხასიათის ტრაქტატები. წარმოადგენს ვედების ნაწილს და ეხება ინდუიზმის წმინდა წერილებს. მასში ძირითადად განხილულია ფილოსოფია, მედიტაცია და ღმერთის ბუნება) მიგვითითებს, რომ ადამიანის მიზანი არც უბედურებაა და არც ბედნიერება, არამედ იმის მართვა, რისგანაც ისინი წარმოიქმნება. ჩვენ, ასე ვთქვათ, საფუძველშივე უნდა ვმართოთ სიტუაცია. კიდევ ერთი უთანხმოება იმაში მდგომარეობს, რომ უპანიშადები გმობს რიტუალს, განსკუთრებით იმას, ცხოველების კვლას რომ მოითხოვს. ყველაფერ ამას ის უაზრობად აცხადებს.

ძველ ფილოსოფოსთა ერთი სკოლა ამბობს, რომ თუკი ამას შედეგი მოჰყვება, გარკვეულ დროს ცხოველის მოკვლა დასაშვებია. შეგიძლიათ მათ შეედავოთ და უთხრათ, `კი მაგრამ ცხოველისთვის სიცოცხლის წართმევა ხომ ცოდვაა. თქვენ ამისთვის ტანჯვა მოგელით, მაგრამ ამაზე გიპასუხებენ, რომ ეს სისულელეა. რა იცით თქვენ, რა არის კარგი ან ცუდი? რა, გონება გკარნახობთ? რა სისულელეებს როშავთ!

თქვენ თქვენს გონებას წმინდა წერილის (ანუ ვედების ) წინააღმდეგ გიმხედრებთ. თუკი გონება ერთ რამეს გეუბნებათ, ვედებში კი სხვა რამე წერია, შეაჩერეთ გონება და დაუჯერეთ ვედებს. თუკი ამბობთ: `არა, ჩემი ცნობიერება სხვა რამეს მეუბნება, არაფერი გამოვა. რა წამსაც იჯერებთ, რომ რომელიმე წიგნი მარადისი სიტყვაა და წმინდაა, იმ წამსვე კარგავთ კითხვის დასმის უფლებას. . .

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი