ლობიოში შეუცვლელი ამინომჟავებია, გოგირდი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი და რკინა

0
468

ლობიო – ყოველთვის გემრიელი საკვები – დღესდღეობით საქართველოში პარკოსანი მცენარეებიდან ყველაზე პოპულარული ლობიოა. იყო დრო, როდესაც მის ნაცვლად ქართულ სამზარეუულოში დიდი წარმატებით გამოიყენებოდა ოსპი, ბარდა, მუხუდო და ცულისპირა. ფაქტია, რომ ლობიოს შემოსვლამ მთელი ეს წარმომადგენლობითი ჩამონათვალი ჯერ უკანა პლანზე გადაწია, შემდეგ კი, ზოგი მათგანი მივიწყებასაც მისცა.

ლობიოს უმეტესი ჯიშების სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა მოიაზრება. იგი დიდი ხნით ადრე იყო გავრცელებული ჩინეთის ტერიტორიაზე მანამ, სანამ ამერიკას აღმოაჩენდნენ. ცნობილი იყო ასევე ანტიკურ სამყაროშიც. ძველი რომაელები მისგან ფქვილს ამზადებდნენ და სახის მოვლისთვის იყენებდნენ.

ლობიო საქართველოში პირველად XVI საუკუნეში შემოიტანეს ევროპიდან და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გაავრცელეს. მოგვიანებით მოაშენეს აღმოსავლეთ საქართველოშიც. დროთა განმავლობაში გამოიყვანეს ლობიოს ახალი ჯიშები. სწორედ მათი გამოყენებით მზადდება ლობიოს საუკეთესო ქართული ნაირსახეობები. ჩვენში ლობიოს ამზადებენ როგორ ხმელი, ასევე ნედლი სახითაც. როგორც ბოტანიკოსები და მკვლევარები ამტკიცებენ, არსებობს მოსაზრება, რომ კოლუმბს სულაც არ შემოუტანია ლობიო ჩვენთან, ძველ სამეგრელოში ყოფილა ლობიოს წინაპარი, რომელსაც თურმე ძაძას უწოდებდნენ და სიტყვა ძაძების წარმოშობაც მას უკავშირდება

ლობიოს მომზადების კულტურა განსხვავებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. ძირითადი სხვაობა სანელებლებსა და მწვანილეულშია.

გაგაცნობთ, რამდენიმე ტრადიციული რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ძალიან ბევრი დიასახლისი ხელმძღვანელობს.

დასავლეთ საქართველოში, ლობიოსთან ერთად იხარშება ხახვი, პრასა და ნიახური. როცა ნახევრად მოიხარშება, ემატება მარილი, წითელი წიწაკა, ხმელი სუნელები (უმეტესად უცხო სუნელი და ხმელი ქინძი), ახალი ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, დანაყილი ნიგოზი, ნიორი და შემდეგ კარგად იზილება ამოსაზელი ჯოხით. ამავე რეცეპტში, ზოგ შემთხვევაში უმატებენ ტყემალს, ზოგჯერ ტყემლის ტყლაპს, კვაწარახს და თუ ეს პროდუქტები არ მოეპოვებათ, ძმრით ან პომიდვრის პასტითაც აზავებენ.

აჭარაში ამგვარად მომზადებულ ლობიოს შაშკვლავს აყრიან.

ხოლო აღმოსავლეთში იგი უფრო წვნიანი კერძია. მის არომატს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პიტნა და ქინძი. არომატით საკმაოდ განსხვავდება დასავლეთ საქართველოს ტრადიციული ლობიოსგან.

ლობიოს ქართულ რეალობაში სარიტუალო დატვირთვაც გააჩნია. მის რამდენიმე სახეობას სპეციალურად ქელეხისთვის ხარშავენ და თვლიან, რომ მიცვალებულის სულის მოსახსენიებლად 1 კოვზი მაინც უნდა მიირთვა.

ლობიოში დაახლოებით 25% ცილებია, რომელთაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვთ. მდიდარია აგრეთვე ვიტამინებით, მიკრო- და მაკროელემენტებით. B ჯგუფის ვიტამინები ლობიოში ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობითაა წარმოდგენილი. ასევე უხვადაა ვიტამინები: გოგირდი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა და შეუცვლელი ამინმჟავები.

გოგირდი ეხმარება ორგანიზმს კანის დაავადებებთან, ნაწლავთა ინფექციებთან, რევმატიზმთან, სასუნთქი სისტემის პათოლოგიებთან ეფექტურად ბრძოლაში.

რკინა აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისთვის, ხელს უწყობს ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებას, აძლიერებს მის ინფექციებთან ბრძოლის უნარს.

თუთია, რომელიც შედის ლობიოს შემადგენლობაში, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნახშირწყლოვან ცვლაზე.

სპილენძი პასუხისმგებელია ჰემოგლობინისა და ადრენალინის სინთეზზე (წარმოქმნაზე).

დიეტოლოგები და ექიმები ლობიოს რეკომენდაციას უწევენ როგორც ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, თირკმელკენჭოვანი დაავადების ეფექტურ საპროფილაქტიკო საშუალებას. სასარგებლოა ის გულის რიტმის დარღვევების დროსაც. ამრიგად, ლობიო ჭეშმარიტად დიეტური და სამკურნალო საკვებია. ის კვირაში ორჯერ მაინც უნდა მივირთვათ.

ლობიო, შეიცავს ნივთიერება არგინინს. ცნობილია, რომ არგინინი მონაწილეობს აზოტოვანი ცვლის პროცესებში და ინსულინის მსგავსი მოქმედება აქვს, ამიტომ ლობიო რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც.

ლობიო ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაშიც გვეხმარება. მოხარშეთ, კარგად გასრისეთ (გაგლისეთ), შეურიეთ ზეთი, დაამატეთ ლიმონის წვენი (კარგი იქნება თაფლი და ქაცვის წვენიც) და დაიდეთ სახეზე. წვრილი ნაოჭები გაგიქრებათ, კანი კი მკვრივი, გლუვი, ელასტიკური და ხავერდოვანი გაგიხდებათ.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი