პასუხისმგებლობის ზონები თინი ბასილაიასგან

1
768

არსებობს სამი პასუხისმგებლობის ზონა:

1. ჩემი; 
2. სხვა ადამიანის;
3. უფლის.

ჩემი პასუხისმგებლობის ზონაა ის, თუ რას ვფიქრობ მე, რას ვაკეთებ, როგორ ვცხოვრობ და ა.შ. 
სხვა ადამიანის პასუხისმგებლობის ზონაა ის, თუ რას ფიქრობს თავად ეს ადამიანი, რას აკეთებს, როგორ ცხოვრობს და ა.შ. 
ხოლო უფლის პასუხისმგებლობის ზონაა ის, რაც ჩვენს ირგვლივ რეალობაში ხდება – მაგალითად, როგორი ამინდია, ხდება თუ არა სტიქიური უბედურებები, არის თუ არა ომი და ა.შ. 
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ და ვაკონტროლოთ მხოლოდ ის, რაც ჩვენი პასუხისმგებლობის ზონაშია: ჩვენი თავი, ჩვენი შეხედულებები, ჩვენი დამოკიდებულებები, ჩვენი ფიქრები… 

უმრავლეს შემთხვევაში, სტრესი ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში მაშინ, როდესაც ვტოვებთ ჩვენი პასუხისმგებლობის ზონას და გადავდივართ სხვა ადამიანების ან უფლის პასუხისმგებლობის ზონაში – ეს ხდება მაშინ, როდესაც გონებაში წარმოვდგენთ, თუ რას უნდა აკეთებდეს სხვა ადამიანი, როგორ უნდა ცხოვრობდეს, როგორ უნდა ფიქრობდეს, რა აჯობებს მისთვის, რა იქნება მისთვის უკეთესი და ა.შ. რათა ჩვენ ვიყოთ კმაყოფილები და თავი მშვიდად ვიგრძნოთ.

ამ დროს ჩვენი ნებითვე ვიტანჯავთ თავს, რადგან იქ ვართ ფიქრებით, სადაც ჩვენი ადგილი არ არის და სადაც ჩვენ არ გვაქვს კონტროლის საშუალება. 

ამ დროს ვტოვებთ საკუთარ თავს და ვიწყებთ ჩვენს გონებაში, ჩვენი ფიქრებით სხვა ადამიანის მაგივრად ცხოვრებას, ჩვენთან კი არავინ აღარ რჩება, 

ანუ, თუ შენ ცხოვრობ შენი ცხოვრებით, მე კი ჩემი ფიქრებით, ჩემს გონებაში ვცხოვრობ შენი ცხოვრებით, მაშინ ვინღა ცხოვრობს ჩემი ცხოვრებით? 

მარტოობოს შეგრძნება გვეუფლება ხოლმე არა იმიტომ, რომ ვიღაც გვტოვებს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვტოვებთ სინამდვილეში… 

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის გავაცნობიეროთ ჩვენი ფიქრებით სად ვართ, ვის ცხოვრებას ვმართავთ ამ მომენტში? 
ვის მაგივრად ვცხოვრობთ ჩვენი ფიქრებით? 
ვართ კი ჩვენს ცხოვრებაში? 
ვართ კი ჩვენი პასუხისმგებლობის ზონაში? 

ამ კითხვებზე დაფიქრება გვაბრუნებს საკუთარ თავთან, საკუთარ ცხოვრებაში, საკუთარი პასუხისმგებლობისა და კონტროლის ზონაში.

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი