განსჯა სიკვდილის შესახებ

0
2410

80-იანი წლების ბოლოს, როდესაც საბჭოურმა „პერესტროიკამ“ ეროვნული მოძრაობა გააღვიძა, სახალხო ფრონტის ერთ-ერთ შეხვედრაზე მამარდაშვილმა განაცხადა: „მე მზად ვარ აქტიური მონაწილეობა მივიღო განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რადგან მესმის, რომ ვიდრე დამოუკიდებლობას არ მივაღწევთ, ვერ დავინახავთ, ვერ გავიგებთ ჩვენს თავს. არ შეიძლება არსებობდეს ეროვნული იდეალი, თუ მასში ჩადებული არ არის ადამიანის თავისუფლება. ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი განთავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისაგან.” 

მამარდაშვილი მოუწოდებდა ოპონენტებს, რომ საჭიროა გავთავისუფლდეთ რადიკალური სტერეოტიპებისაგან, ინერციისაგან, ცრურწმენისაგან, საჭიროა ანალიზი, საჭიროა ობიექტურობა. ნაციონალური ფსიქოზითა და სხვაგვარად მოაზროვნეთა სიძულვილით შეპყრობილ საზოგადოებას არ ესმოდა მისი ნათქვამი. მამარდაშვილს ჯერ მეტისმეტ სიფრთხილეში დასდეს ბრალი, მერე არაპატრიოტობაში. ამ ბრალდებას ასე უპასუხა: „ბევრჯერ ვყოფილვარ მოწმე, ძლიერნი ამა სოფლისანი – სახელმწიფოს, ნაციისა და საზოგადოების სახელით – როგორ თრგუნავენ აზროვნებას. სომხების, ოსებისა და აფხაზების ღირსების დაცვა – შენი, ქართველის ღირსების დაცვაა. მე მათთან ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, არავის აქვს უფლება ამით ჩემში ქართველობის გრადუსი გაზომოს.“

მამარდაშვილს სურდა გონიერი საწყისი შეეტანა ეროვნულ მოძრაობაში. მას ჰქონდა სათქმელი ქართველი ხალხისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ადამიანს, რომელიც ლონდონსა თუ ვენაში, რომსა თუ ნიუ-იორკში, ერის ღირსებას იცავდა, სამშობლოში ხმის ამოღების საშუალება არ მისცეს. 1989 ზაფხულში, სახალხო ფრონტის ყრილობაზე, რადიკალებს განსაკუთრებით არ მოეწონათ მამარდაშვილის შეფარული ბრალდება: ფრონტი კომუნისტური პარტიის კი არა, „სხვა ძალების“ სათამაშო ხდებაო. „სხვა ძალებში“ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იგულისხმებოდნენ. ამავე ყრილობაზე წარმოთქვა მერაბ მამარდაშვილმა ფრაზა – ,,ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას!” დისიდენტსა და ფილოსოფოსს, მერაბ მამარდაშვილს მაშინ არ მოუსმინეს. ის აღშფოთებით და გაშმაგებით ყოველთვის იმეორებდა, რომ „თავისუფლება – ესაა, როდესაც ერთის თავისუფლება არ ეღობება მეორის თავისუფლებას და ეს უკანასკნელი აქვს პირობად აღებული”.

საქართველოში ჩათვალეს, რომ მათი ეროვნული თავისუფლება, უფრო მნიშვნელოვანია სხვების უფლებებსა და თავისუფლებებზე. მამარდაშვილის ბოლო მცედლობა, ხმა მიეწვდინა უმრავლესობისთვის, განწირული იყო: “თუკი ჩემი ხალხი აირჩევს ზვიად გამსახურდიას, მე წავალ ჩემი ხალხის წინააღმდეგ”. მამარდაშვილს პროტესტის ნიშნად ხმაური აუტეხეს, ისიც იძულებული გახდა დარბაზიდან გასულიყო. ამ გამოსვლის გამო ფილოსოფოსი „პატრიოტული“ უმრავლესობის რისხვის ობიექტად იქცა, ინტელიგენციამ კი ინტელექტუალური უპირატესობის დამადასტურებელ დროშად გაიხადა.

”… შეგიძლია ისე მოკვდე, რომ არასოდეს აღმოაჩინო რა იყო შენი გრძნობა. ეს შენი გრძნობა იყო, შენი, მაგრამ ის ვერ იგრძენი; ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე; გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე. ასე და ამგვარად გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთი და იგივე ნაჭერს, ისე, რომ ვერც ერთხელ ვერ გადაყლაპა იგი”

მერაბ მამარდაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც გაზეთმა „მამულმა” ფილოსოფოსის გასახსენებლად ძველი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც უზენაესი საბჭოს არჩევნებში ზვიად გამსახურდიას ბლოკის გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში იყო ჩაწერილი. შევხედოთ ხსენებულ ინტერვიუში რა ძირითად პრეტენზიას უყენებდა  „მრგვალ მაგიდას” მერაბ მამარდაშვილი, რომელსაც მანამდე ნათქვამი ჰქონდა: „თუკი საქართველო ზვიად გამსახურდიას აირჩევს, მე მომიწევს ჩემი ხალხის წინააღმდეგ წასვლაო” – ეს იყო პოლიტიკური თამაშიდან მაშინდელი ინტელიგენციის გამოთიშვის პრეტენზია. 

,,ვნახოთ სია! არის  სათანადო კომპეტენციის და განათლების მატარებელი ხალხი? თვითონ ზვიადი არის პოლიტიკოსი. მე შეიძლება ვიყო მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, მაგრამ ვაღიარებ, რომ იგი პოლიტიკოსია. მის გვერდით მე ვერ ვხედავ ასეთებს, გარდა ვთქვათ პაატაშვილისა, კომპეტენციის ელემენტს მე ვგრძნობ მასში. როგორ უნდა მართოს ასეთმა უზენაესმა საბჭომ ქვეყანა?! მე მგონი თვითონაც გრძნობს ამას გამსახურდია.”

,,დაკმაყოფილდა ამბიცია, რაც თავისთავად არ არის მანკი, მაგრამ ვინ უნდა წარმართოს პოლიტიკა? ინტელექტის გამოთიშვა უკვე მოხდა და მოხდა არა გამსახურდიას ინტრიგის შედეგად, არამედ ხალხმა აღიქვა ასე და  გადაწყვიტა, ესაა უბედურება!

მე მოვალე ვარ ვუთხრა ხალხს: ვინ ხართ? რა ხართ? არ გჭირდებათ თქვენი სისხლი და ხორცი, თქვენი ინტელიგენცია? იმიტომ, რომ ეს ურაპატრიოტული რაღაცეები გაკმაყოფილებთ? იმიტომ ,რომ გული მოიფხანოთ, რომ ლამაზები ვართ, „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ ?!“ ეს პროვინციული ტრაბახი და ამპარტავანება გაკმაყოფილებთ? ასე წყვეტთ  ქვეყნის ბედს?

მე პირადად არც ერთ პარტას არ ვეკუთვნი…

მე ვეცდები არ დავუშვა ჩემს თავში ისეთი პოლიტიზაცია, რომ  ვერ დავინახო კეთილი საქმე, გაკეთებილი დეპუტატის, ან დეპუტატთა ჯგუფის მიერ, რომლებიც „მრგვალ მაგიდას“ ეკუთვნის, იმიტომ რომ მას ეკუთვნის – არ დავინახო და მხარი არ დავუჭირო. ეს ჩემთვის ზნეობრივად შეუძლებლია.”

მერაბ მამარდაშვილი ზედმიწევნით იცნობდა ქართველებს, რაც უდაოდ ჩანს მის საუბრებში და იგი არ ცდებოდა. მიუხედავად ბევრი მოწინააღმდეგისა ის მტკიცედ იცავდა თავის პოზიციას და დამოკიდებულებას. მრავალი წლის შემდეგაც მისი თითოეული სიტყვა და ნააზრევი აქტუალურობას არ კარგავს. კითხულობ და გეჩვენება, თითქოს არც გარდაცვლილა ისე უზუსტესად ასახავს დღევანდელ რეალობას ,,…თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთსა და იმავე ნაჭერს ისე, რომ ვერც ერთხელ ვერ გადაყლაპა იგი”…

,,ჩვენ იმდენ ხანს ვთვლემდით, ისე გავიყინეთ, რომ დღეს ხელახლა უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის გარჩევა სიკვდილისგან, ოცნებისა – რეალობისგან. ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, განდევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი მათ ზნეში, საქმიანობაში რომ დაგროვდა. საბჭოურად დაპატარავებულებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადოებაში”.

”ქართულ ინტელიგენციას არ გამოუყენებია ბოლო ხუთი წელი იმისათვის, რომ საკუთარი ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. იმის მაგივრათ რომ ებრძოლათ უკვე გათავისებულ ცუდ ჩვევებთან – პატრიოტიზმის მცდარ გაგებასთან, ჩამორჩენილობასთან, საკუთარ თავზე შეყვარებასთან, დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ ყველაზე კარგნი ვართ, ყველაზე ჭკვიანნი, ყველაზე ლამაზნი და არავინ არ გვჭირდება – ისინი საკუთარ ამბიციებში ჩაფლულნი თამაშობდნენ ყველაფერ ამით.”

“…ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ, ნუ იფიქრებთ პოლიტიკური კლიშეებით ვისი მხრიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, დაიწყეთ საკუთარი თავით და საქმით, რადგან ჯერ ისედაც გვაკლია პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება და თუ ასე ერთი ხელის მოსმით გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, მალევე გავირიყებით ნაპირზე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი…”

,,რუსული სივრცე-დროის მეტაფიზიკურ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ის ფენომენი, რომ საკუთარ თავს და შენს გარშემო მყოფთ ყოველი დღე უქციო ჯოჯოხეთად….. ეს მუდმივი ისტორიული კოლაფსია ორ დიდ , დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის!”

,,ეთნიკური რუსი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია თავის დადებითით და უარყოფითით….არაფრით უარესი და არაფრით უკეთესი სხვა ეთნოსის წარმომადგენელზე!
მაგრამ რუსები, როგორც რუსულ იმპერიულ-ტირანიული სივრცის ბინადარნი და ამ სისტემის იდეოლოგიით ტვინდაკომპასებულ ხალხთა მასები, ამოვარდნილნი არიან რეალური ისტორიული სივრცე დროისაგან…როგორც ჩაადაევი და როზანოვი წერდნენ – ” აქ სრული კოლაფსი და გამყოფი უფსკრულია აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის…”

“მტრის ხატი – ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა – მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულებია იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება”

,,აზროვნება არის ჩუმი საუბარი ღმერთთან წარსული შეხვედრების შესახებ. ანუ ეს არის სიტუაცია, როდესაც რაღაც ხელახლა იბადება, თავისი თავის იგივეობრივი, მაგრამ განახლებული, აღორძინებული. აღორძინება, გაცოცხლება ხდება ფორმების სამყაროში. “

,,მივხედოთ სკოლებს, სპეციალობებს, ჩვენ ისედაც გვაკლია პროფესიონალიზმი, მოქალაქეობრივი შეგნება და თუ ამის გარეშე, მაინც ჯიუტად გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, ძალიან მალე გავირიყებით ნაპირზე ისევ ისეთივე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი.” 

“სანამ გაგრძელდება პატივმოყვარეობის მაამებელი ხატების შექმნა: ოჰ! რა კარგად ვიყავით, კულტურაც გვქონდა, სოფელიც ყვაოდა!.. ვიდრე ამ ყალბ ნუგეშისცემას გააგრძელებენ, დაუსრულებლად იტრიალებენ წრეში, როგორც დანტეს გმირები ჯოჯოხეთში”

“ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!”

,,ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია…”

,,ყველაზე საშიში მტერი ჩვენ გარეთ კი არ არის, არამედ ჩვენშია ჩაბუდებული.”

“თქვენი ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა პირიქით

,,ადამიანი აღზრდის ობიექტი კი არ არის, არამედ ადამიანი არის განვითარების სუბიექტი.”

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი