რობი კუხიანიძის #მესიჯი

0
787

უფალი უბრალო სიტყვა არ არის, ძალიან თავაზიანი და თბილი სიტყვაა. რწმენის გარეშე არაფერი არსებობს. უფალი არ არსებობსო, მარტო იმიტომ არ უნდა თქვა, რომ არ გინახავს და არ წარმოგიდგენია. როცა სიყვარულზეა საუბარი და იტყვი, რომ უფალი არ არსებობსო, ვიღაცა ახლობელი თუ გიზის გვერდზე, უნდა მოუტრიალდე და „გლიჯო“, იმიტომ, რომ ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, აბა, სხვა რა არის?!

ჩვენ ყველა ერთად ღმერთი ვართ, მაგრამ ზოგს ურჩევნია, ღმერთი ცალკე, მისგან დამოუკიდებელად არსებობდეს, რომლის წარმოდგენაც არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს ის შესწავლილი და გამოკვლეულიც არაა, ხომ?

უღმერთობა ჯერ ვერავინ შესძლო. როგორიც გინდა ისეთია შენი წარმოსახვის ღმერთი, შენ როგორც იკადრებ, ისე წარმოიდგენ. ნებისმიერ მხატვარს რომ უთხრათ, ქრისტე დახატეო, თავის კონტურებს დახატავს, შინაგანად თავის თავს ითვალისწინებს. ეს, მხატვრებს ახასიათებთ,  ადამიანი მაინც ადამიანია. მხატვარი, ქალი რომ იყოს, ისიც თავის თავს დახატავს. ღმერთი ძალიან უბრალოდაა შენში, შენ რომ ფიქრობ, შენშია ღმერთი. მხოლოდ ეგაა, რომ  რთული დასანახია. რთულია იმიტომ, რომ შენ სხეულზე მიჯაჭვული არსება ხარ და შენში ყოფნა რას ნიშნავს ამის დაშვება არ შეგიძლია – ესაა უბედურება…

სულს ხომ არა აქვს სამშვენისი, სხეული იმისთვისაა, რომ შეგინარჩუნოს და ამუშაოს გული, ღვიძლი, კუჭი და ა.შ. სული თავისუფალია, სული, ერთი ამოსუნთქვაა. ღმერთი თუ სუნთქავს, ალბათ, ერთი ამოსუნთქვა შენ ხარ, ერთი ამოსუნთქვა მე ვარ, ერთი ამოუსუნთქვა ის… ჩვენ სულები ვართ, ღმერთის სულები და ჩვენ ვატარებთ მას, ჩვენით სუნთქავს ის სასწაული… იმიტომ არ გაქვს უფლება კაცი მოკლა.  მაგრამ ამის მოწოდების ფორმები როგორია, ყველამ თავის თავზე მოირგო უფალი, ვისაც როგორ უნდა ისე მაწვდის, როგორია, როცა რელიგიას კორუფციულად მომაწვდი….

ჯვარი რა არის? ასე რომ შეხედო, მეტყვი, ქრისტე აწამეს ჯვარზეო და თითქოს ასეც არის, მაგრამ თითოეული ადამიანი ჩვენში, თუ სულს ღირებულება აქვს და სულია ძირითადი, გაშალე ხელი განმკლავზე და ქრისტე შენ თვითონ ხარ. შენი სული გაკრულია საკუთარ მეში, ესაა შენი სულის დამცავი, ეს აბჯარია, ღმერთმა სხეული მოგასხა, რომ გამოჩნდე, სული არ ჩანს, სული უნდა იგრძნო. და ადამიანი ამას ვერ ხვდება… თვითონ ერთი ბევრი ხარ შენ. იმიტომ, რომ რაც არ უნდა ბოროტი იყო, შენ პასუხისმგებელი ხარ ბევრ ადამიანზე. ყველაზე დიდი ბოროტება კი ეგოიზმის ბოლო ფორმაა – მე და არავინ!  – ის ხომ პირდაპირ ღმერთის მტერია? დაუკვირდი – სხვა არვინ მე!  – მე!  და ამას დებს ბოლომდე, საკუთარ – მეს! აი, ეშმაკის სატანის ფუნქცია რა არის. ამხელა პასუხისმგებლობის აღება მისი აღმატებულება მე!

სიყვარულის გარდა რა უნდა იყოს…  სიძულვილი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სიყვარული და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. უბრალოდ, არსებობს სიყვარული და არიან ადამიანები, რომლებიც ამას ვერ იგებენ, ალბათ, არ არიან ჯერ იქამდე გაზრდილები, რომ ეს აღიარონ. სიყვარული და ღმერთი ერთი ცნებაა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ვისაც ღმერთის და სიტყვის არ ესმის, ის ამას ვერ იგებს.

უბრალოდ, ადამიანი ხომ მიწიერი სიტყვაა, ადამიანურად მაინც გვიყვარდეს ერთმანეთი, ზევიდან წამოსული ღმერთის სიყვარულის ატანა თუ არ შეგვიძლია. პატარა ძალები უნდა გამოვნახოთ და ვეცადოთ… ახლა საქართველო ცუდ დღეშია და როგორ გინდა თქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება… ეს ყველაფერი თავისით ჩაივლის და ამიტომ სიყვარულზე უარი არ უნდა ვთქვთ.

ადამიანისთვის სხვისი შვილი ვიღაცა არ უნდა იყოს. ყველა ბავშვი მართალია, რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს. პასუხსმგებლობა ეკისრება ოჯახს და საზოგადოებას. დღეს ჩვენ ვართ სარკე ჩვენი მომავალი თაობის და დღეს, ბავშვების თვალწინ ბოროტების მეტი არაფერი ითესება, ამაზე ვიფიქროთ…

 

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი