ნონა ხიდეშელი:,,სახიფათოა თუ ადამიანმა თავის განცდით არ დაიწყო გაღვიძება”

7
4948

message:საიდან დაიწყო ყველაფერი?

ამის გახსენება რთულია. დაიწყო, ალბათ, თინეიჯერობიდან ან ცოტა მოზრდილი ასაკიდან… ბევრს ვფიქრობ ბავშვობის იმ უდარდელ წლებზე, ლაღად და მხიარულად რომ  ვცხოვრობდი და უეცრად ჩემს თავზე, ასე ვთქვათ, შავი წყვდიადი ჩამოწვა. ყველაფერი მაინც ჩემს უცნაურ სიზმრებს უკავშირდება, რომელიც ბავშობიდან დაიწყო, ზრდასთან ერთად გამძაფრდა და კულმინაციას გარდატეხის ასაკში მიაღწია. რა თქმა უნდა, მაშინ ეს ყველაფერი ვერ გავაცნობიერე.

სიზმრებს გვერდს ვერ ავუვლი, იმხელა როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში და დღემდე თამაშობს, იქნება ეს კოშმარი თუ სასიამოვნო სიზმარი. ფაქტია, რომ მათ რაღაც შეცვალეს.

message:რა გრძნობა იყო ეს, ცნობისმოყვარეობა თუ შიში?

როგორც ფსიქოლოგი ახლა ბევრ რამეს ვხსნი, მაგრამ ლექციასავით რომ არ გამომივიდეს, არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. თავდაპირველი კოშმარული სიზმრები მხოლოდ გარდატეხის ასაკის ბრალი იყო. ალბათ ეს იყო პირველი რეალური შეხება სამყაროსთან. რა თქმა უნდა, მაშინ ვერ მივხვდი. ბავშვი ღამე ნახულობ მძიმე სიზმრებს, მერე იღვიძებ და ყველაფერი გავიწყდება, გგონია უბრალოდ სიზმარია და მეტი არაფერი. ყოველივე ეს მოგვიანებით დავუკავშირე ერთმანეთს და ეს არის იუნგის ძალიან დიდი დამსახურება.

გარდატეხის ასაკის გადატანა ძალიან მძიმედ დაიწყო: სერიოზული კონფლიქტები სკოლაში და, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, რაც შემდეგ მშობლებზე გადავიდა. სრულიად დავიკარგე, გავუცხოვდი. შემდეგ იყო ინსტიტუტი, სწავლა, იქაც სრული ქაოსი, გაუცხოვება, პირადი ურთიერთობების სრული დაკარგვა და ასე ქაოტურად მოვედი დაახლოებით 22 წლამდე. ამ დრომ საკუთარ თავთან გაუთავებელ კონფლიქტში გაიარა: საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მაინც ვამბობდი -არაფერია, ეს არის ცხოვრება, მერე რა მოხდა. დღეს ასეა, ხვალ ისე იქნება.

აი, აქ მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი, მივხვდი, რომ ასე ცხოვრება აღარ შემეძლო, და გავჩერდი. სწორედ 90-იანი წლების სრული წყვდიადის დროს ვიყავი 22 წლის. ახლა ამხელა არჩევანია წიგნების, ლექციების, თარგმანების, ფსქოლოგების… მაშინ არაფერი იყო, არაფერი ხდებოდა. არც ვიცი საიდან დავიწყე ეს ყველაფერი, მაგრამ მახსოვს, რომ გავჩერდი, შევეშვი აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს, მათ შორის, ყველა ადამიანს. შევწყვიტე ყველაფერი და დავიწყე ძიება.

კანტიკუნტად ვაწყდებოდი ადამიანებს, რომლებიც ინდოეთში დადიოდნენ, ზოგი რაღაცას თარგმნიდა, ზუსტად  იმ პერიოდში ითარგმნა ოშოს „მდოგვის მარცვალი“. ზოგი ჩემი მეგობარი ქრისტიანულ რელიგიაში მოღვაწეობდა, მათთანაც ვკონტაქტობდი, მოკლედ ყველანაირ ხსნას ვეძებდი. ცხადია, ეს იყო თვითგადარჩენისთვის გზების ძიება, მაშინ ძალიან შორს ვიყავი ასეთი მასშტაბის აზროვნებისგან. ერთია, რომ მე წიგნებმა გადამარჩინა. ადრეული ასაკიდან დავიწყე კითხვა და არ გავჩერებულვარ. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ გამოცდილებამ მოამზადა ჩემი გონება, რომ მე გავიგე კრიშნამურტი, გავიგე იუნგი, გავიგე ფროიდი, ვინც ამ საკითხში ჩახედულია, ყველა დამეთანხმება, რომ ესენი არ არიან მარტივი გასაგები ავტორები.

დაიწყო 3-წლიანი ძალიან ღრმა კავშირი ქრისტიანულ რელიგიასთან. როდესაც ამ წიაღში მოვხვდი, ჩვეულებრივი რიგითი მორწმუნე ვიყავი და ეს ყველაფერი ჯერ ძალიან ბუნდოვანი იყო. სხვათაშორის, პირველი წიგნი, სადაც მითოლოგიური არქეტიპების ახსნას წავაწყდი, არის ზვიად გამსახურდიას „სახის მეტყველება ვეფხისტყაოსნის“. აქედან უბრალოდ რაღაც მენიშნა და არქეტიპების ძიება დავიწყე ჩემს ცხოვრებაში. სიტყვა „უბრალოდ“ იმიტომ ვახსენე, რომ მაშინ იდენტობებისგან ასეთი თავისუფალი არ ვიყავი და ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ზუსტად გავიგე, მაგრამ მივხვდი, რომ მითოლოგიაში და რელიგიაში რაღაც საიდუმლო ხაზი არსებოდა, რაც პარალელურად ჩვენს ცხოვრებაში მიდიოდა.

მონასტერში ცხოვრების პერიოდში ყველაზე დიდი განათლება მივიღე, რადგან იქ ძალიან ბევრს ვკითხულობდი. მონასტრებში არაჩვეულებრივი, ძალიან ღრმა ლიტერატურა აქვთ. ქრისტიანულ რელიგიას ძალიან დიდი ფილოსოფოსი მამები ჰყავდა. ხშირად ვახსენებ ხოლმე გრიგოლ პალამასა (წმიდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი) და გრიგოლ ნოსელს (კაპადოკიელი მამა, რიტორი, ანთროპოლოგი, თეოლოგი და ფილოსოფოსი), ძალიან მიყვარს ეს ავტორები. სწორედ იქ შევხვდი ადამიანს, ვინც ჩემი მასწავლებელი გახდა და აღმოსავლურ აზროვნებას მაზიარა, ანუ გამაგებინა, არც აღმოსავლეთია მარტივი გასაგები. ასე მოვედი 26 წლის ასაკამდე და დავიწყე ისეთი ავტორების კითხვა, როგორიც არის: სვამი ვივიეკანანდა, რამაკრიშნა, შრი რამანა მაჰარიში, შრი აურობინდო და კრიშნამურტთან ცოტა გვიან მივედი, უფრო სწორად მივედი ადრე, მაგრამ მაშინ ვერ მივხვდი და გადავდე გვერდზე.

მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ჩემი სიზმრები ჩემს რეალურ ცხოვრებასთან იყო კავშირში. ნელ-ნელა ვიცვლებოდი, რადგან მეცვლებოდა ფსიქიკა, ინტერესები, ცხოვრება და იდეალები, ყველაფერი ინგრეოდა. რა თქმა უნდა, ქსრისტიანული რელიგიის მადლობელი ვარ, ბევრი მომცა, თუმცა, მივხვდი, რომ ამოვწურე და მე ვერ დავრჩებოდი მის წიაღში მხოლოდ რიტუალების აღმსრულებლად.

სიზმრები პერიოდულად მაინც ბრუნდებოდა ჩემთან, პრინციპში, დღემდე არც შეწყვეტილა, უბრალოდ – შეიცვალა. ამის მერე იწყება ფსიქოლოგია. დავიწყე ფსიქოლოგიის სწავლა, დავდიოდი სხვადასხვა კურსებზე და მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მჭირდებოდა, იქ არაფერი ხდებოდა, იქ თვითონაც არაფერი იცოდნენ იმ სიღრმეების შესახებ, რაც მაინტერსებდა. თავად დავიწყე ლიტერატურის მოძიება, რომელიც ქართულად არ არსებობდა. ვბეჭდავდი ინტერნეტიდან, ვთარგმნიდი და როგორ გაირბინა ათმა წელმა, ვერ გავიგე. მივხვდი, რომ  რაღაცას ჩავეჭიდე, ნისლი გაიშალა, მერე აბსოლუტურად დავწყნარდი და დავმშვიდდი. გრძნობებმა დაიხია და წინ წამოვიდა გონება – იუნგამდე მისასვლელად ჩემმა გონებამ გარკვეული მომზადება გაიარა.

მივხვდი, რომ უნდა არსებულიყო პასუხი ყველა კითხვაზე, რაც მაწუხებდა: საერთოდ ვინ ვიყავი; რატომ დავიკარგე; რატომ გამიუცხოვდა ყველა და ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა და რატომ დამენგრა მთელი ის იდეალები, რაც გამაჩნდა; რატომ დაკარგა ფასი ყველაფერმა; ყველაზე მთავარი შეგრძნება – რატომ მომეჩვენა, რომ ყველაფერი იყო ტყუილი, რაც ირგვლივ ხდებოდა – სამყაროც კი ილუზია იყო.

ბუნებით პრაგმატული ვარ და ნაკლებად ვწყდები მიწას, ეს ჩემი ხასიათია და მუდმივად მქონდა წინააღმდეგობა ამ ყველაფერთან: ხშირად ვამბობდი, – სისულელეა, ეს ილუზიაა, წარმოსახვაა, თუმცა ეს ყველაფერი ჯიუტად გრძელდებოდა. ასე მივედი იუნგთან და თითქოს ყველაფერი განათდა, პასუხი გაეცა ყველაფერს, გავიგე ის მთავარი საუდუმლო ჩემში. ახლა ხმამაღლა საუბრობენ სამყაროს საიდუმლოებებზე, სინამდვილეში კი, ადამიანს საკუთარი თავის საიდუმლო ამოხსნა ევალება.

message:რა იყო საკუთარი თავის საიდუმლო?

ყველაფერი ის, რასაც მე გარეთ ვეძებდი! ყველა მიზეზი, ყველა შედეგი, ყველაფერი, რაც მეგონა ან არ მეგონა, რაშიც პასუხებს ვეძებდი ღმერთიდან დაწყებული, ყველაფრის პასუხი იყო ჩემში. ის, თუ რისთვის ვიყავი, როგორი ვიყავი, სად ვიყავი; რომ სამყარო, როგორც ასეთი, გარეთ არც არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი რეალობა – შენს საკუთარ თავში და ეს ხარ შენ. დანარჩენი ყველაფერი ამის გარეთ გამოტანაა. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე უკვე ღრმად შესწავლა ფსიქლოგიის. გავეცანი ძალიან დიდ მოაზროვნეებს. აქაც შემეშინდა, რომ რაიმე შეცდომა არ დამეშვა, პარალელურ რეჟიმში თან მდევდა კრიშნამურტი, რომელიც ჩემს მასწავლებლად იქცა. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი თავის გადარჩენისთვის დავიწყე, მაგრამ დღეს – ჩემი ცხოვრება გახდა; ჩემი სივრცე დატოვა ყველაფერმა და ჩემი სივრცე გაივსო ამ ცნობიერებით. მოდი ასე დავარქვათ, ცნობიერება სახელად – მე, ამას თავისუფლებას დავარქმევდი. უბრალოდ, გავიგე არსი, თუ რისთვის უნდა ვიცხოვრო, გავიგე რისთვის დავიბადე და ვფიქრობ, რომ სწორედ ამისთვის იბადებიან ადამიანები. დიდად არ მიყვარს ადამიანების სახელით საუბარი და ზოგადსაკაცობრიო მასწავლებლის როლის მორგება, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი და ფუნდამენტური იდეა, რაც არის და არსებობს, ეს არის – იპოვო საკუთარი თავი და შემდეგ შექმნა ის, რაც ხარ რეალურად.

message:როდესაც ლექციების კითხვა დაიწყე, მოტივი და მიზანი რა იყო?

ლექციების იდეა ჩემი არ იყო. აზრადაც არ მომსვლია, რომ ოდესმე ამ ყველაფერს საჯაროდ გამოვიტანდი. ამ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვაკეთებდი. უბრალოდ, არსებობდა ჩემი დღიური, ის დღესაც მაქვს, სადაც ყველაფერს ვიწერდი. სრულიად შემთხვევით ერთ ადამიანს შევხვდი ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებიდან, რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ჩვენ დავმეგობრდით და ჩვენს პირად საუბრებში შევეცადე მას დავხმარებოდი – დღიური მივეცი, რომ სახლში წაეღო და წაეკითხა. მახსოვს, რომ გაოგნებული ჩამოვიდა და მკითხა, ამ ყველაფერს შენთვის რატომ იტოვებო. ვიტყოდი, რომ ლექციების იდეა მას ეკუთვნის და არა მე.  სწორედ მან გამაცნო ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება, რომლის მიზანი სწორედ საგანმანათლებლო პროექტები იყო ცნობიერების ამაღლების კუთხით.

მუდმივად ვკითხულობდი და ვსწავლობდი ქართველ ფილოსოფოსებს, მაგრამ მერაბ მამარდაშვილის გაცნობა ჩემთვის სრული შოკი და გარდატეხა იყო. არ მსიამოვნებს იმაზე საუბარი, ვინ ვისზე მეტია, მიმაჩნია, რომ ყველას თავისი ფილოსოფოსი ჰყავს, ყველას – თავისი მასწავლებელი. მამარდაშვილი აღმოჩნდა ჩემი მასწავლებელი, როგორც, მაგალითად, მწერლობაში – ჰესე, დოსტოევსკი, ბულგაკოვი ან კამიუ. ასე დაიწყო ლექციები. ახლა რომ ვფიქრობ, შეიძლება არც დამეწყო: ახლა უკვე ძალიან სერიოზულად ვუყურებ ყველაფერს და შემეშინდებოდა მაშინდელ საქართველოში ამ ინფორმაციის გატანა.

message:სწორედ მაგის კითხვას ვაპირებდი, შიში თუ გქონდა, რომ ვერ გაიგებდნენ თუ რაზე საუბრობდი?

შიში არ მქონია. ვფიქრობ, მაშინ არ ვიყავი იმდენად ჩამოყალიბებული, რომ რეალობა აღმექვა. სანამ ლექციებს დავიწყებდი, წიგნებს ვწერდი. რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია გავაკეთე და საოცარ წინააღმდეგობას წავაწყდი: ხან სექტანტს, ხანაც აგენტს მეძახდნენ, იშველიებდნენ შეთქმულების თეორიებს, რომ ქართველობას გვართმევენ. ამ ყველაფერს იუმორით შევხედე. არ მქონია განცდა, რომ რაიმეს წარმოვადგენდი და, შესაბამისად, რომ ვიგებდი ჩემზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობდნენ, დიდად ჩემზე არ მოქმედებდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი იმ მასშტაბებს, რაზედაც გავედი. დღესაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიკავშირდებიან ადამიანები და ამ გადმოსახედიდან, ამ გონებით, მაშინდელ საქართველოს ვგულისხმობ, დღეს მე ვერ გავბედავდი.

დღეს, რა თქმა უნდა, მარტივია. დღეს ყველამ იცის ცნობიერი და არაცნობიერი, კოლექტიური არაცნობიერი, რომ იდენტობების გარეშე სამყარო ილუზიაა. საოცრად განვითარდა ნეირო ფსიქოლოგია, ყველა საუბრობს კვანტურ ფიზიკაზე. ამას წინათ, ჩემმა მეგობარმა გადაცემის ბმული გამომიგზავნა – „ლონდონ რეალი“ ჰქვია, საოცარ თემებზე საუბრობენ. 10 წლის წინ ეს არ ხდებოდა და როდესაც იმდროინდელ საქართველოში ამბობდი, რომ ნაციონალიზმი დაავადებაა, ხოლო რელიგია – ძალადობა, ეს ძალიან მძიმედ აღიქმებოდა.

მიშველა იმან, რომ ახალგაზრდა ვიყავი და ცოტა ჩამოუყალიბებელიც. ამაშია, ალბათ, ახალგაზრდობის ხიბლი, როცა გაუცნობიერებლად მიდიხარ გარკვეულ ნაბიჯებზე და სწავლობ. ერთმა ნაწილმა ძალიან აიტაცა ჩემი ლექციები, ხოლო მეორე ნაწილისგან სრულ მიუღებლობას წავაწყდი. ულტრანაციონალისტების მხრიდან ჩემი მიუღებლობა გასაგები იყო, მაგრამ დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა, როცა დავინახე, რომ ყველაზე მეტად იმ კატეგორიამ არ მიმიღო, რომელიც თითქოს ყველაზე მეტად იზიარებდა თავისუფალ იდეებს. სიტყვიერად იზიარებდნენ კიდეც, მაგრამ ჩემს მიმართ თითქოს პიროვნული მიუღებლობა ჩამოუყალიბდათ. არ ვიცი, ჩემმა წამიერმა პოპულარიზაციამ იმოქმედა თუ სხვა გარემოებამ, მაგრამ ფაქტია, რომ არავინ მაშინ ჩემს გვერდით არ იყო. დღეს ყველგან მიწვევენ და ყველა რაღაცით იხიბლება, მაშინ კი პირიქით, ყველა ცდილობდა შორს ყოფილიყო ჩემგან. ეს განსაკუთრებით პროფესიულ წრეებში შეინიშნებოდა. ეს არასოდეს მავიწყდება, თუმცა, დღეს ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს.

ყველაზე საინტერსო იცით რა არის? იმდენად ღრმად მჯეროდა, რომ რასაც ვლაპარაკობდი ნამდვილი იყო, არ მინდა სიტყვა ჭეშმარიტება გამოვიყენო, რეალური, იმდენად ამოვდიოდი საკუთარი თავიდან, რადგან ეს გზა თავად გავიარე, რომ ვერანაირმა წინააღმდეგობამ ვერ შემარყია. წინააღმდეგობა კი ძალიან დიდი იყო: ხალხი ფეისბუქზე დაცინვითა და ირონიით აზიარებდა ჩემს ლექციებს. ესენი იყვნენ გაუაზრებელი, სრულიად შეუმდგარი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც საკუთარი თავის ძებნითაც არ არიან დაკავებულნი, არამედ – სხვისი კრიტიკით და წარმოიდგინეთ, ამხელა მასის ნეგატივი მომართული ჩემკენ.

თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ამან შემარყია. მაშინ მივხვდი, რომ იმაზე მეტად ღრმად ვიყავი ამ აზროვნებაში, ვიდრე ცნობიერად წარმომედგინა. ამ დროს ყველაზე საუკეთესო თვისება აღმოვაჩინე საკუთარ თავში – მივხვდი, რომ რაც მეტად მიპირისპირდებიან, მით მეტი, არანორმალულად დიდ ძალები მეხსნება შიგნით. ეს აღმოჩენა იყო, ეს ჩემი ბუნება ყოფილა, რამაც მე პრაქტიკულად დღემდე მომიყვანა.

ლექციების კითხვისას აღმოვაჩინე, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ აღმოსავლური აზროვნების შესახებ. იმ პერიოდში პატივი მქონდა ვივიეკანანდას ქართულ ენაზე მთარგმნელს, ბაჩანა ბრეგაძეს შევხვედროდი. გაოგნებულმა მომისმინა და მითხრა, რომ არ ეგონა აქ ვინმე ვივიეკანანდათი თუ იყო დაინტერსებული. ბაჩანა მაშინ უკვე ასაკში იყო და მალევე გარდაიცვალა. მე გამიხარდა, რომ აღმოვაჩინე ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი ქართულად თარგმნა.

შემდეგ უკვე სამეცნიერო წრეებში მივხვდი, რომ იუნგი იყო ქართული ფსიქოლოგიისთვის სრულიად გაუგებარი და დღემდე რჩება ურთულეს ავტორად, გაუგებარია მისი არქეტიპები, მისი კოლექტიური არაცნობიერი და  ეს ჩემთვის გასაგებია, რადგან ეს თუ არ განიცადე, გონებით ვერასდროს გაიგებ. იუნგი ნამდვილად ეს არის, თუ ვერ განიცადე გონებით ვერ გაიგებ.

დღეს ვხედავთ, თუ რა დღეში აგდებენ ახალგამოჩენილ მოაზროვნეებს, ზოგი მათგანი მერე ჩემთან მოდის თავისი ფსიქიკური პრობლემით, რომ ვერ უძლებენ და უკან იხევენ, აღარაფრის დაწერა აღარ უნდათ. მე რომ მაშინ ამდენი მეფიქრა, ალბათ, გამოქვაბულში ჩავიკეტებოდი.

message:როგორია შენი აზროვნების სტილი?

მე ვარ რეალისტი ადამიანი. მოვლენებს ვხედავ ერთ მდგომარეობაში, როგორც არის ისე. არ ვდებ იდეებს, უფრო სწორად აღარ ვდებ იდეებს და მე ვთვლი, რომ ჩემი მიღწევაც სწორედ ეს არის. სამყაროს ვუყურებ ისე როგორიც არის და ვცდილობ, რომ ჩემი ადგილი გარკვეულწილად მე შვქმნა და არაფერი მოვირგო ჩემს თავზე.

message:რა განსხვავებაა ახლანდელ ნონასა და იმ ნონას შორის, რომელიც ლექციებს კითხულობდა?

უფრო გასაგები რომ იყოს, პროცენტულად გეტყვი. მიუხედავად იმისა, რომ აზროვნებაში ფუნდამენტური გადახვევები არ არის, უბრალოდ სიღრმეებში წავედი,  50% ის ადამიანი აღარ ვარ, ვინც ვიყავი. ბევრად უფრო ძლიერი ვარ, უფრო თვითდაჯერებული, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის ძალაა, რომელიც ჩემში გაიხსნა. მაშინ ასე არ ვიყავი საკუთარ თავში, ახლა სამყარო ვარ. ახლა მაქვს შეგრძნება, რომ სადაც მივდივარ ჩემი სამყარო მიმაქვს ყველგან, მაშინ ასეთი არ ვიყავი.

მეც ბევრი რამ ვისწავლე ჩემი ლექციებიდან, მარტო ის არ არის, რომ მე ვყვებდოდი, მე ბევრ რამეს ვსწავლობდი საუბრებში, დიალოგში. ჩემი ლექციის ფარგლებში ყოველთვის იყო დისკუსიის რეჟიმი, ლექციებმა მე ძალიან გამზარდა და ძალიან მადლობელი ვარ იმ პერიოდის.

ხანდახან, როცა ჩემს ლექციებს ვუსმენ, ვხედავ, რომ მაშინ ბევრად რადიკალური ვიყავი. დღეს ბევრად მოზომილი ვარ. ახლა ადამიანთან, თუ ძალიან არ მთხოვა, ზედმეტად არ შევდივარ პირად სივრცეში, ზედმეტად აღარ ვეჯახები რელიგიას, აღარც იდეებს, აღარც იდეოლოგიებს. ახლა მხოლოდ იმას ვაკვირდები, თუ რამდენად მომზადებულია ადამანი, რომელიც ჩემთან მოდის და შესაბამისად იმ სივრცეში ველაპარაკები, სადაც არის. მაშინ ასეთი არ ვიყავი, მაშინ ეიფორია მქონდა. ყველაფერს ვლაპარაკობდი, გახსნილი ვიყავი და ემოციები მქონდა. დღეს მგონი ემოციის ნატამალიც აღარ დარჩა ჩემში. დღეს ძალიან ფრთხილი ვარ ადამიანებთან, ძალიან ვფრთხილობ თვალის ახელაში დავეხმარო, იმიტომ, რომ ბევრი სინამდვილეში ვერ უძლებს ამას და ვინც უძლებს, ის რაღაცნაირად მაინც მოაღწევს შენამდე.

მხოლოდ ამის შემდეგ ვაძლევ თავს უფლებას დავეხმარო ასეთ ადამიანებს. დღეს მე უკვე აღარ მაქვს სურვილი ვიყო საჯარო პირი, ამის აღიარება შემიძლია ცალსახად. უამრავ ლექციაზე ვამბობ უარს და  შეიძლება ეს სწყინთ კიდეც სხვადასხვა ორგანიზაციებს, მაგრამ აღარ შემიძლია. თან ვთვლი, რომ ჩემი ლექციების ზღვა მასალა დევს ინტერნეტში. მწერენ ხოლმე, რომ თქვენი ყველა ლექცია მაქვს მოსმენილიო. ამ ლექციების წაკითხვას მე შესაძლოა 5 წელი მოვანდომე, მაგრამ ნახევარი ცხოვრება დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი გამეაზრებინა. მივხვდი, რომ უმრავლესობა ამ ყველაფერს თეორიულად იგებს და განცდებით არ მიჰყვება. ამიტომ ვთვლი, რომ საკმარისი მასალა დევს იმისთვის, რომ კიდევ ახალი მასალა არ ვამატო და რა სიღრმეებშიც ახლა მე ჩავდივარ, გარკვეულწილად ამაზე საუბარი აღარც მინდა.  

თუ გაღვიძებული ადამიანი არ მოვიდა ჩემთან, აღარავის ვეხმარები. ეს მასწავლა ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილებამ. გაღვიძება ასე მარტივი არაა. ზოგს აზროვნება ყველაფრის უფლება ჰგონია, თითქოს თავისუფლება – ყველა შენი ვნებისა და „ხუშტურის“ დაკმაყოფილებაა. ამას კი შემდეგ უარეს მდგომარეობაში გადაჰყავხარ. ამიტომ ძალიან ვემსგავსები ძენის ოსტატებს, რომლებიც აღარაფერს აღარ ამბობდნენ. (იცინის)

სახიფათოა თუ ადამიანმა თავის განცდით არ დაიწყო გაღვიძება. თეორიული გაგებით და ცოდნით ის უბრალოდ ანარქისტი ხდება. აქ საშიში ის კი არ არის, რომ გამოვა და ვინმეს რამეს დაუშავებს, საშიში ისაა, რომ საკუთარ თავს ანადგურებს.

ზოგმა ჩათვალა, რომ ამის მიღწევა ნარკოტიკითაა შესაძლებელი. სოკოებით, სხვადასხვა სასმელით ვარდებიან სრულიად სხვა, ილუზორულ ხილვებში, მერე სჯერათ ამ ყველაფრის და ძალიან ვფრთხილობ. ჩემს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად გაღვიძებულები არიან და მათთან სულ ვმუშაობ, არ მაქვს ამის დეფიციტი. გაღვიძებასაც გარკვეული მომზადება უნდა გონების. ვერ გაგაღვიძებს 4 ათასი ბიბლითეკის წიგნი, არაფერ შუაში არ არის გაღვიძებასთან წიგნების კითხვა და თეორიული ცოდნა. შენ შეიძლება ხარისხებით იყო დაჯილდოვებული, იყო პროფესორი, დოქტორი, მაგრამ ეს არაა კავშირში ამ ყველაფერთან – შენ მაინც შეზღუდული ცნობიერების ფარგლებში იმოქმედებ. გაღვიძება ეს პრინციპულად სხვა ცნობიერებაა.

როცა თავიდან აღმოსავლეთი დავიწყე, ჩვევია მას, რომ ეიფორულად ჩანს ყველაფერი, მერე ხვდები რა რთულია. მე დღეს ხანდახან მეშინია უკან მიხედვის და დანახვის, თუ რა გამოვიარე, რამხელა ილუზიიდან გამოვედი. ხშირად ვჩერდები და ჩემს თავს ვეკითხები, ეს როგორ მოვახერხე და იქიდან რომ ვერ გამოვსულიყავი, უბრალოდ, რა მეშველებოდა? ისეთი ჭაობიდან ვარ ამოსული, ხშირად მეშინია უკან მიხედვის.

ახლა მივხვდი ჩემთვის თავისუფლება რა არის. აბსოლუტურად ვაკონტროლებ საკუთარ თავს, აბსოლუტურად ვაკონტროლებ საკუთარ ფიქრებს, საკუთარ ვნებებს. ვნებები გახდა ჩემთვის რაღაც სათამაშოც კი, საბავშო, რომელიც ჩემთვის იყო უზარმაზარი გველეშაპი, რომელთანაც ვიბრძოდი. თავისუფლება ეს არის საკუთარი თავის ფლობა. მე ყველგან ვარ მე და აღარ მჭირდება რაღაც ადგილები, ცერემონიები, ადამიანები, რომლებიც მე სამყაროს გამიყოფენ. მე ვარ თვითკმარი ადამიანი და ეს არის ჩემთვის უდიდესი თავისუფლება.

7 გამოხმაურება

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ოლეგი ღვალაძე. გამოხმაურების გაუქმება

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი