ისტორიები, შეიძლება მეორდებოდეს და მართლაც რაღაც უცნაურად მეორდებოდეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს კანონზომიერებაა ან/და რაღაც ფატალური დამთხვევითობა, არამედ რაღაც განაპირობებს

0
1307

ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით, თუმცა, ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე წარმოგვიდგენია – მაშინაც კი, როდესაც სხვადასხვა რელიგიურ თუ კულტურულ სივრცეში თანავარსებობთ. ჩვენ ერთნაირად გვტკივა და გვცივა; თანაბარი ინფორმაცია გვაქვს სიკეთესა და ბოროტებაზე; მორალსა და ამორალურობაზე; ერთნაირად გვჭირდება და გვინდა ადამიანური ურთიერთობები, სიყვარული და ერთმანეთის თანადგომა, მაგრამ გვეშინია, ჩვენ ერთმანეთის გვეშინია.

რატომ გვეშინია ადამიანებს ერთმანეთს შორის ურთიერთობების, სიყვარულის, მეგობრობის? თითქოს გულისტკივილი გარდაუვალი იყოს, ისე გავურბივართ ერთმანეთს და ვარიდებთ თავს, რადგან უნდობლობის ეჭვები გვიღრღნის გულს. ერთხელ მიღებული ტკივილის შიში, რომელმაც ჩვენივე ეჭვების ნაჭუჭში გამოგვკეტა და ჩვენს მიერვე დაგებული მახის მსხვერპლი გაგვხადა. რა გვინდა ადამიანებს ერთმანეთისგან? ერთად ერთი ხერხი, რომელიც თავიდან აგვარიდებს უსიამოვნო შეგრძნებებს, ეს – კარგად გავერკვეთ საკუთარ თავში.

გვესაუბრება ნარკოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი დავით ანდღულაძე

დავით ანდღულაძე:მე მგონია, რომ ადამიანს როცა სწყურია ან შია, წყალთან და საჭმელთან ურთიერთობაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ან თუ თოკზე ჰკიდია, თოკთან ურთიერთობა, რადგან ხელი თუ გაეშვა, ჩავარდება. გააჩნია, როდის რა გვჭირდება, როდის რისთვის გვჭირდება, რა რისთვის და როდის გჭირდება. იმის მიხედვით თუ რამდენად მძაფრად განვიცდით ამას, სხვადასხვა ქმედებებია საჭირო. ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება შორს ვიყოთ ადამიანებისგან, რადგან ოდესღაც საშინელი ტკივილი განვიცადეთ და ჯერ არ მოგვინელებია. გააჩნია რა ფაზაში ვართ, როდის რისთვის ვართ მომწიფებულები და როდის რა გვშია და როდის რა გვწყურია. ადამიანები ვართ და ცვალებადნი, რადგან სხვადასხვა საჭიროებები გვაქვს.

მაგრამ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ადამიანთან ურთიერთობა და ვერ ვიღებთ იმას, რაც გვჭირდება?

და რა გვჭირდება? ადამიანთან ურთიერთობაშიც კი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რამ გვჭირდება: ხან აღიარება, ხან მოწოდება, ხან მოწონება, მხარდაჭერა, თანაგრძნობა ან/და ჩვენს სისაწყლეში თუ უბედურებაში სხვისი დათანხმება. რაღაცას მივიღებ თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორი, სრულყოფილებასთან მიახლოებული ურთიერთობა შეუძლია მას, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა.

საინტერესოა ისიც, თუ რამდენად სწორი წარმოდგენა გვაქვს კონკრეტულ ადამიანზე. თუ ჩვენს წარმოდგენაში და ილუზიაში ვართ, რა თქმა უნდა, ვერ გვექნება იმ ადამიანზე სწორი წარმოდგენა. თუმცა, შეიძლება სულაც არ გვჭირდებოდეს კონკრეტულ ადამიანთან კონკრეტული ურთიერთობა, შესაძლოა ჩვენი წარმოდგენების ჩვენებურად რეალიზებისთვის ამ ადამიანთან ურთიერთობა საკმარისი იყოს არა სიღრმისეულ, არა მართლა ნამდვილ, ის რაც ურთიერთობის იდეაში იგულისხმება, არამედ სათამაშოს დონეზე. ცუდად კი არ ვთამაშობთ ან ვმანიპულირებთ, არამედ, აი ისე, სათამაშოს რომ დაუჯდეს ადამიანი და გულის ნადები უთხრას. იფიქრებს, რომ მან ყველაფერი გამიგო, თანამიგრძნო, ნახე, რა საყვარლად მიყურებს… ის ახლა ამას და ამას ფიქრობს ჩემზე… ენა რომ ჰქონდეს და ლაპარაკი შეეძლოს და ა.შ. ამასთან, სულ ერთია ეს სათამაშო დათუნია იქნება, ძაღლი, თოჯინა, ქალი თუ კაცი. რაც სჭირდებოდა ის აარჩია, რადგან  კონკრეტული რამის თქმის მოლოდინი ჰქონდა მისგან. პირადად ჩემთვის, ესეც ნამდვილად ურთიერთობაა. ვიღაცის შეფასებით, ეს საკუთარ თავთან ურთიერთობაა, მაგრამ ჩემთვის – ურთიერთობაა.

ადამიანები სხვებთან ურთიერთობისას, უფრო მეტად საკუთარ თავთან ურთიერთობენ და იმდენად თავისებურად აღიქვამენ გარე სამყაროსაც და ადამიანებსაც, რომლებთანაც ურთიერთობა აქვთ, რომ  ხშირ შემთხევაში, ეს თოჯინასთან ურთიერთობას უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანის ადამიანთან ურთიერთობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის რა გვჭირდება, როდის რისთვის ვართ მზად, რათა მომავალში სრულყოფილად შევძლოთ იმ საჭიროებების დაკმაყოფილება, როდის ვისგან რა რჩევა მივიღოთ და რა მიმართულებად ვაქციოთ.

ყველას ხომ არ გააჩნია ემოციური ინტელექტი, როგორ შევარჩიოთ სწორად ადამიანები?

პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა გავერკვეთ – რა გვინდა ამ ურთიერთობისგან და როგორი ურთიერთობა გვინდა. უნდა დავაკვირდეთ ადამიანებს და განსაზღვროთ, ვინ მოახერხებს ამ ურთიერთობაში იმის მოცემას, რისი მიღებაც გვსურს.

შეიძლება მუნჯი მინდა, რომ არაფერი წამოსცდეს; შეიძლება ყრუ მინდა, რომ არ გაიგონოს და ისეთი რეაქცია არ ჰქონდეს, რაც მე არ მაწყობს; შეიძლება ძალიან ბრძენი და გამოცდილი მინდა, რომ ბრმად მივენდო; ან შეიძლება ისეთი დაბნეული ვიყო, დიდი გამოცდილება საჭირო არ იყოს, ყველაფერი გონივრული მომეჩვენოს და ნებისმიერი ადამიანისგან მივიღო რჩევა-დარიგება და გავითვალისწინო.

მოკლედ, ჯერ კარგად გარკვევა მჭირდება იმაში თუ რა მინდა, შემდეგ – ვისგან შემიძლია მივიღო ის, რაც მინდა და რატომ მგონია, რომ რაც მინდა მივიღებ კონკრეტული ადამიანისგან. ამის შემდეგ ვიწყებ ასეთი ადამიანის ძიებას იმისდა მიხედვით, თუ რა გამოცდილება მაქვს ადამიანის შეცნობაში, სწორად შეფასებაში. აქედან რამდენიმე ვარიანტია: წარმატებულად ვიპოვი ისეთს, როგორიც არ ვიცოდი როგორ უნდა მეპოვა და შევიცნობ, ვიცნობ და მივიღებ იმას, რაც მჭირდებოდა; ვერ ვიპოვი და შესაბამისად იმას ვერ მივიღებ, რაც მინდოდა და რასაც ველოდი, ვიქნები იმედგაცრუებული და იმედგაცრუებაში ჩავრჩები; ან ცრუ იმედისგან განვთავისუფლდები, რაც ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ადამიანების შეცნობასა და სწორად ურთიერთობის მიმართულებით და განვაგრძობ კიდევ უფრო ზრდას და განვითარებას.

არ მინდა ჩემი პასუხები აღიქმებოდეს ვიწროდ და რაღაც ჩარჩოში მოქცეულად, მაგრამ აქცენტი უნდა გვქონდეს საკუთარ თავზე, აუცილებელია კარგად გავერკვეთ საკუთარ თავში და საჭიროებაში. კარგად გავიაზროთ ვისგან და როგორ შეიძლება დავიკმაყოფილოთ ეს საჭიროება, რომ მივიღოთ ის, რაც გვჭირდება და მერე ვისწავლოთ, როგორ შევიცნოთ ასეთი ადამიანი, რომ ვიცნოთ და როგორ დავამყაროთ მასთან ურთიერთობა.

ხან ასეც ხდება, რომ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ვერთვებით ადამიანთან ურთიერთობაში. ზუსტად ვიცით, რომ ეს ის ადამიანი არ არის, ვინც გვჭირდება, ვისგანაც მივიღებთ იმას, რაც გვინდა, მაგრამ მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ ურთიერთობას…

მაგალითად, მე მიყვარს რუხი პური და თეთრს არ ვჭამ, მაგრამ რომლის ჭამაც ახლა მიწევს არც თეთრია და არც შავი – ტალახიანია. იმიტომ, რომ სიკვდილის ზღვარზე ვარ, სიგიჟის ზღვარზე, ლამისაა ცოცხალი ადამიანი ვჭამო და აგერ ბუნკერში რომ გადაგდებული დაობებული და ტალახიანი პური ვნახე, ამის ჭამა მიწევს – ეს არის სწორი, რაციონალური, გონივრული გადაწყვეტილება, თუმცა, არც გონებისთვის მიკითხავს არაფერი, თვითგადარჩენის ინსტიქტი ამუშავდა და შემომეჭამა. ვიპოვე, „დავითრიე“ და ვილუკმები გემრიელად. გემრიელად რა გითხრათ, მაგრამ ახლა შიმშილს ვიკმაყოფილებ, რადგან სიცოცხლეს ვეწაფები, რომ ცოცხალი დავრჩები. ამას ვგრძნობ მთელი არსებით და მიხარია, რომ ეს პური ვიპოვე.

ანუ, მინდოდა რუხი პური, არ მინდოდა თეთრი და ახლა საერთოდ ბუნკერიდან ამოღებული ობიანი და ტალახიანი პურის ჭამა მიწევს. რატომ? იმიტომ, რომ აქ იმძლავრა გადარჩენის ინსტიქტმა. სხვა შემთხევაში სხვა ინსტიქტი იმძლავრებს; სხვა შემთხვევაში, რაღაც კომპლექსი იმძლავრებს; სხვა შემთხვევაში, რაღაც სურვილი იმძლავრებს და ა.შ.

უამრავი, ურთიერთასწინააღმდეგო ქაოტურად სხვადასხვა მიმართულებით ვმოქმედებთ. ჩვენთან თანაარსებობს სხვადასხვა ვექტორის მქონე განცდები, ემოციები, სურვილები, ფიქრები და იმის მიხედვით, როდის რომლის მოქმედება უფრო აქტიურდება, ის ვლინდება და გასაკვირიც არაფერია. ვლინდება იმიტომ, რომ ჩემშია ჭარბად დაგროვილი და ჭარბია იმიტომ, რომ ეს გზა გამოვიარე, ეს გამოცდილება დამიგროვდა. რაღაც გავაცნობიერე და განეიტრალდა, რაღაც შენელდა, რაღაც ვერ ამოვხსენი, დარჩა და ეს უკვე ვლინდება.

ეს როდის ხდება, არსებობს, რამე განსაკუთრებული მდგომარეობა?

ეს ხდება ყოველდღიურად, თუნდაც ახლა, მართალია ბუნკერიდან პური არ ამომიღია, მაგრამ ახლა მე თქვენ გესაუბრებით და ინტერვიუს მანძილზე ყურადღება არ მივაქციე ჩემი ჯდომის მანერას, უგულვებელვყავი. ამის გამო შეიძლება ფეხი დამეჭიმოს და ეს განპირობებულია იმით, რომ მეტი ყურადღება თქვენი კითხვების პასუხზე მოვმართე.

რაღაც ამ დროს ხდება, რაღაც იმდროს ხდება. ყოველთვის ამ ხდომილებაში ვართ და ყოველთვის ამ შეჯიბრში არიან ჩვენი ფიქრები, ემოციები და განცდები. თუმცა, ერთმანეთს არ იცნობენ და არ ეჯიბრებიან, უბრალოდ ხან ერთი აჯობებს, ხან მეორე და ხანაც – მესამე. ეს მოცემულობაა – ერთმანეთის მიმართ არც კონკურენცია და არც პიროვნული დამოკიდებულება არ აქვთ.

რაღაც ნივთებს ქაოტურად მაღლა ვისვრი და რომელიღაც ნივთი ჩემთან უფრო ახლოს ვარდება და რომელიღაც უფრო შორს. ჩემი სიზარმაცის გამო, რომელიც ახლოსაა, იმას ავიღებ და ასე გაგრძელდება, სანამ საკუთარი თავის მოსმენას არ ვისწავლი, ჩვეულებრივი პროცესია.

არიან ადამიანები, რომლებსაც ერთხელ ეტკინათ და იმის მერე ვეღარ აგრძელებენ ურთიერთობებს. მართალია, ისტორიები არ მეორდება და არც ადამიანები მეორდებიან, მაგრამ როგორ მოვახერხოთ თავიდან დაწყება, როგორ მოვახერხოთ, რომ არ გვატკინონ გული?

ამას იწყებს ბავშვი სკოლამდელი ასაკიდან ბაღში თუ თანატოლებთან ურთიერთობაში. თანატოლიც რომ არ იყოს და უფროსი იყოს, ყოველთვის ყველაფერს ისე ვერ გაუკეთებს, როგორც მას სურს. ამის გამო იმედგაცრუებულია. ის იმედგაცრუებულია და ნაწყენია თუნდაც უახლოეს ადამიანზე – დედაზე ან ძიძაზე. ნაწყენია, ნაწყენი დარჩა და ჰგონია, რომ დედა არ გაუკეთებს იმას, რაც მას სურს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ როცა დედა გაუკეთებს როგორც სურდა, წარმოდგენა, რომ სულ ცუდია – დაირღვევა.

ბავშვს რომ თოჯინა ან სათამაშო ტანკი წაართვა, მას ეგონება, რომ ყველა წართმევას დაუპირებს და ამის თავიდან ასაცილებლად ჩაბღუჯავს სათამაშოს, მაგრამ გვერდით გაუვლის ერთი ადამიანი, მეორე, მესამე, ვიღაც თვალს გამოაპარებს მანქანისკენ თუ თოჯინისკენ, მაგრამ არ წაართმევს. თანდათანობით ბავშვს ეს დაძაბულობა მოეხსნება და ბოლოს ლაღად, თავისუფლად დაიკავებს სათამაშოს. მერე თოჯინის დასმას და ტანკის გატარებას გაბედავს და თამაშს განაგრძობს.

ანუ, ეს გამოცდილებები გროვდება. გამოცდილების გარეშე მზა ფორმულა არ არსებობს. გამოცდილება გროვდება, როგორც პირად ურთიერთობებში ასევე, სხვების ურთიერთობის დაკვირვებაში. ეს ჩაბღუჯული რომ მაქვს თოჯინაა თუ მანქანა, სხვებსაც ვუყურებ, რომ სხვამ თოჯინა თავისუფლად დასვა, მე კი წამართვეს, მაგრამ ის სხვა სვავს და არ ართმევენ. რატომღაც ის ბავშვი იმ გოგონას, უხმობს სათამაშოდ, რომელმაც ცოტა ხნის წინ თიჯინა წაართვა. ის დამკვირვებელიც არის ამ თამაშის, მშვიდი დამკვირვებელი. თუმცა ეს თოჯინა კარგად ჰყავს ჩაბღუჯული, რადგან დაუცველად გრძნობს თავს. აი, დაკვირვება აჩვენებს, რომ რაღაც სხვანაირადაც ხდება, ალტერნატივები არსებობს. მოკლედ ვიზრდები რით? – დაკვირვებით, ურთიერთობით. ეს ურთიერთობის ფორმაა. მათთან უშუალო კონტაქტში არ შევვდივარ, მაგრამ ვაკვირდები.

ურთიერთობაა ზღაპარს რომ მიკითხავს დედაჩემი და რაღაც მსგავს სიუჟეტს წარმოვიდგენ. ურთიერთობაა, როცა მულტიპლიკაციურ ფილმში ვხედავ ამას, მსგავსს, ჩემთვის საჭიროს და სასარგებლოს. რაღაც ფილმში ვხედავ, რომანს ვკითხულობ და რაღაც ჩემი აქვს გმირს, ჩემი ანალოგიური გაუვლია. მერე როგორ შეიცვალა ცხოვრება და ა.შ.

რაც შეეხება ისტორიებს, შეიძლება მეორდებოდეს და მართლაც რაღაც უცნაურად მეორდებოდეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს კანონზომიერებაა ან/და რაღაც ფატალური დამთხვევითობა და აუცილებლად უნდა განმეორდეს, არამედ რაღაც განაპირობებს და რა არის ეს, ვარსკვლკავები? – არა, ჩემი ქცევა.

როცა ვამბობ, რომ ჩემი ქცევა განაპირობებს ისტორიის განმეორებას, რომელ ქცევაზეა საუბარი? რა პოზიციაზეა საუბარი? რა გამოვლინებებზეა საუბარი? როდესაც მე ვახდენ ამა თუ იმ ქცევის პროვოცირებას სხვებთან, დავფიქრდები, გავიაზრებ, როგორ მოვახერხებ ამის შეცვლას. მშობელთან, დაქალთან, ძმაკაცთან, მეგობართან, ფსიქოლოგთან დალაპარაკებით ან ანალოგიურ რაღაცას რომ აღმოვაჩენ იმ ფილმში, ან იგივე ნაწარმოებში, რომელსაც ვკითხულობ.

ყველა შემთხევაში ვიზრდები. გამოცდილება ყოველთვის სხვადასხვა გზით გვეძლევა. გამოცდილება გვეუბნება, რომ ისე არ არის ყოველთვის, რომ მართმევდნენ, ყოველთვის ცუდად მიყენებდნენ და მაგდებნდნენ. ქალი ვარ თუ კაცი, სხვადასხვანაირად შეიძლება გამომიყენოს ვინმემ საპირისპირო სქესი იქნება ეს, თანამშრომელი, უბრალოდ ქუჩაში გამვლელი, თაღლითი თუ ვიღაც სხვა.

ეს ერთხელ იყო. ყველა თაღლითი არ არის, ყველა ყაჩაღი არ არის, ყველა მომპარავი არ არის. და რით შევამჩნიო და რით გამოვიცნო? იმით კი არა, ორ ფეხზე რომ დგას და დადის, არამედ დავფიქრდები, გამოვყოფ დანარჩენებისგან, სხვებისგან. თუმცა თუ ძალიან დიდი შიში განვიცადე, შეიძლება გარკვეული ხნის განმავლობაში იყოს გენერალიზებული და ყველაში ის მომეჩვენოს. ასე ილექება ეს გამოცდილებები.

საბოლოო ჯამში, ვთანხმდებით, რომ ადამიანებს შეუძლიათ ურთიერთობა?

ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ. ცოტა უცნაურად გამოდის პასუხი, მაგრამ რაც სჭირდებათო ვერ ვიტყვით. მაგრამ რა სჭირდება მან იცის, რა შეუძლია მან იცის თავის შესაძლებლოების ფარგლებში ახერხებენ. გულისწყვეტა, რომელიც რჩება, დამატებითი მოტივატორია და მამოძრავებელი მომდევნო ურთიერთობის მცდელობისთვის და სწორედ ეს არის პროცესი.

ვთანხმდებით, რომ ადამიანებს შეუძლიათ სიარული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისწავლიან სიარულს. როგორია სწავლის პროცესი: წამოდგომა, შეყოვნება, წაბორძიკება და ჩავარდნა, მუდმივად სწავლობ და ხვეწ.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი