ყოველი ადამიანის გამოწვევაა, რომ სრულყოს საკუთარი თავი

0
1128

საქართველო პოლიტიკურად აქტიური ქვეყანაა, მაგრამ პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა შეინიშნება საზოგადოების თითქმის ყველა ფენაში –  იდეოლოგიათა დაპირისპირების კულტურა, პოლიტკორექტულობა, სხვისი აზრების პატივისცემა და ა.შ. ქვეყნისთვის უცხოა. მოსახლეობა ადვილად ხდება ემოციური მანიპულაციების ობიექტი.

ტელევიზია და სოციალური ქსელები ამ პროცესების ასპარეზად იქცა. რეალური კონფლიქტი პოლიტიკურ ძალებს შორის ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების გამო ხდება, რასაც ხშირ შემთხვევაში, დამახინჯებულ ფორმამდე მიჰყავს ქვეყნის საზოგადოება და მოჭარბებული ემოციების ფონზე, გაუცნობიერებლად ერთვება ამ კონფლიქტში. მეგობარი უპირისპირდება მეგობარს, ოჯახის წევრები ერთმანეთს უპირსპირდებიან, ნათესავი – ნათესავს და ა.შ.

ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება ფსიქოთერაპევტი, ნარკოლოგი და ფსიქიატრი, დავით ანდღულაძე.

ადრე, როდესაც სოციალური ქსელები არ არსებობდა და კომუნიკაცია ასე მარტივი არ იყო, ადამიანები მაინც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და დაპირისპირება ადამიანს საკუთარ თავთანაც ჰქონდა. პირველი ადამიანიდან მოყოლებული ყოველთვის იყო გაუგებრობა, ამას გადმოგვცემს სახარებაც და ეს გრძელდება დღესაც.

ისტორიული ფაქტები და წყაროები მოგვითხრობენ ომების ისტორიას, ბრძოლების ისტორიას, კონკურენციის ისტორიას, თვითგადარჩენის ისტორიას და თვითგადარჩენას, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთის ჩაძირვის ხარჯზე. რატომ გვჭირდებოდა ჩაძირვა, რატომ ვერ ვახერხებდით ყველანი ერთ გუნდად შევკრებილიყავით და გვეფიქრა, რომ – ეს არის სამართლიანი, ასე მე ამდენს „გავქაჩავ“ და მეტი არ მეკუთვნის და მეც მეღიარებინა, რომ გეთანხმები, მეტი არ მეკუთვნის და გადანაწილდეს ასე, როგორც ვილაპარაკეთ ჩვენ, ერთმა მთლიანმა გუნდმა, მთელმა საზოგადოებამ.

სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორიაში ასე არასოდეს ყოფილა. საზოგადოებაში ეგოიზმი ყოველთვის ჭარბად ვლინდებოდა, ყოველთვის იყო მეტის დაუფლების მცდელობა და მაინც, ჩემი გადასახედიდან – ასეთი ტიპის ადამიანებს არასოდეს ჰქონიათ ფუფუნება, აღექვათ რაღაცეები, არც ერთ საზოგადოებაში, არც ერთ ეპოქაში, არასოდეს ყოფილა იმდენად დიდი ინდივიდი, რომ სხვებს დაკვირვებოდა, ენახა და იმ დოზით ენახა, რომ არ ყოფილიყო ეს დაპირისპირება და ცუდად გამოვლენილი ეგოიზმი.

რა თქმა უნდა, ამ კუთხით იყვნენ დიდი ადამიანები, მართლა ბუმბერაზები, პიროვნების, სუბიექტის მეტად გამთვალსიწინებლები, მაგრამ ამით ვერ დაიკვეხნიდა საზოგადოება  – ისინი ყოველთვის უმცირესობაში იყვნენ და, რასაც ჰქვია, მართლა ბნელში ანათებდნენ. ასეთები ალბათ დღესაც არიან, არ ვიცი, პროცენტულად მეტნი თუ ნაკლებნი.

როდესაც არც ისე მშვიდობიანი პერიოდები გვაქვს, აქტიურდება და მწვავდება აგრესია. როცა, შედარებით მშვიდობაა – კომუნიკაციისთვის უფრო მეტად ვიცლით ადამიანები და მშვიდ ურთიერთობაში მეტი შანსი გვაქვს გავუგოთ ერთმანეთს. მაგრამ, როდესაც გარედან წნეხია, როცა რაღაც უბედურებაა, თავდამსხმელია თუ შიდა დაპირისპირებები, მეტი საფრთხის განცდა მაქვს და ამ საფრთხეში იმდენად ვეღარ აღვიქვამ რაღაც რაღაცეებს, როგორც საჭიროა.

ჩვენ შეიძლება ერთ მუშტად შევიკრათ საერთო მტრის წინააღმდეგ და ერთმანეთს წყალი, თითო ლუკმა გავუზიაროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკეთესი კომუნიკაცია გვაქვს. „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ“ სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება აღვიქვათ. საერთო მტრის წინააღმდეგ ერთად ყოფნა ქართველის დამახასიათებელი თვისება გვგონია, შეიძლება სხვები თავიანთ ერებზე ამბობენ, მაგრამ მე ჩემი ერის შესახებ გამიგია, რომ ომიანობის დროს ერთ მუშტად შეკრულნი ვართ, შემდეგ ვიშლებით და ერთმანეთთან ვიწყებთ ომს.

აქ კითხვის ნიშანი ჩნდება, ომიანობის დროს მართლა ვართ კი ერთ მუშტად შეკრულნი? ოღონდ ეს არის ამის გარე აღქმა. ჩვენ თანამოაზრენი სხვა საკითხებში არ ვხდებით, უბრალოდ ჩვენ გვიწევს ერთი იდეის ქვეშ გაერთიანება საერთო მტრის წინააღმდეგ და თანამოაზრეობა მეორე ხარისხოვანი ხდება, მაგრამ, როცა ერთმანეთისთვის ვიცლით, ძალიან ბევრ რამეს ვპოულობთ საწინააღმდეგოს და ვმოქმედებთ სოციუმის მდგომარეობის მიხედვით, თუ როგორია განწყობა, რამდენად აგრესიულია ზოგადად გარემო და ა.შ. თუ მტრის ხატს შევქმნით, მტერი გამოჩნდება და თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედებს. ჩვენც უკვე დაპირისპირებულები ვართ და იმდენად გაღიზიანებულები, რომ ჩვენს საერთოზე მეტად, იმას ვეძებთ, რა განგვასხვავებს ერთმანეთისგან, რომ ეს დავიხვიოთ ხელზე და ამაზე ვიყვიროთ, გარეთ გამოვუშვათ, რაც ამ საზოგადოების წნეხის გამო დაგროვილია.

ამას წინათ ფილმს ვუყურე, სადაც სიუჟეტი ასე ვითარდება: სოფელში სულ ორნი ცხოვრობენ, სხვა ადამიანთან ურთიერთობის გამოცდილება არ გააჩნიათ და მესამე განსხვავებულად მოლაპარაკე ადამიანი პირდაპირ მიუღებელი აღმოჩნდება მათთვის და მტრად აღიქვამენ. თუმცა ეს განსხვავებულად მოლაპარაკე ადამიანები ერთხელაც დასხდებიან ერთად და ერთმანეთში იკამათებენ. მერე ერთი მათგანი რაღაც აღიარებამდე მივა, შემდეგ მეორე, მესამეც და ერთმანეთის აზრის პატივისცემასა და დაფასებას ისწავლიან, თუმცა პოზიციებს არ შეიცვლიან.

ეს ყველაფერი გარკვეულწილად ჩემშიც ხდება, რადგან ამ ყველაფრის უბრალოდ მაყურებელი კი არ ვარ, აღმქმელ-განმცდელი ვარ და ჩემი პირადი გამოცდილებაა.

ასე რომ, რაც უფრო მეტი ინფორმაციის მიმღები ვარ ადამიანური ურთიერთობის კუთხით, მით უფრო მეტი ილექება და მეტი გამოცდილება განაპირობებს მეტ კომპეტენციას, მეტ კომპეტენტურობას და, როგორც წესი, ცოტა უკეთესი კომუნიკატორებიც უნდა ვიყოთ, თუ ძალიან შეპყრობილები არ ვართ ამ აგრესიით. აგრესიით, რომელიც ასევე რაღაც გარემო პირობების გამო გაჩნდა.

ახლა, წინასაარჩევნო პერიოდია და საზოგადოების ერთ ნაწილში განსაკუთრებით მძაფრი საფრთხის მოლოდინებია. მეორე ნაწილში პირიქით, ამის იმედი აქვთ. მესამეს – არც ერთის და არც მეორის იმედი აქვს და უბრალოდ იმედგაცრუებულია და უიმედო მდგომარეობაში იმყოფება. რეალურად ტემპერატურაა აწეული და ამ დროს მეტად ვლინდება ჩვენი შინაგანი აგრესიები. ამ გადმოსახედიდან ასე ჩანს, რომ ურთიერთობები ნაკლებად შეგვიძლია. მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არაა, პირიქით, შესაძლებლობა მეტი გვაქვს და ეს გამოვლინდება მაშინვე, როცა  უკეთესი გარემო პირობები შეიქმნება.

რა გამოდის, ადამიანი მანკიერი არსებაა და როგორც კი გარემო საფრთხის შემცველი ხდება, კარგავს ადამიანურობას?

კი, გაჭირვება ხან გვკრავს და გვაერთიანებს. დაბადებიდან ყოველი ადამიანი მანკიერია იმ გაგებით, რომ ელემენტარული რაღაცეები არ შეუძლია, ელემენტარული რაღაცეები არ იცის, ანუ, პროცესშია, იწყებს სწავლას.

ყველაზე უფრო მანკიერი გათხრილი ორმოა, გათხრილი და მეტი არაფერი. მაგრამ, იმ ორმოს გათხრით და ფუნდამენტის გაჭრით იწყება სახლის მშენებლობა. ჩვენ რომ დასრულებული სახლები არ ვართ, ამას რად უნდა ლაპარაკი? და ყოველი ადამიანის გამოწვევაა, რომ სრულყოს საკუთარი თავი.

რაც დრო გადის, მეტი ინფორმაცია გვეძლევა. აქედან გამომდინარე მეტი შესაძლებლობები გვიჩნდება და მეტად შეგვიძლია სრულვყოთ ჩვენი თავი. ადრე ბევრად უფრო მანკიერები ვიყავით. თუნდაც ის, რომ ქალის უფლებები შეუდარებლად შეზღუდული იყო, განსაკუთრებით საქართველოში ვერ ვიტყვით, რადგან გვახსოვს ისტორიიდან თამარ მეფე, თუმცა ეს თითზე დასახვევი მომენტი არაა. გვახსოვს, როგორი იყო პარლამენტი წინა ეპოქაში. ასევე, ბავშვთა უფლებები, ნაკლებად იცლიდნენ და ნაკლებად ახერხებდნენ განეცადათ ბავშვის სამყარო ისე, როგორც დღეს. ეს განაპირობა იმ გამოცდილებებზე დაკვირვებამ, რომელსაც სწავლობდნენ ჯერ კიდევ საუკუნეების წინ.

დღეს ბევრად უფრო მეტი ინფორმაციაა, ეს ყველაფერი დაგროვდა და  გააზრებული სახე მიეცა. დღეს მეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ სიჯანსაღეს, მეტად ფასდება ადამიანის ჯანმრთელობა, ბევრად უფრო მეტი ზრუნვაა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადამიანი კარგავს მანკიერებას. მანკიერებას იმ გაგებით, რომ ასაშენებელია, გასაკეთებელია, გასათლელია, მოსახატია და არა ის, რომ გაცნობიერებულად ცუდი და ბოროტია.

ანუ, პროცესში ვართ. ადამ და ევადან, პირველყოფილიდან დაწყებული სულ პროცესში ვართ და წინ მივიწევთ. ვერ ვიტყვი, რომ მაინდამაინც უკან მივდივართ და უარესობისკენ მივდივართ, ასეც არ ჩანს.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი