დაუსჯელობის სინდრომი და უსამართლობის შეგრძნება არის ყველაზე მავნე. სახელმწიფოს შენება კანონის დაცვაზე დგას და როცა ის ირღვევა, ჩნდება ნიჰილიზმი.

0
372

ქართული საზოგადოება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ელოდება. საარჩევნო პროცესი იმაზე მეტად დაძაბული და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინი იყო. საარჩევნო პროცესზე და იმ პიარ ტექნოლოგიებზე, რომელსაც პოლიტიკური გაერთიანებები იყენებენ, გვესაუბრება პიარის სპეციალისტი ნინა პერტენავა.

მეორე ტურში, ყველაზე მძაფრად დაპირისპირებული პოლიტიკური გაერთიანებების კანდიდატები იყრიან კენჭს. პროფესიული თვალსაზრისით როგორ შეაფასებდით მათ პიარ კამპანიას, რამდენად გამართული და სწორი სტრატეგიით მოქმედებენ ისინი?

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამ პოლიტიკური ბრძოლის მიღმა სხვა რამ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ის, თუ როგორ ხდება კომუნიკაცია ხალხთან.

2012 წელს ქართულ ოცნებას ბევრად უკეთესი კომუნიცაცია ჰქონდა. მაშინ მათ ძალიან სერიოზულად იმუშავეს და მართლა გრანდიოზული კამპანია ვიხილეთ. წელს, საპრეზიდენტო არჩვენებზე გაერთიანებული ოპოზიცია თავიანთი პიარ კამპანიით ნამდვილად ჯაბნიან მთავარ მოწინააღმდეგეს. პროფესიონალები ჰყავთ, რომელთაც აშკარად კარგი ხედვა აქვთ და ამიტომაც არ ხდება აცდენა სოციუმის ინტერესებსა და მათ სტრატეგიას შორის.

რაც შეეხება ოცნების პიარ კამპანიას, მისი განხორციელება პოლიტიკური გაერთიანების გუნდმა დაიწყო, რომელიც ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენს, ანუ მხარეს და ამიტომ ადექვატურად ვეღარ აღიქვავენ რეალობას, სწორად ვერ იგეგმება სტრატეგია. გარდა ამისა, წამგებიანი არის პიარ აქტივობის ვექტორის მრავალჯერ შეცვლა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობისკენ. ჯერ აქცენტირებული იყო ქალი პრეზიდენტი და მეორე ტურში მხოლოდ კაცებიღა დარჩნენ. ეს ამომრჩეველში აღიქმება არაპრინციპულობად, ეს ნიშნავს, რომ შენ ქანქარასავით ხარ და საითაც გარემოებები წაგიღებს, იქეთ მიდიხარ და რომ არანაირი ხედვა არ გაქვს. ამ ქცევიდან მოდის მხოლოდ ერთი მესიჯი – თავად არ გჯერა, რასაც ამომრჩეველს ეუბნები, არ მოგწონს კანდიდატი, რომელიც, როცა დაგჭირდა, გადამალე. ხალხი ამას ხვდება, ეს ძალიან დიდი შეუსაბამობაა.

პირველივე დღიდან სწორად გათვლილ სტრატეგიას რომ მიჰყოლოდნენ, ყოფილიყვნენ თავდაჯერებულნი და მეორე ტურის ბოლომდე ასე გაეგრძელებინათ, ბევრად უფრო მეტ ხმას მიიღებდნენ, ვიდრე მიიღეს.

დღეს კი უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მეორე ტურში როგორ შედეგს დადებენ, ვფიქრობ, რომ ოცნებამ უკვე წააგო: მთავარი კაპიტალი ელექტორატია, რომელიც, ფაქტია, რომ აღარ გააჩნიათ. ნახეთ, როგორი შედარებები მიდის: დღეს ვხედავთ იმას, რაც ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდში იყო. მაგრამ იმ დროს გვქონდა ეკონომიკური ზრდა – ახლა კი ხალხს მაცივრები ცარიელი აქვს. ეს დიდი პრობლემაა და აქედან იწყება პროტესტის გრძნობაც.

ანუ, პიარ ტექნოლოგიების ზეგავლენით აკეთებს არჩევანს ადამიანი? რა განსაზღვრავს ამომრჩევლის ქცევას?

ადამიანები არჩევანს მხოლოდ და მხოლოდ ემოციების კარნახით აკეთებენ – ასე ხდებოდა მუდამ და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ახალ ტექნოლოგიებზე იმ დოზით არ გადავალთ, როცა ხელოვნური ინტელექტი გადაწყვიტავს ჩვენს მაგივრად ან ლოგიკური არჩევანის გაკეთებაში დაგვეხმარება. ადამიანს, გადაწყვეტილების მიღებისას აქვს ორი ვარიანტი: ან ლიმბიკური ტვინის გადაწყვეტილაბას ენდოს, რასაც მხოლოდ ემოციების აღქმა წარმოადგენს, ან ნეოკორტექსის ლოგიკურ და რაციონალურ მსჯელობას დაუჯეროს. ლოგიკური ადამიანი დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 5-7% ია, დანარჩენი – ლიმბიკურია. შესაბამისად, უმრავლესობა ყოველთვის არის იქ სადაც ემოციები სჭარბობს.

ემოციების კარნახით გაკეთებული არჩევანი რამდენად არის კარგი ხელისუფლების და, შესაბამისად, კარგი სახელმწიფოს შექმნის წინაპირობა?

იმის ილუზია არ მაქვს, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლების სათავეში და კარგი აღმოჩნდება ხალხისთვის. ძალაუფლებას ძალიან ბევრი მინუსი აქვს: ყველაზე დადებითი პიროვნებაც კი, როგორც კი სისტემაში აღმოჩნდება, აუცილებლად წნეხის ქვეშ ექცევა. შესაბამისად, კარგ ქვეყანაში ცხოვრების უზრუნველყოფა მხოლოდ ხელისუფლებას არ უნდა მოვთხოვოთ, არამედ ნებისმიერი მოქალაქის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანების ცნობიერების ამაღლება არის ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრების გარანტი. მოქალაქეებს უნდა შეგვეძლოს მოვთხოვოთ ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი დანაპირები, თავისი მოვალეობა და არ ვაპატიოთ გადაცდენები. შეგვეძლოს, ნებისმიერ კანონდარღვევაზე მოვთხოვოთ პასუხი. სანამ ამას არ ვისწავლით, ყოველთვის გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც გაბედავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.

თუკი პიარ ტექნოლოგია შეიცავს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ელემენტებს, გამოდის, რომ ადამიანების მიმართ ამ ტექნოლოგიის გამოყენება არასამართლიანია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამიწის მოსახლეობის 95% ლიმბიკურია. ზოგადად, რამდენად რეგულირებადია ეს ტექნოლოგიები მსოფლიოში და საქართველოში?

ძალიან ბევრი მეთოდია არაეთიკური. მაგალითად, არაეთიკურია მეთოდი, როდესაც ინფორმაციას ისე ალაგებ, რომ მისი გაცნობისას ადამიანი შეცდომაში შევა. პიარ ტექნოლოგს შეუძლია ისე დააწყოს წინადადება, რომ ადამიანების 99% შინაარსს არასწორად გაიგებს. ამ დროს ტყუილი იქ არ ეწერება, მხოლოდ სიტყვათა წყობა იქნება იმგვარი, რომ ადამიანს შეცდომაში შეიყვანს. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება, თუმცა ძალიან ბევრი მსგავსი ინსტრუმენტი არსებობს. დრეს უკვე ახალი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ ბოტების და ტროლების არმიის გამოყენებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენა მოახდინო, გაავრცელო სასურველი ინფორმაცია და ჩაახშო საღი აზრი.

წინა საუკუნის 50-იანი წლების შემდგომ, დღის წესრიგში მართლაც დადგა პიარის სფეროში ეთიკური ნორმების შემუშავების საკითხი, რადგან მასებზე ზემოქმედება ძალიან არაეთიკური ფორმებით ხდებოდა. როგორც ამბობენ, დღესაც ხდება, თუმცა ფაქტების მოპოვება საკმაოდ რთულია. მაგალითად, საფრანგეთში არის კანონი, რომელიც იცავს მომხმარებელს მანიპულირებისგან, ჩვენთან მსგავსი კანონი არ არის.

როგორ შეიძლება ადამიანზე მანიპულირების მოხდენა?

კონკრეტულ მანიპულირებას წინ უძღვის ცდა: რომელიღაც მსხვილ კომპანიას აჰყავს მოხალისეები, რომლებსაც საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდიან. მათ ათავსებენ სპეციალურ მოწყობილობაში, რომლის დახმარებითაც კარგად შეიძლება ტვინის ცენტრების აქტივობის დანახვა და იმისაც, თუ როგორ ზემოქმედებს კონკრეტული ნივთიერება ამ ადამიანზე. ამ გზით შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება, შედეგი კი ის არის, რომ პოულობენ კონკრეტულ კომპონეტს, რომელიც ადამიანიში  იწვევს მიეჩვევას და. ეს, პრაქტიკულად, ადამიანის ტვინში, ასე ვთქვათ, „ჩაძრომის“ და ამ გზით მისი მანიპულირების მცდელობაა, ადამიანს არ უტოვებ შანსს, თვითონ გადაწყვიტოს, რა უნდა და რა – არა. ამ დროს ადამიანზე იმდენად ძლიერ ზემოქმედებას ახდენ, რომ ის დარწმუნებით ამ კონკრეტულ პროდუქტს ირჩევს.

აქვთ თუ არა ადამიანებს ყოველივე ამისგან თავის დაცვის საშუალება თუ ნებისმიერ სიტუაციაში ის განწირულია არასასურველი ზემოქმედებისთვის?

თავდაცვის ერთად ერთი საშუალება განათლებაა, სხვა არ არსებობს. ადამიანი უნდა იყოს განათლებული და იცოდეს, როგორ ფუნქციონირებს მისი ორგანიზმი და ზემოქმედების რა მეთოდები არსებობს. განათლების გარეშე ადამიანი უკვე მსხვერპლია, ის უკვე მართვადია და განწირულია მის მგაივრად სხვები იღებენ გადაწყვეტილებებს. როგორ ფიქრობთ, რატომ არის საგანმანათლებლო სისტემები გაუმართავი? ზუსტად იმიტომ, რომ გაუნათლებელი მასა უფრო ადვილად მანიპულირებადია.

როგორია ზემოქმედების მეთოდები?

მრავალფეროვანი, პირდაპირი თუ ფარული. ის ყველასთვის არ არის ცნობილი. მათ შორის ჩვენს პროფესიაშიც ყველამ არ იცის. მასიურად ისწავლება მხოლოდ მარტივი ინსტრუმენტების გამოყენება. არის საკმაოდ ცნობილი და ამვდროულად დახურული ინსტიტუტები, სადაც ადამიანის ქცევას 100 წელზე მეტია სწავლობენ და მასზე ზემოქმედების მეთოდებსაც, მაგრამ ეს ცოდნა არ არის ხელმისაწვდომი. პიარ ტექნოლოგიებშიც ხეზე ცოცვა ყველამ არ იცის.

პიარ ტექნოლოგიის თვალსაზრისით, რას წარმოადგენს ეგზიტპოლი და რა გავლენას ახდენს ის არჩევნებზე?

ეგზიტპოლი და წინასწარი გამოკითხვა, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ არის ინფორმაციის დროზე ადრე მოპოვება და მასებზე ზეგავლენის ერთ-ერთი საშუალებაც არის, როდესაც შედეგში არ არის დიდი სხვაობა. ეგზიტპოლით ხალხს წინასწარ აჩვენებ, თუ ვინ არის ლიდერი. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ „ფსიქოპროექტის“ ეგზიტპოლი სპეციალურად იყო გაკეთებული, იმის საჩვენებლად, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილი იგებდა. რეალურმა შედეგმაც დაადასტურა, რომ ის არ იყო ობიექტური, არამედ – სასურველი შედეგი ხალხზე ზემოქმედების მოსახდენად, იმ განცდის გასაჩენად, რომ ის მაინც იგებს და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს.

არჩევნებზე არ მივიდა ამომრჩეველთა 60%, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ვინ არიან ეს ადამიანები, რით არის მათი ქცევა ნაკარნახევი და რა გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ მათგან მეორე ტურზე?

ერთმნიშვნელოვნად – ისინი არიან ადამიანები, რომლებთაც ბევრჯერ ეტკინათ და დაკარგული აქვთ რწმენა. სახეზე გვაქვს გავლენის ტექნოლოგიების, ასე ვთქვათ, გვერდითი მოვლენა. ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი ზემოქმედებისადმი რეზისტენტული ხდება: მას ფიზიკურად აღარ შეუძლია ინფორმაციული ნაკადის მოგერიება, ის პანიკაშია, მატულობს შფოთვა და ჰგონია, რომ არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ეს ზოგადად არ არის კარგი ქვეყნისთვის და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენთან ასეთ მდგომარეობაში მოსახლეობის დიდი ნაწილი არის.

როგორ უნდა ჩართონ პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი აქტივობით მათი პოტენციური ამომრჩევლები პროცესში, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს 60% არჩევნებზე მივიდეს?

ამის გამოსწორება საკმაოდ რთულია და სჭირდება პიარის მიზანმიმართული ტექნიკა. 6 წლის განმავლობაში მუდმივად გვესმოდა სისხლიანი 9 წელი და სიტყვას არავინ ძრავდა მომავალზე: ბუნდოვანი იყო განვითარების გზები, ის თუ სად მივდივართ, როგორ შეიძლება არსებულის გამოსწორება და ა.შ. დაგვრჩა მხოლოდ დაპირებები, რომელიც არ შესრულდა. ყოველივე ამან ხალხი მელანქოლიაში ჩააგდო. ადამიანს აუცილებლად სჭირდება მომავლის იმედი და თუ სახელმწიფო არ მისცემს მოსახლეობას ამის განცდას, ის აუცილებლად დაკარგავს მხარდაჭერას.

წარმოვიდგინოთ, როდესაც მაგიდას ოთხივე ფეხი მყარი აქვს, ისიც მყარად დგას, მაგრამ, როგორც კი ერთი ფეხი ეცლება, მაგიდა რყევას იწყებს. დღევანდელი ხელისუფლებისთვის სამართლიანობა ის ფეხი იყო, რომელიც გამოეცალა და მანაც რყევა დაიწყო: როდესაც პოლიტიკური ძალაუფლება მოვიდა სამართლიანობის აღდგენის სახელით და ეს არ გააკეთა, არამედ, პირიქით – თავის რიგებში შეიფარა ის ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში იყვნენ ეჭვმიტანილნი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეს უკან დაუბრუნდა მოსახლეობის უნდობლობის სახით. დაუსჯელობის სინდრომი და უსამართლობის შეგრძნება არის ყველაზე მავნე. სახელმწიფოს შენება კანონის დაცვაზე დგას და როცა ის ირღვევა, ჩნდება ნიჰილიზმი ან პროტესტი.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი